ზემო სვანეთის ფერადი ტრადიცია
ნანატრ ვაჟიანობას იფარის თემში განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
ადრიან დილით, ჩემს მასპინძლებთან ერთად, შევუდექი ძველი ეკლესიის გზას, სადაც ლიჩანიშობის დღეობა იმართებოდა სოფელ ადიშში – იმავე ჰადიშში, როგორც სვანურად ეწოდება.
ლიჩანიშობის დღესასწაულის შესახებ თავდაპირველად მეგობრისგან შევიტყვე. იგი აღტაცებული მიყვებოდა ძველ სვანურ ტრადიციზე, რომელიც ქრისტიანობის და წარმართობის ნაზავს წარმოადგენს და ვაჟიანობას უკავშირდება – ვაჟის შეძენის სიხარულს, როგორც გვარის გაგრძელების საწინდარს. ამ ისტორიამ დამაინტერესა, სურვილი გამიჩნდა საკუთარი თვალით მენახა და მომდევნო წელს, დღესასწაულზე, მეც წავედი.
ლიჩანიშობა ადიშელების დღესასწაულია, რომელიც ყოველ ზაფხულს, კვირიკობის მომდევნო ხუთშაბათს აღინიშნება. ამიტომ თარიღი მცოცავია. ადიშელთა გადმოცემით, არ ყოფილა შემთხვევა, რომ აქ მლოცველებს ვაჟი არ შესძენოდათ.
საათის ისრის მიმართულებით, ზედა მარცხენა კუთხიდან – ლიჩანიშობის დღეობაზე მოლჩანიშებს გრძელი, 5-6 მეტრიანი სარები მიაქვთ, რომლებიც ზეიმის მნიშვნელოვანი ატრიბუტია. გრძელ სარებზე დროშების დამაგრება ვაჟის მამების მოვალეობაა. სვანური შეძახილების ფონზე ყველა დროშა ერთად აღიმართება ზეცისკენ. თითოეული მათგანი იმ წელს შეძენილი ვაჟის სიმბოლოს წარმოადგენს. ვაჟის დედები დიდი სიყვარულით ამზადებენ შვილების სახელობის დროშებს. მათ დღესასწაულისთვის დროშის მორთვა-მოქარგვა ევალებათ.
ადიში ზემო სვანეთის, იფარის თემის პატარა სოფელია. სვანეთის ზოგიერთი სხვა სოფლისგან განსხვავებით, ის არ არის მოდერნიზებული და დღემდე ინარჩუნებს ავთენტურ იერსახეს. სვანური კოშკებისა და მთების ფონზე განლაგებული სოფლის ძველი სახლები შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის, თუმცა ბევრი მათგანი მიტოვებულია და წარსულის აჩრდილს ატარებს. ჰადიშის მკვიდრნი ორი გვარის წარმომადგენლები არიან – ავალიანები და ქალდანები. ჩემმა მასპინძლებმა, მუხრან ავალიანის ოჯახმა, განსაკუთრებული სითბოთი მიმიღო.
მიუხედავად იმისა, რომ სოფელში მუდმივი მცხოვრები ცოტაა შემორჩენილი, სხვადასხვა რეგიონში გადასული ადიშელები აქ სპეციალურად ამ დღესასწაულისთვის იკრიბებიან ხოლმე.
ლიჩანიშობის დღეობა სოფლიდან 4 კილომეტრის დაშორებით მდებარე ძველ ეკლესიაში იმართება, სადაც შუა საუკუნეების ჭედური და ფერწერული ხატები ინახება. იქ მისვლა სოფელ ადიშიდან მხოლოდ ფეხით ან ცხენით არის შესაძლებელი და მეც ასე გავუყევი გზას. მზადება ჩვენი მისვლისთანავე დაიწყო.
დღესასწაულს, როგორც წესი, ქალდანები და ავალიანები უძღვებიან. მათ მემზირები ეწოდებათ და მოლჩანიშთა (ვაჟების მამების) მოტანილი ზვარაკის შეწირვა და მლოცველთა სახელით ლოცვა ევალებათ. ლოცვა სვანურ ენაზე მიმდინარეობს და საუცხოო მოსასმენია.
ლოცვის შემდეგ შესაწირი დაკლეს და უზარმაზარი ქვაბით ცეცხლზე შემოდგეს. ამ პროცესში ყველა თანაბრად იყო ჩართული, პატარები უფროსებს ეხმარებოდნენ. პარალელურად იმართებოდა შეჯიბრება „საჯილდაო ქვით“, რომელსაც ახალგაზრდა ვაჟები მონდომებით ეჭიდებოდნენ ყველაზე ღონიერის წოდების მოსაპოვებლად. მსხვერპლშეწირვის რიტუალის დასრულების შემდეგ ყველაზე ლამაზი სანახაობა გაიმართა. მოლჩანიშებმა წინასწარ გამზადებულ გრძელ სარებს დროშები შეაბეს. დროშებზე ახალშეძენილ ვაჟთა სახელები იყო ამოქარგული. შემდეგ ყველა დროშა ერთად აღმართეს. ჰადიშის ცაზე ფერადი დროშები აფრიალდა. ყოველი მათგანი იმ წელს დაბადებული ვაჟის სახელს აუწყებდა ზეცას და მის სიმბოლოს განასახიერებდა.