
წყალდიდობა
რომელმაც თავისი მასშტაბითა და დამანგრეველი ძალით მტკვრის ადიდებას შეჩვეული თბილისელები გააოცა
1893 წლის 13 მაისს სამდღიანი კოკისპირული წვიმების შემდეგ მდინარე მტკვრის წყლის დონემ მოიმატა, კალაპოტიდან გადმოვიდა და ქალაქის დიდი ნაწილი დატბორა.
ადიდებული მდინარის მძიმე, ტალახიანი ზვირთები თავბრუდამხვევი სისწრაფით მოედინებოდა და გზად ყველაფერს ანგრევდა. აბობოქრებულ წყალს თან მოჰქონდა ფესვიანად ამოგლეჯილი ხეები, ლოდები, ტივები, პირუტყვი, ხის სახლები და საყოფაცხოვრებო ნივთები.
არსებული მდგომარეობის შესახებ სასწრაფოდ ეცნობა თბილისის პოლიცმეისტერს, რასაც მაშველების, მეხანძრეების, ადგილობრივი გარნიზონის ჟანდარმებისა და მოხალისეების მობილიზება მოჰყვა. ისინი მზად იყვნენ, ნებისმიერი დახმარება გაეწიათ დაზარალებულებისთვის და დაეცვათ მათი ქონება.
სტიქიამ უდიდესი ზარალი მიაყენა ქალაქს. მნიშვნელოვნად დაზიანდა ინფრასტრუქტურა, დაიტბორა მდინარის მიმდებარე ტერიტორია და მოსახლეობის დიდი ნაწილი სახლ-კარისა და ქონების გარეშე დარჩა. წყალდიდობის მასშტაბის გამო, დიდხანს ვერ ადგენდნენ, თუ რა მატერიალური ზარალი მიადგა ქალაქის მოსახლეობას და რამდენი ადამიანი დარჩა მოწყალების იმედად. ქალაქის მმართველთა მოწოდებით, შეწირულობის შეგროვება და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარება გადაწყდა, ქალაქის საბჭოში კი დადგა საკითხი – სტიქიურ უბედურებებთან უკეთ გასამკლავებლად მოწყობილიყო უკეთესი დამცავი ჯებირები.