ყინულის ქალწულის გაცოცხლება
ანდებში სიკვდილიდან 500 წლის და აღმოჩენიდან თითქმის 3 ათწლეულის შემდეგ ამპატოს ყინულის ქალწულის სახე უკვე გამოიკვეთა.
1400-იანი წლების მეორე ნახევარში 15 წლის გოგონა ანდების მწვერვალზე ააცილეს და ინკების ღმერთებს მსხვერპლად შესწირეს. მთაზე შესაწირ ნივთებთან ერთად დამარხული ახალგაზრდა ქალის სხეული დროთა განმავლობაში ბუნებრივად მუმიფიცირდა. მისი თმა, ფრჩხილები და ფერადი ტანისამოსი დაუზიანებლად შენარჩუნდა, თუმცა საუკუნეების განმავლობაში ნეშტი მიწის ზედაპირზე მოექცა და მზის სხივებისა და თოვლის მონაცვლეობამ სახის ნაკვთები წაუშალა.
საუკუნეების წინ დაკარგული ეს სახე ახლა საგულდაგულო არქეოლოგიური ანალიზის და კრიმინალისტური რეკონსტრუქციის წყალობით აღადგინეს. ამპატოს ყინულის ქალწულის სახელით ცნობილი ახალგაზრდა ქალის თვალისმომჭრელი 3D ბიუსტი პერუში ახალი გამოფენის მთავარი ექსპონატია და ანდებში ნახევარი ათასწლეულის წინ დამკვიდრებულ მსხვერპლშეწირვის რიტუალებზე გვაწვდის ინფორმაციას.

ფოტო: ოსკარ ნელსონი
შესაწირი
1995 წლის ექსპედიციის დროს, როდესაც National Geographic-ის მკვლევარი იოჰან რაინჰარდი ხუანიტას სახელით ცნობილ მუმიას 6300-მეტრიანი ამპატოს მთის მწვერვალზე წააწყდა, მაშინვე მიხვდა, რომ რაღაც საოცარი აღმოაჩინა.
„თავიდან ის ქსოვილების ერთ დიდ გროვას ჰგავდა“, – იხსენებს რაინჰარდი, მაგრამ შემდეგ მან ქსოვილის ნაკეცებს შორის გალეული სახე შენიშნა. ეს ინკების მისტიკური რიტუალის, კაპაკოჩას ახალგაზრდა მსხვერპლი იყო.

ფოტო: დაგმარა სოხა, ვარშავი უნივერსიტეტი
ჩვეულების მიხედვით, ღმერთებს მსხვერპლად ძირითადად ბავშვებს და ახალგაზრდა ქალებს სწირავდნენ. ამას აკეთებდნენ არა მხოლოდ ბუნებრივი კატასტროფების საპასუხოდ ან ღმერთების გულის მოსაგებად, არამედ, ინკას იმპერიის შორეულ პროვინციებში ძალაუფლების შესანარჩუნებლადაც. კაპაკოჩა მნიშვნელოვანი იყო იმპერიის განსამტკიცებლად. ის მოიცავდა ნადიმებს და პომპეზურ პროცესიებს, რომლებსაც წინ ბავშვები მიუძღოდნენ. მსხვერპლს სილამაზისა და ფიზიკური სრულყოფილების მიხედვით ირჩევდნენ. მკვლევრების აზრით, შესაწირად არჩევა დიდი პატივი უნდა ყოფილიყო ბავშვის ოჯახისა და მთელი თემისთვის.
თუმცა კაპაკოჩაზე არსებული ინფორმაცია ძირითადად მეორადია. ვარშავის უნივერსიტეტის ანდების შემსწავლელი ცენტრის არქეოლოგი დაგმარა სოხა იკვლევს ამ რიტუალს და სწორედ მისი ინიციატივა იყო ყინულის ქალწულის სახის აღდგენა. „ეს ცერემონია ევროპელ კოლონისტებს არასოდეს უნახავთ“, – ამბობს დაგმარა.
ისტორიული მონაცემების ნაკლებობის მიუხედავად, ამპატოსა და ანდების სხვა მთებზე დიდ სიმაღლეებზე აღმოჩენილი ათეულობით ბავშვის ნაშთები ამ რიტუალის შესახებ უმნიშვნელოვანესი სამხილების მატარებელია.
მსხვერპლად შეწირვის ხერხები განსხვავდებოდა და დამოკიდებული იყო, როგორც ჩანს, იმ რიტუალებზე, რომლებიც კონკრეტულ ღმერთთან იყო დაკავშირებული. ზოგიერთ ბავშვს ცოცხლად მარხავდნენ, ზოგს ახრჩობდნენ, ზოგს გულს ამოჭრიდნენ. ყინულის ქალწულის სიცოცხლე კეფაში ბლაგვი საგნის ერთი დარტყმით დასრულდა.
ყინულის ქალწულის ძიებაში
ოსკარ ნილსონი კარგად იცნობს გოგონას თავის ქალას: სტოკჰოლმში, თავის სახელოსნოში, მის ასლთან თვეები გაატარა და საბოლოოდ მისი სკულპტურა შექმნა, რომელიც შორიდან დანახვისას ცოცხალს ჰგავს.
ეს ორსაფეხურიანი პროცესი იყო, ამბობს შვედი არქეოლოგი და მოქანდაკე. თავდაპირველად საკვლევი ობიექტის სამყაროს ჩაუღრმავდა არქეოლოგისთვის დამახასიათებელი ყურადღებით დეტალებისადმი, გადაამუშავა ყველა არსებული ცნობა, რათა მიმხვდარიყო, როგორ გამოიყურებოდა გოგონა. მისი მუმიფიცირებული სახის ნაკვთების გარეშეც შეეძლო ევარაუდა სახის ქსოვილის სიღრმე. მან გამოიყენა ყველაფერი, დაწყებული კომპიუტერული ტომოგრაფიით, დამთავრებული ინფორმაციით მისი რაციონისა და დაავადებების შესახებ, რათა გოგონას გარეგნობის შესახებ კვლევაზე დაფუძნებული ვარაუდები ჩამოეყალიბებინა.
შემდეგ ხელით მუშაობის დრო დადგა. ნილსონმა დაბეჭდა გოგონას თავის ქალის 3D ასლი და მის ზედაპირზე ხის პატარა სოლები დაამაგრა პლასტილინით გამოძერწილი თითოეული კუნთის სიღრმის და განლაგების განსასაზღვრად. თვალები, საღეჭი კუნთები, ცხვირი, ფაქიზი თოკისმაგვარი ქსოვილები, რომლებიც ადამიანის სახეს შეადგენენ, რიგრიგობით დაამატა. ყალიბის მეშვეობით სილიკონის ბიუსტის შექმნის შემდეგ, ასობით თმის ღერი და მოყავისფრო-მოვარდისფრო ტონების ფორები შემატა სახეს. ამ ყველაფერს 10 კვირა მოანდომა.
მთავარი ექსპონატი
დასრულებული სკულპტურა კუსკოს ტრადიციული ტექსტილის ცენტრის ოსტატი ქალების მიერ მოქსოვილი სამოსითაა მორთული. ის მთავარი ექსპონატია გამოფენისა „კაპაკოჩა: ინკას ღმერთების კვალდაკვალ“, რომელიც 2023 წლის ნოემბერში გაიხსნა არეკიპაში.
ყინულის ქალწულის რეკონსტრუქცია გამოფენილია მის მუმიფიცირებულ ნაშთებთან ერთად. ექსპოზიციას თან ერთვის ამპატოსა და ანდების სხვა მთებზე კაპაკოჩას რიტუალისთვის შერჩეული 18 სხვა ბავშვის ისტორიები. მათი ასაკი 8-დან 16 წლამდე მერყეობს. რამდენიმე ბავშვის მუმია და ჩონჩხის ნაწილები გამოფენაში განთავსებულია 3D მოდელების სახით, მათთან დამარხული საკრალური ნივთების ჰოლოგრამებთან ერთად.
ეს ბუნებრივი მუმიები დამაინტრიგებელ სამხილებს აწვდის მეცნიერებს, თუ როგორ გაატარეს თავიანთი სიცოცხლის ბოლო დღეები. როდესაც სოხამ და მისმა კოლეგებმა კაპაკოჩაზე შეწირული ახალშობილისა და 6-7 წლის ოთხი ბავშვის ნაშთების ტოქსიკოლოგიური ანალიზი ჩაატარეს, აღმოაჩინეს, რომ ისინი მსხვერპლად შეწირვამდე თვეებით ადრე კარგად იყვნენ გამოკვებილები. მათ ასევე მიღებული ჰქონდათ კოკას ფოთლები, აიაუასკას ნაყენი და ალკოჰოლი სიკვდილამდე რამდენიმე კვირით ადრე. მიზეზი, სავარაუდოდ, იყო არა მათი ინტოქსიკაცია, არამედ მსხვერპლად შეწირვამდე მათი დამშვიდება და შფოთვისგან გათავისუფლება.
ტოქსიკოლოგიური ანალიზის შედეგებმა „ძალიან გაგვაოცა, – ამბობს სოხა, – ეს მხოლოდ სასტიკი მსხვერპლშეწირვა კი არ იყო, ინკას ხალხს ასევე სურდა, რომ ბავშვები კარგ განწყობაზე ყოფილიყვნენ. მათთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ისინი ღმერთებთან ბედნიერები წასულიყვნენ“. დიდი სიმაღლე, ფსიქოტროპული ნივთიერებები, დრამატული ხედი, საიქიოსთან სიახლოვის გაცნობიერება, – „ეს ყველაფერი უკიდურესად ემოციური იქნებოდა“, – ამბობს რაინჰარდი.
რეკონსტრუქციის უკანასკნელი ფაზისას ნილსონმა საათები დაუთმო სიღრმისეულ დაკვირვებებს და ეცადა წარმოეჩინა ახალგაზრდა გოგოს პიროვნება მისი სიკვდილიდან 500 წლის შემდეგ. შედეგი შემაშფოთებლად რეალისტური გამოვიდა. „ის პიროვნება იყო“, – ამბობს რეკონსტრუქციის ავტორი. „იგი, სავარაუდოდ, ხვდებოდა, რომ მისი სიცოცხლე რამდენიმე კვირაში მთის წვერზე დასრულდებოდა. იმედია, საიქიო ცხოვრების თავადაც სწამდა“.
რაინჰარდისთვის ყინულის ქალწულის ამბავი მაშინ შეიკრა, როდესაც საბოლოოდ იხილა მის მიერ ათწლეულების წინ მთიდან ჩამოყვანილი გოგონას სახე. „ეს მას სიცოცხლეს უბრუნებს“, – ამბობს იგი. რეკონსტრუქცია ყურადღებას ამახვილებს როგორც მის კულტურასა და ყოველდღიურ ყოფაზე, ისე მის ძალადობრივ სიკვდილზე.
ნილსონი რეკონსტრუქციაზე მუშაობით აცოცხლებდა ყინულის ქალწულს, თუმცა არ ივიწყებდა, რა გარემოებაში გამოესალმა ის სიცოცხლეს. ყველაზე მეტად სურდა გადმოეცა გაყინულობის შეგრძნება – მინიშნება არა მარტო მის ყინულოვან მუმიფიცირებულ მომავალზე, არამედ გოგონაზე, რომელიც სიცოცხლეშივე მარადიულობის ზღვარზე იმყოფებოდა.
„იცოდა, რომ უნდა გაეღიმა სიამაყის გამოსახატად, – ამბობს იგი, – უნდა ეამაყა იმით, რომ რჩეული იყო, თუმცა მაინც ძალიან, ძალიან შეშინებული“.