წინააღმდეგობა, რომელიც ათავისუფლებს
მონობიდან გაქცეული ადამიანების შთამომავლებს ბრაზილიაში ერთმანეთთან კულტურა, რელიგია და თავისუფლებისკენ სწრაფვა აკავშირებთ.


წინააღმდეგობა, რომელიც ათავისუფლებს
მონობიდან გაქცეული ადამიანების შთამომავლებს ბრაზილიაში ერთმანეთთან კულტურა, რელიგია და თავისუფლებისკენ სწრაფვა აკავშირებთ.
ჟივანია მარია და სილვამ იცის, რა არის სიძნელეები. იგი აღმოსავლეთ ბრაზილიის თემში დაიბადა, რომელიც ტრანსატლანტიკური მონათვაჭრობის მსხვერპლმა ქალებმა დააარსეს.
დასავლეთ ნახევარსფეროს ქვეყნებიდან მონობა ყველაზე გვიან გააუქმა ბრაზილიამ, სადაც 56 წლის სილვას, მონების სხვა შთამომავლების მსგავსად, არაერთხელ გამოუცდია რასობრივი დისკრიმინაცია – და უარესიც.
ახალგაზრდობაში სილვას სიკვდილით ემუქრებოდნენ უცხო ადგილებიდან მოსულები, რომლებიც მისი ოჯახის კუთვნილი მიწის ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ. სილვას თემი ერთ-ერთი კილომბოა იმ ათასიდან, რომლებიც მონობიდან გამოქცეულმა ხალხმა დააარსა.

სილვა კონსეისაუ-დაშ-კრიულაშის მცხოვრები პირველი ქალია, რომელმაც კოლეჯის ხარისხი მიიღო. ეს არაჩვეულებრივი მიღწევაა ქვეყანაში, სადაც კილომბოს მცხოვრებლები ჯერაც პირადი და საკუთრების უფლებებისთვის იბრძვიან. ეს ბრაზილიის ისტორიის ის ნაწილია, რომელიც ხშირად რჩება შეუმჩნეველი.
უკვე 30 წელია, რაც სილვა მასწავლებელი და აქტივისტია. იგი იკვლევს კილომბოს ისტორიას – ძალადობითა თუ ჩაგვრით გარემოცულ საუკუნეებს და სიცოცხლით სავსე კულტურას, რომელმაც ყველა სიძნელეს გაუძლო.
კილომბოს მცხოვრებ აფრობრაზილიელთა საკუთრების უფლებები ბრაზილიის კონსტიტუციამ მხოლოდ 1988 წელს – მონობის გაუქმებიდან 100 წლის შემდეგ – ცნო, მაგრამ მიწის საკუთრების მოპოვება კვლავ რთულია. მუდმივი უთანასწორობა და სტიგმატიზაცია მონების შთამომავლებს დღემდე უშლის ხელს თავისუფლად ცხოვრებაში.
„ითვლება, რომ მონობის გაუქმებამ შავკანიანებს მხოლოდ სიკეთე მოუტანა, მაგრამ ეს ცვლილება ისე განხორციელდა, რომ შავკანიანები ქუჩაში აღმოჩნდნენ, უსახლკაროდ და ყოველგვარი ქონების გარეშე. დღემდე ასეა“, – ამბობს სილვა, ბრაზილიის კილომბოს თემების საკოორდინაციო საბჭოს (CONAQ) აღმასრულებელი დირექტორი.


(მარცხნივ) რაილსონ ბარბოზა და ანა ჯულია დე ოლივეირა შავიერ დუს სანტუსი სალვადორში ზღვაში გადიან, რათა ოკეანის ქალღმერთს, იემანჟას მიაგონ პატივი. იემანჟა ნიგერიული რელიგიის იორუბას პანთეონიდან მოდის და ბრაზილიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღვთაებაა. (მარჯვნივ) აწ გარდაცვლილი მარია ჟოზე დე დეუსი თავისი წინაპრების მიერ დაარსებულ კილომბოში ცხოვრობდა. 1530 წლიდან დაწყებული, 350 წლის განმავლობაში, გემებმა დაახლოებით 5 მილიონი დამონებული აფრიკელი ჩაიყვანეს ბრაზილიაში – ახალი სამყაროს უკანასკნელ ქვეყანაში, სადაც მონობა გაუქმდა.
კილომბოები ბრაზილიაში ოდითგანვე წარმოადგენდნენ მონობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოს. სილვას თქმით, ისინი „შავკანიანთა უფლებების აღიარებისთვის ბრძოლას და იმ ძალადობას განასახიერებენ, რომელიც შავკანიანების აფრიკიდან გატაცებას მოჰყვა“.
კონსეისაუ-დაშ-კრიულაში პერნამბუკუს შტატში მდებარეობს და დაახლოებით 4000 მოსახლე ჰყავს. ზეპირი გადმოცემის თანახმად, ქალები აქ XIX საუკუნის დასაწყისში დასახლდნენ. „არ ვიცით, მარტოები რატომ მოვიდნენ“, – ამბობს სილვა. პალმარესი, ყველაზე დიდი კილომბო, მეზობელ ალაგოასის შტატის ტერიტორიაზე მდებარეობდა. ის 20 000 მოსახლისგან შედგებოდა, მაგრამ 1694 წელს პორტუგალიელებმა გაანადგურეს. ახლა ეს ადგილი დაუსახლებელია და მემორიალურ პარკს წარმოადგენს.
სილვას თქმით, კილომბოელი რომ იყო, არ არის საჭირო შავკანიანობა. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი „ის კავშირებია, რომლებიც თემის წევრებს შორის მონობის წინააღმდეგ ბრძოლისას გაიბა. კილომბო ბრძოლის, წინააღმდეგობის და გარდაქმნების სიმბოლოა.

1530 წლიდან დაწყებული, 350 წლის განმავლობაში, გემებმა ბრაზილიაში ყველაზე მეტი – 4,8 მილიონი დამონებული აფრიკელი ჩაიყვანეს. 1888 წელს, როდესაც მონობა ოფიციალურად გაუქმდა, ბევრმა ტყვეობას თავი დააღწია და საკუთარი თემი შექმნა.
ოფიციალური სტატისტიკით ბრაზილიაში დაახლოებით 1,1 მილიონი ადამიანი 5900-მდე კილომბოში ცხოვრობს (CONAQ-ის ცნობით ქვეყანაში 6500-მდე კილომბოა). დღეს, 34 წლის შემდეგ, რაც კილომბოს აფრობრაზილიელებმა საკუთრების უფლება მიიღეს, მათი მიწების 10 პროცენტიც არ არის დაცული შესაბამისი სტატუსით.
ბრაზილიის გეოგრაფიისა და სტატისტიკის ინსტიტუტის მონაცემებით, მოსახლეობის თითქმის 56% – დაახლოებით 119 მილიონი ადამიანი – ამბობს, რომ აფრიკული წარმოშობისაა. ამის მიუხედავად, ბიზნესში, პოლიტიკასა და ხელოვნებაში წამყვან როლს უმეტესად ისევ თეთრკანიანები თამაშობენ. 2020 წლის კვლევის მიხედვით აფრობრაზილიელების საშუალო შემოსავალი ოდნავ აღემატება თეთრკანიანების საშუალო შემოსავლის ნახევარს. შემოსავლის მხრივ ეს უთანასწორობა უკანასკნელ ათ წელში თითქმის არ შეცვლილა.
„ქალაქში დამსაქმებლები ჩვენგან ფიზიკურ შრომას მოითხოვენ. ბევრს ვმუშაობთ და ძალიან ცოტას გვიხდიან; ეს ჯერ კიდევ მონობაა“, – ამბობს 42 წლის ბენედიტუ დე ფრეიტასი, რომელიც ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ჟუან-სურას კილომბოში ცხოვრობს.


(მარცხნივ) მინას-ჟერაისის შტატის ქალაქ ოურუ-პრეტუში ბავშვები ვნების კვირის საეკლესიო მსვლელობაში მონაწილეობენ. ბრაზილიაში გასაოცარი რელიგიური მრავალფეროვნებაა; მრავალი რელიგია ქრისტიანობის და ძირძველი აფრიკული ტრადიციების ნაზავია. (მარჯვნივ) რიო-დე-ჟანეიროს ფაველაში სამბას მოცეკვავე თავის თუთიყუშს ეთამაშება. სამბას სათავე აფრიკული ტრადიციებიდან მოდის. სამბას თანამედროვე ენერგიული სახე რიოს ფაველებში 1950-იან წლებში ჩამოყალიბდა.
ჟუან-სურას ბინადარი 55 ოჯახის მსგავსად დე ფრეიტასის წინაპრებიც ოქროს მაღაროების მფლობელთა მონობას გაექცნენ და ჯუნგლებში დასახლდნენ. „დღეს რომ ვარსებობთ, იმის დამსახურებაა, რომ ჩვენი წინაპრები თავისუფლებას ეძებდნენ“, – ამბობს იგი. – „სწორედ კილომბოა ის ადგილი, სადაც პატივს სცემენ შავკანიან ქალებსა და კაცებს, მაშინაც კი, როდესაც ისინი ჩაგრულნი არიან“.
კილომბოები მათი მცხოვრებლებისთვის რასობრივი სამართლიანობის, კულტურული იდენტობის და რწმენის დასაცავად შექმნილი ოაზისებია. „კილომბოებში აღინიშნება რელიგიის, ცეკვებისა და მუსიკის დიდი მრავალფეროვნება, თუმცა ისინი ურთიერთგადაჯაჭვულია“, – ამბობს ისტორიკოსი კასიუს კრუსი.
კათოლიციზმი ბრაზილიაში დომინანტური რელიგიაა, მაგრამ ქვეყანაში სულ უფრო და უფრო იზრდება ევანგელისტების რაოდენობა. იზრდება მათი რიცხვიც, ვინც აფრიკული წარმოშობის რელიგიების მიმდევარია, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია კანდომბლე, რომელიც მუსიკას, ცეკვას და სხვა რიტუალებს მოიცავს.
გოგონა რიო-დე-ჟანეიროს სასაფლაოზე. რიოს კილომბოებში აფრიკული წარმოშობის რელიგიებს მრავალი მიმდევარი ჰყავს. ისინი საკუთარ გარდაცვლილებს მიცვალებულთა დღეს – Dia de Finados-ზე – მიაგებენ პატივს.
აფრიკული ელემენტებით მორთულ კაბებში გამოწყობილი ქალები საეკლესიო მსვლელობაში მონაწილეობის მისაღებად ემზადებიან პარატიში.
ნოვა-იგუასუს სასაფლაოზე, სადაც დამონებული ხალხია დაკრძალული, ჟულიანა დუს სანტუს სილვა თავის წინაპრებს მიაგებს პატივს. „ეს მისტიკური ენერგიით სავსე ადგილია, – ამბობს იგი, – ადგილი, რომელსაც დიდი ძალა და დიდი მნიშვნელობა აქვს“.
გოგონა რიო-დე-ჟანეიროს სასაფლაოზე. რიოს კილომბოებში აფრიკული წარმოშობის რელიგიებს მრავალი მიმდევარი ჰყავს. ისინი საკუთარ გარდაცვლილებს მიცვალებულთა დღეს – Dia de Finados-ზე – მიაგებენ პატივს.
აფრიკული ელემენტებით მორთულ კაბებში გამოწყობილი ქალები საეკლესიო მსვლელობაში მონაწილეობის მისაღებად ემზადებიან პარატიში.
ნოვა-იგუასუს სასაფლაოზე, სადაც დამონებული ხალხია დაკრძალული, ჟულიანა დუს სანტუს სილვა თავის წინაპრებს მიაგებს პატივს. „ეს მისტიკური ენერგიით სავსე ადგილია, – ამბობს იგი, – ადგილი, რომელსაც დიდი ძალა და დიდი მნიშვნელობა აქვს“.
„კანდომბლე წინაპრებთან მაკავშირებს“, – ამბობს 37 წლის ჟულიანა დუს სანტუს სილვა. იგი რიო-დე-ჟანეიროში, ევანგელისტების ოჯახში გაიზარდა, მაგრამ მისი ბებია და პაპა კანდომბლეს რიტუალებს ასრულებდნენ. 11 წლის წინ იგი პირველად დაესწრო ღვთაების პატივსაცემად გამართულ ცერემონიას. „აღტაცებული ვიყავი ხალხის ენერგიით და სიხარულით. ისინი მღეროდნენ და ზეიმობდნენ“, – ამბობს იგი და დასძენს, რომ რელიგიურმა რიტუალებმა მამის გარდაცვალებასთან შეგუება გაუადვილა და ბებიასა და პაპასთან დააახლოვა.
აფრიკული ფესვების მქონე რელიგიურ-ფოლკლორული ანსამბლის წევრი ფრანკლინ მურეირა კი ამბობს, რომ „ხალხს უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს წმინდა ადგილებია, რომლებიც ჩვენს წინაპრებს გვახსენებს. ეს საუკუნოვანი მემკვიდრეობაა, რომელსაც თან ვატარებთ. ბრაზილია, როგორსაც ახლა ვიცნობთ, ჩვენი წინაპრების ძალისხმევის შედეგია. მათ უამრავი ტანჯვა გაიარეს, წარმოუდგენელი ტკივილი. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ კილომბოები შევინარჩუნოთ. ისინი გვახსენებენ, რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფლება და წინააღმდეგობა“.
ვენესუელელი მწერალი პაულა რამონი ლოს-ანჯელესში ცხოვრობს. მარია დანიელ ბალკასარი ფოტოდოკუმენტალისტია, რომელიც ტრადიციებს და ადამიანებზე მათ გავლენას იკვლევს.