ვილჰელმ სიმონსონი გერმანულ ტანკებს და არტილერიას თვითმფრინავით მიუძღოდა და 1939 წელს, პოლონეთში შეჭრა სიმაღლიდან დაინახა. ყველაფერი შეიცვალა, როდესაც სიმონსონი მიწაზე დაეშვა და ვარშავაში შევიდა.
პოლონეთის დედაქალაქი ნანგრევებად იყო ქცეული. დაბომბვას ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები. 100 წლის სიმონსონს ახლაც ახსოვს ნანგრევებში მოყოლილი გახრწნილი სხეულების სუნი. „საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ამის შემდეგ აღარასოდეს დავმბომბავდი ადამიანებს“.
სიმონსონი მებრძოლი პილოტი გახდა და ათეულობით ღამის მისიაში მიიღო მონაწილეობა, რომლებიც ბრიტანული ბომბდამშენების აღმოჩენასა და განეიტრალებას ისახავდა მიზნად. „მინდოდა ბრიტანელებისთვის ჩვენი ქალაქების დაბომბვაში შემეშალა ხელი, – ამბობს იგი. – 22 წლის ვიყავი და გულუბრყვილოდ ვაზროვნებდი“. 1944 წლის გაზაფხულზე გერმანული ქალაქები ცეცხლში იყო გახვეული. სიმონსონი გრძნობდა, რომ ომი უკვე წაგებული იყო. როდესაც გერმანიის კაპიტულაცია შეიტყო, გულზე მოეშვა. „1945 წლის 8 მაისი ჩემთვის მეორე დაბადების დღეა. ეს დღე ნგრევის, მკვლელობების და შიშის დასასრული იყო, – ამბობს იგი. – ამდენი ნანგრევის ნახვამ პაციფისტი გამხადა. რაც მეტი დრო გადის, უფრო და უფრო პაციფისტი ვხდები“.