
ყინულოვან წყალში მყვინთავი
მარჯნები იმ ეკოსისტემის საძირკველია, რომელსაც თევზსაჭერი ბადეები სულ უფრო მეტად აზიანებს
რიან უოლერი 10 წლის განმავლობაში იკვლევდა ღრმა წყლის მარჯნებს. საბორტო ილუმინატორების მეშვეობით ვიდეოგამოსახულების მიღება ოკეანის ფსკერზე (დაახლოებით 1000 მ-ის სიღრმეზე) მყოფი რობოტი წყალქვეშა ნავების პირდაპირი ვიდეო-გადმოცემების საშუალებით ხდებოდა. მარჯნები იმ ეკოსისტემის საძირკველია, რომელსაც თევზსაჭერი ბადეები სულ უფრო მეტად აზიანებს; მეცნიერებმა ცოტა რამ თუ იციან სიცოცხლის იმ ფორმების შესახებ, რომლებიც ძალიან ნელა იზრდებიან, რადგან მათთან მიახლოება ძალიან რთულია. რამდენიმე წლის წინ მარჯნის სახეობები ალასკის ფიორდების წყალმარჩხ ადგილებში აღმოჩნდა. თხელ წყალში ყვინთვა შესაძლებელი იყო. მეინის უნივერსიტეტის 34 წლის ზღვის ბიოლოგი ერთადერთი პრობლემის წინაშე დადგა: მან ყვინთვა არ იცოდა.
აკვალანგით ყვინთვისათვის გაყინული წყალი საუკეთესო ადგილი არ უნდა იყოს…
დიახ, ეს მეტისმეტია. წყალი ხშირად +10C-ს არ აღემატება; წყალში ჩასვლიდან ხუთ წუთში უკვე ვეღარ გრძნობ გაშეშებულ თავსა და ხელებს. ზაფხულში, როცა ყინული დნობას იწყებს, ძალიან სწრაფი დინებები იცის. ყინულებიდან წამოსული ნალექი კი ხილვადობას ამცირებს.
ფაქტობრივად გაყინულ წყალში ყვინთავთ, არ გეშინიათ?
ძალიან ვფრთხილობ. თუმცა მოგატყუებთ, თუ გეტყვით, რომ არ მქონია მძიმე წუთები. ერთხელ რომ ჩავყვინთე, ისეთი ცუდი ხილვადობა იყო, რომ საკუთარ იდაყვსაც ვერ ვხედავდი. ჩემი პარტნიორის ჟანგბადის ბალონზე ხელჩაჭიდებული, ფიორდის ვერტიკალური კედლის გასწვრივ ჩავდიოდი. ამ დროს სინჯების შესაგროვებელი ჩანთის ასაღებად გავტრიალდი, პარტნიორს ხელი გავუშვი. ერთ წამში ის უკვე აღარ ჩანდა. უცებ თვალებში მთლად დამიბნელდა, ვერც კედელს ვხედავდი და ვერც საკუთარ ხელ-ფეხს. ყურები დამიგუბდა. ისღა დამრჩენოდა, წყლის ზედაპირზე ამომავალი ბუშტუკების მიმართულებაზე დაკვირვებით მეპოვა გზა.
მაგრამ გიღირთ გარისკვა?
რა თქმა უნდა. მიჭირს იმ შეგრძნებების გადმოცემა, რომელიც ღრმა წყლის სახეობებს შორის ცურვისას მეუფლება. აქამდე ისინი მხოლოდ ეკრანზე მენახა: ხედავ კედლიდან გამოჩრილ, მასიურ, თითქმის ორი მეტრი სიმაღლის ამ წითელი მარჯნის ხეების კოლონიებს, ათვალიერებ პოლიპებს, რომელთა საცეცები ხელით შეხებისთანავე უკან იხევენ… ვფიქრობდი, რამხელა ეკოლოგიური სამუშაო ჩატარდებოდა, ერთსა და იმავე ადგილას ორჯერ ჩასვლა რომ შეგეძლოს. მაგრამ ოკეანის სიღრმეში ეს გამორიცხულია. ჯერ კიდევ ვუკირკიტებ მონაცემებს, თუმცა, როგორც ჩანს, ამ მარჯნების დიდ ნაწილს გამრავლებისთვის გაცილებით უფრო ხანგრძლივი დრო სჭირდება, ვიდრე გვეგონა; ეს კი მათ (შესაბამისად, ეკოსისტემას) ადამიანის ჩარევისადმი კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის.