
„ზოლიანი პიჟამები გვეცვა და ყველას ტილები გვყავდა, მაგრამ ზრდილობიანები და გულწრფელები ვიყავით და სულ იმაზე ვლაპარაკობდით, როგორი უნდა ყოფილიყო მსოფლიო“.
რუბრიკა: ომის ვეტერანები
1943 წელს, ტერეზინის საკონცენტრაციო ბანაკში მოხვედრიდან ცოტა ხნის შემდეგ, ფრედ ტერნამ ჩანახატების კეთება დაიწყო. ტერნა ბანაკის სამსართულიან საწოლებს, საჭმლის მომლოდინე ხალხის რიგებს და მატარებლის ვაგონებს ხატავდა, რომლებითაც ტყვეები აუშვიცში გადაჰყავდათ. ჩანახატებს ხელს არ აწერდა, მხოლოდ სიმბოლოს ახატავდა, რომ გერმანელებს ავტორისთვის ვერ მიეგონოთ. ხატვა ახსენებდა, რომ ადამიანი იყო.
ტერნა 16 წლის იყო, როდესაც 1939 წელს გერმანელები მის მშობლიურ პრაღაში შეიჭრნენ. ექვსი წლის შემდეგ, როცა ქალაქი ამერიკელმა სამხედროებმა გაათავისუფლეს, ტერნა, როგორც თავად ამბობს, „მოსიარულე ჩონჩხად“ იყო ქცეული. ამ დროის განმავლობაში ოთხი საკონცენტრაციო ბანაკი გამოიცვალა: გადაურჩა მუდმივ შიმშილს, მომაკვდინებელ ყინვებს და გაქცევის მცდელობისთვის სიკვდილით დასჯას. პრაღაში დაბრუნებულმა გაიგო, რომ ომის წლებში მისი ოჯახის ყველა წევრი დაიღუპა.
ტერნამ ცოლად საკონცენტრაციო ბანაკში გაცნობილი ქალი შეირთო და ნიუ-იორკში გადასახლდა. ამერიკაში იგი პროფესიონალი მხატვარი გახდა. 96 წლის ტერნა დღემდე ხატავს და ლექციებს კითხულობს.
ომის დასრულებიდან 40 წლის შემდეგ ტერნამ აღმოაჩინა, რომ ვიღაცამ მისი ტერეზინის ჩანახატები შეინახა და ისრაელში წაიღო. „მაშინ არ ვიცოდი, რომ ისტორიულ დოკუმენტებს ვქმნიდი“. როგორც მის მხარზე ამოსვირინგებული ნომერი – 114974 – ეს ჩანახატები იმ საზარელი ამბების ნივთმტკიცება იყო, რომლებიც მას და ჰოლოკოსტის 6 მილიონ ებრაელ მსხვერპლს გადახდა. „ჩვენი ოჯახის წევრები ომს შეეწირნენ, მაგრამ მათი ხსოვნა ცოცხალია, – ამბობს იგი. – ჩემი და, გარკვეულწილად, უკვე თქვენი მოვალეობაცაა, რომ ადამიანებს ეს ტრაგედია შეახსენოთ“.