წელი, რომელშიც იმედი გადარჩა
განახლებული იმედი
განსაცდელში ჩავარდნილებმა ახლებურად დავიწყეთ ცხოვრება
„ვიმღეროთ სიმღერა, სავსე იმედით, აწმყომ რომ გვაჩუქა“. ეს სიტყვები ჯეიმს უელდონ ჯონსონის სიმღერის – Lift Every Voice and Sing – ტექსტია. ამ სიმღერას XIX საუკუნის ბოლოს ფლორიდის შტატში შავკანიანების ეროვნულ ჰიმნს უწოდებდნენ. ამ დროს ფლორიდაში სხვა შტატებზე უფრო ხშირად იმართებოდა ლინჩის სასამართლოები და აფროამერიკელი კაცების უმეტესობას საარჩევნო ხმის უფლება არ ჰქონდა. ჯონსონი მაინც იმედიანად იყო განწყობილი. ჩვენც შეგვიძლია და ვართ კიდევაც.
ექიმების და ექთნების დაუღალავი შრომა სიცოცხლის გადასარჩენად, ერთმანეთთან კავშირის ახალი შესაძლებლობები, წარმოუდგენელი წინსვლა – სამეცნიერო აღმოჩენები, სოციალური გამოღვიძება – რომელმაც პანდემიის და ბუნებრივი კატასტროფების დროს იჩინა თავი – ეს ყველაფერი იმედის საფუძველს გვაძლევს.
“ოპტიმიზმის ახალი ტალღა წამოვა. რწმენა, რომ სამყარო უკეთეს ადგილად შეიძლება იქცეს, – თქვა ლეგენდარულმა ოკეანოგრაფმა სილვია ერლმა აგვისტოში, – ჩვენი ინდივიდუალური და კოლექტიური ძალისხმევით ახალ ეპოქას შეგვიძლია დავუდოთ სათავე, რომელშიც მეტ პატივისცემას გამოვიჩენთ ბუნებისა და ერთმანეთისადმი“.
უკვე ვხედავთ სასიკეთო ცვლილებებს. “თითქოს საომარ მდგომარეობაში აღმოვჩნდით და დაჩქარებულ რეჟიმში დავიწყეთ მოქმედება“, – თქვა Microsoft-ის თანადამფუძნებელმა ბილ გეიტსმა და, მაგალითად, COVID-19-ის ექვსი იმედისმომცემი ვაქცინა დაასახელა, რომლებზეც მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ამ ორომტრიალმა სრულიად განსხვავებული ადამიანები აიძულა დაფიქრებულიყვნენ, თუ “სად ვართ და სად გვინდა რომ ვიყოთ, – თქვა Black Lives Matter-ის თანადამფუძნებელმა ალისია გარზამ, – ჯერ კიდევ არსებობს იმედი, რომ ამ მიზანს მივაღწევთ“.