
ყველაზე მეტი ობობა
„როგორც ჩანს, ყველაზე მეტი სახეობა დიდი კავკასიონის ქედის გასწვრივაა გავრცელებული. გაგვიკვირდა, რომ გომბორის ქედზე და თბილისის შემოგარენშიც აღმოჩნდა ცხელი წერტილები”, ამბობს გიორგი ჩალაძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოიკვლია კავკასიაში ობობების სახეობათა მრავალფეროვნების სივრცეში განაწილება. „რუკაზე ძალიან ბევრი „თეთრი წერტილი”, ანუ სრულიად შეუსწავლელი ადგილი იყო”, ამბობს პროექტის მკვლევარი გიორგი ჩალაძე. მათ ამოსავსებად მკვლევრებმა ობობას თითოეული სახეობის გავრცელების რუკა შეადგინეს. ამისთვის მათ აიღეს ის წერტილები, სადაც მოცემული სახეობა რეგისტრირებულია და შემდეგ, კავკასიის მასშტაბით, მსგავსი კლიმატური პირობების მქონე ადგილები დაიტანეს რუკაზე. მონაცემთა ზედდება სახეობრივი მრავალფეროვნების სივრცეში განაწილების სურათს ქმნის. ამ მოდელმა ე. წ. „ცხელი წერტილები” გამოავლინა, სადაც, სავარაუდოდ, სახეობების მაღალი კონცენტრაცია უნდა იყოს. „როგორც ჩანს, ყველაზე მეტი სახეობა დიდი კავკასიონის ქედის გასწვრივაა გავრცელებული. გაგვიკვირდა, რომ გომბორის ქედზე და თბილისის შემოგარენშიც აღმოჩნდა ცხელი წერტილები”, ამბობს გიორგი ჩალაძე.