ზღვის ყინულის ტყვეობაში
National Geographic-ის გუნდი მიჰყვება XIX საუკუნის მკვლევრის, ჯონ ფრანკლინის განწირული მოგზაურობის მარშრუტს და ეძებს მინიშნებებს, თუ როგორ გაუჩინარდა იგი ლეგენდად ქცეულ ჩრდილო-დასავლეთის გასასვლელში. მაგრამ არქტიკა თავის საიდუმლოებს მარტივად არ თმობს.


ზღვის ყინულის ტყვეობაში
National Geographic-ის გუნდი მიჰყვება XIX საუკუნის მკვლევრის, ჯონ ფრანკლინის განწირული მოგზაურობის მარშრუტს და ეძებს მინიშნებებს, თუ როგორ გაუჩინარდა იგი ლეგენდად ქცეულ ჩრდილო-დასავლეთის გასასვლელში. მაგრამ არქტიკა თავის საიდუმლოებს მარტივად არ თმობს.

ჯეიკობ კინიკი ჭოგრიტით ზვერავს ყინულის მინდორს და დაეძებს თეთრ დათვს, რომელიც უკანასკნელი 24 საათია ჩვენს იალქნიან გემს კუდში მოჰყვება. მაგრამ ერთადერთი, რასაც იგი ხედავს, ლურჯ-მწვანე ყინულის უწყვეტი და უკიდეგანო ხალიჩაა. „ზამთარი ახლოვდება“, – ჩაილუღლუღა მან. ჯეიკობს არასოდეს უნახავს „სამეფო კარის თამაშები“ და არც ამ ფრაზის მნიშვნელობა იცოდა, რომელიც სერიალში ყინულის ზომბების გამოჩენას მოასწავებს. თუმცა ჩვენ ყინულის მოტივტივე ნატეხებიც არანაკლებ საფრთხეს გვიქადდა. აქ, შორეულ პასლის უბეში, კანადის არქტიკული ნაწილის სიღრმეში, ზამთარს ძალუძს გემის გამანადგურებელი ყინულები ააზვირთოს. თუ მალევე არ დავაღწევთ თავს, ყინულმა შეიძლება მოგვიმწყვდიოს.
აგვისტოს მიწურული იდგა და ჩვენ პასლის უბეს შევეფარეთ, რათა მრისხანე შტორმისგან თავი დაგვეძვრინა. ქარი ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში მძვინვარებდა და პოლარული ყინულის საფარიდან 2 მეტრი სისქის ნატეხებს გლეჯდა.
ერთ-ერთი ასეთი ნატეხი შეიძლება „ტორპედოდ“ გადაიქცეს და კორპუსი გაგვიხვრიტოს; ამგვარად ყინულის მასების ხის გრძელი ჭოკებით არიდება უწყვეტად გვიწევდა, თუმცა მესამე დღისთვის ყინულმა თანდათან „მარწუხები“ შემოგვიჭირა. მეცხრე დღეს ჯეიკობმა და მე აღმოვაჩინეთ, რომ ყინულის ნატეხებს შორის მოქცეული წყალი გაიყინა და თითქოს უკვე აშკარა იყო, რომ აქ მთელი ზამთრით ჩავიკეტებოდით. ცივმა ჟრუანტელმა დამიარა, როდესაც წარმოვიდგინე, თუ რას იგრძნობდა ყინულებში გამომწყვდეული ფრანკლინი.

2 თვეზე მეტი ხნის წინ ჩვენი ხუთკაციანი ეკიპაჟი იალქნიანი ხომალდით გავიდა მეინიდან, რათა გაჰყოლოდა ლეგენდარული მკვლევრის, ჯონ ფრანკლინის მარშრუტს. 1845 წელს იგი ინგლისიდან დაიძრა მოუხელთებელი ჩრდილო-დასავლეთის გასასვლელის საძებნელად – ჩრდილოეთ ამერიკის თავზე გამავალი საზღვაო მარშრუტისა, რომელიც ახალ სავაჭრო გზას გახსნიდა შორეული აღმოსავლეთის სიმდიდრეებისკენ. მაგრამ ფრანკლინის ორი ხომალდი, „ერებუსი“ და `ტერორი“, 128-წევრიან ეკიპაჟთან ერთად, სადღაც გაუჩინარდა. მაშინ არავინ უწყოდა, რომ გემები ყინულებმა გამოამწყვდია. არც ერთი მათგანი არ გადარჩენილა ამბის მოსათხრობად და არც დეტალური წერილობითი ანგარიში უპოვიათ მათ კატასტროფაზე. ისტორიულ ჩანაწერებში გაჩენილმა სიცარიელემ, რომელსაც „ფრანკლინის საიდუმლოს“ სახელით ვიცნობთ, სათავე დაუდო 170-წლიან მითქმა-მოთქმას. მან წარმოშვა ასევე „ფრანკლინელები“ – ადამიანები, რომლებსაც აკვიატებულ იდეად ექცათ აღნიშნული მოგზაურობის სრული სურათის აღდგენა.
წლების განმავლობაში მეც „ფრანკლინელად“ ჩამოვყალიბდი. აღნიშნულ თემაზე ყველა წიგნს ვკითხულობდი, რომელსაც კი მოვიხელთებდი. თავს წარმოვიდგენდი განწირული ეკიპაჟის ერთ-ერთ წევრად და ტვინს ვიჭყლეტდი უამრავ პასუხგაუცემელ შეკითხვაზე: სად არის დამარხული ფრანკლინი? სად იყო მისი სავახტო ჟურნალი? ხომ არ ეცადნენ მათ გადარჩენას ინუიტები? შესაძლებელია, რომ ეკიპაჟის რამდენიმე წევრს თითქმის მოეხერხებინა სამშვიდობოს გასვლა? ბოლოს ჩემს დაუოკებელ წადილს ვეღარ გავუძელი და პასუხების ძიება პირადად დავიწყე. მე დავსახე გეგმა, რომ სათანადოდ აღმეჭურვა ჩემი იალქნიანი გემი „პოლარული მზე“ და შემეცურა იმავე წყლებში, სადაც „ერებუსი“ და „ტერორი“ იკვალავდნენ გზას. ამასთან, იმედს ვიტოვებდი, ფრანკლინის დაუსრულებელ მარშრუტს ბოლომდე მივიყვანდი: გავცურავდი ატლანტის ოკეანიდან ჩრდილო-დასავლეთის გასასვლელის სრუტეებისა და უბეების ლაბირინთში და კონტინენტის მეორე მხარეს „ამოვყვინთავდი“ ალასკის სანაპიროსთან.

იმ დროისთვის, როდესაც ფრანკლინმა აფრები აუშვა, ბრიტანელები ჩრდილო-დასავლეთის გასასვლელს უკვე 3 საუკუნის განმავლობაში ეძებდნენ. თითოეული ექსპედიცია სულ უფრო ჩრდილოეთით მიიწევდა; მეზღვაურთა კომპასები წრეზე ტრიალს იწყებდა მაგნიტურ პოლუსთან მიახლოებისას. პოლარული ზამთრის უსასრულო წყვდიადისას მათი ხომალდები ხშირად იჭედებოდა ყინულებში. არაერთი ექსპედიცია დასრულდა ტრაგედიით, თუმცა ფრანკლინისას ვერცერთი ვერ შეედრება თავისი დრამატიზმით. ამ ისტორიის ბრიტანული ვერსიით, „ერებუსი“ და „ტერორი“ უკანასკნელად ნახეს მევეშაპეებმა გრენლანდიის სანაპიროსთან 1845 წლის ივლისში. მას შემდეგ ისინი აღარავის უხილავს. საკვანძო მინიშნება გამოჩნდა 14 წლის შემდეგ. ფრანკლინის ქვრივის მიერ დაფინანსებულმა ექსპედიციამ ფოლადის ცილინდრში ჩაჭმუჭნული წერილი იპოვა ვიქტორი-პოინტზე, რომელიც მეფე უილიამის კუნძულის (კანადა) ჩრდილოეთ წვერზე მდებარეობს.
ვიქტორი-პოინტის ჩანაწერი ყველაზე მნიშვნელოვანი წერილობითი ანგარიშია, შემორჩენილი ფრანკლინის ექსპედიციიდან. წერილში ორი აღნიშვნაა: პირველი გაკეთებულია 1847 წლის მაისში, რომლის მიხედვითაც `ერებუსი“ და `ტერორი“ ყინულებში ჩაიკეტნენ 8 თვის წინ – მეფე უილიამის კუნძულიდან 15 საზღვაო მილის მანძილზე ჩრდილო-დასავლეთით; ის სრულდება შემდეგი სიტყვებით: „ექსპედიციას მეთაურობს ჯონ ფრანკლინი. ყველანი კარგად ვართ“. მეორე აღნიშვნა დამატებულია ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში და წერია, რომ გემები მიატოვეს 1848 წლის აპრილში, ეკიპაჟმა დაკარგა 15 მეზღვაური და 9 ოფიცერი, მათ შორის, ფრანკლინი, რომელიც დაიღუპა პირველი ჩანაწერის გაკეთებიდან ორი კვირის შემდეგ; ბოლოს კი ნათქვამია, რომ ცოცხლად დარჩენილ ეკიპაჟს მეთაურობს ფრენსის როუდონ კროზიე. მისი გეგმის თანახმად, ეკიპაჟი ფეხით უნდა გაემართოს „ჰუდსონის ყურის კომპანიის“ სავაჭრო დასახლებისკენ – 1000-მდე კილომეტრის დაშორებით სამხრეთის მიმართულებით. თუ ამ სასოწარკვეთილ ჩანაწერში რამე იმედის ნაპერწკალი შეიძლება დავინახოთ, ეს თავად კროზიეა, რომელსაც უამრავ არქტიკულ ექსპედიციაში მიუღია მონაწილეობა, ინუიტებთანაც უცხოვრია და ადრეც დაუღწევია თავი გარშემორტყმული ყინულებისთვის.

XIX საუკუნის ნახატზე გამოსახულია ფრანკლინის ორიდან ერთ-ერთ ხომალდი. 1859 წელს მეფე უილიამის კუნძულზე (კანადა) იპოვეს წერილი, რომელიც გვამცნობდა კაპიტან ჯონ ფრანკლინის გარდაცვალებასა (ზემოთ, მარცხნივ) და მისი ეკიპაჟის განზრახვაზე, 1000 კმ-მდე მანძილზე ელაშქრათ სავაჭრო დასახლებისკენ.
PICTORIAL PRESS LTD/ALAMY STOCK PHOTO
მაგრამ ლონდონში მკვეთრად განსხვავებულ სურათს ხედავდნენ. 1854 წელს, ზემოხსენებული წერილის აღმოჩენამდე 5 წლით ადრე, კიდევ სხვა ანგარიშიც გამოჩნდა. ჯონ რეი, შოტლანდიელი ბეწვეულით მოვაჭრე და მკვლევარი ყვებოდა, რომ იგი შეხვდა ერთ ინუიტს, სახელად ინ-ნუკ-პუ-ჯი-იუკს, რომელმაც უთხრა, ერთი წლის წინ მდინარის შესართავთან 35 ან 40 კაცისგან შემდგარი თეთრკანიანთა ჯგუფი შიმშილით დაიხოცაო. მან აჩვენა ათეულობით შემორჩენილი ნივთი, რომლებიც შეაგროვეს აღნიშნულ ადგილზე, მათ შორის, ფრანკლინის მედალი. მაგრამ ინუიტმა მთხრობელმა აღწერა ასევე ბანაკი, რომლის ნიშნებიც მიუთითებდა კანიბალიზმზე – რეის სიტყვებით, „უკანასკნელი შემზარავი ალტერნატივა“: დასახიჩრებული სხეულის ნაწილები კვლავ ქვაბებში ეწყო.
როდესაც რეიმ ეს საზარელი ანგარიში გაასაჯაროვა, ბრიტანული საზოგადოება, თვით ჩარლზ დიკენსის თაოსნობით, უარს აცხადებდა მსგავსი ფაქტის მიღებაზე. „ამ მამაკაცთა და მათი დიდებული მეთაურის კეთილშობილური ბუნება… გადაწონის… არაცივილიზებულ ადამიანთა ყბედობას“, – წერდა დიკენსი თავის ჟურნალში (Household Words). ცნობილი მწერლის გავლენა იმდენად ძლიერი იყო, რომ ბრიტანელებმა თავად ინუიტი მთხრობელი დაადანაშაულეს ფრანკლინისა და მისი გუნდის წევრების დახოცვაში – და არა სასტიკი ამინდი, ეკიპაჟის მოუმზადებლობა ან, თუნდაც, უიღბლობა. შედეგად, ექსპედიციის უკანასკნელი დღეების რეკონსტრუქციაზე მუშაობისას, არსად ითვალისწინებდნენ ინუიტების მიერ მოთხრობილ ამბებს, რომლებიც სრულიად სხვა ისტორიას გვიყვებოდნენ.
როდესაც ჩაძირული „ერებუსი“ და „ტერორი“ იპოვეს (2014, 2016 წლებში), „ფრანკლინელების“ უმეტესობამ ყურადღება გადაიტანა შესაძლო არქეოლოგიურ მონაპოვარზე, მაგრამ მე გაგონილი მქონდა ერთი ბიჭის შესახებაც, რომელიც ჩრდილო-დასავლეთი ტერიტორიების (კანადა) შორეულ კუთხეში ცხოვრობდა და კვლავ იმას დაეძებდა, რასაც გრაალის თასად მიიჩნევდა: ჯონ ფრანკლინის აკლდამას.
1990 წლის ერთი ღამით ტომ გროსს დაესიზმრა, რომ ფრანკლინის საფლავი იპოვა. „დამესიზმრა, რომ მას ტორონტოში მივაგენი“, – ამბობს იგი. „მახსოვს ჩემი ფიქრებიც: ეს შეუძლებელია“.

მისი ნომერი მოვიძიე და სახლის ტელეფონზე დავურეკე ჩრდილოეთ კანადაში. ტომის თქმით, ფრანკლინის ამბით მოინუსხა ერთი დოკუმენტური ფილმის ნახვის შემდეგ. ფილმში ნახა, როგორ გათხარეს არქეოლოგებმა ეკიპაჟის სამი წევრის საფლავი კუნძულ ბიჩიზე, სადაც ექსპედიციამ თავისი პირველი არქტიკული ზამთარი გაატარა. გარდაცვლილთა სახეები საზარლად შემოენახა მარად მზრალ ნიადაგს. ის სიზმარიც ამას მოჰყვა. როდესაც გაიღვიძა, ტომმა გადაწყვიტა, თავისი პირველი საძიებო გეგმა დაესახა.
მომდევნო 27 წლის განმავლობაში ტომმა 40 ექსპედიცია ჩაატარა და 20 000 კმ-მდე ტერიტორია დაფარა მეფე უილიამის კუნძულზე. „ფრანკლინელთა“ უმეტესობისგან განსხვავებით, ტომი არქტიკაში ცხოვრობდა. ინუიტ მეგობრებთან ერთად ნადირობისას იგი ყურადღებით ისმენდა მათ მონათხრობებს წინაპრებზე, რომლებიც თეთრკანიან მამაკაცებს გადაჰყროდნენ. თანდათან ტომი დარწმუნდა, რომ ინუიტების ზეპირსიტყვიერ ანგარიშებში საკვანძო „გასაღები“ იმალებოდა ფრანკლინის მისაგნებად. გასული ათწლეულის განმავლობაში მას შეუერთდა ჯეიკობიც, ინუიტი გიდი და კონსერვაციონისტი.
ტომის განმარტებით, ფრანკლინის სამარხის აღმოჩენა ინფორმაციულ საცავს გახსნიდა: იქ შეიძლება ეპოვათ სავახტო ჟურნალი, ასევე დღიურები, წერილები და სამეცნიერო დაკვირვებათა ჩანაწერებიც, რადგან ექსპედიციაში ერთი ნატურალისტი მონაწილეობდა; დაბოლოს, მათ ადრეული ფოტოგრაფიის – დაგეროტიპიის აპარატურაც თან წაიღეს და, იქნებ, გამოსახულებებიც არსებობს.
ტომის ყველაზე დამაიმედებელი მინიშნება 2004 წელს გამოჩნდა, როდესაც ინუიტმა მონადირე ბენ პუტუგუკმა მოუთხრო ერთ მართკუთხა „ქვის სახლზე“ უილიამის კუნძულის ჩრდილოეთ მხარეს. შიგნით პუტუგუკს უნახავს ქვის ოთხი საცავი. ეს ნაგებობა ქედის ფერდობზე ეშვებოდა, მისი კარის ღიობთან კი წრიულად ეწყო მოზრდილი შავი ქვები. მონადირე ირწმუნებოდა, ასეთ რამეს ინუიტები არასოდეს ააგებდნენო.

ცოტა ხანს ტომს სჯეროდა, რომ პუტუგუკის ისტორია ექსცენტრული ამერიკელი მკვლევრის, ჩარლზ ფრენსის ჰოლის მიერ შეგროვებულ უფრო ძველ ინუიტურ ჩვენებებს ემთხვეოდა. 1860-1869 წლებში ჰოლმა იცხოვრა ინუიტებთან და ასობით გვერდის მოცულობის ამბები ჩაიწერა ფრანკლინის ექსპედიციაზე. ერთმა ინუიტმა, სახელად სუპუნგერმა, ტომს მოუთხრო, თუ როგორ იმოგზაურა მეფე უილიამის კუნძულის ჩრდილოეთ ბოლოში, სადაც გადააწყდა დაფლეთილ კარავს, ნახევრად შემოსილი თეთრკანიანი მამაკაცის ჩონჩხს და უცნაურ ხის ძელს ქვედა ბოლოზე დეკორატიული ბურთით. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით უადგილოდ მოჩანდა, რადგან მეფე უილიამის კუნძულზე ხეები არ იზრდება. იქვე რამდენიმე მოზრდილი ქვა განგებ ეწყო ერთად. სუპუნგერს ქვები აქეთ-იქით მიმოუყრია და ქვის საცავი გამოჩენილა, სადაც მან დანა, ფეხის ძვალი და თავის ქალა იპოვა.
მიუხედავად აღწერილობების ცოდნისა, მეფე უილიამის კუნძულის კლდოვან სივრცეებში ქვის ნაგებობის პოვნა „მკვლევრის ლატარიის“ მოგების ტოლფასი იქნებოდა – მაგრამ 2015 წელს ტომმა იფიქრა, რომ მოიგო კიდეც. ჯეიკობთან და ორ მეგობართან ერთად იგი პატარა თვითმფრინავით ზვერავდა ვიქტორი-პოინტის სამხრეთით მდებარე ზონას, სადაც ზემოხსენებული ორი ჩანაწერიდან უკანასკნელი იპოვეს. უცებ ტომმა ორი შავი ქვა შენიშნა ქედზე. „ბუნებრივად დაწყობილს არ ჰგავს“, – უთქვამს მას. „უფრო ახლოს ჩაფრენისას დავინახე სრულყოფილად მართკუთხა კონსტრუქცია, რომელიც ქედის ფერდობზე აეგოთ“.
მაგრამ აღნიშნულმა მომენტმა ისე ააღელვა, რომ ტომს დაავიწყდა ადგილის კოორდინატების ჩანიშვნა თვითმფრინავის GPS-ით. მან და მეორე პილოტმა იფიქრეს, რომ ამავე მარშრუტს იოლად გაიმეორებდნენ, თუმცა მომდევნო ფრენებზე ქვის ნაგებობა სადღაც გაუჩინარდა – ჩაიკარგა ერთგვაროვანი ქედების ლაბირინთში, რომელსაც კიდევ მეტ საბურველში ხვევდა ნისლი და სწრაფად ცვალებადი ამინდი. ძიების რამდენიმე სეზონის შემდეგ მათ სისტემურად გამორიცხეს ყველა ზონა, გარდა ერთი 80 კვ. კმ-იანი მონაკვეთისა – მისი დაზვერვა ტომმა მომდევნო ექსპედიციაზე დაგეგმა.
ივლისის მიწურულს ტომს, ჯეიკობს და მათი საძიებო გუნდის კიდევ ერთ წევრს შევხვდი იოა-ჰეივენში. ეს ერთადერთი დასახლებაა მეფე უილიამის კუნძულზე, სადაც 1100-მდე ინუიტი ცხოვრობს. მათი უმეტესობა თავს ნადირობა-თევზაობით ირჩენს.
ჯეიკობი და ტომი ორივე 62 წლისაა, არქტიკის რთულ რელიეფსა თუ ექსტრემალურ ამინდში მოქმედების დიდი გამოცდილებით. მათ თავიდანვე მომხიბლეს. ტომის ენთუზიაზმი გადამდები იყო. „მჯერა, რომ საფლავს ვიპოვით“, – მითხრა მან. „ეს ფაქტობრივად გარდაუვალია“.
აღჭურვილობა ჩავაწყვეთ მაღალი გამავლობის მანქანაში და მეფე უილიამის კუნძულის სიღრმიდან გავემართეთ ფელიქსის კონცხისკენ – დაახლოებით 160 კმ-ის მანძილზე ჩრდილოეთით. ახლა ზაფხული იყო, მზე არასოდეს ჩადიოდა და ტემპერატურაც სტაბილური რჩებოდა, თუმცა ტენიან ჰაერს სუსხი მოჰქონდა, რაც ქურთუკებსა თუ საწვიმრებში გახვევას გვაიძულებდა.

თეთრ ბატებს განგურის სეზონი დასწყებოდათ და ყველგან მათი ბუმბული დაფრინავდა. ჩემთვის ვფიქრობდი: ნეტავ, რამდენ ბატს მოინადირებდა ფრანკლინის ეკიპაჟი? მათ ხომ რამდენიმე ზაფხული გაატარეს ამ კუნძულზე.
ექსპედიციის მეორე დღეს შევჩერდით ერთი ბორცვის წვერზე, რათა ქვის კონსტრუქცია გვენახა. ჯეიკობის თქმით, ის უნდა აეგო თულეს ხალხს, ინუიტთა წინაპრებს, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ 800-1000 წლის წინ. „ბანაკები ყოველთვის შემაღლებულ ადგილზეა მოწყობილი, საიდანაც კარგად დაზვერავთ ნადირს“, – თქვა ჯეიკობმა. ქვის კონსტრუქციის ირგვლივ კიდევ ქვები დაეწყოთ წრიულად. ჯეიკობის განმარტებით, ამ ქვებს მონადირეები სელაპის ტყავისგან შეკერილ კარავთა კუთხეების დასაფიქსირებლად იყენებდნენ.
იმ დღის განმავლობაში ჯეიკობს ბევრი არ ულაპარაკია, მაგრამ საღამოს, როდესაც ჩაის ვსვამდით და „24-საათიან მზეს“ გავცქეროდით ჰორიზონტზე, მან ცოტა რამ გამიზიარა თავის წარსულზე. 9 და-ძმიდან უმცროსი, ჯეიკობი, დაიბადა კანადის კონტინენტურ ნაწილში, მდინარე მაკნოტონის სანაპიროზე, დაახლოებით 200 კილომეტრის დაშორებით იოა-ჰეივენიდან. მისი მშობლები მიჰყვებოდნენ სეზონურ კალენდარს – ზაფხულში ნადირობდნენ კარიბუზე, ხარვერძსა და თეთრ დათვზე, ხოლო ზამთრის პერიოდებში ცხოვრობდნენ იგლუებში, რომლებსაც სელაპის ცხიმის ლამფებით ანათებდნენ და ათბობდნენ.
როდესაც ჯეიკობი 5 წლის იყო, კანადის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მისი ოჯახი იძულებით გადააბარგეს იოა-ჰეივენში, რათა ბავშვებს განათლება მიეღოთ. მათ გამოუყვეს პატარა სახლი და მოკრძალებული ფულადი დახმარება, მაგრამ ეს თანხა არ იყო საკმარისი იმპორტირებული ხორცის საყიდლად, ხოლო სანადირო ადგილებით იოა-ჰეივენი ღარიბი იყო. სკოლაში ჯეიკობს ძალიან გაუჭირდა სოციალიზაცია. „კარიბუს ტყავის ტანსაცმელი მეცვა – კარიბუს შარვალი, კარიბუს ხელთათმანები, ყველაფერი კარიბუსი, – ამბობს იგი, – ბავშვები კი დამცინოდნენ, რადგან ისინი სამხრეთიდან ჩამოტანილ ახალ ტანსაცმელს ატარებდნენ“.
ზაფხულობით მისი მშობლები იოა-ჰეივენს ტოვებდნენ ხოლმე, რომ ენადირათ, მაგრამ ჯეიკობი დასახლებაში რჩებოდა და საბოლოოდ კონსერვაციის ოფიცრის სპეციალობას დაეუფლა. მის ამოცანებში შედიოდა თეთრი დათვის ტრანკვილიზატორიანი ისრით დაძინება, მისი გაზომვა და სისხლისა თუ ბეწვის ნიმუშების აღება. ამჟამად ჯეიკობი მუშაობდა სანადირო გიდად და უძღვებოდა ინუიტების მუზეუმს.
იმ ღამით მდინარის შესართავთან დავბანაკდით. მშვიდი საღამო იყო, ტროპოსფეროში ფრთა ღრუბლები იგრიხებოდა. ტომს მოემარჯვებინა „ფრანკლინის ბიბლია“ – ჩანაწერებით, ფოტოებითა და ესკიზებით სავსე ტყავგადაკრული ჟურნალი.

ტომმა გადაშალა ჟურნალი და მაჩვენა ქვის სახლის ჩანახატები: ოთხი კედელი და ერთი კარის ღიობი. ჭერი აღარ ჰქონდა, შიგნით კი ოთხი მართკუთხა საცავი იყო. „აი, ეს დავინახე ფრენისას 2015 წელს, – თქვა მან, – და ეს ზუსტად ემთხვევა ბენ პუტუგუკის ნაამბობს“.
ტომის აღწერილი ქვის სახლი საოცრად ჰგავს ასევე ერთ მნიშვნელოვან ანგარიშს, რომელსაც გვაწვდის მევეშაპე, სახელად პიტერ ბეინი. 1867-1868 წლების ზამთარში ბეინი შეხვედრია რამდენიმე ინუიტს და მათ ასეთი ამბავი მოუყოლიათ: ორი მოზრდილი ხომალდი ყინულებში მომწყვდეულიყო მეფე უილიამის კუნძულის დასავლეთ სანაპიროზე. მეზღვაურებს ბანაკი დაუციათ და კარვები გაუშლიათ, რომლებიც გავსებულა დაავადებული და მომაკვდავი ადამიანებით. დაღუპულთა უმეტესობა მახლობელ ბორცვზე დაუკრძალავთ, მაგრამ ერთი მამაკაცი გემბანზე გარდაცვლილა და „სანაპიროზე ჩამოუსვენებიათ… სხვებივით მიწაში არ დაუმარხავთ, არამედ კლდის ღიობში… ბევრი ტყვია გაუსვრიათ სამხედრო წესით“. ინუიტები ახსენებდნენ ერთ მოზრდილ და რამდენიმე მომცრო „ცემენტით დალუქულ საცავს“, რომლებიც აკლდამაში მოუთავსებიათ და იქ, მათი რწმენით, მხოლოდ წერილობითი დოკუმენტები ინახებოდა. ინუიტების ანგარიში იმდენად დეტალურ სურათს აღწერდა, ბეინს რუკა ჩაუხატავს, რომელზეც აკლდამის ადგილმდებარეობა, თითქოს, სადღაც ვიქტორი-პოინტის სიახლოვეს იყო დატანილი.
მომდევნო დღეს ტომი გაგვიძღვა ჩრდილოეთისკენ, კაუჭის ფორმის ნახევარკუნძულისკენ, რომელიც კობალტისფერ ზღვაში იჭრებოდა. მცირე მანძილი რომ გავიარეთ, ყურადღება მიიქცია წრიულად დაწყობილმა კირქვის ლოდებმა – როგორც ჩანს, კიდევ ერთი წრე კარვის მოსაწყობად. იქ დავინახე ბანაკის მიმოფანტული ნივთები, მათ შორის, ძველი ციცხვი, დაჟანგული მელის მახე და რამდენიმე ტყვიის მასრა.
მაგრამ ერთ ისეთ ნივთსაც ვხედავდი, რომელიც არ შეესაბამებოდა ინუიტების ძველ ბანაკს: ლითონის დეტალი წააგავდა თითბრის მილის ფიტინგს ოთხი ნახვრეტით – სამი მათგანი ექვსკუთხა თავით, ერთი კი მილის ჩასახრახნად საჭირო ფორმის.
„რა არის ეს შენი აზრით?“ – შევეკითხე ტომს.
„მე ვიტყოდი, რომ „ერებუსის“ ან `ტერორის“ ორთქლის ძრავის ნაწილს ჰგავს“, – თქვა მან.


ტომ გროსი და მეთიუ ირვინგი კვადროციკლის შეკეთებას ცდილობენ. 10 დღის განმავლობაში მათ 800 კმ დაფარეს ფრანკლინის ძიებისას მეფე უილიამის კუნძულზე. გუნდმა იპოვა რამდენიმე არტეფაქტი, მათ შორის, ფიტინგი (მარჯვნივ), რომელიც გემის ორთქლის ძრავის ნაწილი შეიძლება იყოს.
ჯეიკობმა და მე ვიპოვეთ პირიტის ბურთიც, რომელსაც ინგლისში ცეცხლის დასანთებად იყენებდნენ 1800-იან წლებში. გუნდის სხვა წევრმა კი მიწიდან აიღო დაახლოებით 40 სმ სიგრძის კარვის ხის პალო. ჯეიკობის თქმით, ინუიტები პალოებს არ იყენებდნენ და, ამასთან, ჯოხებს თვალის ზომით თლიდნენ და არა ზუსტი ზომებით.
ჩვენი დასკვნით, ფრანკლინის არტეფაქტებს ვუყურებდით და, წესით, ახლოს უნდა ვყოფილიყავით ქვის სახლთან, რომელიც ტომმა ფრენისას დაინახა. მაგრამ მეფე უილიამის კუნძულს თავისი საიდუმლოების გადამალვა სჩვევია. მომდევნო 4 დღის განმავლობაში ყველგან ვიჩხრიკებოდით, მაგრამ ეს ლანდშაფტი ჭკუის შემშლელად ერთგვაროვანი იყო. გარკვეული დროის შემდეგ ვიგრძენით, რომ უკვე წრეებზე დავდიოდით – ეს ფაქტი ჩემმა GPS-მაც დაადასტურა.
რაც უკვე „ჩვენს ხელში“ გვეგონა, ქარის დევნას დაემსგავსა და ტომმაც დასავლეთით გადაგვისროლა – ადგილზე, რომელსაც ერებუსის უბეს უწოდებენ.
ორი დღის შემდეგ ჯეიკობი, ტომი და მე კოცონს შემოვუსხედით ერებუსის უბის სანაპიროზე. შეშის ტკაცუნის ფონზე ტომმა გადაშალა „ფრანკლინის ბიბლია“ და წაგვიკითხა კიდევ ერთი ინუიტის ანგარიში.
1866 წელს ჩარლზ ფრენსის ჰოლი წერდა, რომ იგი შეხვდა ერთ ინუიტს, სახელად კოკ-ლი-არნგ-ნუნს და მან ამგვარი ისტორია მოუთხრო: მეფე უილიამის კუნძულის სანაპიროსთან ხომალდზე მიუწვევიათ. იქ შეხვედრია გემის კაპიტანს, „მოხუც კაცს განიერი მხრებით, ჭაღარა თმითა და სავსე სახით“. თხრობისას კაპიტანს უწოდებდა ტუ-ლუ-არკს (ყორანი). შემდეგ ტომმა გვიჩვენა ფრანკლინის დაგეროტიპის ასლი. ზედ გამოსახული კაპიტანი, ფართოფარფლიანი, წაწვეტებული შავი ქუდითა და გრძელი, მუქი შინელით, მართლაც კარგად ერგებოდა ყორნის აღწერილობას. ამ ხომალდს ღუზა ფართო უბეში ჰქონდა ჩაშვებული. იქ „უამრავი იარაღმომარჯვებული ადამიანი მდგარა ყინულზე; ბევრ მათგანს გრძელტარიანი დანაც სჭერია“. ისინი მწკრივად გაჭიმულიყვნენ უბეში, სადაც კარიბუებს ერეკებოდნენ და მათ „დიდი რაოდენობით ხოცავდნენ“.

ამ ანგარიშის კითხვა რომ დაასრულა, ტომმა მოგვმართა: „როგორ მოიქცეოდნენ მეფე უილიამის კუნძულზე სანადიროდ მისული ინუიტები, როცა ნახავდნენ, რომ მთელ ნადირს თეთრკანიანები ხოცავდნენ?“ მან ჯეიკობს გახედა, მაგრამ მისი მეგობარი დუმდა. თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი ტომმა ინუიტებთან ერთად გაატარა და იგი მიჩვეული იყო მსგავს სიჩუმეს. მან თავად უპასუხა საკუთარ შეკითხვას. „ინუიტი შამანები დაწყევლიდნენ ფრანკლინის ბიჭებს“, – თქვა მან. „მჯერა, რომ ერთ დროს ინუიტებმა იცოდნენ, სადაც მდებარეობდა ფრანკლინის აკლდამა, მაგრამ არ სურდათ ვინმეს ეპოვა, რადგან ის დაწყევლილი იყო“.
ჯეიკობი კვლავ მდუმარებას არჩევდა. იგი მიშტერებოდა თავისი ჩექმის სარჩულს, რომელსაც ორთქლი ასდიოდა ცეცხლთან გაშრობისას. როდესაც ტომი კარავში შევიდა, ჯეიკობმა შემომხედა და მითხრა: „ბავშვობაში დედამ მითხრა, შამანებზე არასოდეს ილაპარაკოო. ეს ცუდის მომასწავებელია“.
ერთი თვის შემდეგ, ჩრდილო-დასავლეთის გასასვლელში ყინულით გარშემორტყმულს, ბევრად უფრო დიდი საფიქრალი მქონდა, ვიდრე ჩვენი წარუმატებელი ძიება. როდესაც მეფე უილიამის კუნძული დავტოვეთ, ჩვენს დასახმარებლად „პოლარული მზის“ ბორტზე შემოგვიერთდა ჯეიკობი, მაგრამ, ყინულის რაოდენობის გათვალისწინებით, დიდად, ალბათ, ვერც ვერავინ გვიშველიდა – მხოლოდ იმედს თუ დავიტოვებდით, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთის ძლიერი ქარი დაუბერავდა და ყინულს ერთიანად „გადაბერტყავდა“ უბიდან. თუმცა, ამის ნაცვლად, ქარმა ჩრდილო-დასავლეთით დაქროლა. ყოველ მომდევნო დღეს სულ უფრო მეტი ყინული გროვდებოდა უბეში და „პოლარულ მზეს“ განადგურებით ემუქრებოდა, ან კიდევ უარესი – ქარს შეეძლო გავერიყეთ და ჩვენი გემი ნაპირზე შეეგდო, სადაც ის სამუდამო განსასვენებელს იპოვიდა და ჩემი ამპარტავნების ძეგლადაც აღიმართებოდა.
და აი, იმედის გადაწურვის მომენტში ჩვენ გაგვიღიმა ბედმა, რომელმაც ფრანკლინს უმუხთლა: ყინვა ჩაანაცვლა შუადღის კაშკაშა მზემ, რომელმაც გარშემო ყინული ააბრიალა. ყოველ რამდენიმე წუთში ყინულის მსხვრევის გამაყრუებელი ხმები ჩაგვესმოდა და ექოსავით ვრცელდებოდა უბეში. ორი დღით ადრე თოკით მივებით დიდ მცურავ ყინულს, რომელიც გვიცავდა თავბრუდამხვევად მოძრავი ნატეხებისგან. ახლა კი მას ყინულის დიდი მასა მოწყდა და ისეთი ტალღა წარმოშვა, იფიქრებდით, ჩვენს გემს ვეშაპი აჯანჯღარებსო.

„წასვლის დროა“, – თქვა ჯეიკობმა მშვიდად და დაიწყო მიბმული თოკის ჩახსნა, კაპიტნის თანაშემწე ბენ ზარტმენმა კი ძრავა დაქოქა. ჯეიკობი და მე კიჩოზე შემოვსკუპდით, როდესაც ბენმა საცურაო აუზის ზომის ღია წყალში გაგვიყვანა, მაგრამ ჩვენ ჯერ მაინც ყინული გვიღობავდა გზას.
ბენმა ძრავა ააბღუვლა. „მოიცა, მოიცა, ცოტა ნელა!“ გავყვიროდი აქედან. მაგრამ ბენს არ ესმოდა – ან, სულაც არ ანაღვლებდა ჩემი შფოთვა. ჩვენი იალქნიანი გემი საზარელი ხრაშუნით დაეჯახა ყინულს და კიჩო წყლიდან აიზიდა. ჯერ გვერდით გადავიხარეთ, შემდეგ კი ეს 17-ტონიანი ხომალდი კვლავ წყალში ჩაეშვა და მუქი ნაკვალევი დატოვა ყინულზე. ბენის დაჟინებამ შედეგი გამოიღო. ყინულს ტრეილერის ზომის ნატეხი მოსწყდა და ვიწრო დერეფანი გაიჭრა.
მომდევნო ორი საათის განმავლობაში პატარა არხების რიგს მივუყვებოდით და ასე მივიკვლევდით გზას სამხრეთისკენ, ჯეიმს როსის სრუტეში. როდესაც „პოლარულ მზე“ საბოლოოდ გაიჭრა ღია წყალში, შვების შეგრძნება გამინელა იმის გახსენებამ, რომ ჩვენ ჯერ კიდევ 2100 საზღვაო მილი უნდა დაგვეფარა – ატლანტის ოკეანის გადაცურვის ეკვივალენტური მანძილი – და ყოველ ნებისმიერ დღეს მოდრეიფე ყინულის მასები შეიძლება ბოფორტის ზღვიდან დაძრულიყო და ბერინგის სრუტისკენ მიმავალი გზა ჩაეხერგა.
„პოლარულ მზეს“ გაჭირვებით მივაქანებდით დასავლეთით, ცენტრალურ არქტიკაში. ზაფხული უკვე იწურებოდა. ღამეც დაგვიბრუნდა, მაგრამ ციდან ნაცრისფერი ღრუბლების ფარდა ეშვებოდა, ერთ ვარსკვლავსაც კი ვერ ვლანდავდით. მსურდა სრულად შემეგრძნო აქაურობის სილამაზე – სანახაობა, რომლის აღწერისგან, ალბათ, ფრანკლინიც ვერ შეიკავებდა თავს. ვნახეთ თეთრი ვეშაპების გუნდი, რომელიც წყალქვეშ ისრის ფორმის მწკრივად მიცურავდა, ვნახეთ ლომვეშაპების უწესრიგო თავყრილობებიც, თოლიები კი მოიერიშე პილოტებივით ჩაგვიქროლებდნენ ხოლმე კიჩოსთან. სხვა ხომალდებიც შემოგვხვდნენ, მათ შორის, კანადის ყინულმჭრელი და გიგანტური წითელი გემი, რომელიც ისეთი მარშრუტით დაცურავდა, ალბათ, ნავთობის საბადოებს დაეძებდა ღია ზღვაში.
ფრანკლინის ეკიპაჟის ზოგიერთმა წევრმა ფოტო გადაიღო ინგლისის დატოვებამდე 1845 წელს. კაპიტნის თანაშემწე ფრენსის როუდონ კროზიე გამომწყვდეულა არქტიკის ყინულებში. ფრანკლინის სიკვდილის შემდეგ მან ითავა ხელმძღვანელობა, თუმცა მომდევნო ამბები უცნობია.
ჯეიმს რიდი
ჯეიმს ფეარჰოლმი
ედვარდ კუჩი
ჯეიმს ფიცჯეიმსი
ჩარლზ ჰამილტონ ოსმერი
ჰენრი თომას დუნდა ლე ვესკონტი
შარლ დე ვო
გრემ გორი
ჰენრი ფოსტერ კოლინსი
ჰარი დ. ს. გუდსერი
სტივენ სტენლი
ფრანკლინის ეკიპაჟის ზოგიერთმა წევრმა ფოტო გადაიღო ინგლისის დატოვებამდე 1845 წელს. კაპიტნის თანაშემწე ფრენსის როუდონ კროზიე გამომწყვდეულა არქტიკის ყინულებში. ფრანკლინის სიკვდილის შემდეგ მან ითავა ხელმძღვანელობა, თუმცა მომდევნო ამბები უცნობია.
ჯეიმს რიდი
ჯეიმს ფეარჰოლმი
ედვარდ კუჩი
ჯეიმს ფიცჯეიმსი
ჩარლზ ჰამილტონ ოსმერი
ჰენრი თომას დუნდა ლე ვესკონტი
შარლ დე ვო
გრემ გორი
ჰენრი ფოსტერ კოლინსი
ჰარი დ. ს. გუდსერი
სტივენ სტენლი
საბოლოოდ შემოვუარეთ ბაროუს კონცხს (ალასკა) და სამხრეთით გადავუხვიეთ ბერინგის სრუტისკენ, რომელიც ჩრდილო-დასავლეთის გასასვლელის არაოფიციალური ფინიშის ხაზია. როდესაც ჩუკოტკის ზღვა გადავსერეთ, სატელიტურ ტელეფონზე გზავნილი მივიღე მეუღლისგან: „გაიგე ტაიფუნ მერბოკზე?“ მეკითხებოდა იგი. აშშ-ის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური მას უწოდებდა „უძლიერეს შტორმს უკანასკნელ ათწლეულში“. ტაიფუნი არქტიკაში? გამეფიქრა მე; რა აბსურდია.
პოინტ-ჰოუპის სანაპიროდან რამდენიმე კილომეტრში ღუზა ჩავუშვით, რათა დავლოდებოდით შტორმისა და 3-4-მეტრიანი ტალღების ჩაცხრომას. ქარი გემსართავებში გაჰკიოდა, მე კი კვლავ ფრანკლინის ამბებს ჩავკირკიტებდი და თავს არ მანებებდა მარადიული შეკითხვა: რა ბედი ეწია ფრანკლინსა და მის გუნდს?
1848 წლის აპრილში გემი მიატოვა ეკიპაჟის 105-მა წევრმა, აქედან მხოლოდ 30 მათგანის ნეშტი იპოვეს დღემდე. რა ბედი ეწიათ დანარჩენებს? 1870-იან წლებში ერთ ამერიკელ მევეშაპეს შემოხვდნენ ინუიტები და მოუთხრეს, რომ წლების წინ თეთრკანიან მამაკაცებს გადაჰყროდნენ მელვილის ნახევარკუნძულზე – მეფე უილიამის კუნძულიდან დაახლოებით 480 კმ-ის მანძილზე აღმოსავლეთით. ამ ჯგუფს მიუძღოდა უნიფორმიანი მეთაური, სამი ზოლით სახელოზე. ინუიტების რწმუნებით, უცხოელებს ქაღალდები შეუნახავთ ქვების გროვაში – და მთელი ამბის დასტურად, ვერცხლის კოვზიც უჩვენებიათ ფრანკლინის ემბლემით.
დაახლოებით იმავე პერიოდში სხვა ინუიტმა ხმალი წარუდგინა ერთ ვაჭარს „ჰუდსონის ყურის კომპანიის“ საგუშაგოზე. ინუიტის თქმით, ის ფრანკლინის ექსპედიციის „დიდებულმა ოფიცერმა“ აჩუქა 1857 წელს – როგორც მადლობის ჟესტი მისი გუნდის წევრებზე ზრუნვისთვის მთელი ზამთრის განმავლობაში.
კროზიე უნდა მოვიაზროთ „დიდებულ ოფიცერში“, რომელიც ჯერ კიდევ მედგრად იდგა 1850-იანი წლების შუა პერიოდში? გარკვეული თვალსაზრისით, ამ ამბავმა ყველაზე მეტად დამასევდიანა ფრანკლინის ისტორიაში, რადგან კროზიე თუ ვიღაც სხვა ათი წელი უძალიანდებოდა არქტიკულ ზამთრებს და სულ მცირე მანძილი დააკლდა, რომ სავაჭრო დასახლებამდე მოეღწია.
ალასკის ქალაქ ნომის შიდა ნავსადგურში „პოლარული მზე“ 20 სექტემბერს საღამოს 19:30 საათზე შეცურდა. 110 დღისა და 5877 საზღვაო მილის დაფარვის შემდეგ არაერთგვაროვანი შეგრძნებები დამრჩა ჩვენი ექსპედიციიდან, რომელიც დასასრულს უახლოვდებოდა. ჯეიკობი აღარ იყო ჩვენთან, მან ექსპედიცია დატოვა მას შემდეგ, რაც ყინულებს თავი დავაღწიეთ. იგი, ალბათ, უკვე კარიბუზე ნადირობდა იმავე მიწებზე, სადაც ფრანკლინის სამარხს ვეძებდით. მაგრამ გამგზავრებამდე ჯეიკობმა „ბომბი“ დამიტოვა: „ვიცი, სად არის დამარხული ფრანკლინი“, – თქვა მან. „ტომს ჰგონია, რომ ჩვენ იქაც ვეძებეთ, მაგრამ ასე არ ყოფილა“.

ჯეიკობმა ერთი წერტილი აღმინიშნა რუკაზე, ჩვენი საძიებო ზონიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით. აი, ისიც.
მისი განმარტებით, ამ ადგილის შესახებ სმენია წინაპრებისგან, რომლებიც მეფე უილიამის კუნძულის ჩრდილოეთ წვერს მიაშურებდნენ ნაპირზე გარიყული ხეების შესაგროვებლად, რათა შუბები, დანის ტარები თუ მარხილები დაემზადებინათ. დიდი ხნის წინ მისმა დიდმა ბებიამ საფლავი იპოვა ხრეშიან ქედზე. „ქვის სახლი“? – დარწმუნებით ვერ იტყოდა, მაგრამ იქვე ბებიას მუშკეტის ტყვიები და ქლიავის კურკები უპოვია – ამგვარი რამ მათ ხალხს მანამდე არასოდეს ენახა.
გაურკვეველი მიზეზით, ჯეიკობი მხოლოდ იმ დროს გამენდო, როდესაც აღნიშნულ ინფორმაციას ვეღარაფერში გამოვიყენებდი. ასე რატომ მოიქეცი-მეთქი, რომ ჩავაცივდი, მან გაიღიმა და რაღაც მითხრა განზოგადებულად – იქნებ, ერთ დღესაც დავუბრუნდეთ იოა-ჰეივენს და ძიება განვაგრძოთო. მაგრამ ისიც დავუშვი, რომ იქნებ, მას სულაც არ სურდა სამარხის გამოაშკარავება. ერთ ღამეს „პოლარული მზის“ კაიუტაში ჯეიკობი შემომიბრუნდა და მითხრა: „ცუდი იღბალი იცის გარდაცვლილ ადამიანთა ამბებში ხელის ფათურმა“.
მოგვიანებით ტომს დავურეკე და ჯეიკობის მონათხრობი ვამცნე. „რა ადგილია?“ – მკითხა მან. მეც ვუთხარი. დიდხნიანი პაუზა. „იქ ხომ უკვე ვეძებეთ“, – ამბობს იგი. მორიგი პაუზა. „იქნებ, კიდევ ერთხელ ვცადოთ მომავალ წელს“.
ადაპტირებულია მარკ სინოტის წიგნიდან „ყინულში“, რომელიც 2024 წლის შემოდგომაზე გამოიცემა. Copyright ©2024 მარკ სინოტი. 2022 აპრილის გამოცემისთვის რენან ოზთურქმა ბაყაყის ახალი სახეობის ძიება გადაიღო პაკარაიმის მთებში (გაიანა).