წყნაროკეანური აღორძინება
2016 წლის დათბობის შედეგად განადგურებული სამხრეთ ლაინის კუნძულების დაცული მარჯნის რიფები კვლავ გაცოცხლდა.


წყნაროკეანური აღორძინება
2016 წლის დათბობის შედეგად განადგურებული სამხრეთ ლაინის კუნძულების დაცული მარჯნის რიფები კვლავ გაცოცხლდა.
მარჯნის ხელახალი შობის ყველაზე განსაცვიფრებელი და იმედისმომცემი მაგალითი სულ ცოტა ხნის წინ ვიხილეთ.
ამაში გასარკვევად ჯერ 2009 წლის აპრილში უნდა გადავინაცვლოთ.
ეს ის დროა, საზღვაო ბიოლოგების გუნდი რომ შევკრიბე და პირველ ექსპედიციაში გავეშურეთ წყნარი ოკეანის შუაგულში, დაუსახლებელ სამხრეთ ლაინის კუნძულებზე, რომლებიც კირიბატის ეკუთვნის. აღნიშნული ხუთი კუნძული უძველესი ვულკანების წვერებია, რომლებიც ზედაპირზე 85-70 მილიონი წლის წინ ამოვიდა, წყალქვეშ კი მთელი ქედია, რომელიც ეკვატორს კვეთს – ხაზს, რომელიც კუნძულების სახელწოდებაშია ასახული (ინგლ. Line – ხაზი).
ჩვენი მიზანი იყო კუნძულების გარშემო ზღვის ცოცხალი ორგანიზმების პირველი სამეცნიერო აღწერის ჩატარება. ამ არქიპელაგის შესახებ თითქმის არაფერი ვიცოდით. ოკეანის რუკებზე ამ კუნძულების გარშემო წყალი ურელიეფოდ, ლურჯად იყო აღნიშნული და წარმოდგენა არ გვქონდა, რა დაგვხვდებოდა წყალქვეშ.
იქ კი ნამდვილი სამოთხე დაგვხვდა: ადამიანისგან ხელუხლებელი რიფები, მარჯნის აყვავებული ჯუნგლები და მისი ბინადარი დიდი თევზები. ზვიგენები და სხვა უმაღლესი მტაცებლები ისეთი რაოდენობით იყვნენ, რომ საერთო ბიომასით საკბილო ცხოველებს აღემატებოდნენ. ყოველ ჩაყვინთვაზე იშვიათ სახეობებს ვხედავდით. სამხრეთ ლაინის კუნძულებმა მარჯნის რიფებზე წარმოდგენა შეგვიცვალა.

თევზის სიუხვე ადვილად აიხსნება: ეს მიუდგომელი ადგილი ჰავაიდან 3200 კილომეტრით არის დაშორებული და იქ თევზჭერა არ მიმდინარეობდა, მაგრამ ეს რიფები გლობალურ დათბობას გაუძლებდა? 1997-1998 წლებში ძლიერმა ელ-ნინიომ, ციკლურმა დათბობამ, წყნარ ოკეანეში მარჯნები გააჩანაგა, თუმცა 2009 წელს სამხრეთ ლაინის კუნძულების მარჯნები ისეთ კარგ ფორმაში დაგვხვდა, რომ ჩავთვალეთ, ოკეანის მოსალოდნელ დათბობასაც გაუძლებდნენ – იმ პირობით, რომ ადამიანებისგანაც დაცული იქნებოდნენ.
ჩვენი დასკვნის საფუძველზე კირიბატის მთავრობამ წარადგინა გეგმა, რომლის თანახმადაც კუნძულების გარშემო 22 კილომეტრის რადიუსში აიკრძალებოდა თევზჭერა და სხვა მოპოვებითი საქმიანობა. პროექტით, სახელწოდებით Pristine Seas, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, გვეგონა, რომ ეს რიფები სამუდამოდ იქნებოდა დაცული.
შემდეგ განსაცდელიც მოვიდა.
2015 და 2016 წლებში რეკორდულად ძლიერმა ელ-ნინიომ გადაუარა წყნარ ოკეანეს. მარჯანი იღუპება, როდესაც ტემპერატურა გარკვეულ ზღვარს ხანგრძლივად აჭარბებს; ამ სახიფათო პირობების რიფებზე ზემოქმედების საზომად მეცნიერები იყენებენ კოეფიციენტს: გრადუსი სიმხურვალე კვირაში (DHW).
1997-98 წლების ელ-ნინიოს დროს სამხრეთ ლაინის კუნძულებმა 4 DHW გადაიტანა. 2015-16 წლების მოვლენის დროს, გლობალური დათბობის კიდევ ერთი 20-წლიანი მონაკვეთის თავზე, DHW-ის კოეფიციენტმა 15-ს მიაღწია. ასეთი ნახტომი იმ ხალხსაც გაგვიკვირდა, ვინც კარგად ვაცნობიერებთ ოკეანის დათბობის საფრთხეს.

ავსტრალიის დიდი ბარიერული რიფის ჩრდილოეთში, რიფების მონიტორინგს რეალურ დროში აწარმოებდნენ მეცნიერები, რომლებმაც დაადგინეს, რომ მარჯნის ორი მესამედი დაღუპულა. რა ბედი ეწიათ სამხრეთ ლაინის კუნძულების ხელუხლებელ რიფებს? ერთი სული მქონდა, გამეგო ეს, მაგრამ ვინ მეტყოდა? იქ დიდად არავინ დადის.
2017 წელს წარმოუდგენელი შესაძლებლობა გამოჩნდა. ჩვენი ორგანიზაციის პარტნიორი და საბჭოს წევრი ტედ უეიტი საფრანგეთის პოლინეზიაში იყო ექსპედიციაში და მისი დასრულების შემდეგ თავისი კვლევითი ხომალდი ორი კვირით დაგვითმო. მე სხვაგან მიწევდა ყოფნა; თუმცა ჩემი კოლეგა სტუარტ სანდინი (სკრიპსის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტიდან) თავისუფალი იყო. თავის გუნდთან ერთად იგი ჩვენს 2009 წლის ექსპედიციაში მონაწილეობდა და ლაინის კუნძულებზე 2013 წელსაც დაბრუნდა. ასე რომ, ისინი იდეალურად შეძლებდნენ მარჯნის აღწერას.
მათ სწორედ ის დახვდათ, რისიც გვეშინოდა. სტუარტისგან გავიგე, რომ მარჯნის ნახევარი დაღუპული იყო. გული ჩამწყდა. მაგრამ, როდესაც მან დეტალების მოყოლა დაიწყო, თავზარდამცემი ამბები კითხვებად იქცა, საბოლოოდ კი – შესაძლებლობებად.

დაღუპული მარჯნის უმეტესობა ერთ გვარს, Pocillopora-ს, მიეკუთვნებოდა. ამ გვარის მარჯნის ერთადერთ ცოცხალ კოლონიას მიაგნეს. Acropora-ს გვარის მარჯანმაც ძლიერი დარტყმა მიიღო, თუმცა სხვები დიდად არ დაზარალებულან: ყველა გადაურჩა 15 DHW-ს. ანუ ყველა ეს მარჯანი ძლიერი დათბობის მიმართ მედეგი აღმოჩნდა, სამხრეთ ლაინის კუნძულებზე მაინც. შემდეგი კითხვა იყო, აღდგებოდა თუ არა Pocillopora და Acropora? გამოიჩენდნენ სიცოცხლისუნარიანობას?
დაღუპული მარჯნის ჩონჩხზე კარიბის აუზში ბევრგან იზრდება წაბლა წყალმცენარეები. სამხრეთ ლაინის კუნძულებზე გადაღებულ სტუარტის ფოტოებზე კი მარჯნის ჩონჩხები ძოწეული წყალმცენარეებით იყო დაფარული, რომლებიც კირქვის ვარდისფერ ქერქს ქმნიან. მარჯნების გამრავლების დროს მათი ლარვები წყალში რამდენიმე დღე ან კვირა დრეიფობს, სანამ ფსკერზე დაეშვება და ახალი კოლონია გაიზრდება. მათი რჩეული სუბსტრატი? – ქერქისებრი ძოწეული წყალმცენარეები. ისინი ზღვის ბალახზე არ იზრდება.
ამრიგად, სამხრეთ ლაინის კუნძულებზე არსებობდა მარჯნის დასაბრუნებლად საჭირო გარემო. ისღა დაგვრჩენოდა, დავლოდებოდით.
პანდემიის გამო ორწლიანი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, შარშან ჩავედით იქ. ტაიტიდან ორი დღის სავალზე, ჩვენმა გემმა მიაღწია მარშრუტით გათვალისწინებული სამი კუნძულიდან პირველს – ფლინტს. ისევ ის ხალხი შევიკრიბეთ – 12 წელი მოგვემატა, მაგრამ ენთუზიაზმი ძველებური გვქონდა.
2009 წელს ემოციებისა და ადრენალინის მოზღვავებას ვგრძნობდი, ახლა კი გული მისკდებოდა. რიფის აჩრდილიღა დაგვხვდებოდა?

თვალებს არ დავუჯერე. რიფს თითქოს არც არაფერი მოსვლია. ფსკერი მოფენილი იყო ცოცხალი, მშვენიერი მარჯნებით, მთელი 30 მეტრის სიღრმეზე. ნავზე სიხარულით ავვარდი და ჩემს მეგობარს, კინოოპერატორ მანუ სან ფელიქსს ჩავეხუტე. შემდეგ ორივემ ერთად ჩავყვინთეთ სამოთხეში.
ლაინის კუნძულებს შორის ყველაზე სამხრეთით მდებარე სამი კუნძულის – ფლინტი, ვოსტოკი, მილენიუმი (კეროლაინი) – გარშემო სამი კვირა ვყვინთავდით და აღდგენილ მარჯნებს აღვრიცხავდით. რიფებზე ისევ ჩქეფდა სიცოცხლე, თუმცა სურათი შეცვლილი იყო. აქა-იქ, 2015-16 წლებში დაღუპული Pocillopora ნელ-ნელა იდგამდა ფეხს, ზოგჯერ, დაღუპული მარჯნების თავზე, მაგრამ ზოგ შემთხვევაში, დაღუპულების ადგილს სხვა სახეობები ავსებდნენ.
ვოსტოკის წყალზედა ნაწილი პაწაწინაა. მარჯნის რიფი კუნძულის გარშემო გრძელდება და მარჩხობ პლატფორმას ქმნის ქარზურგა ნაპირზე, რომელიც სატელიტურ ფოტოებზეც ჩანს. 2009 წელს ეს პლატფორმა Pocillopora-თი იყო დასახლებული. ველოდით, რომ იქ ახლა უმეტესად მარჯნის ჩონჩხზე აღმოცენებული ქერქიანი ძოწეული წყალმცენარეები დაგვხვდებოდა.
როდესაც ვოსტოკთან ჩავყვინთე, მეგონა, წარმოსახვით სამყაროში აღმოვჩნდი. რიფი დაფარული იყო ცისფერი, გიგანტური ვარდის ფორმის მარჯნებით – Montipora aequituberculata-ს თვალუწვდენელი ბაღით.
რომ დავაკვირდით, აღმოჩნდა, რომ Montipora-ს ქვეშ იყო ძოწეული წყალმცენარეებით მოჭიქული, დაღუპული Pocillopora.

როგორ მოიცვა Montipora-მ მთელი რიფი? მკვდარი „ყვავილოვანი კომბოსტო“ როგორ შეცვალა გაფურჩქნილმა „ვარდებმა“ ხუთიოდე წელიწადში? ამის მოწმე არავინ ყოფილა, თუმცა ერთი მინიშნება გვქონდა: Montipora-ს ყველა კოლონია თითქმის ერთი ზომის იყო. ამან კი მაფიქრებინა, რომ სადღაც, ვოსტოკის გარშემო, მარჯნების სქესობრივი გამრავლების დროს მილიონობით გამოფრქვეული კვერცხი გამოიჩეკა და ლარვების უზარმაზარი ღრუბელი რიფის პლატფორმის თავზე აღმოჩნდა. Montipora-ს ლარვები წვიმასავით დაეშვებოდა და დამკვიდრდებოდა ვარდისფერ ქერქზე; და აი, ასე შეცვლიდა სულ რაღაც ერთ დღეში განვითარებული მოვლენები მომდევნო წლების ზღვის პეიზაჟს.
კიდევ უფრო დიდი იყო თევზის ბიომასა და ზვიგენების სიმრავლე მილენიუმის ატოლზე – ანუ კუნძულზე, რომელსაც შუაში ლაგუნა აქვს. დაღუპულ მარჯნებზე რამდენიმე სახეობა გამრავლებულა, განსაკუთრებით Acropora. ერთადერთი სამწუხარო ამბავი იყო გიგანტური მოლუსკების დაღუპვა მილენიუმის ლაგუნაში. 2009 წელს იმ ადგილებში კვადრატულ მეტრზე 35 გიგანტური მოლუსკი დავთვალეთ; 2021 წელს მთელ ლაგუნაში მხოლოდ ხუთი ცოცხალი მოლუსკი ვნახეთ. 2015-16 წლებში ზღვის წყლის ტემპერატურა, ალბათ, ლაგუნაში კიდევ უფრო მაღალი იყო, ვიდრე გარე რიფზე და მოლუსკები პრაქტიკულად იქვე მოიხარშნენ. პოპულაცია შეიძლება ვეღარც აღდგეს.
მარჯნის აღდგენამ კი ყველა გაგვაოცა. მსგავსი რამ არავის ენახა. ჩვენი მარჯნის სპეციალისტის, აშშ-ის ეროვნული პარკების სამსახურის საზღვაო ეკოლოგის, ერიკ ბრაუნის შეფასებით, მილენიუმის ლაგუნაში ერთ კვადრატულ კილომეტრზე მარჯნის 17-21 მილიონი კოლონიაა – შოკისმომგვრელი რიცხვი. იმდენად დაუჯერებელია, რომ რამდენჯერმე გადავთვალეთ. ამან შეგვახსენა, რომ მარჯნის რიფებს საკუთარი თავის აღდგენა გაცილებით უკეთ შეუძლიათ, ვიდრე ადამიანის ჩარევით – მთავარია რიფის შესავსებად საკმარისი ცოცხალი მარჯანი არსებობდეს.
კუნძულ ფლინტზე 2015-16 წლების ელ-ნინიოს დროს გაუფერულებული Pocillopora-ს გვარის მარჯნებზე ძოწეული წყალმცენარეები გამრავლდა.
იგივე რიფია აღბეჭდილი 2021 წლის ოქტომბერში. დათბობას გადარჩენილმა სხვა სახეობის მარჯნებმა რიფი აღადგინეს.
სამხრეთ ლაინის კუნძულების ბინადრები მედუზა
სამხრეთ ლაინის კუნძულების ბინადრები ზღვის ვარსკვლავი – ეკლის გვირგვინი, მტაცებელი, რომელსაც შეუძლია რიფებს ჭირივით მოევლინოს, მაგრამ ამჯერად ზომიერად არის გავრცელებული
სამხრეთ ლაინის კუნძულების ბინადრები სიცხის გამძლე Montipora-ს გვარის მარჯნები იასამნისფერი პოლიპებით
სამხრეთ ლაინის კუნძულების ბინადრები რიფის წვრილი თევზების გუნდი
მილენიუმის ლაგუნაში კვლავ ხარობს 2015-16 წლებში წყლის დათბობას შეწირული Acropora-ს გვარის მარჯნის რიფები, ლაგუნის ფსკერზე ადრე მობინადრე გიგანტური მოლუსკების პოპულაცია კი ჯერ კიდევ ვერ აღდგა. სალას თქმით, მარჯნის რიფები გადარჩება, თუ მათ დავიცავთ და შემდეგ გლობალურ დათბობასაც შევაჩერებთ.
კუნძულ ფლინტზე 2015-16 წლების ელ-ნინიოს დროს გაუფერულებული Pocillopora-ს გვარის მარჯნებზე ძოწეული წყალმცენარეები გამრავლდა.
იგივე რიფია აღბეჭდილი 2021 წლის ოქტომბერში. დათბობას გადარჩენილმა სხვა სახეობის მარჯნებმა რიფი აღადგინეს.
სამხრეთ ლაინის კუნძულების ბინადრები მედუზა
სამხრეთ ლაინის კუნძულების ბინადრები ზღვის ვარსკვლავი – ეკლის გვირგვინი, მტაცებელი, რომელსაც შეუძლია რიფებს ჭირივით მოევლინოს, მაგრამ ამჯერად ზომიერად არის გავრცელებული
სამხრეთ ლაინის კუნძულების ბინადრები სიცხის გამძლე Montipora-ს გვარის მარჯნები იასამნისფერი პოლიპებით
სამხრეთ ლაინის კუნძულების ბინადრები რიფის წვრილი თევზების გუნდი
მილენიუმის ლაგუნაში კვლავ ხარობს 2015-16 წლებში წყლის დათბობას შეწირული Acropora-ს გვარის მარჯნის რიფები, ლაგუნის ფსკერზე ადრე მობინადრე გიგანტური მოლუსკების პოპულაცია კი ჯერ კიდევ ვერ აღდგა. სალას თქმით, მარჯნის რიფები გადარჩება, თუ მათ დავიცავთ და შემდეგ გლობალურ დათბობასაც შევაჩერებთ.
რა გვასწავლა ამ „სუპერრიფების“ აღდგენამ? 2015-16 წლების ფენომენალური ელ-ნინიოს მიმართ მედეგმა მარჯნებმა განაპირობეს რიფის სიცოცხლისუნარიანობა. სამხრეთ ლაინის კუნძულები განლაგებულია წყნარი ოკეანის ერთ-ერთ უცხელეს წერტილში, ასე რომ, როგორც ჩანს, მარჯნები სიცხესთან ადაპტირდნენ.
იმისთვის, რომ ახალმა მარჯნებმა დაღუპულთა ზედაპირზე გაიხარონ, მათ ჩონჩხს ქერქივით უნდა აკრავდეს Corallinales-ის რიგის, მყარი, ძოწეული წყალმცენარეები და არა – რბილი წყალმცენარეები. რამ განაპირობა სამხრეთ ლაინის კუნძულებზე ეს იდეალური პირობები? ჩვენი რწმენით, ერთ-ერთი მიზეზი ბალახისმჭამელი თევზების სიუხვე უნდა იყოს. უზარმაზარი თუთიყუშთევზები და თევზ-ქირურგების გუნდები რიფების ზებრები და ანტილოპები არიან – ყველაფერს ძოვენ და დაღუპულ მარჯნებზე პატარა რბილ წყალმცენარესაც არ აჭაჭანებენ. ძოწეულ წყალმცენარეებს კი, რომლებსაც კიროვანი ჩონჩხი აქვთ, ეს არ ემუქრება.
ეს დაკვირვება ამყარებს ჩვენს 2009 წელს გაკეთებულ დასკვნას: რიფის გასაცოცხლებლად საჭიროა თევზჭერის სრული შეზღუდვა, რის შედეგადაც წარმოუდგენლად იზრდება თევზის ბიომასა. სრული დაცვა ხელს უწყობს სიცოცხლისუნარიანობას, მაგრამ უცნობია, საკმარისი იქნება თუ არა ეს მიდგომა, 2015-16 წლების მსგავსი ელ-ნინიოები თუ გახშირდება.
მარჯნის რიფებზე მეტი ბიომრავალფეროვნებაა, ვიდრე ოკეანის ნებისმიერ სხვა ეკოსისტემაში. რიფები უზრუნველყოფს მილიონობით ადამიანის საკვებს და იცავს ნაპირებს გამანადგურებელი ტროპიკული შტორმებისგან. მათი დაცვა და შესაბამისი სარგებლის შენარჩუნება თუ გვინდა, ამოსუნთქვის საშუალება უნდა მივცეთ. სანამ მსოფლიო იმაზე თანხმდება, როგორ შევამციროთ ნახშირბადით დაბინძურება, შეგვიძლია დრო მოვიგოთ რიფების დაცვით და მათი გაძლიერებით. მკვდარ რიფსა და `სუპერრიფს“ შორის სხვაობა მათ მიმართ ჩვენს დამოკიდებულებაშია.

The National Geographic Society, რომელიც ჩვენი სამყაროს საოცრებათა გაშუქებასა და დაცვაზე ზრუნავს, 2008 წლიდან აფინანსებს რეზიდენტ მკვლევარ ენრიკ სალას და პროექტს Pristine Seas.
ილუსტრაცია: ჯო მაკკენდრი
საზღვაო ეკოლოგ ენრიკ სალას ადრეც არაერთხელ დაუწერია პროექტის – Pristine Seas – შესახებ. 2020 წელს გამოიცა მისი წიგნი „ბუნების ბუნება: რატომ გვჭირდება ველური გარემო“.