წყალმცენარე, რომელიც ჩრდილო ატლანტის ოკეანეს კვებავს
მოტივტივე მცენარე, სარგასუმი, ზღვის ცოცხალი არსებების საოცრად რთულ და მრავალფეროვან ჯგუფს ასაზრდოებს.


წყალმცენარე, რომელიც ჩრდილო ატლანტის ოკეანეს კვებავს
მოტივტივე მცენარე, სარგასუმი, ზღვის ცოცხალი არსებების საოცრად რთულ და მრავალფეროვან ჯგუფს ასაზრდოებს.
„ასეთი რამ არც ერთ სხვა ოკეანეში არ გვხვდება“, – ამბობს საზღვაო ბიოლოგი ბრაიან ლაპოინტი. „ჩვენი ფირუზისფერი პლანეტის ვერც ერთი სხვა კუთხე-კუნჭული ვერ უზრუნველყოფს სიცოცხლის ასეთ მრავალფეროვნებას შუაგულ ოკეანეში – და ეს მთლიანად ამ წყალმცენარის დამსახურებაა“.
წყალმცენარე, რომელსაც სარგასუმის სახელით ვიცნობთ, ატლანტის ოკეანის რეგიონში – სარგასოს ზღვაში – ხარობს. ამ ზღვის საზღვრები გაურკვეველია – მას ხმელეთის მაგივრად ხუთი დიდი დინება ესაზღვრება, რომლებიც ბერმუდის გარშემო საათის ისრის მიმართულებით ცირკულირებენ. ეს ზღვა ყველა მატერიკიდან მოშორებით მდებარეობს. მისი წყალი საკვები ნივთიერებების სიუხვით არ გამოირჩევა და, ამგვარად, გამორჩეულად კამკამაა და ულამაზესი ლურჯი ფერი აქვს.
სარგასოს ზღვა, ჩრდილო ატლანტის უზარმაზარი წრიული დინების ნაწილი, არაერთხელ მოუხსენიებიათ ოკეანურ უდაბნოდ. მოტივტივე სარგასუმის მასა რომ არა, ის მართლაც უდაბნოს დაემსგავსებოდა.
ეს წყალმცენარე ერთი შეხედვით შეიძლება არაფრით გამორჩეული მოგეჩვენოთ, მაგრამ სარგასუმი იმ კომპლექსური ეკოსისტემის საფუძველია, რომელიც წყალქვეშა სიცოცხლის საოცარ წყებას ასაზრდოებს.

უკანასნელი რამდენიმე წლის განმავლობაში სარგასუმი ახალ ამბებში ხვდებოდა არა როგორც სიცოცხლის მომცემი ციური მანანა, არამედ როგორც ჭირი, რომლის გროვებიც კარიბის ზღვისა და მექსიკის პლაჟებს აბინძურებს. სარგასუმის დაცვაზე აღარავინ ლაპარაკობს, ამბობს ლაპოინტი. „უფრო იმაზე მსჯელობენ, როგორ მოიშორონ ის“.
ქრისტეფორე კოლუმბის „სანტა-მარიას“ მეზღვაურებიც ამასვე ფიქრობდნენ. ზოგ ადგილას ეს წყალმცენარე „ისეთი სქელი იყო, რომ ის გემებს აბრკოლებდა“, – წერია 1492 წლის 20 სექტემბრის გემის დავთარში.
სარგასუმი საკვები ნივთიერებებით მდიდარ ზონებში, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის სანაპიროსთან ახლოს, განსაკუთრებით მექსიკის ყურეში ჩნდება. დინებებს ის ფლორიდის ნახევარკუნძულისკენ მიაქვს, სადაც იგი ჩრდილოეთით მიმავალ გოლფსტრიმს სარგასოს ზღვამდე ჩააქვს.
ეს ურთიერთგადახლართული მცენარეულობა ორგანიზმების საოცარ მრავალფეროვნებას ასაზრდოებს და მალავს – ერთ-ერთი კვლევის თანახმად, მათ შორისაა 122 სახეობის თევზის ლარვა და ლიფსიტები, ახალგამოჩეკილი ზღვის კუები, შიშველლაყუჩა მოლუსკები, ზღვის ცხენები, კიბორჩხალები, კრევეტები და ლოკოკინები. თავად წყალმცენარეს სწორედ ამ ორგანიზმების ექსკრემენტები კვებავს.

უფრო დიდი არსებები, როგორებიცაა თევზი და კუ, სარგასუმში უამრავ საკვებს პოულობენ და უფრო დიდ მტაცებლებს იზიდავენ – ოკეანის ფრინველები სარგასუმის ზედაპირზე იბუდებენ და საკვებს ეძებენ.
ლაპოინტის მცდელობა, სარგასუმის დადებითი თვისებები მთელ საზოგადოებას გააცნოს, შეაფერხა ამ წყალმცენარის გამრავლებამ მექსიკის ყურეში, კარიბის ზღვაში, ბრაზილიასა და დასავლეთ აფრიკაშიც კი. სარგასუმმა დაფარა მანგროს ჰაბიტატები, ჩაახრჩო რიფები, ყურეები, ამოავსო პლაჟები და დააზარალა ტურიზმი.
„კარგი რამეა, ოღონდ ზედმეტი დოზებით“, – ამბობს ლაპოინტი წყალმცენარეზე, რომელიც წყალში „ანოქსიასა და ლპობას იწვევს“.
სრული ვერსია წაიკითხეთ ივნისის ნომერში.
ხელოვანი და მწერალი ჯეიმს პროსეკი მუშაობს წიგნზე ბუნების კლასიფიცირებისა და სახელდების შერქმევის შესახებ. დევიდ დუბილემ ფოტოები გადაიღო National Geographic-ის 70-ზე მეტი სტატიისთვის. დევიდ ლიტშვაგერის ფოტოები პლანქტონსა და პლასტმასაზე 2019 წლის მაისში გამოქვეყნდა.