ზვიგენებზე შეყვარებული
ზვიგენების სიყვარულმა კონსერვაციონისტი-ფოტოგრაფის კარიერა აარჩევინა, ახლა კი იგი ცდილობს, თავისი აღტაცება სხვებსაც გაუზიაროს.
ზვიგენებზე შეყვარებული
ზვიგენების სიყვარულმა კონსერვაციონისტი-ფოტოგრაფის კარიერა აარჩევინა, ახლა კი იგი ცდილობს, თავისი აღტაცება სხვებსაც გაუზიაროს.
ზვიგენები მღელვარებას და შიშს იწვევენ. პეშაკი ცდილობს, შიში აღტაცებად აქციოს.
როდესაც 60 წლის დედაჩემი ოკეანეში ჩავუშვი, მის სიახლოვეს დიდი თეთრი ზვიგენი მოცურდა. დედაჩემმა ზვიგენს შეხედა და წყალქვეშ გაუჩინარდა. როდესაც ამოყვინთა, მძიმედ სუნთქავდა, მაგრამ იღიმებოდა. ალბათ იმიტომ, რომ ზვიგენებისგან ფოლადის გალია იცავდა.
რაც თავი მახსოვს, მინდოდა ზვიგენების სიყვარული ყველასთვის გამეზიარებინა. პირველი ზვიგენი 16 წლისამ ეგვიპტეში, სინის ნახევარკუნძულზე ვნახე. ბარაკუდებს შორის სამი შავფარფლება ზვიგენი დაცურავდა. მიახლოება ვცადე, მაგრამ ძლიერმა დინებამ რიფამდე გამრიყა. როდესაც ხალხს ამ სამოყვარულო ფოტოებს ვუჩვენებდი და ვუხსნიდი, რომ პატარა ლაქები ზვიგენები იყვნენ, უნდობლად მიღიმოდნენ: „ჰო, აბა რა“. მას შემდეგ ჩემს მთავარ მიზნად ზვიგენებთან კიდევ უფრო ახლოს მისვლა იქცა.
საზღვაო ბიოლოგიიდან ფოტოგრაფიაზე გადავერთე და ოცი წელია, რაც ზვიგენებს აღვბეჭდავ. ხშირად მეკითხებიან, რა არის ყველაზე სახიფათო ჩემს საქმეში. სტატისტიკის მიხედვით, ჩემი ცხოვრების ყველაზე სახიფათო საქმიანობა გზების გადაკვეთა, მანქანის ტარება და ტოსტერში პურის გახუხვაა. ზვიგენები არ არიან ისეთი საშიშები, როგორც გამოჰყავთ, თუმცა ზოგიერთი მათგანი მართლაც საზარელი მტაცებელია. მათთან ურთიერთობა პრივილეგიაა, რომელსაც პატივისცემით, თავმდაბლობით და ერთგულებით ვეკიდები.

National Geographic-ის SharkFest-ის 10 წლის იუბილეა. დატკბით ამ დიდებული მტაცებლებით ივლისსა და აგვისტოში National Geographic-ის არხზე და Disney+-ზე.