
ყაჯარული ფერწერა
ეროვნული მუზეუმისა და ბერლინის მუზეუმების დაძმობილების პროექტის ფარგლებში, განხორციელდა აღმოსავლური კოლექციების რესტავრაციაკონსერვაციის პროექტი და მოეწყო განახლებული გამოფენა
1920 წელს თბილისში გაიხსნა ეროვნული გალერეა. პირველ გამოფენაზე ქართული, ევროპული, რუსული და ირანული ფერწერის ნიმუშები იყო წარმოდგენილი. 1922 წელს ექსპოზიცია რუსმა კოლექციონერმა, ალექსანდრე კოვალკოვმა დაათვალიერა. მალე, თბილისში მიიღეს წერილი – კოვალკოვი სთავაზობდა გალერეას, შეეძინა ორი სურათი, რომლებიც ძალიან ჰგავდა თბილისში ნანახ აღმოსავლურ ნახატებს, რომელთა მსგავსიც სხვაგან არ ენახა.
კომისიამ, დიმიტრი შევარდნაძის, დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილისა და შალვა ამირანაშვილის შემადგენლობით, სურათების მხატვრული ღირებულება დაადგინა და ირანულ ხელოვნებას – კერძოდ, ყაჯარულ სტილს მიაკუთვნა. 1929 წელს გალერეამ ყაჯარული ფერწერის ორი მაღალმხატვრული ნიმუში – შეყვარებულები მოახლე გოგონასთან და შეყვარებულები მოახლე ბიჭთან ერთად შეიძინა.
ყაჯარები 150 წელი მართავდნენ ირანს – დინასტიის პირველი შაჰი იყო აღა-მაჰმად-ხანი. ეს სახელი ქართველებისთვის სისხლიან დამპყრობელთან ასოცირდება. თუმცა, ყაჯარების მმართველობის ხანა დიდი კულტურული აღმავლობითაც გამოირჩეოდა.

1925 წელს ყაჯარებმა დაკარგეს ძალაუფლება და სამეფო ტახტზე ფეჰლევიანები ავიდნენ. ელიტამ ირანი დატოვა, მათი ხელოვნება აიკრძალა და იდევნებოდა კიდეც. ამის გამო, თანამედროვე ირანში ყაჯარული ხელოვნების ძალიან ცოტა ნიმუში შემორჩა, მათი ნაწილი კი საქართველოში მოხვდა. კოლექციის შექმნაში უდიდესი წვლილი მიუძღვის აკადემიკოს შალვა ამირანაშვილს, რომლის მონოგრაფია „ირანული დაზგური მხატვრობა“ დღესაც აქტუალურია აღმოსავლური ხელოვნების მკვლევართათვის.
ეროვნული მუზეუმისა და ბერლინის მუზეუმების დაძმობილების პროექტის ფარგლებში, განხორციელდა აღმოსავლური კოლექციების რესტავრაციაკონსერვაციის პროექტი და მოეწყო განახლებული გამოფენა. გამოფენის დამთვალიერებელთა შორის იყო მეტროპოლიტენის მუზეუმის საპატიო დირექტორი, ფილიპ დე მონტებელო. მახსენდება მისი სიტყვები: „მე ვაგროვებ ისლამური ხელოვნების ნიმუშებს, ეს არის ის, რაც მე მიყვარს… ვაღიარებ, მეტროპოლიტენშიც არ არის იმ რაოდენობისა და ხარისხის ყაჯარების დინასტიის პორტრეტები, როგორიც თქვენ გაქვთ“.
სრული ვერსია წაიკითხეთ ივნისის ნომერში.