
წელიწადი, რომელიც არ დაგვავიწყდება
გადავწყვიტეთ, მოგვემზადებინა სპეციალური გამოცემა „წელიწადი ფოტოებში“ და მსოფლიოს უნიჭიერესი ფოტოგრაფების ნამუშევრებით წარმოგვედგინა თქვენთვის 2020 წელი, ერთიანად დაგვენახა პროცესი, რომელიც გამოვიარეთ – გამოცდის, განცალკევებისა და იმედის.
2020 წლის შესახებ არაერთი ეპიტეთი გაჩნდა, ძირითადად – უარყოფითი. ეს წელი მართლაც შემზარავი იყო. გახსოვთ, რამდენად დაუჯერებლად გვეჩვენებოდა წლის დასაწყისში უხანის დაცარიელებული ქუჩები და სახლში გამოკეტილი, სასოწარკვეთილი ხალხი? – სულ მალე ის, რაც დაუჯერებელი გვეგონა, მთელი მსოფლიოს რეალობად იქცა.
2020-მა წელმა იმდენი გამოცდა ჩაგვიტარა, კიდევაც რომ ვეცადოთ, სრულად ვერ ჩამოვთვლით – პანდემიის მსხვერპლთა მზარდი რაოდენობა, საპროტესტო ტალღა, რომელმაც სხვადასხვა მიზეზით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იფეთქა თუ ბუნებრივი კატასტროფები მთელ დედამიწაზე, მხოლოდ ზოგადად აღწერს ამ წელს.

ფოტო: სტეფან ვანფლეტერენი
სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მოგვემზადებინა სპეციალური გამოცემა „წელიწადი ფოტოებში“ და მსოფლიოს უნიჭიერესი ფოტოგრაფების ნამუშევრებით წარმოგვედგინა თქვენთვის 2020 წელი, ერთიანად დაგვენახა პროცესი, რომელიც გამოვიარეთ – გამოცდის, განცალკევებისა და იმედის. National Geographic Magazine-ის 133-წლიანი ისტორიის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ფოტორეტროსპექტივას ვუძღვნით კონკრეტულ წელს.
გასულ წელს National Geographic-ის არქივს 1,7 მილიონი ახალი ფოტო შეემატა; ეს ჩვეულებრივზე ნაკლებია – მოგზაურობის შეზღუდვის გამო, თუმცა ცოტაც ნამდვილად არ ითქმის. ამ ნომერზე მუშაობისას მთავარი სირთულე ზღვა მასალიდან ასზე ნაკლები ისეთი ფოტოს ამორჩევა იყო, რომელიც სათანადო სიმძაფრით წარმოადგენდა ამ გამაოგნებელ წელიწადს.
2020 წელი ნამდვილად არ მოგვენატრება, თუმცა ის, ალბათ, არც დაგვავიწყდება. 2021 წელს National Geographic – საქართველო მე-100 ნომრით იწყებს – გმადლობთ, რომ კითხულობთ ჩვენს ჟურნალს.