ვუყურებთ ველურ ცხოველებს და ვერ ვხედავთ მათ ტანჯვას
ეგზოტიკურ ცხოველებთან უშუალო კონტაქტის ბიზნესი ყვავის, რასაც სოციალური მედია კიდევ უფრო უწყობს ხელს, მაგრამ კადრს მიღმა, ტურიზმში ჩართული ცხოველები საბრალოდ ცხოვრობენ.


ვუყურებთ ველურ ცხოველებს და ვერ ვხედავთ მათ ტანჯვას
ეგზოტიკურ ცხოველებთან უშუალო კონტაქტის ბიზნესი ყვავის, რასაც სოციალური მედია კიდევ უფრო უწყობს ხელს, მაგრამ კადრს მიღმა, ტურიზმში ჩართული ცხოველები საბრალოდ ცხოვრობენ.
ტურისტებით სავსე ჩიანგ-მაის შემოგარენში არსებულ ცხოველთა უამრავ ატრაქციონს შორის ერთ-ერთი მეტამანია. ტურისტული ავტობუსებიდან გადმოსხმული ხალხი სპილოებს ხორთუმებზე აცოცდება; მომვლელები ბასრკაუჭიანი ჯოხით ჩხვლეტენ სპილოებს და ისინიც მათ ხორთუმზე მოკალათებულ ხალხს მაღლა სწევენ; ამ დროს ფოტოკამერების ჩხაკუნიც ისმის. სტუმრები უყურებენ, როგორ აიძულებენ მომვლელები თავიანთ სპილოებს – პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე გონიერ ცხოველს – ისრების მიზანში სროლას ან უზარმაზარი ფეხბურთის ბურთით თამაშს ხმამაღალი მუსიკის ფონზე.
მინა ერთ-ერთია მეტამანის შოუების მონაწილე ათ სპილოს შორის. უფრო კონკრეტულად – მხატვარია. ხმაურიანი მაყურებლის წინაშე, დღეში ორჯერ, კონგკაუ ხორთუმის წვერში ფუნჯს უდებს მას და მიმართულების მისაცემად სახეზე ლურსმანს აჭერს სპილოს, რომელიც ფურცელზე ხატავს. კონგკაუ მას ხშირად ახატინებს ხოლმე ველურ სპილოს სავანაში. ნახატებს ტურისტები ყიდულობენ.

მინას ცხოვრებაც იმავე მიმართულებით წავა, რომლითაც ტაილანდის ტყვეობაში მცხოვრები 3800 და მთელ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მრავალი ათასი სპილოსი მიდის. წარმოდგენებში მონაწილეობას 10 წლამდე მიიღებს. შემდეგ სასეირნო სპილო გახდება – ზურგზე სკამს დაუმაგრებენ და ისიც დღეში რამდენჯერმე გაასეირნებს ტურისტებს. მინა სასეირნოდაც რომ დაბერდება, 55 ან, შეიძლება, 75 წლის ასაკში მოკვდება. თუ გაუმართლებს, შეიძლება პენსიასაც მოესწროს. სიცოცხლის უმეტეს ნაწილს სადგომში, ჯაჭვით დაბმული გაატარებს.

მეტამანის მსგავსი ატრაქციონები ხალხს მთელი მსოფლიოდან იზიდავს მინას მსგავს ცხოველებთან დროის გასატარებლად; ისინი მზარდ გლობალურ ტურისტულ ინდუსტრიაში საკმაოდ შემოსავლიან სეგმენტს იკავებენ. საზღვარგარეთ მოგზაურობათა რიცხვი გაორმაგდა 15 წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით.

ველური ბუნების ტურიზმი სიახლეს არ წარმოადგენს, თუმცა სოციალური მედია ამ სექტორის პოპულარიზაციაში უდიდეს როლს თამაშობს. იმას, რასაც ადრე მეტწილად ტურისტული გზამკვლევის მკითხველები იგებდნენ, ახლა უამრავი ადამიანისათვის ერთბაშად ხდება ცნობილი – ტურისტებისა და ე.წ. სოციალური მედიის „ინფლუენსერების“ მიერ ტელეფონის ეკრანზე ხელის ერთი შეხებით. მოგზაურობისას თითქმის ყველა „მილენიალი“ (23-38 წლის ადამიანი) იყენებს სოციალურ მედიას. მათი დელფინებთან ცურვის, ვეფხვებთან შეხვედრების თუ სპილოზე ამხედრებული სეირნობის ამსახველი ფოტოები ვირუსული რეკლამაა ყველა იმ ატრაქციონისთვის, რომელიც ცხოველებთან უშუალო კონტაქტის შესაძლებლობას ყიდის.
სოციალური მედიის მახვილი თვალისთვისაც კი უხილავია ის, რაც კამერის ობიექტივში არ ხვდება. ველურ ცხოველებთან მიახლოებით გახარებულმა და აღტყინებულმა ადამიანებმა, როგორც წესი, არ იციან, რომ ასეთ ადგილებში ცხოველები მინას მსგავს ან უარეს პირობებში ცხოვრობენ.
სრული ვერსია წაიკითხეთ ივნისის ნომერში.
ნატაშა დეილი National Geographic-ის შტატიანი ავტორი და რედაქტორია. კირსტენ ლუსი შტატგარეშე ფოტოგრაფია, რომელიც ნიუ-იორკში ცხოვრობს. ამ რეპორტაჟის მოსამზადებლად მათ ერთად იმოგზაურეს ექვს ქვეყანაში.