ყინულის ხმა
ჩილეს მყინვარების დიად სიჩუმეს სულ უფრო ხშირად არღვევს ყინულის მსხვრევის ხმა.


ყინულის ხმა
ჩილეს მყინვარების დიად სიჩუმეს სულ უფრო ხშირად არღვევს ყინულის მსხვრევის ხმა.
„მე მყინვარის მცველი ვარ“, ამბობს ანდრეა კარეტა. ამ სიტყვებს არ ამბობს სატრაბახოდ – მხოლოდ თავის სამსახურს აღწერს. 46 წლის პარკის რეინჯერი კარეტა ნელი მოძრაობით დგება მუხლებზე და მშვიდი ტონით სთხოვს მყინვარს, ნება დაგვრთოს და შორეული ყინულებისკენ გაგვიძღვეს.
მყინვარ ექსპლორადორესს ვუახლოვდებით, რომელიც სამხრეთ ჩილეში მდებარე ლაგუნა-სან-რაფაელის ეროვნული პარკის ფარგლებშია მოქცეული. სექტემბრის დასაწყისია და როგორც ამ სეზონს ახასიათებს, ნაკლებად წვიმს და ტურისტიც იშვიათია. სალაშქრო ფეხსაცმელებზე წრიაპებს ვირგებთ და ხრაშუნით მივუყვებით მორენულ ლანდშაფტს, რომელიც უცებ ყინულის მასივებისა თუ მყინვარული ნაკადების თავბრუდამხვევ პანორამად იშლება. ექსპლორადორესის დასაბამიერ ძალმოსილებას პატივი უნდა სცეთ, თუნდაც აქ კარეტასავით ყოველდღიურად დადიოდეთ. ეს მყინვარი მართლაც ლამაზია, მაგრამ ჩემში შიშსაც იწვევს, როგორც სჩვევია ბუნების ნებისმიერ დაუმორჩილებელ ძალასთან შეხვედრას.

ამ ფონზე ცოტა მაოცებს კარეტას სიტყვების მოსმენა, რომ „ეს მყინვარი კვდება“. იტალიის ალპებში დაბადებულმა კარეტამ, რომელიც პროფესიონალი, თუმცა თავნება ალპინისტია, თავისი სამოთხე პატაგონიაში იპოვა 2016 წელს. ცოლთან და ვაჟთან ერთად საცხოვრებლად ჩილეში გადავიდა. მისი ოჯახი ეგუება, რომ კარეტას გული ორადაა გაყოფილი. „მე ვიცი, მყინვარს ვუყვარვარ“, – ამბობს იგი.
დღეს კარეტას ხვდა წილად, ექსპლორადორესის უკან დახევის პროცესის სენსორებით გაზომვა. ეს მყინვარი დაახლოებით 90 სმ-ით იკლებს ყოველწლიურად. სადაც ადრე ყინული იყო, ახლა – ტბორებია. ამაში არაფერია უცნაური. პატაგონიის მყინვართა დნობა თანხვედრაშია ტემპერატურის ზრდასთან, რომელიც, თავის მხრივ, დაკავშირებულია გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან ნახშირბადის ემისიების მატებასთან.

„ლამაზი ფოტოების გადასაღებად ჩამოსულ ტურისტებს ასე ვეუბნები: „გადაიღეთ ფოტო და ხუთი წლის შემდეგ დაბრუნდით, რომ განსხვავება დაინახოთ“, – ამბობს იგი. „იქნებ, გადარჩენის იმედიც არსებობს. ან, იქნებ, დედამიწამ დაგვსაჯოს“.
ჩილეს პატაგონიის განსაკუთრებულობა მის მკაცრ და უკაცრიელ სილამაზეშია. ამ რეგიონის 1250 კმ-ზე გადაჭიმული გზატკეცილი – ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მიმავალი კარეტერა-აუსტრალი – თოვლში გახვეული ანდების ქედებსა თუ საძოვრებს შორის მიიკლაკნება და ადამიანის კვალის მხოლოდ ბუნდოვან ნიშნებს ამჟღავნებს. ჩილეს დასახლებები ჰარმონიულად ერწყმის აქაური ბუნების მარტოსულ ეთოსს. ხალხი თავის მიწაზეა აწყობილი და არა – ცივილიზაციაზე. აქ გავრცელებული ანდაზაა: „პატაგონიაში მოჩქარეს მოუგვიანდესო“.

ამ რეგიონს სიმბოლურად ყველაზე ძლიერ გამოხატავს პატაგონიის დაახლოებით 17 300 მყინვარი, რომლებიც მიმოფანტულია არგენტინასა და ჩილეს შორის. ჩილეში ისინი წარმოდგენლია სამხრეთისა და ჩრდილოეთის მყინვარული პლატოების სახით. კონტინენტური მყინვარული ფარის ნაშთები, რომლებმაც თავის უდიდეს ზომას 28 000 წლის წინ მიაღწია, ამ, ერთი შეხედვით უცვლელი, რეგიონის მარტივად ამოსაცნობ პანორამას ქმნის. და, როგორც პატაგონიის დანარჩენი ნაწილის შემთხვევაში, ამ მყინვართა შესწავლაც წარუშლელი შთაბეჭდილებებით გავსებთ. ყინულის თითოეული სკულპტურა განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ, ყველა მყინვარის მსგავსად, მათი ზრდა თუ შემცირება დამოკიდებულია მოსული თოვლის რაოდენობასა და ჰაერის ტემპერატურაზე, რომელიც მყინვარებს ან გაყინულ მდგომარეობაში ტოვებს, ანდა – აჩქარებს მათ დნობას.
მყინვარების ხასიათის ამოსაცნობად არსებითია მათი მოწყვლადობის გააზრება. „ის ბუნების თერმომეტრს ჰგავს“, – ამბობს ხორხე ო’კინგტონს ვილიენა, პატაგონიის რეგიონის შემსწავლელი გლაციოლოგი. „მყინვარის უკან დახევის შემხედვარე, ხვდები, თუ რა საფრთხე შეიძლება ემუქრებოდეს იქვე მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს“. ო’კინგტონსი ეხმიანება იმ ფაქტს, რომ ყინულის დნობა იწვევს მყინვარული ტბების გარღვევით წყალდიდობას (GLOF), ნაპირებიდან გადმოსვლას და ახლომდებარე დასახლებათა წალეკვას. ერთი ასეთი თვალსაჩინო შემთხვევა დაფიქსირდა 1977 წელს, როდესაც ხენერალ-კარერას ტბის სანაპიროზე მდებარე სასოფლო დასახლება, ბაია-მურტა, მყინვარულმა ნაკადებმა შთანთქა.

„მაშინ უამრავი ადამიანი გაოცდა, რადგან მზიანი დღე იდგა და არ წვიმდა“, – იხსენებს კლოტილდა იანეს ავილიესი. მისმა ოჯახმა დროულად მიატოვა სახლი, როდესაც მეცნიერებმა გააფრთხილეს, ბაია-მურტასთან გამავალი ორი მდინარის წყლის დონე ავისმომასწავებლად მატულობსო. „ზოგიერთ მცხოვრებს მაინც არ სურდა მშობლიური მიწის დათმობა და საჭირო გახდა მათი გამოყვანა სამაშველო ნავებით“.
ო’კინგტონსს შევეკითხე, გამონაკლისი შემთხვევა იყო თუ არა მყინვარული ტბის გარღვევითი წყალდიდობა, რომელმაც ბაია-მურტა იმსხვერპლა. „არა, ის იყო ექსტრემალური გამოვლინება, რომელიც სულ უფრო გახშირდება პატაგონიაში და უფრო გამანადგურებელიც იქნება“, – მიპასუხა მან.

სამხედრო გეოგრაფიის ინსტიტუტი
ერთ ადრიან დილას დავტოვეთ ნახევრად დანგრეული დასახლება პუერტო-რიო-ტრანკილო და გეზი ავიღეთ სამხრეთისკენ, შევუდექით მდინარე ლეონესის გასწვრივ მდებარე ოღროჩოღრო, ტალახიან გზას, გადავიარეთ კერძო სატყეო მეურნეობა და მივადექით ერთ მოუკირწყლავ ავტოსადგომს.
ამ წერტილიდან ჩვენი გზამკვლევები, 50 წელს გადაცილებული ცოლ-ქმარი, პასკუალ და ანიტა დიასები, გაგვიძღვნენ სამსაათიან ლაშქრობაში ლეონესის მყინვარისკენ. ვიტყაპუნეთ წყლის არხებში, ვიხეტიალეთ ტყეში, რომელიც მყინვარული ტბის ადიდებამ შეათხელა ოციოდე წლის წინ, ფრთხილად ავძვერით კლდის ფერდობზე დაკიდებულ ხის კიბეზე, გადავიარეთ კიდევ უფრო საფრთხილო ხის საცალფეხო ხიდი და ძლივს მივაღწიეთ კლდოვან ვაკეს, რომელსაც ასრულებდა ვრცელი მყინვარული ტბის მორენული სანაპირო ხაზი. შემდეგ ჩავსხედით ლოდებზე თოკით მიბმულ ნავში და გავცურეთ ლეონესის ტბის სრულ 10 კმ-იან სიგრძეზე, სანამ არ მივაღწიეთ მყინვარის ზღურბლს ჩრდილოეთ პატაგონიის მყინვარული პლატოს აღმოსავლეთ კიდეზე.

ექსპლორადორესისგან განსხვავებით, ლეონესის მყინვარს მხოლოდ რამდენიმე ასეული ტურისტი სტუმრობს ყოველწლიურად, რაც მისი შორეული მდებარეობით აიხსნება. ლეონესის ზედაპირი სახედამზრალ მოხუცს მოგაგონებთ: მოუვლელი, ნაიარევი და ცხოვრებისეული სირთულეებით გაუფერულებული. აქ თითქოს მონასტრულ ატმოსფეროს დაესადგურებინა. სიცოცხლის არავითარი ნიშანწყალი, არც მოძრაობა, არავითარი ცვლილება. ყოველ ათ წუთში ერთხელ სრულ სიჩუმეს არღვევდა იარაღის გასროლის მსგავსი ხმა: ყინული სკდებოდა, იმსხვრეოდა და მყინვარის მძიმე ნატეხები წყალს ეხეთქებოდა. და, უცებ, კვლავ მდუმარება ჩამოწვებოდა.
ეს ყოველდღიურად ხდება, ამბობს პასკუალ დიასი და ამატებს, რომ მის შეშფოთებას ის უფრო იწვევს, რომ მყინვარების უკან დახევის ტემპი ბოლო დროს აჩქარდა.
„გასული 5 წლის განმავლობაში, – ამბობს იგი, – ამ ცვლილებებს ძალიან მარტივად ვამჩნევ“. დიასი მიგვითითებს ტბის გაღმა ნაპირზე და იმოწმებს მოყავისფრო მორენულ დანალექს – ორიოდე წლის წინ იქ მყინვარული ზედაპირი იყო. როგორც ანდრეა კარეტა, დიასიც ხილულად ამჩნევს ლეონესის უმწეობას.


უბერლინდა ფუენტესი და ეფრაინ უელეტი სტეფენის მყინვარის ძირში ცხოვრობდნენ 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. დღეს მათ სახლს დატბორვა ემუქრება. ტემპერატურის ზრდის კვალდაკვალ ყინული დნება, რაც მყინვარული ტბების გარღვევით წყალდიდობას იწვევს.
„ერთადერთი, რაც შემიძლია, აქაური პროცესების ჩვენებაა“, – ჩივის იგი.
ჩემი თარჯიმანი და მე განვაგრძობთ „კარეტერა-აუსტრალის“ მარშრუტს და სამხრეთ ანდებისკენ მივემართებით. მარჯვნიდან უხვად მჩქეფარე მდინარე ბეიკერი მოგვყვება, ირგვლივ კი ყველგან მსხვილ რქოსან საქონელს ვხედავთ, კარგად რომ გამოკვებილან და თავს იწონებენ. მოზრდილ ავტოსადგომს მივადექით, რომელსაც სასურსათო დახლები და ტურისტული ჯიხურები ჰქონდა გარშემორტყმული. შემდეგ ფეხით დავეშვით ხის კიბეებისა და ფიცარფენილი ბილიკების ლაბირინთში – ოჩოფეხებზე შემდგარ, 68 წლის წინ დაარსებულ სოფელ ტორტელისკენ.
ამ დასახლების 500-მდე მკვიდრი ქოხმახებში ცხოვრობს. ეს სოფელი სენდვიჩივით მოქცეულა სამხრეთის მყინვარულ პლატოსა და სან-რაფაელის მყინვარს შორის; ტორტელი, თითქოს, ცივილიზაციის დასასრულია. იქ ვერ ნახავთ ავტომანქანებს. ელექტროენერგია მხოლოდ პერიოდულად მიეწოდებათ; სოფლის მთავარი სათბობი რესურსი შეშაა. მაგრამ მოგზაურობის ჟინით შეპყრობილ არაერთ ახალგაზრდას, ურბანულ აურზაურს რომ განერიდნენ და მყინვარულ სიმშვიდეს მიაშურეს, სწორედ ასეთ გარემოში ცხოვრება ხიბლავს.

„სანტიაგოდან აქ გადმობარგება იმიტომ გადავწყვიტე, რომ აქ თვალის გახელისას მთებსა და წყალს ვხედავ“, – ამბობს 26 წლის ფრედი ფერნანდეს კარდენასი, ყოფილი ფიზკულტურის ინსტრუქტორი, რომელიც ახლა წყლის ტაქსის კომპანიას უძღვება ტორტელში.
ტორტელის ერთ-ერთ პირველ მცხოვრებს შევხვდი, 84 წლის ხუანიტა ვიდალ მენკოს. „აქ არაფერი იყო“, – იხსენებს იგი დროს, როდესაც ამ მიდამოებში 10 წლის ასაკში, ცხენზე შემჯდარი ჩამოვიდა თავის ოჯახთან ერთად შედარებით მსხვილი და თოვლიანი ქალაქ კოკრანიდან, რომელიც აქედან ზუსტად ჩრდილოეთით მდებარეობდა. სხვა მესაქონლე ოჯახების მსგავსად, ისინი კარვებში ცხოვრობდნენ და ხეებს ჩეხდნენ ტორტელის ფიცარფენილი ბილიკების დასაგებად. 16 წლის ასაკში, აქ პირველი სახლების აშენების შემდეგ, მან 10 წლით უფროს მამაკაცზე იქორწინა, რომელსაც უკვე გონებაში უტრიალებდა ახალი ჰორიზონტები. „იგი მიიჩნევდა, რომ საქონლის მოშენება უკეთესი იქნებოდა პრერიებში, სან-რაფაელის მყინვართან“, – ამბობს ხუანიტა. „ასე ავაშენეთ სახლი და იქ რამდენიმე წლის განმავლობაში ვიცხოვრეთ“. შემდეგ მოხუცმა ქალბატონმა ალერსიანი ხმით დაამატა: „ჩვენ ვცხოვრობდით, როგორც ცხოველები, დროისა და მეხსიერების ცნების გარეშე“.

საბოლოოდ ეს წყვილი კვლავ ტორტელს დაუბრუნდა, რათა შვილები უფრო ხელსაყრელ გარემოში გაეზარდათ. როგორც აღმოჩნდა, მათ ჭკვიანური გადაწყვეტილება მიუღიათ, რადგან ტემპერატურის ზრდამ მყინვარის დნობა დააჩქარა და ახლომდებარე ტბები თუ მდინარეები აადიდა. 2008 წლის აპრილში მყინვარული ტბა ნაპირებიდან გადმოვიდა და აღნიშნული ზონა სრულად დატბორა. ორწლიან პერიოდში მსგავსი მოვლენა კიდევ ექვსჯერ გამეორდა მდინარე ბეიკერის დელტაში.
ტორტელი გადარჩა, თუმცა ერთი თვალის შევლება სოფლის სარისკო მდებარეობაზე – და უმალ გაიაზრებთ, თუ რა საფრთხე შეიძლება მას ემუქრებოდეს. „მყინვართან ასე ახლოს ცხოვრება, – ამბობს ო’კინგტონსი, – ტორტელს რეალური საფრთხის წინაშე აყენებს“.

პატაგონიის დატოვებიდან რამდენიმე თვის შემდეგ კომფორტულად ვიწექი ჩემს ლოგინში და ვფიქრობდი იმ ღამეზე, რომელიც კარავში გავატარე ლეონესის ტბის ნაპირას, კოცონის ტკაცუნისა და შორეული მყინვარული ჩანჩქერის მაგიის ფონზე. მახსენდებოდა ყინულის მსხვრევის ხმა, რომელსაც ტბის ზედაპირის დეტონაცია მოჰყვებოდა – და კვლავ სიმშვიდე. შემდეგ ეს ციკლი თავიდან იწყებოდა. ის ხმა მაძინებდა, ახლა კი მოსვენებას არ მაძლევს.
რა უნდა იცოდეთ: ჩილეს მყინვარები
ავტორი: ერიკ პინედო
მყინვარების ტურიზმს ჩილეს პატაგონიაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებელი მოაქვს. ჩილეში ორი მთავარი კონტინენტური მყინვარული ფარია: ჩრდილოეთ პატაგონიის მყინვარული პლატო (4000 კვ. კმ) და სამხრეთ პატაგონიის მყინვარული პლატო (13 000 კვ. კმ).
ზოგადად, მყინვარის ექსპედიციები საშუალოდ მაღალი სირთულისაა, რადგან იქ შეიძლება უსწორმასწორო, არასტაბილურ ლანდშაფტს შეხვდეთ, მათ შორის, ყინულოვან ფორმაციებს, კავერნებსა თუ ნაპრალებს. მსგავსი პირობები კარგ ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს. სალაშქრო კომპანიის არჩევისას გაითვალისწინეთ მათი რეპუტაცია, უსაფრთხოების ზომები თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა.
„პირველ რიგში, იქ ხალხი იმიტომ დაგვყავს, რომ კლიმატის ცვლილების ზეგავლენა დაინახონ“, – ამბობს გიდი პედრო სოტო.
სამხრეთის მყინვარული პლატო:
აქ ნახავთ ცნობილ მყინვარებს, როგორიცაა ო’ჰიგინსი და პიუს XI – ბერნარდო ო’ჰიგინსის ეროვნულ პარკში, ასევე, ტინდალი და გრეი – ტორეს-დელ-პაინეს ეროვნულ პარკში. მათ მონახულებას მარტივად შეძლებთ ქალაქ პუერტო-ნატალესიდან. ტორეს-დელ-პაინეს ეროვნულ პარკში ინფრასტრუქტურა უფრო უკეთაა განვითარებული და მან 105 500-მდე ტურისტი მიიღო 2022 წელს.
სალაშქრო კომპანიები
„ბიგფუტ-პატაგონია“
სპეციალიზდება საფეხმავლო ტურიზმსა და ალპინიზმზე გრეის მყინვარზე (bigfootpatagonia.com).
„ანტარეს-პატაგონია“
გთავაზობთ მყინვარზე ლაშქრობასა და კაიაკით ცურვას გრეის ტბაზე (antarespatagonia.com).
ჩრდილოეთის მყინვარული პლატო:
თავის მეწყვილესთან შედარებით, უფრო მომცრო და ძნელად მისაღწევია, თუმცა იქ შეხვდებით სახელგანთქმულ მყინვარებს – ექსპლორადორესსა და სან-რაფაელს. ამ უკანასკნელის შორეული მდებარეობა ლაგუნა-სან-რაფაელის ეროვნულ პარკში, რომელიც მხოლოდ 3000-მდე ვიზიტორს იღებს ყოველწლიურად, აქაურობას გამორჩეულ ადგილად აქცევს საექსპედიციო ტურიზმისთვის.
სალაშქრო კომპანიები
„ტურისმო-ვალიე-ლეონესი“ ექსპედიციებისა და ლაშქრობების ორგანიზებას ახდენს ექსპლორადორესსა და ლაგუნა-სან-რაფაელის პარკის მიმდებარედ (valleleones.cl).
„სვუპ-პატაგონია“ ფოკუსირდება ლაშქრობაზე ლეონესისა და ნეფის მყინვარებზე (swoop-patagonia.com).
რობერტ დრეიპერი 2007 წლიდან ხშირად წერს National Geographic-ისთვის და New York Times-ის შტატიანი ავტორია.