
ყაენის მონა დავითი
წერეთელმა მონეტაზე უცნობი ზარაფხანის – დმანისის სახელი ამოიკითხა. ეს დიდი აღმოჩენა იყო
1944 წელს ნუმიზმატებმა აკადემიკოს გიორგი წერეთელს ექსპერტიზაზე სპილენძის მონეტა მიუტანეს. წერეთელმა მონეტაზე უცნობი ზარაფხანის – დმანისის სახელი ამოიკითხა. ეს დიდი აღმოჩენა იყო. აშკარა გახდა, რომ ქალაქ დმანისში არსებობდა ზარაფხანა, რომლის შესახებაც მანამდე არანაირი ცნობა არ იყო. ფაქტი, კიდევ ერთხელ, ხაზს უსვამს ამ ქალაქის, როგორც შუა საუკუნეების საქართველოს, დიდ სავაჭრო-ეკონომიკური ცენტრის მნიშვნელობას.
1245 წელია. საქართველო მონღოლთა ხელშია და რუსუდან დედოფალი (1223-1245) დმანისს აფარებს თავს. სამეფო ტახტს ორი პრეტენდენტი ჰყავს: დავით რუსუდანის ძე (ნარინი) და დავით გიორგი IV ლაშას ძე (ულუ). ორივე უფლისწული ყაენის კარზეა და ტახტზე რომელიმეს დამტკიცებას ელის. დედოფალმა იცის რა არის მისი ვაჟის ლეგიტიმაციისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი და დავით ნარინის სახელით ამავე წელს მონეტას ჭრის ავერსზე წარწერით: „მსოფლიოს მფლობელის ყაენის მონა დავით მეფე“. წარწერა ზუსტად ასახავს ვითარებას – საქართველოში მონღოლები ბატონობენ.
მუზეუმის ნუმიზმატიკური კაბინეტის პირველი გამგის, პროფესორ თამარ ლომოურის (1883-1965) მოსაზრებით, ადგილობრივ ემისიაში ჩაურევლობით, მონღოლები აღიარებდნენ საქართველოს სუვერენიტეტს.