ფერნანდო ტრუხილიო
ის ამაზონის „ვარდისფერი ელჩების“ დამცველია.
შარშან სექტემბერში ფერნანდოსთან განგაშის ზარი შევიდა. ბრაზილიაში ტეფეს ტბაზე მომხდარის შესახებ შეძრწუნებული ხმით რეკავდნენ მისი კოლეგა მეცნიერები. 2023 წლის ულმობელ ზაფხულში ტბაში წყლის ტემპერატურამ ყველა წინანდელ მაჩვენებელს გადააჭარბა და ამან, როგორც ელოდნენ, მდინარის დელფინებზე მოახდინა გავლენა. „სამი მკვდარი დელფინი, – იხსენებს ტრუხილიო, – შემდეგ კიდევ ხუთი მკვდარი, ბოლოს კი 70 მკვდარი ერთ დღეში“.
ტრუხილიოსთვის ტეფეს ტრაგედია, გარდა დიდი დანაკარგისა, იყო მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელმაც დაანახა, თუ რამდენად მგრძნობიარენი არიან მტკნარი წყლის ეს არსებები. სულ რამდენიმე დღეში 157 დელფინი – მთელი ტბის პოპულაციის 10% – დაიღუპა წყლის ტემპერატურის აწევის გამო, რომელმაც 38 გრადუსს გადააჭარბა. სითბური სტრესი ყველაზე რეალურ ახსნად მოჩანდა. ტრუხილიო იმედოვნებს, რომ ეს ტრაგედია ხალხს სხვა საფრთხეებზეც დააფიქრებს, როგორებიცაა ჰაბიტატის დაკარგვა, წყლების მოწამვლა თუ ჭარბი თევზაობა, რაც მძიმე მდგომარეობაში აგდებს მდინარის დელფინებს იმ თოთხმეტივე ქვეყანაში, სადაც ისინი ბინადრობენ. ტრუხილიო ჩართულია National Geographic-ისა და Rolex Perpetual Planet-ის ამაზონის ექსპედიციაში, რომელიც ამაზონის აუზს იკვლევს. „ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს მხოლოდ დელფინებს არ ეხება, – ამბობს ტრუხილიო, – ეს ეხება მდინარეებს და იმ 1,5 მილიარდ ადამიანსაც, რომლებიც იქ ცხოვრობენ. ჩემი აზრით, დელფინები ყველა იმ პრობლემაზე მიგვითითებენ, რომლებიც ამ რეგიონს აქვს“.
სტატიის მხარდამჭერი Rolex-ი ჩართულია National Geographic-ის ექსპედიციებში, რომელთა მიზანია ჩვენი პლანეტის უნიკალურ რეგიონებში მიმდინარე ცვლილებების კვლევა და დოკუმენტირება.