ყოველთვის, როდესაც საკითხი დადგება ასე – „დასავლეთი თუ რუსეთი?” – ვსვამ კითხვას: ჩამომითვალეთ, რა ღირებულებების გამო შეიძლება სურდეს საქართველოს მოქალაქეს ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი? ცხადია, აქ რუსეთისა და საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს შორის რელიგიური აღმსარებლობის თანხვედრას არ ვგულისხმობ. ჩემი ღრმა რწმენით, აღმსარებლობის გვარობა ადამიანის ფუნდამენტურ ღირებულებათა სისტემის უპირობო განმსაზღვრელი არ არის. ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პრიმატის გასიგრძეგანება სულაც არ მიმაჩნია „კონფესიურ კუთვნილებად”. მე ღირებულებათა იმ სისტემაზე მაქვს საუბარი, რომელზეც აგებულია, ერთი მხრივ ევროპა, მეორე მხრივ რუსეთი, ქვეყანა, რომელიც ივანე მრისხანეს ეპოქიდან მოყოლებული დღემდე, ჯიუტად არ იცვლება.
არც მოქალაქეთა იმ კატეგორიას განვეკუთვნები, რომლებიც იზიარებენ პოზიციას – „არც ერთი მინდა”. დიახ, მე მინდა, რომ საქართველო ევროპისკენ ისწრაფოდეს! დიახ, მე მინდა, რომ მისი ინტეგრირებული ნაწილი ვიყოთ. მე მწამს, რომ ჩვენი ადგილი ნამდვილად დასავლეთშია და არა ჩრდილოეთში! ხოლო ვისაც ეს არ უნდა, ვთხოვდი, ჩახედოს ამ ნომერში ჯულია იოფისა და ფოტოგრაფ გერდ ლუდვიგის მიერ მომზადებულ სტატიას „პუტინის თაობა”. რა არის რუსეთი დღეს და რა გველის წინ? რა თაობის ხელში რჩება რუსეთი? რა ღირებულებებს ატარებს ეს თაობა? შეიცვლება რამე? და თუ ბოლო კითხვაზე პასუხი უარყოფითია, იქნებ გაგვეცა პასუხი კონკრეტული კითხვისთვის – რა ღირებულებების გამო შეიძლება სურდეს საქართველოს მოქალაქეს რუსეთი?