წარსულის ძარცვა
სიძველეებით უკანონო ვაჭრობის სწრაფი ზრდა მსოფლიოს არქეოლოგიურ მემკვიდრეობას ანადგურებს


წარსულის ძარცვა
სიძველეებით უკანონო ვაჭრობის სწრაფი ზრდა მსოფლიოს არქეოლოგიურ მემკვიდრეობას ანადგურებს
განათებულ მაგიდაზე ქალბატონი წევს ზოლიანი პარიკით. პროფესორი მისკენ იხრება და ბუტბუტებს: „კვლავ შესანიშნავ მდგომარეობაშია… ძალიან კარგად შენახულა“. სარკოფაგის სახურავზე დახატულ მსხვერპლის გამოსახულებას თვალი ჩააყოლა და მიუთითა ბარძაყის ზედა ნაწილში ღია ჭრილობაზე, ამონისა და იბისის სიმბოლოებსა და „მიცვალებულთა წიგნის“ მაგიურ შელოცვებზე: „აქვეა მისი სახელი და სტატუსი – შესეპ-ამონ-ტაიეშერი, სახლის დიასახლისი“.
ეგვიპტელი დიდგვაროვანი, დაახლოებით, 2600 წლის წინ გარდაიცვალა. ალაბამის უნივერსიტეტის ეგვიპტოლოგი სარა პარკაკი მის შიდა სარკოფაგს ათვალიერებს, რომელშიც ოდესღაც მუმიფიცირებული გვამი ესვენა, და მისი სუნი ჯერ კიდევ შემორჩენილი აქვს. მძარცველებმა სარკოფაგი ოთხად გადახერხეს და საჰაერო ფოსტით გაგზავნეს აშშ-ში, სადაც ის რესტავრატორმა გაამთელა. რამდენიმე თვეში საბაჟოს თანამშრომლებმა ბრუკლინელი სიძველეთა დილერის სახლში მიაგნეს სარკოფაგს. ის ახლა ნიუ-იორკში, გასაიდუმლოებულ საწყობშია, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის არტეფაქტებია დაცული: უზარმაზარი ქვის ბუდა ინდოეთიდან, ტერაკოტის მხედრები ჩინეთიდან, რელიეფები ერაყიდან, სირიიდან და იემენიდან. ყველა ეს ნივთი სიძველეებით უკანონო ვაჭრობისა და კულტურულ მემკვიდრეობაზე საერთაშორისო ბრძოლის მსხვერპლია.
ინდოეთის ტაძრების ქურდებიდან დაწყებული, ბოლივიის ეკლესიების მძარცველებითა და ჩინეთის ლიაონინის პროვინციის სამარხების თავდამსხმელთა ასკაციანი ბანდებით დამთავრებული, ყველა მძარცველი უმოწყალოდ თხრის ჩვენს წარსულს. უკანონო ქმედებების უმეტესობის მსგავსად, ძარცვის მასშტაბის განსაზღვრა ძნელია. თუმცა, თანამგზავრული გამოსახულებები, ჩამორთმეული ნიმუშები და თვითმხილველთა ჩვენებები მიუთითებს, რომ ნაძარცვი განძით ვაჭრობა სწრაფად იზრდება მთელ მსოფლიოში.
ეგვიპტეში, პარკაკმა პირველმა გამოიყენა თანამგზავრული გამოსახულებები, არქეოლოგიური გათხრების ტერიტორიაზე ახალი მშენებლობებისა თუ ძარცვით მიყენებული ზიანის გასაზომად. ქვეყნის 1100 ცნობილი არქეოლოგიური ველის მეოთხედი ძლიერაა დაზიანებული. „თუ ასე გაგრძელდა, 2040 წლისთვის ეგვიპტის ყველა ცნობილი არქეოლოგიური ობიექტი სერიოზულად დაზარალდება“, – ამბობს ის.
ბოლო ოცი წლის განმავლობაში, უამრავი გახმაურებული სასამართლო პროცესისა და რეპატრიაციის შედეგად, ანტიკვარიატით ვაჭრობის ბნელი მხარე გამოაშკარავდა, ცნობილი გახდა კრიმინალური ქსელის – გამთხრელებისა და მოპარული საქონლის იმ კონტრაბანდისტების საქმიანობა, რომელთაგანაც არტეფაქტებს ყიდულობენ გალერეები და ცნობილი მუზეუმები. 2002 წელს უძველესი ხელოვნების ნიმუშების ცნობილ მანჰეტენელ დილერს, ფრედერიკ შულცს 33-თვიანი პატიმრობა მიესაჯა, ნაქურდალი ეგვიპტური ნივთების მისაღებად დანაშაულებრივი შეთანხმებისათვის. 2006 წელს მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი დათანხმდა იტალიის მთავრობას, დაებრუნებინა ცნობილი ევფრონიოსის კრატერი – ღვინის შესარევი ჭურჭელი, რომელიც ეტრუსკული სამარხიდან მოიპარეს. ამ ბოლო დროს სიძველეებით მდიდარ ქვეყნებში დატრიალებულმა ომის ქარცეცხლმა და არეულობამ, რომლის პიკიც ძველი მესოპოტამიის დარბევა იყო ე. წ. ისლამური სახელმწიფოს (ISIS) მიერ, გააჩინა ეჭვი, რომ სიძველეებით ვაჭრობა ხელს უწყობს ტერორიზმის დაფინანსებას.
როგორ უნდა შეჩერდეს ძარცვა? ამ საკითხზე დავა ჩიხში შევიდა; არქეოლოგები სიძველეებით ვაჭრობას აბრალებენ ძარცვას. კოლექციონერები, დილერები და მუზეუმების კურატორები კი ამბობენ, რომ სიძველეებით ვაჭრობის უმეტესობა ლეგალურია; ზოგიერთები ფიქრობენ, რომ კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის მთავარი მიზანი მათ ავალდებულებს, თუნდაც მძარცველებისგან შესყიდვის გზით, „გამოიხსნან“ სიძველეები არასტაბილური ქვეყნებიდან.
შესეპ-ამონ-ტაიეშერის ამბავი ამ აბსტრაქტულ შეკითხვებს მწარე სიმართლით პასუხობს. თუკი ერთმანეთს დავუკავშირებთ ეგვიპტოლოგების, მუზეუმების კურატორებისა თუ ფედერალური აგენტების მინიშნებებს, დავადგენთ მარშრუტს ეგვიპტური სამარხიდან, კონტრაბანდისტების, გადამზიდავებისა და დილერების ჩახლართული ქსელის გავლით, ამ მაღალი უსაფრთხოების საცავამდე.
პირველი ნაბიჯი შესეპ-ამონ-ტაიეშერის საფლავის სავარაუდო ადგილის დადგენაა. მისი სარკოფაგის იეროგლიფებისა და მხატვრული სტილის გათვალისწინებით, პენსილვანიის უნივერსიტეტის ეგვიპტოლოგებმა დაასკვნეს, რომ ეს ქალბატონი დაახლოებით 600 წელს (ძვ. წ.) ცხოვრობდა. ცნობებს, ამ უჩვეულო სახელის მქონე ქალის სარკოფაგის შესახებ, ეგვიპტურ სარკოფაგებზე გამოცემულ წიგნებსა და ვებგვერდებზეც მოიძიებთ. გადმოცემით, სარკოფაგი იპოვეს აბუ სირ ალ-მალაქში (იმ დროს, ბუსირი), კაიროდან სამხრეთით 100 კმ-ში.
აბუ სირ ალ-მალაქი მდიდარი ქალაქი იყო, ოსირისის ტაძრებითა და 4000-წლიანი ისტორიის მქონე დიდებული საფლავებით. დღეს, ის ახალდაბომბილ ბრძოლის ველს ჰგავს. დიდი თხრილებია იქ, სადაც მძარცველები ფოცხებით ქექავდნენ მიწას, თხრიდნენ ექსკავატორებით და აფეთქებდნენ დინამიტებით. ამაზრზენი სანახავია თავის ქალებითა და დამსხვრეული ძვლებით დაფარული დაზიანებული სამარხები.
სიძველეების სამინისტროს მთავარ წარმომადგენელს, ამალ ფერაგს ავტომატებით შეიარაღებული ხუთი მცველი ახლავს; აბუ სირსა და მის მიმდებარე არქეოლოგიურ ველებს ვათვალიერებთ. ეს გამხდარი, 49 წლის ქალბატონი ძირიდან იღებს უძველესი სარკოფაგების ფრაგმენტებს – კედრის თხელ ნაჭრებს ხის ლურსმნებითა და წითელი პიგმენტის კვალით. „მძარცველები მხოლოდ კარგ ნაწილებს იტოვებენ, დანარჩენს ყრიან ან ამტვრევენ, ყოველ ერთ კარგ ეგზემპლარზე, ასეულებს ანადგურებენ“.
ფარაგი აკლდამისკენ მიმიძღვის, რომელიც ფერდობზე მიწისქვეშ ბნელ საკანში ჩადის. 2012 წლის აპრილში აქ სამი მძარცველის პირისპირ აღმოჩნდა.
„კოლეგას ვუთხარი, არ შეემჩნია, რომ ეშინოდა“, – მითხრა ფარაგმა. უსიტყვო, მკაცრი მზერის შემდეგ, კაცები ტაქსიში ჩასხდნენ და წავიდნენ. ფარაგს აკლდამაში მივყავარ და იმ ადგილს მაჩვენებს, სადაც მძარცველების მიერ გადასაფარებლით დამალული, ორი თვალწარმტაცი სარკოფაგი იპოვა.
შესაძლოა, შესეპ-ამონ-ტაიეშერიც ასეთივე აკლდამიდან მოიპარეს. ნიშაში იქნებოდა დასვენებული. იქვე იქნებოდა დალაგებული მისი საყვარელი ნივთებიც. მეზობელ ნიშებს კი მისი წინაპრები და შთამომავლები დაიკავებდნენ, საკუთარი განძით. ასეთი ხელუხლებელი საოჯახო აკლდამის პოვნა ნამდვილად შექმნიდა წარსულის ნათელ სურათს. შესეპ-ამონ-ტაიეშერი, ასე გაძარცვულიც კი, ძალიან ღირებულია თავისი იეროგლიფებითა და ნახატებით. არქეოლოგების მიერ წესების დაცვით რომ აღმოჩენილიყო, ხომ მთლად შეუფასებელი იქნებოდა.
ფარაგმა და მისმა კოლეგამ ორივე სარკოფაგი გამოათრიეს და საკუთარ მანქანაში დატვირთეს. სამინისტროსკენ მიმავალთ, „პეჟოს“ მარკის ავტომობილი დაედევნათ. ბოლოს, გზაჯვარედინზე მდევრებს წინ სატვირთო მანქანა გადაეღობა, რამაც ფარაგს და მის კოლეგებს დასხლტომის საშუალება მისცა.
აკლდამებიდან გამოვდივართ. ფარაგი გვიხსნის, რომ სოფლის მოსახლეობა საკუთარ თავს ვერაფრით აღიქვამს ძველი ეგვიპტური კულტურის ნაწილად და აწმყოში თვითგადარჩენისთვის ძარცვავენ წარსულს. ასე ფიქრობს არქეოლოგიურად მდიდარი ქვეყნების ღარიბი მოსახლეობა, რომელიც გროშებზე მომუშავე მთხრელებად იქცევიან ხოლმე.
ძარცვა 2011 წლის რევოლუციის შემდეგ გახშირდა, მაშინ როცა სახელმწიფო უშიშროება გაქრა. თუმცა პარკაკის თანამგზავრული გამოსახულებების ანალიზით ირკვევა, რომ მკვეთრი ზრდა ორი წლით ადრე დაიწყო, როცა მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა ეგვიპტის ეკონომიკა გაანადგურა, უმუშევარი ხალხის ნაწილმა კი ძარცვას მიჰყო ხელი.
დაცვის ესკორტი გზატკეცილზე მიგვაცილებს, ფარაგი მემშვიდობება და მაფრთხილებს: „შებინდებისას მგზავრობა შეწყვიტეთ“.
თითქოს ისევ რევოლუციაა.
შემოსავლისთვის წარსულის ქექვა ათასობით წელს ითვლის. ჩვენთვის ცნობილი, ყველაზე ადრეული შემთხვევა 1113 წელს (ძვ. წ.) თებეში მოხდა. მძარცველთა დაჯგუფება, რომელსაც ქვის სამტეხლოში მომუშავე ერთი მოხერხებული კაცი ხელმძღვანელობდა, კლდეში გამოკვეთილ აკლდამებს ძარცვავდა. ხელოსანი და მისი თანამზრახველები გაასამართლეს და, სავარაუდოდ, სარზე დასმით დასაჯეს.
ეგვიპტის სიძველეები დამპყრობლებმაც გაზიდეს; რომაელებმა საგანგებოდ ააგეს ხომალდები ეგვიპტური ობელისკების გასატანად. მე-16 საუკუნიდან მე-20 საუკუნის შუა წლებამდე, როცა ეგვიპტეს ჯერ კიდევ უცხო ქვეყნები მართავდნენ, უამრავი ნიმუში გაიგზავნა საზღვარგარეთ. უცხოელი არქეოლოგები საკუთარი ექსპედიციებისას აღმოჩენილი არტეფაქტების ნაწილს ეგვიპტის მთავრობასთან ოფიციალური შეთანხმების საფუძველზე ითვისებდნენ. მოგზაურები ყიდულობდნენ სიძველეებს ლიცენზირებული დილერებისგან კაიროში, ლუქსორში… ასეთი ტრანზაქციები ოფიციალური საბუთის გარეშეც ხდებოდა ხოლმე, რადგან სიძველეები პირად საკუთრებად ითვლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ სიძველეების დაცვის კანონმდებლობა უკვე არსებობდა, კულტურული ფასეულობებისა და ძარცვის თანამედროვე კონცეფციები ჯერ კიდევ ვითარდებოდა.
ცვლილებები 1950-იან წლებში დაიწყო, როცა კოლონიური იმპერიები დაიშალა და ყოფილმა ქვეშევრდომმა ქვეყნებმა ავტონომია მოიპოვეს. ეროვნული იდენტობით შთაგონებულმა ბევრმა ქვეყანამ გააძლიერა არსებული ან მიიღო ახალი კანონები წარსულის დასაცავად. კანონი იცავდა ჯერ კიდევ აღმოუჩენელ კულტურულ მემკვიდრეობასაც. 1983 წელს ეგვიპტემ გამოაცხადა, რომ საუკუნეზე ხანდაზმული, კულტურული მნიშვნელობის ყველა ნივთი სახელმწიფოს კუთვნილება იყო. 1970 წელს იუნესკომ მიიღო კონვენცია კულტურული ფასეულობის არალეგალური იმპორტის, ექსპორტისა და საკუთრების უფლების გადაცემის აკრძალვისა და პრევენციის საშუალებების შესახებ, რომელსაც დღემდე 131-მა ქვეყანამ მოაწერა ხელი.
აბუ სირიდან ჩრდილოეთით ოცდაათ კილომეტრში, შევხვდი ეგვიპტის შუა სამეფოს მდიდარი არქეოლოგიური ძეგლების – ლიშთისა და დაჰშურის გათხრების ხელმძღვანელს, მოჰამედ იუსეფს. 2011 წლის იანვრის რევოლუციის შემდეგ, მძარცველთა ბანდებმა არქეოლოგიურ ძეგლებს ბულდოზერებით გადაუარეს.
იუსეფი მაჩვენებს კლდეში ნაკვეთ აკლდამას, სადაც მან და მისმა ერთმა ინსპექტორმა, რევოლუციის დაწყებიდან ძალიან მალე, სხვა აკლდამიდან მოხსნილი ორი კირქვის რელიეფი გადაარჩინეს. ტყვიამფრქვევებით შეიარაღებული ორი დაჯგუფება ერთმანეთს ამ რელიეფებს ეცილებოდა. „როცა მივუახლოვდით, ჰაერში დაიწყეს სროლა. ჩვენი არც კი შეშინებიათ“, – იხსენებს იუსეფი. შეიარაღებული ხალხის წასვლის შემდეგ არქეოლოგები ძეგლზე დაბრუნდნენ და რელიეფების გადარჩენა შეძლეს.
არასტაბილურ გარემოში სიმართლე ძლიერის მხარესაა, განსაკუთრებით ომის დროს. კამბოჯის სამოქალაქო ომის პერიოდში, წითელი ქმერები და სხვა სამხედრო დაჯგუფებები ხშირად აკონტროლებდნენ მათ ტერიტორიაზე მომუშავე მძარცველებს. ანალოგიური სიტუაციაა დღეს სირიაში, სადაც ე. წ. ისლამური სახელმწიფო იღებს ძარცვიდან მოგების წილს, ისევე, როგორც პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის არმიასთან ასოცირებული ჯგუფები, ქურთების სახალხო თავდაცვის რაზმი და ოპოზიცია.
იუსეფი ამბობს, რომ გავლენიანი ადგილობრივები საკვანძო როლს ასრულებენ ლიშთსა და დაჰშურში. „ისინი ძარცვაში ჩართული ყველასთვის ცნობილი ადამიანები არიან; მდიდრები, გავლენიანები და ხელშეუხებლები“; ახლომდებარე სოფელში მცხოვრები ერთი ოჯახი დიდ სახალხო რაზმს მართავს.
ეგვიპტის სიძველეების პოლიციის უფროსი, ბრიგადირი აჰმედ აბდელ ზაჰერი გვიხსნის, რომ ეგვიპტის მძარცველთა ქსელის უმეტესობა აწყობილია ოთხიარუსიანი პირამიდასავით („პირამიდები, რა თქმა უნდა!“ – ჩაიხითხითა მან); პირველი იარუსი სოფლის ღარიბი მოსახლეობაა. ისინი კარგად იცნობენ ამ მიწას, იოლად პოულობენ ძეგლებს. მეორე იარუსი – შუამავლები, რომლებიც ნივთებს აგროვებენ და მუშების ჯგუფებს მართავენ. მესამე – ხალხი, რომელიც სიძველეებს ქვეყნიდან აპარებს და ძარცვის პირამიდის წვერში მოქცეულ უცხოელებზე ასაღებს.
ჯაჭვის რაც უფრო მაღალ რგოლში ინაცვლებს არტეფაქტი, მით მეტად იზრდება მოგების მარჟა. ზოგიერთ მეორე იარუსის მძარცველს იმაზე ათჯერ ძვირად გაუყიდია ნივთი, ვიდრე თავად გადაუხდია ამომთხრელისთვის: „ისინი პროფესიონალი კრიმინალები არიან. სიძველეები კი მათი საქმიანობის ერთ-ერთი სფეროა“. ზაჰერი ბოლო ნარკორეიდებს იხსენებს, როდესაც პოლიციამ სიძველეებთან ერთად ნარკოტიკებიც ამოიღო.
არასტაბილურ ადგილებში, სიძველეები შეიძლება იმავე სადისტრიბუციო ქსელს მიჰყვეს, რომელიც იარაღის კონტრაბანდას ეწევა: „ხშირად მიპოვია სიძველეების სამალავები ყუმბარმტყორცნებთან და სხვა ცეცხლსასროლ იარაღებთან ერთად“, – ამბობს ნიუ-იორკის პროკურორი და საზღვაო ქვეითი ჯარის კორპუსის პოლკოვნიკი მეთიუ ბოგდანოსი.
ეგვიპტიდან სიძველეების კონტრაბანდულად გასაზიდად გამოყენებულ დაახლოებით 50 პორტს, აეროპორტსა და სახმელეთო მარშრუტს შორის, დამიეტა ამოვარჩიე სანახავად. შესეპ-ამონ-ტაიეშერის სარკოფაგი აშშ-ში დუბაიდან გაიგზავნა ავეჯით დატვირთული კონტეინერით. დამიეტა კი ეგვიპტის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული საკონტეინერო პორტია, რომელიც დუბაისთან აქტიურად თანამშრომლობს და ქვეყნის ავეჯის ცენტრია.
კაიროდან დამიეტამდე სულ 240 კილომეტრია, თუმცა თითქმის ხუთი საათი ვიმგზავრე. წინა დღეს, ამბოხებულებმა ორი პოლიციელი მოკლეს ჩემს სასტუმროსთან, გზაში ალაგ-ალაგ ყუმბარების ხმა ისმოდა. უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია მუდმივი საკონტროლო-გამშვები პუნქტებით. იქ გამავალი სატვირთოების უწყვეტ რიგს ვაკვირდები – ნებისმიერ ასეთ მანქანაში შეეძლოთ დაემალათ სარკოფაგი.
შესეპ-ამონ-ტაიეშერი დუბაიმდე რომ მიაღწევს, მისი მარშრუტი უფრო ნათელი გახდება. ელ-ფოსტით გაგზავნილი წერილების, საბაჟო დეკლარაციების, სატვირთო განაცხადების საფუძველზე, პროკურორები და ფედერალური გამომძიებლები ამტკიცებენ, რომ დუბაიდან აშშ-ში მის გაგზავნაში სამი ადამიანი მონაწილეობდა: ნიუ-იორკში მოღვაწე სიძველეების დილერი მუსა ხული, მიჩიგანში მცხოვრები სალემ ალშდაიფატი და დუბაის მკვიდრი აიმან რამადანი. ხულიმ აღიარა ცრუ ჩვენების მიცემა და ექვსი თვით შინაპატიმრობა მიესაჯა. ალშდაიფატი წვრილმან დამნაშავედ ცნეს და ათასი დოლარით დააჯარიმეს. რამადანი კი კვლავ ემალება მართლმსაჯულებას.
საქმის დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ალშდაიფატმა გაგზავნა შესეპ-ამონ-ტაიეშერის სარკოფაგის ფოტოები ხულისთან, ხოლო რამადანმა და დანარჩენებმა კი სარკოფაგის ნაწილები ტვირთის მცდარი აღწერილობისა და ღირებულების მითითებით. შემდეგ ხულიმ იგივე ფოტოები გამოიყენა, რათა სარკოფაგები ვირჯინიელი კოლექციონერისთვის მიეყიდა. აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო პოლიციის (ICE) გამომძიებლები ამტკიცებენ, რომ სწორედ აიმან რამადანი უკეთებდა ტრანსპორტირებას სირიიდან, იორდანიიდან და ლიბიიდან ნაძარცვ სიძველეებს. ალშ-დაიფატსა და პოტენციურ კლიენტებს შორის მიმოწერა მიუთითებს, რომ უშუალოდ მას ჰქონდა ინფორმაცია ეგვიპტეში ძარცვების შესახებ.
სამარხების მძარცველი, ე. წ. უაკერო, მოხატულ ქსოვილს ყიდის პერუში, უარმეის სასაფლაოზე. თუმცა ექსპერტის გარდა, ვერავინ მიხვდება ეს მართლაც ინკებამდე პერიოდის არტეფაქტია თუ თანამედროვე მინაბაძი.
შუამავლები აბაზანის სარეცხი საშუალებითა და დანტისტის ინსტრუმენტით წმენდენ სირიაში ამოთხრილ უძველეს მონეტებს. მათი მსგავსი, მეორე იარუსის დონის მძარცველები ამომთხრელებისგან იძენენ არტეფაქტებს, თავად კი ყიდიან კონტრაბანდისტებსა და დილერებზე, რომლებიც თავის მხრივ ბევრად უფრო ძვირად ყიდიან ამ ნივთებს.
ოდესღაც, ნილოსის მენავეები მიაცილებდნენ ეგვიპტელებს სიკვდილის გზაზე. ეს არტეფაქტები 2009 წელს გაიტაცეს. ეგვიპტიდან დუბაიში, იქიდან კი ნიუ-იორკსა და შემდეგ ვირჯინიაში მოხვდა. ფედერალურმა აგენტებმა იპოვეს ისინი და ეგვიპტეს დაუბრუნეს.
საფლავების ძარცვა ფარაონების ხნისაა. რამზეს V-სა და რამზეს VI-ს აკლდამები ლუქსორის მახლობლად მდებარე მეფეთა ველზე დაახლოებით 3000 წლის წინ გაიძარცვა.
აბუ სირ ალ-მალაქში მცველი ათვალიერებს ადამიანის ძვლებით მოფენილ, ნაძარცვი ორმოებით დახვრეტილ უძველეს სასაფლაოს. ძარცვა აქ ძველი პრობლემაა, თუმცა გლობალური ფინანსური კრიზისისა და ეგვიპტის 2011 წლის რევოლუციის შემდეგ, ახალი ტალღით წამოვიდა.
სირია, არტეფაქტების გროვა (შესაძლოა ყალბიც კი) ანტიკვარიატით მოვაჭრის სახლში. გაყალბებული სიძველეების საზღვარზე გადასატანად, მათთან ერთად ნამდვილ არტეფაქტებსაც ტვირთავენ. იქ კი უცოდინარ მყიდველებზე ასაღებენ ან სულაც ორიგინალებს ანაცვლებენ მუზეუმებში.
კამბოჯაში თავს ატეხენ ქანდაკებებს, მარტო თავის კონტრაბანდა უფრო იოლია. ანგკორის საცავი, SIEM REAP
აღმოსავლეთი სირია. მესოპოტამიური ქალაქის, მარის სატელიტურ სურათზე ჩანს მძარცველთა ორმოების საგრძნობი მატება 2011 წლის აგვისტოდან (ზემოთ) 2014 წლის ნოემბრამდე. ცენტრში ობიექტი ოდესღაც დიდებული სასახლის სახურავია.
სამარხების მძარცველი, ე. წ. უაკერო, მოხატულ ქსოვილს ყიდის პერუში, უარმეის სასაფლაოზე. თუმცა ექსპერტის გარდა, ვერავინ მიხვდება ეს მართლაც ინკებამდე პერიოდის არტეფაქტია თუ თანამედროვე მინაბაძი.
შუამავლები აბაზანის სარეცხი საშუალებითა და დანტისტის ინსტრუმენტით წმენდენ სირიაში ამოთხრილ უძველეს მონეტებს. მათი მსგავსი, მეორე იარუსის დონის მძარცველები ამომთხრელებისგან იძენენ არტეფაქტებს, თავად კი ყიდიან კონტრაბანდისტებსა და დილერებზე, რომლებიც თავის მხრივ ბევრად უფრო ძვირად ყიდიან ამ ნივთებს.
ოდესღაც, ნილოსის მენავეები მიაცილებდნენ ეგვიპტელებს სიკვდილის გზაზე. ეს არტეფაქტები 2009 წელს გაიტაცეს. ეგვიპტიდან დუბაიში, იქიდან კი ნიუ-იორკსა და შემდეგ ვირჯინიაში მოხვდა. ფედერალურმა აგენტებმა იპოვეს ისინი და ეგვიპტეს დაუბრუნეს.
საფლავების ძარცვა ფარაონების ხნისაა. რამზეს V-სა და რამზეს VI-ს აკლდამები ლუქსორის მახლობლად მდებარე მეფეთა ველზე დაახლოებით 3000 წლის წინ გაიძარცვა.
აბუ სირ ალ-მალაქში მცველი ათვალიერებს ადამიანის ძვლებით მოფენილ, ნაძარცვი ორმოებით დახვრეტილ უძველეს სასაფლაოს. ძარცვა აქ ძველი პრობლემაა, თუმცა გლობალური ფინანსური კრიზისისა და ეგვიპტის 2011 წლის რევოლუციის შემდეგ, ახალი ტალღით წამოვიდა.
სირია, არტეფაქტების გროვა (შესაძლოა ყალბიც კი) ანტიკვარიატით მოვაჭრის სახლში. გაყალბებული სიძველეების საზღვარზე გადასატანად, მათთან ერთად ნამდვილ არტეფაქტებსაც ტვირთავენ. იქ კი უცოდინარ მყიდველებზე ასაღებენ ან სულაც ორიგინალებს ანაცვლებენ მუზეუმებში.
კამბოჯაში თავს ატეხენ ქანდაკებებს, მარტო თავის კონტრაბანდა უფრო იოლია. ანგკორის საცავი, SIEM REAP
აღმოსავლეთი სირია. მესოპოტამიური ქალაქის, მარის სატელიტურ სურათზე ჩანს მძარცველთა ორმოების საგრძნობი მატება 2011 წლის აგვისტოდან (ზემოთ) 2014 წლის ნოემბრამდე. ცენტრში ობიექტი ოდესღაც დიდებული სასახლის სახურავია.
შესეპ-ამონ-ტაიეშერის საქმეს იძიებდა ICE-ს სპეციალური აგენტი ბრენტონ ისტერი. მისი თქმით, საერთაშორისო მძარცველთა ქსელები გაცილებით უკეთ თანამშრომლობენ ერთმანეთთან, ვიდრე კანონდამცველები. ამბობს, რომ შესეპ-ამონ-ტაიეშერის გარე სარკოფაგის აშშ-ში ჩამომტანი კონტეინერი კომპანია „ამალ-სტარ-ანტიკსმა“ გამოგზავნა დუბაიდან. მისი მფლობელი კი ნურ შამია, მუმბაიში მოღვაწე სიძველეების დილერების, შამების ოჯახიდან. გამომძიებელი ჟურნალისტი პიტერ უოტსონი დარწმუნებულია, რომ შამის ოჯახის წევრები მართავდნენ ძარცვისა და კონტრაბანდის უდიდეს ოპერაციას, რომლის შედეგადაც 1990-იან წლებში ინდოეთის ტაძრის ქანდაკებები ხანდახან დუბაის გავლით ჩადიოდა დიდ ბრიტანეთში. რამდენიმე ღირსშესანიშნავი ნივთი კი სპეციალურად გაიგზავნა ლონდონის სოთბის აუქციონისთვის.
„აღმოვაჩენ ხოლმე, რომ მე არ ვიცნობ კარგ ტიპებს, სხვა კანონდამცველებს საზღვარგარეთ“, – ამბობს ისტერი და ნიუ-იორკის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის შტაბბინაში, თავის სამუშაო ოთახში გაკრულ რუკას ათვალიერებს – „ცუდი ტიპები კი, თითქოს ყველა ერთმანეთს იცნობს. გეგონებათ, ღილაკზე თითის ერთი დაჭერით უკავშირდებიან ერთმანეთს“. ცოტა ხნის წინ, ახლო აღმოსავლეთიდან ერთ ინფორმატორს უთქვამს, კონტრაბანდისტები და დილერები ყურადღებით გაკვირდებიანო. „როგორც ჩანს, მათი ყურადღება მივიპყარი. ძალიან კარგი. ახლა უკვე ვიცი, რომ კარგად ვაკეთებ საქმეს“.
სხვა უკანონო საქონლისგან განსხვავებით, ნაძარცვი სიძველეების საქმე ბინძურად იწყება, მაგრამ ერთი შეხედვით სუფთად მთავრდება, მათი უკანონო წარმოშობა კონტრაბანდული ქსელების გამოვლის შემდეგ თეთრდება. წარმოშობის დეტალური აღწერის – საკუთრების უფლების დოკუმენტირებული ჯაჭვის გარეშე, შეუძლებელია გაიგო, ნივთი თეთრია თუ შავი. არადა, კანონიერად მოპოვებულ მრავალ ნივთსაც კი არ გააჩნია მყარი წარმოშობის დამადასტურებელი საბუთი, რაც დილემის წინაშე აყენებს კოლექციონერებს, დილერებსა და მუზეუმების კურატორებს, ყოველი პოტენციური შესყიდვის დროს.
მუსა ხულიმ შესეპ-ამონ-ტაიეშერი ვირჯინიაში მცხოვრებ მეწარმე ფარმაცევტს და სიძველეთა კოლექციონერ ჯოზეფ ლუისს მიყიდა. 2011 წლის მაისში ლუისს ბრალი ედებოდა ხულისა და სხვებთან ერთად კონტრაბანდასა და ფულის გათეთრების გარიგებაში. თითქმის სამწლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, მან საპროცესო შეთანხმება მიიღო და მოგვიანებით ყველა ბრალდება მოეხსნა. ლუისი ყველა მართლსაწინააღმდეგო ქმედებას უარყოფს და ამბობს, რომ ნივთები აშშ-ში შეიძინა დილერისგან, რომელმაც თავად უზრუნველყო მათი იმპორტირება.
თუკი არსებობს კოლექციონირების გენი, ის ნამდვილად აქვს ჯო ლუისს. დედამისი აგროვებდა ძმრის პატარა ბოთლებს, სპილოს პატარა ქანდაკებებს და იხვის ფორმის სატყუარებს, მამას მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღები უყვარდა. ახლა უკვე მისი 600 კვ/მეტრიანი სახლი იტევს დედამისის ბოთლებს, იხვებს, სქელკანიან ცხოველებს, 30 000 სახეობის მწერების საკუთარ კოლექციასა და ეგვიპტური სიძველეების ნაკრებს.
„ორ რამეს თუ მომცემ, კოლექციის შეგროვებას დავიწყებ“, – ამბობს ლუისი, 60 წლის მოხდენილი, მკვირცხლი კაცი. მისი ეგვიპტური კოლექციის გამაოგნებელი სარკოფაგები მუზეუმის დონის საცავშია მოთავსებული.
აღფრთოვანებული ვარ პტაჰ-სოკარ-ოსირისის შეღებილი ხის ქანდაკებით. მისი ცქერისას, იმავე მიზიდულობას ვგრძნობ, რომელიც მანამდე სულ რამდენიმე ეგვიპტური სიძველის მიმართ განმიცდია – ეს რაღაც მისტიკურია, თითქოს ის ცოცხალია. კარგად მესმის ასეთი ნივთის ფლობის სურვილის. რამდენიმე თვით ადრეც ვიგრძენი მსგავსი გულის ფეთქვა. მაშინ, სოთბიზე კარნაკის ტაძრის შავი დიორიტისგან გაკეთებული ქურუმის ბიუსტის წინ ვიდექი და ვიცოდი, რომ 500 000 დოლარად ის შეიძლებოდა ჩემიც გამხდარიყო.
ლუისის აზრით, სიძველეთა კოლექციონირების მომავალს საფრთხეს უქმნის აშშ-ისა და უცხოური კანონების მხრიდან უხეში ჩარევა. ამიტომ მისი ხელშეწყობით, შეიქმნა ასოციაცია კოლექციონერების გასანათლებლად და დასაცავად; სჯერა, რომ კოლექციონერები, მუზეუმების მსგავსად, კაცობრიობის კულტურულ ფასეულობებს იცავენ, რასაც ხშირად მათი წარმოშობის ქვეყანა ვერ ახერხებს. შეიძლება არტეფაქტი არქეოლოგების მიერ არ იყოს მოპოვებული, მაგრამ მნიშვნელოვანი სამეცნიერო ღირებულება ჰქონდეს. ბევრი კოლექციონერი მეცნიერებთან და მუზეუმებთან საკუთარი სიძველეების გაზიარებით, საერთო ცოდნის ამაღლებას უწყობს ხელს.
ლუისს მიაჩნია, რომ კოლექციონერებისა და სამეცნიერო საზოგადოების მჭიდრო თანამშრომლობით, შესაძლოა, შედგეს ლეგალური არქეოლოგიური ნივთების საერთაშორისო რეესტრი, რომელიც მძლავრი იარაღი იქნებოდა ძარცვის წინააღმდეგ. „თუ სიაში არ არის, ვერც იყიდი და ვერც გაყიდი, თუ არ არის რეესტრში დაფიქსირებული, ე. ი. ნაქურდალია და მორჩა!“
მხოლოდ ლუისი არ არის კოლექციონერების ღია მხარდამჭერი. კერძო ხელოვნების ინსტიტუტის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, ჯეიმს კუნო ამბობს, რომ ბოლო პერიოდის რეპატრიაციების დიდი ნაწილი შეცდომა იყო, რადგან მუზეუმების მისია მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის შეგროვება, მოვლა და საზოგადოებისთვის წარდგენაა – კონფლიქტურ რეგიონებში დაბრუნებული ნივთები კი ხშირად საფრთხეშია. ამიტომ არ უნდა აიკრძალოს ნაძარცვი არტეფაქტების შესყიდვა, თუ ამით ის დაკარგვასა და განადგურებას გადაურჩება.
„არასდროს წახვიდოდით ტერორისტებთან მოლაპარაკებაზე თუ ამით მძევლების გადარჩენის შანსი გექნებოდათ? ბაზრის თამაშზე უარის თქმა, ბაზარს მარტივად ვერ გააქრობს. ეს არაა იოლი, ურისკო, შავ-თეთრი შეკითხვები“.
შეიძლება, სიძველეებით ვაჭრობამ უამრავი შედევრი იხსნა, თუმცა ჩრდილოვანი ოპერირების გამო, მას მაინც აბრალებენ ძარცვის სტიმულირებას – თითქოს სწორედ ის აქეზებს პროცესის მონაწილეებს, თავი მოიტყუონ ძვირფასი ნივთების წარმომავლობის შესახებ.
ლუისს არ უნდა შესეპ-ამონ-ტაიეშერის საქმეზე ლაპარაკი, თუმცა გვიხსნის, რომ მისი სარკოფაგების კომპლექტი დილერი მუსა ხულისაგან მხოლოდ მაშინ შეიძინა, როცა მისი წარმოშობის საბუთი დამაჯერებლად ეჩვენა (ხული ამტკიცებდა, რომ სარკოფაგი მამამისის პირადი კოლექციიდან იყო).
იუნესკოს 1970 წლის კონვენციას, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონებს, სასამართლო საქმეებსა თუ 2000-იანი წლების რეპატრიაციებს წარმოშობის დასაბუთება კიდევ უფრო სავალდებულო უნდა გაეხადა. თუმცა, ბევრი კოლექციონერი, დილერი, აუქციონის მონაწილე და მუზეუმის კურატორი კვლავ ტრადიციულად მოქმედებს, მალულად და ანონიმურად. კერძო გაყიდვები დიდ აუქციონებზე სულ უფრო იზრდება და ბუნდოვანი წარმომავლობის მაგალითები: „პირადი შვეიცარიული კოლექციიდან“, „მემკვიდრეობით მიღებული“ კვლავ ჩვეულებრივი მოვლენაა.
მაგალითისთვის, გავიხსენოთ ის ქურუმის ქანდაკება, მე რომ მომნუსხა სოთბის აუქციონზე. ერ-თი კვირით ადრე, კრიმინალური არქეოლოგიის ექსპერტმა ქრისტოს ციროგიანისმა გამოააშკარავა, რომ ეს ექსპონატი, მძარცველებისა და კონტრაბანდისტების ცნობილი ქსელის ფოტოების მონაცემთა ბაზაში, „შინუსას არქივში“ იყო შეყვანილი. მიუხედავად იმისა, რომ ობიექტის მოხსენიება ამ არქივში მისი უკანონოდ მოპოვების დასტური არაა, აუქციონის მიერ ქანდაკების წარმოშობაში ამ ფაქტის არდასახელება უკვე საეჭვო კითხვებს აჩენს. (სოთბი ციროგიანისის მტკიცებას „არაზუსტსა და უპასუხისმგებლოს“ უწოდებს).
„2007 წლიდან, თითქმის ყველა დიდ აუქციონზე ამოვიცანი უამრავი ექსპონატი მძარცველთა არქივებიდან, – ამბობს ციროგიანისი, – აუქციონის სახლები კვლავ ყიდიან ამ ნივთებს. ეს ნიშნავს, რომ არც ფიქრობენ, საკუთარი საქციელი გამოასწორონ, მხოლოდ გაყიდვაზე ზრუნავენ“.
წარმოშობის ზოგადი ან სულაც არარსებული საბუთებით ნივთის მიღება ხშირად ხდება ცნობილ აუქციონებზე, მაშინაც კი, როცა საქმე ეხება ძარცვით გაპარტახებული ან საომარი ზონებიდან წამოსულ ხელოვნების ნიმუშებს. 1970-დან 2011 წლამდე, აუქციონის სახლები, კრისტისა და სოთბის ჩათვლით, ყიდდნენ ქმერების სკულპტურულ შედევრებს. არად დაგიდევდნენ რისკს, რომ სწორედ ეს ნიმუშები, შესაძლოა, კამბოჯის მძვინვარე სამოქალაქო ომის პერიოდში, ჯუნგლებში მდებარე ტაძრებიდან იყო მოპარული. ქმერების ქანდაკებები უდიდესმა მუზეუმებმაც შეიძინეს.
„თითოეულ ამ ექსპონატს განგაშის სიგნალი უნდა მიეცა მსოფლიოსთვის – ვერავინ იყიდდა და გაყიდდა მათ კეთილსინდისიერად, – ამბობს ვაშინგტონის საადვოკატო ჯგუფის სიძველეთა კოალიციის აღმასრულებელი დირექტორი, იურისტი ტეს დევისი, – რამდენიმე წლით ადრე, კოლექციონერები დარდობდნენ, რომ აშშ-ში კამბოჯური ხელოვნების ნიმუშები არ არსებობდა. სამოქალაქო ომის გაჩაღების შემდეგ კი, ბაზარი წალეკა წარმოშობის მოწმობის არმქონე შედევრებმა, რომელთაც აშკარად ეტყობოდათ, რომ, ნაქურდალია, რადგან ზოგი პირდაპირ ფეხებში იყო გადამტვრეული“.
შესეპ-ამონ-ტაიეშერის სარკოფაგების კომპლექტის კრიმინალურ ქსელში მოძრაობისთვის თვალის დევნების შემდეგ, როცა უტყუარი წარმოშობის არმქონე არტეფაქტების შეძენის ამბავს ვიგებ, ვხვდები, რომ საქმე მხოლოდ და მხოლოდ ნებაყოფლობით სიბრმავესთან გვაქვს. არქეოლოგი რიკარდო ელია მეთანხმება: „მარტივია. ნაძარცვ ნივთებში ფულის გადახდით, ხელს უწყობ ძარცვას“.
იმედის ნიშნები მაინც არის. 2010 წელს, ბოსტონის სახვითი ხელოვნების მუზეუმში, პირველად აშშ-ში, შეიქმნა ახალი პოზიცია „წარმოშობის კურატორი“. 2013 წელს მეტროპოლიტენის მუზეუმის მესვეურებმა ნებაყოფლობით დააბრუნეს სამშობლოში ორი ცნობილი ქმერული ქანდაკება, მათ კლივლენდის ხელოვნების მუზეუმმა და აშშ-ის სხვა მუზეუმებმაც მიბაძეს. მოგვიანებით, მეტროპოლიტენმა, კამბოჯის მთავრობასთან თანამშრომლობით, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიური ხელოვნების დიდი გამოფენა მოაწყო.
„ასეთი ტიპის თანამშრომლობა, რომელიც დროებით სარგებლობაში გადმოცემის ხელშეკრულებაზეა ორიენტირებული და არა უპირობო შესყიდვაზე, კარგი ნაბიჯია მუზეუმების კურატორებისთვის“, – ამბობს იურისპრუდენციის პროფესორი, კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტი პეტი გერსტენბლითი.
2015 წლის 23 აპრილს, შესეპ-ამონ-ტაიეშერის სარკოფაგი ეგვიპტეში გადააფრინეს. დღეს ის კაიროს მუზეუმშია დაცული. ამავდროულად, ზოგიერთი მუზეუმის კურატორი და ლუისის მსგავსი რამდენიმე კოლექციონერი ცდილობენ სიძველეთა მონაცემთა ბაზის შექმნას, რათა ხელი შეუშალონ ძარცვას; მათ სურთ არქეოლოგებთანაც გამონახონ საერთო ენა.
ერთიანობა გადამწყვეტია, როგორც მიმწოდებელი ქვეყნების, ისე მომხმარებელი ქვეყნებისთვის, ამბობს სარა პარკაკი. ძარცვა, სავარაუდოდ, მანამდე გაგრძელდება, სანამ მთხრელებისთვის – ეგვიპტეში და მყიდველებისთვის – საზღვარგარეთ, სიძველეები მხოლოდ თვალწარმტაცი ნივთებია და არა წარსულის მოსათხრობად საჭირო უმნიშვნელოვანესი ექსპონატები.
„კაცობრიობის ისტორია, ყველაზე დიდი ისტორიაა, რაც კი ოდესმე თქმულა“, – ამბობს პარკაკი, – „მის ბოლომდე გაგებას კი მხოლოდ მაშინ შევძლებთ, თუკი ერთად გამოვიკვლევთ მას“.
სრული ვერსია წაიკითხეთ ივნისის ნომერში.