
ველურად დაბადებული
საფრთხეში არიან სარდაფებსა და ეზოებში დამწყვდეული სხვა განთქმული თუ ნაკლებად ცნობილი ველური ცხოველებიც: ავაზები, ლომები, პითონები და გრძელკუდა მაკაკები
ზანტი ლორის სახალისო ვიდეოების ინტერნეტში გავრცელების შემდეგ, ამ ფართოთვალება ცხოველმა არნახული პოპულარობა მოიპოვა. საფრთხეც გამოიკვეთა: ხალხი მისი სახლში ყოლის სურვილსაც გამოხატავდა.
ლორისებრთა ყველა სახეობას კონვენცია უნდა იცავდეს, თუმცა ტროპიკულ ტყეებში დაჭერილი უამრავი ლორი იყიდება.
გაყიდვამდე, ამ ცხოველებს ბასრი კბილების მოცილების მტკივნეულ პროცედურას უტარებენ, თუმცა ამით მათი წვალება არ სრულდება. 2016 წელს ოქსფორდ-ბრუქსის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შეისწავლეს სახლებში ბინადარი ლორის ამსახველი ასეულობით ატვირთული ვიდეო და დაასკვნეს, რომ ცხოველები ცუდად გრძნობდნენ თავს არაბუნებრივ პირობებში. „საკმაოდ მგრძნობიარენი არიან, – ამბობს ცხოველთა დამცველი კრისტინ რატელი, – ისინი ღამის ცხოველები არიან, რომელთაც არ უყვართ მოვლა“.
უცნობია, რამდენი ზანტი ლორი ცხოვრობს ველურად, მაგრამ კონსერვაციონისტების თქმით, მათი პოპულაცია შემცირდა. ჰაბიტატის განადგურებაც თავისას აკეთებს, ისევე, როგორც ტრადიციულ აზიურ მედიცინაში გამოყენების გამო, ბრაკონიერობა. „მიმდინარე ვაჭრობა კი გადაშენების ზღვრამდე მიიყვანს მათ“, – ამბობს რატელი.
საფრთხეში არიან სარდაფებსა და ეზოებში დამწყვდეული სხვა განთქმული თუ ნაკლებად ცნობილი ველური ცხოველებიც: ავაზები, ლომები, პითონები და გრძელკუდა მაკაკები.
ველური ცხოველებით უკანონო ვაჭრობის ექსპერტის, კრის შეფერდის თქმით, სახლის ცხოველებად ქცევის მიზნით ვაჭრობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამანადგურებელი ფაქტორია, თუმცა ყველაზე ნაკლები ყურადღება ეთმობა“.