
ზღვაოსნობა წარსულში
ახლახან მკვლევრებმა კლიმატური და ოკეანოგრაფიული მონაცემების გამოყენებით, შექმნეს კომპიუტერული სიმულაცია
3400 წლის წინ ადამიანები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას ტოვებდნენ და ზღვაში ასობით კილომეტრს გადიოდნენ, წყნარი ოკეანის კუნძულებზე ახალი ცხოვრება რომ დაეწყოთ. მეცნიერებმა კუნძულების კოლონიზაციის დაწყების ზუსტი თარიღი არ იციან და ვერც იმას იგებენ, ძველი დროის მეზღვაურები ამხელა მანძილს როგორ ფარავდნენ.
ახლახან მკვლევრებმა კლიმატური და ოკეანოგრაფიული მონაცემების გამოყენებით, შექმნეს კომპიუტერული სიმულაცია. ზოგიერთი კოლონისტი ჩრდილოეთ ინდონეზიის მოლუკის კუნძულებიდან 800 კილომეტრით დაშორებულ პალაუში ჩადიოდა; ზოგი ახალი გვინეის ბისმარკის არქიპელაგს ტოვებდა და სამოასა და ტონგისკენ მიემგზავრებოდა.
დასავლეთ პოლინეზიასთან ახალმოსახლეების მოგზაურობა წყდებოდა. მეზღვაურები ზურგის ქარს იყვნენ მინდობილნი, სამოასთან კი ქარი მიმართულებას იცვლიდა. აღმოსავლეთით სვლა მხოლოდ მას შემდეგ განაგრძეს, როცა ქარის საწინააღმდეგოდ ცურვა ისწავლეს.
„წყნარ ოკეანეში ღრმად შესვლა სხვა სტრატეგიას მოითხოვდა, – ამბობს ორეგონის უნივერსიტეტის არქეოლოგი სკოტ მ. ფიცპატრიკი, – მეზღვაურებს ასტრონომიული კომპასის გამოყენება უწევდათ“.
ააგეს ორკორპუსიანი კანოე, რომლითაც ჰავაისკენ, აღდგომის კუნძულისა და ახალი ზელანდიისკენ მიემგზავრებოდნენ. ფიცპატრიკის თქმით, „ასეთ მაძილზე მოგზაურობა გამძლეობასა და გამბედაობას მოითხოვდა. მართლაც, დიდებული მეზღვაურები იყვნენ“.