ყინულის ჰოკეის აღზევება... ნაირობიში
მთელ ქვეყანაში ერთადერთი, ისიც ძალიან პატარა საციგურაო მოედანია, მაგრამ „კენიელი ყინულის ლომები“ ოლიმპიურ თამაშებს უმიზნებენ.
ნაირობის ცენტრისა და აეროპორტის დამაკავშირებელი გზის პირას მდებარეობს სასტუმრო „პანარი“, რომლის მეორე სართულზე, ჩინურ რესტორანსა და კინოდარბაზთან ერთად, პატარა საციგურაო მოედანსაც ნახავთ. სწორედ აქ დაიდო ბინა ყინულის ჰოკეის ერთადერთმა გუნდმა ეკვატორულ აფრიკაში.
მოედანი ზომით ოთხჯერ პატარაა, ვიდრე [აშშ-სა და კანადის] ჰოკეის ეროვნული ლიგის რეგულაციები ითვალისწინებს, მაგრამ „კენიელი ყინულის ლომები“ სივიწროვეს არ ეპუებიან და აქ ვარჯიშობენ.

კენიაში მდიდრებსა და ღარიბებს შორის დიდი უფსკრულია, თუმცა ყინულის ჰოკეი მას ხიდად ედება: გუნდი აერთიანებს „როგორც უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანებს, ისე – შედარებით შეძლებული ფენის წარმომადგენლებს“, – ამბობს „ყინულის ლომების“ კაპიტანი ბენჯამინ მბურუ, რომელიც არქიტექტორად და მშენებლობის ზედამხედველად მუშაობს. გუნდის წევრთაგან ბევრი ჯერ კიდევ სტუდენტია, ზოგიც უმუშევარია. რიგი მათგანისთვის – მაგალითად, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პირქუშ ჯურღმულში გაზრდილი 21 წლის ჩუმბანა ლიკიზა მუჰუსინისთვის – ეს სპორტი ახალი ცხოვრების უდიდეს შესაძლებლობად იქცა. ყინულზე შენს წარმომავლობას მნიშვნელობა არ აქვს, „არავის ადარდებს, ვინ რომელი უბნიდანაა მოსული“, – გვეუბნება მბურუ.
„ყინულის ლომების“ ჩამოყალიბებიდან თითქმის ერთი ათწლეულის შემდეგ, შარშან კენია ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის (IIHF) წევრი გახდა – აფრიკულ ქვეყნებს შორის რიგით მეხუთე, სუბსაჰარული აფრიკიდან კი – მეორე.
ზედა მარცხენა კუთხიდან, საათის ისრის მიმართულებითჰამისი მვაჩოფუმ სკოლა ახლახან დაამთავრა – „ყინულის ლომების“ ყველაზე ახალგაზრდა წევრია; აღჭურვილობის უდიდესი ნაწილი შემოწირულია; მწვრთნელი ტიმ კოლბი ადრე მშობლიურ კანადაში ქვედა ლიგებში მუშაობდა; „ყინულის ლომებმა“ არაერთი საკლუბო ტურნირი და ამხანაგური შეხვედრა მოუგეს ექსპატთა ადგილობრივ გუნდს.
არაფორმალურად გუნდი 2016 წელს შეიქმნა, როდესაც ყინულის მოედანზე ინსტრუქტორებად მომუშავე რამდენიმე ახალგაზრდა კენიელს მოჰბეზრდა განზე დგომა და ყურება, როგორ თამაშობდნენ ჰოკეის მხოლოდ დასავლელები. გადაწყვიტეს, თვითონაც ესინჯათ ეს სპორტი და სულ მალე გორგოლაჭებიანი ციგურების მოყვარულთა გადაბირება დაიწყეს. სპორტული ფორმები ქალაქის მეორადი ტანსაცმლის ბაზრობებიდან, ხოლო აღჭურვილობა შემოწირული ნივთებიდან შეაკოწიწეს. „მაგრად ციოდა და ციგურებს ვერ ვაკონტროლებდი“, – ამბობს მბურუ. „როგორც აფრიკელს, საციგურაო მოედანი ტელევიზორში თუ მქონდა ნანახი, საშობაო ფილმებში“.
ეკვატორის მიდამოებში ყინულის ჰოკეის თამაშის უჩვეულო და საინტერესო ამბავი ქვეყანას მალევე მოედო. 2018 წელს ჩინური კომპანია Alibaba-ს ერთ-ერთმა აღმასრულებელმა დირექტორმა გუნდის შესახებ Facebook-ით შეიტყო და რამდენიმე მოთამაშე სამხრეთ აფრიკაში აფრინა, სადაც სატელევიზიო რეკლამა გადაიღეს მინაწერით – „ყინულის ჰოკეი კენიაში? ყველაზე დიდი ოცნებებიც შეიძლება ახდეს“.

რეკლამამ გუნდს ცნობადობა შემატა, მაგრამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მეტოქის პოვნა მაინც უჭირდათ, სანამ იმავე წელს კანადური რესტორნების ქსელი „ტიმ ჰორტონსი“ მათ კანადაში საწვრთნელად წაიყვანდა და დოკუმენტური ფილმსაც გადაიღებდა. მოთამაშეებმა იქ საჩუქრად მიიღეს სრული აღჭურვილობა, გაიცნეს ჰოკეის ლეგენდები სიდნი კროსბი და ნეითან მაკკინონი, კანადის გუნდთანაც იასპარეზეს. ზოგი მათგანისთვის ეს აფრიკის გარეთ პირველი მოგზაურობა იყო.
სახლში დაბრუნების შემდეგ მოთამაშეებს მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი, კენიაში ჰოკეის ეკოსისტემა შეექმნათ. დღეს „ყინულის ლომებს“ ქალთა ლიგის ჩამოყალიბებაში ყოფილი პროფესიონალი სპორტსმენი, კანადელი საროია ტინკერი ეხმარება. ამას გარდა, გუნდი შაბათობით ახალგაზრდულ სავარჯიშო პროგრამასაც ამუშავებს და მომავალი თაობის ნიჭიერ მოთამაშეთა გამოვლენას უწყობს ხელს. უქმე დღეებში ვარჯიშზე მათთან 70 ბავშვიც კი დადის.
მარცხნივ: კეროლ კაგენდო კენიაში ქალთა ჰოკეის ერთ-ერთი პირველი მოთამაშეა. ხუთი წელია „ყინულის ლომების“ სახელით ასპარეზობს; ბოლო დროს ახალგაზრდულ პროგრამაშიც ჩაერთო მწვრთნელის რანგში. მარჯვნივ: გასულ წელს კაპიტანმა ბენჯამინ მბურუმ, გუნდთან ერთად, საერთაშორისო ტურნირებში სამი გამარჯვება იზეიმა.
გუნდის მწვრთნელი კანადელი ტიმ კოლბია, რომელიც კენიაში საცხოვრებლად გადასვლამდე 10 წლის განმავლობაში ოტავის ქვედა ლიგის გუნდებს უძღვებოდა. არ გაგიკვირდებათ და კოლბის თქმით, ჯგუფის ყველაზე დიდი პრობლემა ნაირობიში საციგურაო მოედნის ფასია: საათობრივად 100 დოლარი მეტისმეტად ძვირი გამოდის. თანაც, „ყინულის ლომები“ – მოთამაშეებიც და პერსონალიც – მოხალისეები არიან, ხოლო პროფესიული სპორტული გუნდის მწვრთნელობა, როდესაც არავის არაფერს უხდიან, ძნელია, გვიხსნის კოლბი. მიუხედავად ამ გამოწვევებისა, „ყინულის ლომები“ იმედოვნებენ, რომ მონაწილეობას მიიღებენ პირველ აფრიკის ერთა თასში, რომელიც, სავარაუდოდ, ჩატარდება ივნისში სამხრეთ აფრიკაში. გეგმავენ მრავალდონიანი მსოფლიო ჩემპიონატის დივიზიონებში გზის გაკვალვასაც და, ვინ იცის, იქნებ ოლიმპიურ თამაშებამდეც მივიდნენ. „შეუძლებელი არაფერია“, – ამბობს მბურუ.