ველური იდეა
ამერიკელი ცოლ-ქმარის მიერ ჩილესა და არგენტინაში დაარსებული ეროვნული პარკები


ველური იდეა
ამერიკელი ცოლ-ქმარის მიერ ჩილესა და არგენტინაში დაარსებული ეროვნული პარკები
„საძაგელი დრო იყო, ის ამბები დაგმა ვერაფრით მოინელა“.
კრის მაკდივიტ ტომპკინსის მაგიდაზე ჩილესა და არგენტინის ფერადი რუკებია გაშლილი, ქალი მაგიდასთან ზის და პუმალინის ამბებს მიყვება, სადაც 1990-იან წლებში მას და მის აწ გარდაცვლილ მეუღლეს მრავალი უსიამოვნება გადახდათ თავს. იმ წლებში ჩილეს სამხრეთში მდებარე პუმალინი მისთვის და დაგ ტომპკინსისთვის, თავგადასავლების მოყვარული ყოფილი ბიზნესმენისთვის, ნამდვილ განსაცდელად იქცა. მათ ამერიკული ფულით ჩილეს და არგენტინის ველური ბუნების დაცვა სურდათ, მაგრამ ეს არც ისე იოლი აღმოჩნდა. ¶ მთის წვერზე აშენებულ ქვის, კოხტა სასტუმრო სახლში ვართ. მაგიდის, რუკების და ფართო ფანჯრების მიღმა თვალუწვდენელი მდელოები, მოჩუხჩუხე მდინარეები, სამხრეთული წიფლის ტყეები და მელნისფერი ტბებია გაშლილი: ტომპკინსის კიდევ ერთი პროექტის – პატაგონიის ეროვნული პარკის – პირქუში ბუნებრივი სიმდიდრე. ¶ პარკი 300 000 ჰექტარს მოიცავს, მათ შორის ანდების დასავლეთით – ჩაკაბუკოს ხეობას. ეს დაცული ტერიტორია, აქედან 500 კილომეტრის მოშორებით მდებარე პუმალინის პარკთან და კიდევ ექვს სხვა ნაკრძალთან ერთად, რომლებიც ტომპკინსებმა ჩილეს მთავრობის თანამონაწილეობით დააფუძნეს ან გააფართოვეს, ჯამში, 4,5 მილიონ ჰექტარს შეადგენს. ამ უზარმაზარ ფართობზე გაშლილი ლანდშაფტი ვალდივური ზომიერი ნოტიო ტყეებიდან ჩილეს კლდოვანი სანაპიროების გავლით კავესკარის მყინვარებში გადაიზრდება, მაგრამ უკეთ რომ გავიგოთ, რა რთული გზა გაიარეს სანუკვარ მიზნამდე მისაღწევად კრის ტომპკინსმა და მისმა მეუღლემ, ჯობია, პუმალინით დავიწყოთ.
1991 წელს, დაგ ტომპკინსმა ჩილეს ტბების რეგიონში მდებარე მიტოვებული რანჩო იყიდა. ჩილე მისთვის უცხო ადგილი არ იყო, 1960-იან წლებში, როდესაც ახალგაზრდა დაგი მოხეტიალე მოთხილამურეობით და მეკლდეურობით ირთობდა თავს, ჩილეში ხშირად მოგზაურობდა. ამის შემდეგ თავის პირველ ცოლთან ერთად სალაშქრო და სპორტული აღჭურვილობის კომპანია The North Face დააფუძნა, საკმაოდ იაფად გაყიდა და ტანსაცმლის ახალი, წარმატებული კომპანია Esprit შექმნა. 1990-იანი წლების დასაწყისში დაგი საკმაოდ დიდი ქონების პატრონი, განქორწინებული და მტაცებლური კონსუმერიზმით დაღლილი კაცი იყო. მან გადაწყვიტა, ბიზნესი მიეტოვებინა და დრო და ფული ექსტრემალური ჰობისთვის – მთამსვლელობის, სათხილამურო სპორტის, ნიჩბოსნობისა და ბუნების დაცვისთვის მიეძღვნა.

ტომპკინსს თავდაპირველად რანჩოს ფაუნის აღდგენა სურდა, მაგრამ თანდათან ეს წამოწყება უფრო მასშტაბურ იდეაში გადაიზარდა. მან კერძო ფონდი დააფუძნა და ჩილეს ველური ბუნების ორი დიდი მონაკვეთი – ჩრდილოეთ და სამხრეთ პუმალინი – იყიდა. ამ მიწებს შორის კიდევ ერთი ტერიტორია – უინაი მდებარეობს, რომელსაც მაშინ ვალპარაისოს კათოლიკური უნივერსიტეტი ფლობდა. უნივერსიტეტს მიწების გაყიდვა სურდა, მაგრამ ამას პრეზიდენტი ედუარდო ფრეი რუის-ტაგლე და სხვა გავლენიანი პოლიტიკოსები ეწინააღმდეგებოდნენ. სწორედ ამ დროს გამოჩნდა დაგის ცხოვრებაში კრის მაკდივიტი. კრისი ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია Patagonia-ს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი იყო. თავისი სიმდიდრითა და მსოფლმხედველობით იგი ზუსტად დაგის შესაფერისი იყო – წყვილი 1994 წელს დაქორწინდა.
კრის ტომპკინსი ტანდაბალი, საოცრად გამჭრიახი და მებრძოლი ქალია. წარსულ სირთულეებს წარბშეუხრელად იხსენებს. „უინაი ყელში გაგვეჩხირა, მის გარეშე პუმალინს ვერ გავაერთიანებდით“, – მეუბნება იგი. ეს მიწები ჩილეს ყველაზე ვიწრო მონაკვეთს გასდევს: ანკუდის ყურიდან ანდების მწვერვალებამდე. 340 კვადრატული კილომეტრია, ჩრდილოეთ და სამხრეთ პუმალინთან შედარებით ძალიან პატარა ტერიტორიაა, მაგრამ მისი სტრატეგიული მნიშვნელობის გამო, სახელმწიფოსა და ხალხთან განხეთქილების მიზეზად იქცა. მისი შეძენის მცდელობამ მრავალი ეჭვი, ბოროტი მითქმა-მოთქმა და წინააღმდეგობა გამოიწვია. ბუნების დაცვის სახელით ხალხს სამეურნეო მიწებს და ლუკმაპურის შოვნის საშუალებას გვართმევენ, ჩილე საკუთარ სამეფოდ უნდათ აქციონო, ამბობდა ხალხი.

ამ დაპირისპირებამ 2000 წლამდე გასტანა. ამასობაში ცოლ-ქმარმა ჩილეში ახალი მიწები შეიძინა (მათ შორის, ჩაკაბუკოს ხეობა, სადაც ახლა ვსხედვართ და ვსაუბრობთ). ვინ არიან ეს გაუმაძღარი გრინგოები და რა შავბნელი აზრები უტრიალებთ თავში?
პუმალინში მათი მიზანი მიწის ყიდვა, პარკის დაარსება და მისი სახელმწიფოსთვის გადაცემა იყო, მაგრამ ჩილეში, სადაც ქველმოქმედება ეკლესიების მშენებლობით და საგანმანათლებლო პროექტებით შემოიფარგლებოდა, ხალხი ამერიკელი ცოლ-ქმრის ამ გულუხვობას ეჭვის თვალით უყურებდა. უინაი ქვეყნის საზღვრიდან საზღვრამდე ვრცელდება, რამაც მისი შეძენა განსაკუთრებით გაართულა. კრიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ თუ მდიდარი გრინგოები უინაის იყიდდნენ, ქვეყანა ორ ნაწილად გაიყოფოდა.
„იმ წლებში ბევრი ტალახი გვესროლეს” – მეუბნება კრის ტომპკინსი.
ჩილესა და არგენტინაში ნაყიდი ტერიტორიების და ბუნებისდაცვითი პროექტების მართვით დაკავებული ცოლ-ქმარი მცირე ზომის, კერძო თვითმფრინავში ატარებდა ბევრ დროს. დაგს პილოტობის 15 000-საათიანი გამოცდილება ჰქონდა. კრისიც ხშირად მართავდა თვითმფრინავს, თუმცა, პილოტის ლიცენზიის უქონლობის გამო, არასოდეს აფრენისა და დაფრენის დროს. „ყველაზე ბედნიერი ფრენის დროს ვარ“, – მეუბნება კრისი. ისინი ფიქრობდნენ, რომ ერთად დაიხოცებოდნენ: უამინდობის გამო მოჯანჯღარე „სესნაში“ ან ანდების რომელიმე კანიონში ჩაჩეხილ „ჰასკიში“.

ასე არ მომხდარა. დაგი 2015 წლის 8 დეკემბერს გარდაიცვალა ქალაქ კოიაკეს საავადმყოფოში ჰიპოთერმიით იმის შემდეგ, რაც ერთ უიღბლო დღეს, ქარიან ამინდში და დიდ ტალღებში მისი კაიაკის საჭე გაფუჭდა და თავის პარტნიორთან, ყოფილ მეკლდეურ რიკ რიჯვეისთან ერთად ყინულივით ცივ წყალში დიდი ხნის განმავლობაში მოუწია ყოფნა. წყლის უეცარმა დინებამ ისინი ნაპირიდან კიდევ უფრო შორს გაიტაცა. რიჯვეი მაშველებმა ერთი საათის შემდეგ იპოვეს. იგი გადარჩა, დაგი – ვერა.
კრის ტომპკინსს ეს ამბავი ტელეფონით შეატყობინეს, უთხრეს, რომ კაიაკი ამობრუნდა და შეიძლება, მსხვერპლიც ყოფილიყო. საავადმყოფომდე მანქანით მისასვლელად ექვსი საათი დასჭირდა, იქ კი გამოუცხადეს, რომ მისი მეუღლე გარდაიცვალა. „ეს ისეთივე დაუჯერებელი იყო, როგორც მასთან გატარებული წლები, – მეუბნება კრისი – დიდ სიყვარულს დიდი მწუხარება მოჰყვება. რაც უფრო ძლიერია გრძნობა, მით უფრო ძლიერია მწუხარებაც. დაე ასე იყოს“.
კრისის საავიაციო მეტსახელი „Picaflor“ იყო, რაც ესპანურად კოლიბრს ნიშნავს, დაგის კი – „Águila“ – „არწივი“. პირადი საუბრისას ეს მეტსახელები „ლოლო“ და „ბერდი“ ხდებოდა. კრისი მებრძოლ და დაუდეგარ ქარიშხალას უფრო ჰგავს, ვიდრე კოლიბრს. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ იგი კიდევ უფრო დიდი ენერგიით აგრძელებს ერთად დაწყებულ საქმეს.

Tompkins Conservation-ი National Geographic Society-ს პარტნიორია უკანასკნელი ველური ადგილების გაშუქების პროექტში.
„ეს საქმეები მაჩერებს აქ, – მეუბნება კრისი, – აბა, რა აზრი აქვს მის გარეშე ცხოვრებას?“
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ კრისმა თავიანთი მიწები ჩილესა და არგენტინაში ეროვნულ პარკებად აქცია. ამას სამწლიანი ინტენსიური შრომა დასჭირდა. დაგის დაკრძალვიდან ორი კვირის შემდეგ, კრისმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც არგენტინაში არსებულ იბერას უზარმაზარ წყალ-ჭაობიან ეკოსისტემას დაცული ტერიტორიის სტატუსი მიენიჭა. 2019 წლის მარტის მიწურულს, ჩილეს მთავრობასთან თანამშრომლობით, ტომპკინსების 400 000 ჰექტარი მიწა სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებულ 4 მილიონ ჰექტარს შეუერთდა, 5 ახალი ეროვნული პარკი დაარსდა და 3 გაფართოვდა. ის, რაც ერთ დროს კერძო საკუთრება იყო, ახლა საჯარო სიმდიდრეა – დაგლას ტომპკინსის სახელობის პუმალინის ეროვნული პარკი.


(მარცხნივ) სან-ალონსოს კუნძულის იაგუარის რეინტროდუქციის ცენტრი, არგენტინა. მოხალისე ერიკ ესპოსიტო აკვირდება, როგორ უვლის ბიოლოგი პაბლო გუერა ნაუელს, 18 წლის მამრ იაგუარს. აქ დაბადებულ იაგუარებს მომვლელებთან კონტაქტი არ აქვთ, რაც, ველურ ბუნებაში გაშვების შემდეგ, მათი გადარჩენის შანსს გაზრდის.
(მარჯვნივ) იბერას ეროვნული პარკი. ბიოლოგი ჯულიანო პეში მდედრ ტაპირს და მის ნაშიერს აკვირდება. ტაპირების რეპოპულაციის პროგრამა დროებით შეჩერდა, რადგან ხუთი ტაპირი ეგზოტიკური პარაზიტით დაავადდა და მოკვდა. დარჩენილი ექვსი ტაპირი კარანტინშია.
ლანჩის შემდეგ ტომპკინსი ადგილობრივ ლანდშაფტს მათვალიერებინებს. პატაგონიის ეროვნული პარკის ადმინისტრაციული შენობის უკან ბილიკია. გზად ქვის ღობით შემოფარგლული პაწაწინა სასაფლაო გვხვდება; იქ სულ ათი საფლავია, ხის ჯვრებით და პატარა სამლოცველოებით და კიდევ ქვის ფილა, რომელზეც ამოტვიფრულია:
დაგლას რეინსფორდ ტომპკინსი
ბერდი და ლოლო
03.1943 – 12.2015
ეპიტაფია პარკის თანამშრომლებმა თავად შეარჩიეს, მაგრამ კრისი ამბობს, რომ არაფრის შეცვლას არ აპირებს. დაგზე ლაპარაკისას იგი ცდილობს, სენტიმენტებს არ აჰყვეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ემოციები არ გააჩნია: ხანდახან, აქ მოვდივარ, ბალახზე ვწვები და ვიხსენებ. მშვიდად ვწევარ და ვესაუბრებიო – მეუბნება იგი.
ბილიკი, რომელსაც გარშემო მარჯნის რიფებივით თვალისმომჭრელი ნენეოს ყვითლად აყვავებული, ეკლიანი ბუჩქები და კლდოვანი ფერდობები აკრავს, წიფლის ხეებით დაჩრდილულ გზას კვეთს, აღმართად იქცევა და საკარვე ადგილებისკენ მიემართება. საკარვე ადგილები უბრალოდ, მაგრამ მოხერხებულად არის მოწყობილი. ერთგან გამხმარ, კირივით თეთრ ნაკელს მოვკარი თვალი. „კი, პუმაა“, – მეუბნება ტომპკინსი, გამხმარ ნაკელს ჯოხით ფშვნის და პუმის ბეწვებს მიჩვენებს. ჩაკაბუკოს ხეობაში პუმის პოპულაციის ზრდა ტომპკინსების ერთ-ერთი მიზანი იყო. პირველყოფილი ფაუნის აღდგენას ისინი სხვა ტერიტორიებზეც ცდილობდნენ. აქ, პატაგონიის ეროვნულ პარკში, ფაუნის აღდგენა ნიშნავს მეტ პუმას, სამხრეთანდურ ირემს (გადაშენების საფრთხეში მყოფი სახეობა) და დარვინის ნანდუს (დიდი არამფრენი ფრინველი).
ადგილობრივი ფაუნის აღდგენას მრავალი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. ბევრს არ მოსწონდა მტაცებელი ცხოველების (ჩილეში – პუმის, არგენტინაში – იაგუარის) რეპოპულაციის იდეა. ამ საქმის ბოლომდე მისაყვანად გამბედაობა და მოთმინება იყო საჭირო და ამ მოთმინების დიდი ნაწილი კრის ტომპკინსს უნდა გამოეჩინა.
გამონაკლისი არც არგენტინის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ესტეროს-დელ-იბერაა, სადაც ფაუნის აღდგენის ინიციატივა მრავალ წინაღობას ეჩეხება. ეს ჭარბტენიანი ეკოსისტემა ჭაობების, საფლობების, წყალსაწრეტი თხრილების და წყლის ზედაპირზე მოტივტივე მცენარეების თვალუწვდენელი მოზაიკაა. აქა-იქ ამოზრდილი მაღლობები კორომებით ან ვრცელი სავანებით არის დაფარული. აქ ბევრი კაიმანი და წყლის ფრინველი ბინადრობს; თუ გაგიმართლა, ყვითელ ანაკონდასაც გადააწყდები. ეს ადგილები მთელი თავისი ბრწყინვალებით მზიან ამინდში წარმოგვიდგება, თავად სახელი „y berá“ გუარანის ენიდან მომდინარეობს და „მოკამკამე წყალს“ ნიშნავს.


(მარცხნივ) ვეტერინარი ხორხე პენია გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას უწევს პამპასის ირემს. ირემი, რომლის საცხოვრებელი გარემოც პლანტაციებმა შეავიწროვა, იბერაში, ახალ ჰაბიტატში გადაჰყავთ.
(მარჯვნივ) ეს ორი ახალგაზრდა დარვინის ნანდუ ფრინველთა მოსაშენებელ ცენტრში დაიბადა. ფრინველებს ორი თვის განმავლობაში დატოვებენ აკლიმატიზაციისთვის განკუთვნილ ვოლიერში და შემდეგ პატაგონიის ეროვნულ პარკში გაუშვებენ. პროგრამის მიხედვით, ყოველწლიურად 10-დან 20-მდე დარვინის ნანდუს გაუშვებენ ველურ ბუნებაში.
იბერა კორიენტესის პროვინციას ეკუთვნის, სამეურნეო რეგიონს, რომელიც პარაგვაის, ურუგვაის და ბრაზილიის საზღვართან მდებარეობს. აქ დღემდე შეინარჩუნეს გუარანის ენა, კულტურა და გუარანის ხალხის მეამბოხე სული. მესაქონლეობა, მონადირეობა და გარეული ცხოველებისთვის ხაფანგების დაგება – აი, რითი ირჩენდნენ თავს აქაურები საუკუნეების განმავლობაში. შორ მანძილზე ისინი ნავებით ან ჭაობებში სიარულს მიჩვეული ცხენებით გადაადგილდებოდნენ. იბერაში, მშრალი მიწის სიმცირის გამო, ყოველთვის ჭირდა მესაქონლეობა, ამიტომ ხალხმა ბრინჯის თესვა და ფიჭვის გაშენება დაიწყო.
1997 წელს აქ დაგ ტომპკინსი ჩამოვიდა. იგი თავიდანვე მოიხიბლა იბერათი და ის შეამჩნია, რაც კრისს გამორჩა – ბიომრავალფეროვნება და დიდი პოტენციალი – მან ერთ დაჭაობებულ კუნძულზე შეიძინა რანჩო, კრისთან შეუთანხმებლად – ასე იშვიათად იქცეოდა. ეს რანჩო, ესტანსია სან-ალონსო, ტომპკინსის პირველი ნაბიჯი იყო თავისი სანუკვარი მიზნის – იაგუარების რეპოპულაციისკენ.
სან-ალონსოს რანჩოს სიახლოვეს კარგად დაცული ვოლიერებია განლაგებული: ხუთი მეტრის სიმაღლის, რკინის მყარი გისოსებით. შიდა პერიმეტრი ელექტრომავთულხლართებით არის შემოღობილი. იაგუარები დაუდეგარი ცხოველები არიან, ტყვეობას ვერ ეგუებიან და მუდმივად გაქცევაზე უჭირავთ თვალი.
თითოეულ ვოლიერში ხეზე მიმაგრებული სადგომი, დაბალი ბუჩქი ან სხვა ბუნებრივი სამალავია. როდესაც ვოლიერები ვნახე, იქ რვა იაგუარი იყო, ზოოპარკებიდან წამოყვანილი დიდი იაგუარები და ერთი წლის ბოკვერების წყვილი, რომლებიც ვოლიერებში გაჩნდნენ და ველურ ბუნებაში გააგრძელებენ ცხოვრებას. ბოკვერები განცალკევებით, უფრო დიდ ვოლიერებში იზრდებიან; მათ საკმარისი საჭმელი აქვთ და მომვლელებს ვერ ხედავენ. ასე იმიტომ ხდება, რომ ადამიანები საჭმელთან არ დააკავშირონ და ველურ ბუნებაში თვითგადარჩენის უნარ-ჩვევები გამოიმუშაონ.

ერთ ვოლიერში ჩემ თვალწინ შეუშვეს ცოცხალი კაპიბარა – ადგილობრივი დიდი და მსუქანი მღრღნელი, მაგრამ მდედრ იაგუარს მისთვის ზედაც არ შეუხედავს, ალბათ არ შიოდა. მალე მოშივდება და შეამჩნევს. მამრი იაგუარი, სახელად ნაუელი, გისოსების გასწვრივ მიდი-მოდიოდა და ყოველი ნაბიჯის გადადგმისას ლაქებიანი ბეწვით დაფარული მკვრივი კუნთები ებურცებოდა.
იაგუარი ლამაზი, მაგრამ დაუნდობელი ცხოველია. იმ მხარეებში, სადაც მათი ბუნებრივი ნადავლის ნაცვლად ახლა შინაური ცხოველები ბალახობენ, ისინი ცხვრებსა და ძროხებზე დაიწყებენ ნადირობას. სან-ალონსოს კუნძულზე ცხვრები და ძროხები არ ჰყავთ; ამ მწვანე საფარით მდიდარ კუნძულზე ჭაობის ბევრი ირემი და კიდევ უფრო მეტი კაპიბარა ბინადრობს. ზოგიერთი მათგანი 70 კილოგრამს იწონის. ამის გამო სან-ალონსო იაგუარების რეპოპულაციისთვის ზედგამოჭრილი ადგილია. პირველ იაგუარებს ველურ ბუნებაში მალე გაუშვებენ. ამ მტაცებლების რეპოპულაცია იბერას დანარჩენ ტერიტორიაზე უფრო რთული იქნება. საამისოდ მოსახლეობის თანხმობა და ბუნებრივი ნადავლის სიმრავლეა საჭირო.

Tompkins Conservation-ი ცდილობს, კორიენტესის პროვინციის მცხოვრებლებმა მეტად იამაყონ ამ იშვიათი ცხოველებით – იმით, რაც ერთ დროს მათი რეგიონის ბუნებრივი სიმდიდრე იყო. ამ მიზნით ფონდი საგანმანათლებლო შეხვედრებს და სხვადასხვა ღონისძიებას მართავს. იაგუარების ბოკვერების დაბადების დღე ქალაქ კონსეფსიონში ასზე მეტმა ადამიანმა აღნიშნა. ქუჩა ბავშვებით და უფროსებით იყო სავსე, კედლები ცხოველების ფერადი ნახატებით აჭრელდა, ყველგან გიტარისა და აკორდეონის ხმა ისმოდა, ხალხს იაგუარის თათის ფორმის ნამცხვრებს ურიგებდნენ, ბავშვები ფერადი ლენტებით დარბოდნენ, თოჯინების თეატრიც გაიმართა. ბავშვები რიგრიგობით პოზირებდნენ იაგუარის ვეებერთელა პოსტერთან და ცდილობდნენ იაგუარივით ეღრიალათ. „Corrientes Ruge“ – კორიენტესი ღრიალებს – ეწერა პოსტერზე.
ტომპკინსის ველური ბუნების აღდგენის გეგმაში წითელ-მწვანე არას, პამპასის ირმის, საყელოიანი პეკარის, გიგანტური წავის და გიგანტური ჭიანჭველაჭამიას რეპოპულაციაც შედის. ზოგიერთი მოსამზადებელი სამუშაო ქალაქ კორიენტესის მავთულხლართების ორი რიგით შემოღობილ საკარანტინო შენობაში მიმდინარეობს.
ადგილობრივი მცხოვრები გრიზელდა – „გუიჩი“ ფერნანდესი, რომელიც ადრე მზარეული და დამლაგებელი იყო, უკვე თორმეტი წელია ტომპკინსებთან მუშაობს და ახლა პატარა, ობოლი ჭიანჭველაჭამიების მთავარი აღმზრდელია. ფერნანდესმა ერთ-ერთ ჭიანჭველაჭამიას, სახელად კუისკოს, ბოთლით მიუტანა რძე. კუისკომ გრძელი ხორთუმით იპოვა საწოვარა და მაკარონივით წვრილი ენით რძის ლოკვა დაიწყო. ჭამის შემდეგ მუცელზე მოფერების დრო დადგა და კუისკო ნეტარებით გაინაბა.
ობოლ ჭიანჭველაჭამიებს დედა მონადირეებმა ან მონადირე ძაღლებმა მოუკლეს. მსგავსი შეტაკებისას ხშირად ძაღლებიც იღუპებიან. ზრდასრული გიგანტური ჭიანჭველაჭამია საოცარი არსებაა: მოყავისფრო ბეწვით, თეთრი თათებით, შავი ზოლებით, გრძელი ბეწვიანი კუდით, რომელსაც ძილის დროს საბანივით იყენებს, ხორთუმით, რომელიც მტვერსასრუტივით უმუშავებს, ენით, რომელიც სიგრძეში მისი სხეულის ნახევარია და დიდი ბრჭყალებით. კუისკოს ვოლიერის გვერდით, რვა ზრდასრული ჭიანჭველაჭამიას ვოლიერებია განლაგებული. ფერნანდესმა მათ წყალში გაზავებული კატის საჭმელი მიუტანა, ჭიანჭველაჭამიების გამოსაკვებად საკმარის ჭიანჭველებს მომვლელები ვერ აგროვებენ. ველურ ბუნებაში გაშვების შემდეგ, ცხოველები კვლავ ჭიანჭველების და ტერმიტების რაციონს დაუბრუნდებიან.


(მარცხნივ) სანტა-კრუსის პროვინცია, არგენტინა. რანჩოს მფლობელი ბარუკი პერესი მელებზე წარუმატებელი ნადირობის შემდეგ ისვენებს. მის ძაღლებს ქვების ბასრმა პირებმა თათები დაუსისხლიანა. მელები და პუმები ესტანსიას 6000-მდე ცხვრისთვის მთავარი საფრთხეა. ეს რეგიონი ახლა ორ ეროვნულ პარკს შორის არის მოქცეული.
(მარჯვნივ) პატაგონიის ეროვნული პარკი, არგენტინა. რეინჯერ ემანუელ გალეტოს დაძინებული მდედრი პუმა უჭირავს. ცხოველი უსაფრთხო ხაფანგით დაიჭირეს. მას GPS-საყელურს გაუკეთებენ და ისევ გაუშვებენ დანარჩენ ექვს საყელურიან პუმასთან.
იბერასა და სხვა ეროვნულ პარკებში ადგილობრივი ფაუნის აღდგენა და ამ ტერიტორიებზე ტურისტული ეკონომიკის წახალისება რთული და ხანგრძლივი საქმეა. სოფია ჰეინონენმა, Tompkins Conservation-ის აღმასრულებელმა დირექტორმა არგენტინაში, რომელიც 2005 წლიდან მართავდა იბერას პროექტს, მითხრა, რომ თავიდან ხალხი დაგ ტომპკინსს „წყლის მოსაპარად ჩამოსულ გრინგოს“ ეძახდა. „Los gringos vienen por el agua“ – „გრინგოები წყლისთვის ჩამოვიდნენ“, – ამბობდნენ პროექტის მოწინააღმდეგეები: არგენტინელებს, როგორც ჩილელებს, უჭირდათ იმის დაჯერება, რომ ამერიკელები მიწას იყიდდნენ და მერე სახელმწიფოს გადასცემდნენ. კორიენტესის პროვინციის ოფიციალური პირები და დიდი მიწათმფლობელები ეჭვის თვალით უყურებდნენ ეროვნული პარკის შექმნის იდეას და გაურკვეველ სიახლეს – კარგად ნაცადი ეკონომიკური მოდელი ერჩივნათ: საქონელი, ხე-ტყე, ბრინჯი.
კორიენტესის პროვინციის ოფიციალური პირების თანადგომა აუცილებელი იყო, რადგან იბერას ტერიტორიის უმეტესობა, ტოპმკინსების და სახელმწიფოს კუთვნილი მიწების გარდა, პროვინციის საკუთრებას წარმოადგენდა. „ოფიციალურ პირებს კარი ავუტალახეთ, – მითხრა ჰეინონენმა, – მაგრამ არავინ გვპასუხობდა“. იბერას რამდენიმე პატარა ქალაქის მერი სხვებზე მეტად დაინტერესდა ტურისტული ეკოსისტემის პოტენციალით. იბერას ტურისტული შესაძლებლობები ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებასაც მოუვიდა თვალში, განსაკუთრებით კი ტურიზმის მინისტრს. 2013 წელს რეგიონში სულ ცოტა ერთ პოლიტიკოსს მაინც სჯეროდა, რომ იბერას მომავალი ტურისტულ ეკონომიკაშია – სენატორი სერხიო ფლინტა. მაგრამ საქმე ისევ ჩიხში იყო მომწყვდეული. ყინული ტრაგიკულმა მოვლენამ დაძრა – დაგ ტომპკინსის გარდაცვალებამ.

ჯერ კიდევ მგლოვიარე კრისმა უკვე მოქმედება დაიწყო. მან ჰეინონენს ფლინტასთან დარეკვა, კომპრომისზე წასვლა და ნებისმიერ ფასად შეთანხმების მიღწევა დაავალა – ტომპკინსების 168 000 ჰექტარი მიწა კორიენტესის პროვინციის და არგენტინის ცენტრალური ხელისუფლების მფლობელობაში არსებულ მიწებს უნდა შეერთებოდა და ეროვნული პარკი გამხდარიყო. ორი კვირის შემდეგ ტომპკინსი, ჰეინონენი და ფლინტა არგენტინის ახალი პრეზიდენტის, მაურისიო მაკრის ოფისში შეხვდნენ ერთმანეთს და შეთანხებას ხელი მოაწერეს. ტომპკინსს ამ შეხვედრაზე შეეძლო ქვრივის შავი სამოსი ჩაეცვა თანაგრძნობის გამოწვევის მიზნით, თუმცა ამის ნაცვლად თეთრი სვიტერი ეცვა, იღიმებოდა და თითქოს ამბობდა: გვეყო პოლიტიკური კინკლაობა. ცხოვრება ისედაც მოკლეა. სჯობს, საქმე გავაკეთოთო.
ხუთი წლის შემდეგ ტომპკინსის ყველა კრიტიკოსისთვის თვალსაჩინო გახდა პარკის ეკოლოგიური და ეკონომიკური ეფექტი. „ის ხალხი, რომელსაც დაგი არ მოსწონდა და მას იანკის ეძახდა, ახლა მისი მადლიერია“, – მითხრა ფლინტამ.
ჩილეში, პატაგონიის ეროვნულ პარკში, ჩილეური ფლამინგოების, მურტალების, მელოტების და სხვა წყლის ფრინველების სანახავად Lago Cisnes-ის – გედების ტბას – შემაღლებული ადგილიდან გადმოვხედეთ. შავკისერა გედებიც ვნახეთ თავიანთი ელეგანტური შეფერილობით და კოსკორობებიც, თეთრი ბუმბულით და ფრთების შავი ბოლოებით. ტბის დასავლეთ ნაპირზე ალამოს ხეების (სხვაგან ლომბარდიულ ალვის ხეებს რომ ეძახიან) ჩრდილში მაგიდა და პატარა ფირნიში იდგა: ÁREA DE PICNIC PICAFLOR Y ÁGUILA. ამ ადგილას 1993 წელს პირველად დაბანაკდნენ ლოლო და ბერდი და მას შემდეგ, დაგის გარდაცვალებამდე, ყოველწლიურად ბრუნდებოდნენ. დღეს აქ მახლობელი ქალაქიდან ჩამოსული ოჯახი სანტიაგოელ სტუმარს მასპინძლობდა. მათთან მივედი და ოჯახის ქალს, პროფესიით ადვოკატ ანდრეა გომეს ხარამილიოს გავესაუბრე: „აქ ხშირად მოვდივართ და ბუნებაში ვისვენებთ, – მითხრა მან, – განსაკუთრებით გუანაკოების ყურება გვახალისებს. პარკის მუზეუმიც ძალიან მოგვწონს. შარშან აქ პუმა ვნახეთ. რენატამაც ნახა, ჩვენმა გოგონამ, დაუვიწყარი სანახაობა იყო“.
იმ საღამოს, როდესაც ტომპკინსმა თავის მომზადებულ პასტაზე დამპატიჟა, მითხრა, რომ ხვალ პილოტთან ერთად „ჰასკით“ სამხრეთში გაფრენას აპირებს, სერო-სან-ლორენსოში, საინტერესო ადგილების სანახავად და რომ შეიძლება იქაური მიწები იყიდოს.
„დასვენებას როდის აპირებ, კრის?“ – ვკითხე მე.
„სამარეში რომ ჩავწვები“, – მიპასუხა კრისმა.
დევიდ კვამენს ავტორია წიგნისა „გადახლართული ხე: სიცოცხლის რადიკალური ახალი ისტორია“. ჩილელი ფოტოგრაფი ტომას მუნიტა სოციალურ და გარემოსდაცვით თემებზე მუშაობს.