საჰარის იდუმალი სასაფლაო
დინოზავრებზე მონადირე მეცნიერი აფრიკის ქვის ხანის უდიდეს სამარხს წააწყდა.
ოცზე მეტი წლის შემდეგ იგი ისევ აქ ბრუნდება.
საჰარის იდუმალი სასაფლაო
დინოზავრებზე მონადირე მეცნიერი აფრიკის ქვის ხანის უდიდეს სამარხს წააწყდა. ოცზე მეტი წლის შემდეგ იგი ისევ აქ ბრუნდება.
მეცნიერების გუნდი საჰარის უდაბნოს შუაგულში ქვიშის პატარა დიუნის თავზე დგას და ახალამოთხრილ სამარხს მიშტერებია. ადამიანის სამი ჩონჩხი გვერდზე გადაბრუნებული წევს, გეგონება, ამ ფხვიერ, ყავისფერ ქვიშაში ჩაეძინათ და აღარ გაიღვიძესო.
მალე ბინდი ჩამოწვა. ექსპედიციის უკანასკნელი დღეები იყო გობეროს არქეოლოგიურ ველზე, ნიგერის ტენერეს უდაბნოში. ტენერეს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც უდაბნოს უდაბნოში. აქ წვიმა თითქმის არასოდეს მოდის. აქ მოძრავი ქვიშის ვეებერთელა ზღვები, ანუ ერგები, დაგხვდებათ. ტემპერატურა ჩვეულებრივ 50°C-ზე მეტია. დამაბრმავებელი ქვიშის ქარიშხლები გაუფრთხილებლად მოდის, ნიგერის მთავრობა კი ნებისმიერ ვიზიტორს ბანდიტებისგან დასაცავად ჯარისკაცთა რაზმებს აყოლებს თან. მაგრამ ამ ვერან ლანდშაფტზე გვხვდება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი არქეოლოგიური ძეგლი: თითქმის 10 000 წლის სამარხი.
ამავე დილით კოლეჯის ერთმა სტუდენტმა, ჰანა მუტსმა, ხის პატარა წერაქვითა და ფუნჯით თავის ქალის ამოთხრა დაიწყო. თავის ქალა მიწიდან ოდნავ მოჩანდა. სტუდენტმა ნელ-ნელა გააშიშვლა თვალის ბუდეები და ყბა, შემდეგ კი კისერს ჩაუყვა და მხარსაც მიაგნო. ბოლოს მკლავის გაყოლებაზე თითის ძვლებიც იპოვა. აქ გაჩერდა. ერთი სხეულისთვის ზედმეტად ბევრი თითი იყო. ექსპედიციის ხელმძღვანელი პოლ სერენო სტუდენტს შეუერთდა და მალე კიდევ მეტი ძვალი იპოვეს – ბევრად მეტი.


ფოტო: რებეკა ჰეილი
უმარუ იდე, ნიგერელი არქეოლოგი, მახლობელი კვადრატიდან მოვიდა პროცესზე დასაკვირვებლად. ნაშუადღევს დიუნის სანახავად შემოიკრიბნენ გუნდის სხვა წევრებიც დამწვარი კანითა და მარილით დალაქავებული ტანსაცმლით. სამარხის სანახავად ზოგიერთი ჯარისკაციც კი მოვიდა, ხელში შაშხანით. როდესაც მზის სინათლე შესუსტდა და უდაბნოს ჰაერიც გაგრილდა, საკვირველი სურათი სრულად გამოიკვეთა.
ერთი ჩონჩხის მენჯი მიუთითებდა, რომ ის ქალი იყო. მის პირისპირ ორი ბავშვი იწვა – მათი კბილებით თუ ვიმსჯელებთ, ხუთი და შვიდი წლის. ხუთი წლის ბავშვს პატარა მკლავი უფროსის ყელზე ჰქონდა მოხვეული. ქალს მარჯვენა მკლავი უფროსი ბავშვის თავქვეშ შეეცურებინა. მარცხენა ხელი ხუთი წლის ბავშვისთვის ჩაეკიდებინა – ასე მოგროვილიყო თითის ძვლების აბურდული გროვა. „ხელჩაკიდებული იყვნენ“, – წაიჩურჩულა ვიღაცამ.
ბევრი შეკითხვა გაჩნდა: იყო თუ არა ეს დედა-შვილი? ვინ დაასაფლავა ისინი ასე ნაზად ჩახუტებულნი? როგორ დაიხოცნენ ისინი? უცაბედი ტრაგედია იყო, თუ რაღაც ტიპის რიტუალური მსხვერპლშეწირვა? სიკვდილის მიზეზი არ ჩანდა – მათი კბილებითა და ძვლებით თუ ვიმსჯელებთ, ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგი ჰქონდათ და არც ფიზიკური ტრავმის ნიშნები ეტყობოდათ. რბილი ქსოვილის გარეშე შეუძლებელი იყო იმის თქმა, როგორ მოკვდა სამი, ერთი შეხედვით, ჯანმრთელი ადამიანი ერთდროულად.
„იქნებ, დაიხრჩვნენ“, – თქვა სერენომ.
მე ვიყავი ერთ-ერთი, ვინც 2006 წელს იმ დიუნის თავზე იდგა. მაშინ National Geographic-მა მიმავლინა. თითქმის ოცი წლის შემდეგ, დღეს უკვე ჩემი ორი შვილით, ჯერაც ამ სცენის საიდუმლოებით ვარ აღტყინებული. მაგრამ ეს მხოლოდ ერთ-ერთი საიდუმლოებაა, რომელიც ამ ადგილას გასულ ოც წელში გამოვლინდა. როგორც ტენერე არის უდაბნო უდაბნოში, ისე გობერო არის სამეცნიერო გამოცანა გამოცანაში. მან სიმშვიდე დააკარგვინა სენეროს, იდესა და ბევრ სხვას, რომლებიც დღემდე ცდილობენ, იპოვონ საიდუმლოების გასაღებები და შეაწებონ დაკარგული სამყაროს მდიდარი სურათი.
ამგვარად, როდესაც 2022 წელს, პანდემიის შეზღუდვების დასრულებიდან მალევე, სერენომ დამირეკა და გობეროში დაბრუნება შემომთავაზა, დაუფიქრებლად დავთანხმდი.
საჰარაში სამი ადამიანის დახრჩობის ვერსია შეიძლება აბსურდულად ჟღერდეს, სანამ მხედველობაში არ მიიღებ, რომ საჰარა ყოველთვის უდაბნო არ ყოფილა. სინამდვილეში, დაახლოებით ყოველ 21 000 წელიწადში ერთხელ ის უდაბნოდან მწვანედ აბიბინებულ სავანად გადაიქცევა. დედამიწის პლანეტური მექანიკის თავისებურებიდან გამომდინარე, ჩვენი პლანეტის ღერძი პერიოდულად ოდნავ გადაიხრება. ამის გამო იმატებს ჩრდილოეთ ნახევარსფეროსკენ მიმართული გამოსხივება, შედეგად კი აფრიკის სეზონური წვიმები ჩრდილოეთით გადაინაცვლებს. მუსონების ამ ციკლმა უამრავი ნალექიანი პერიოდი შექმნა საჰარაში მილიონობით წლის განმავლობაში. ბოლოს ასეთი რამ უკანასკნელი გამყინვარების დასასრულს, დაახლოებით 12 000 წლის წინ მოხდა და 4500 წლის წინა პერიოდამდე გასტანა.
ტექნოლოგიის მეშვეობით მკვლევრები ხედავენ, როგორ გამოიყურებოდა ეს „მწვანე საჰარა“. სატელიტებით გამოავლინეს მდინარის ძველი კალაპოტები და ტბების სანაპიროები, მათ შორის ჩადის ტბის თავდაპირველი გარშემოწერილობა, რომელიც თავის პიკურ პერიოდში უფრო დიდი იყო, ვიდრე ჩრდილოეთ ამერიკის დიდი ტბები ერთად.

ფოტო: პაოლო ვერძონე
მაგრამ მწვანე საჰარის კიდევ უფრო თვალსაჩინო მტკიცებულებებიც გვხვდება. მთელ საჰარაში კლდოვან ფორმაციებზე ამოკვეთილი და დახატული გამოსახულებები მონადირე-შემგროვებელთა აყვავებულ დასახლებაზე მეტყველებს. მხატვრები ფიგურებს დახვეწილი თავსაბურავებით, შუბებისა და ისრების ტყორცნისას გამოსახავდნენ, მაგრამ მთავარი თემა მაინც ის ცხოველები იყვნენ, რომელთაც ხედავდნენ: ბეჰემოთი, ჟირაფი, სპილო, მარტორქა და ანტილოპა – სახეობები, რომლებიც დღეს აფრიკის უფრო ნალექიან მხარეებთან ასოცირდება.
ასეთი მკაფიო სურათების მიუხედავად, ამ ხალხზე ძალიან ცოტა რამ ვიცით. XX საუკუნეში საჰარაში მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლი იპოვეს. გათხრების შედეგად კერამიკული ნაკეთობები და ქვის იარაღები აღმოაჩინეს – მწვანე საჰარის კულტურების წამიერი გამონათებები. ამ ადამიანების არსებობის მტკიცებულებები, ძირითადად, საჰარისთვის სახასიათო ინტენსიურმა გამოსხივებამ, ძლიერმა ქარმა და მოძრავმა ქვიშებმა მიმოაბნია, დამარხა ან მოასუფთავა.
ამიტომ, ნამდვილი სასწაული იყო, როდესაც პოლ სერენომ გობერო იპოვა. ჩიკაგოს უნივერსიტეტის პალეონტოლოგმა და National Geographic-ის მკვლევარმა მედიაში დიდი ყურადღება მიიქცია, როდესაც საჰარაში დინოზავრის ახალი სახეობები აღმოაჩინა, მათ შორის Afrovenator, სწრაფად მორბენალი ხორცისმჭამელი, Suchomimus, ავტობუსის სიგრძის არსება ნიანგის მსგავსი თავით და Jobaria, 20 მეტრის სიგრძის ბალახისმჭამელი წაგრძელებული კისრით.
2000 წელს სერენო სხვა დინოზავრებს ეძებდა. ის ტენერეში სადაზვერვო ექსპედიციას უძღვებოდა. ერთ დილას, გუნდი „ლენდ-როვერებით“ ქედს მიუყვებოდა. ისინი ხანდახან ჩერდებოდნენ და ნამარხების ძებნას ფეხით აგრძელებდნენ. უკვე ბანაკში აპირებდნენ დაბრუნებას, როდესაც ექსპედიციის ფოტოგრაფმა, მაიკ ჰეტვერმა, სამი პატარა დიუნისკენ გაისეირნა. იქ ქვიშა დაფარული იყო ადამიანის ძვლებით, კერამიკის ნამსხვრევებით, მძივებით, ისრისპირებითა და ქვის სხვა არტეფაქტებით. „ასე უბრალოდ ეყარა ქვიშაში, – მითხრა მან, – სადაც გაიხედავდი“.
აქლემის ადგილობრივი მწყემსები აქაურობას გობეროს უწოდებდნენ, მეუბნება ექსპედიციის ერთი ტუარეგი გიდი, ბიდო დინდინი.

აქ ცხოველის ძვლებიც უხვად იყო. პალეონტოლოგები თანამედროვე სახეობებს შეისწავლიან, რათა დინოზავრთა ფიზიოლოგიას ჩასწვდნენ და, ამგვარად, სერენოს ცხოველების ჩონჩხების თითქმის ენციკლოპედიური მეხსიერება აქვს. მან მარტივად ამოიცნო ბეჰემოთის, ჟირაფის, თევზის, ნილოსის ნიანგისა და კუს ძვლები. „ვნახეთ ყველა ის ცხოველი, რომლებსაც სერენგეტიში ვპოულობთ ხოლმე“, – თქვა სერენომ.
დიუნების გვერდით დამშრალი ტბის ფსკერი იპოვეს, რამაც წყლის ცხოველების ასეთი სიმრავლეც ახსნა. „ძალიან ბევრი ახალი ინფორმაცია მივიღეთ, ავღელდით კიდეც“, – თქვა სერენომ. სწრაფი შეფასებით ივარაუდეს, რომ აქ 200-ზე მეტი სამარხი იქნებოდა.
დროთა განმავლობაში სერენო მიხვდა, რომ ამ სამ დიუნს იცავდა რიზოკონკრეციის წრიული არშია – დანალექი ქანის ტიპი, რომელიც ლერწმისა და სხვა მცენარეების ფესვების გარშემო ფორმირდება. ამან შექმნა დამცავი ქერქი, რომელმაც დიუნები შეინარჩუნა. ბოლოს, როდესაც რიზოიდულმა კონკრეციებმა დაშლა დაიწყო, ჩონჩხებიც ამოვიდა. აქ ნახავდით ნახევრად დამარხულ თავის ქალას, ქვიშიდან ამოჩრილ ხელებს, მიმოფანტულ ნეკნებს.
„ეს სამარხები სწორედ რიზოკონკრეციების გამო გადაურჩა ათასობით წელს“, – თქვა სერენომ და მიუთითა ჰარმატანის სეზონურ ქარებზე, რომლებსაც საჰარის მტვერი დასავლეთ აფრიკის გავლით ატლანტის ოკეანისკენ მიაქვს. – „მოშიშვლებული ძვლები აქ დიდხანს ვერ გადარჩება“.
ნიგერში არქეოლოგიური გათხრის ჩატარება რთულია. ეს ქვეყანა უფრო დიდია, ვიდრე საფრანგეთი, გერმანია და იტალია ერთად. ტერიტორიის უმეტესობა ვერან უდაბნოს უკავია, რომელთანაც გზები თითქმის არ მიდის. 1960 წელს საფრანგეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ნიგერმა არაერთი სამხედრო გადატრიალება და ეთნიკური კონფლიქტი გადაიტანა. მას გაუჭირდა სოფლის მეურნეობაზე დაფუძნებული ეკონომიკის დივერსიფიკაცია და ახლაც საკვებისა და მედიკამენტების ქრონიკულ დეფიციტს ებრძვის.
შეუძლებელი იყო იმის თქმა, როგორ მოკვდა სამი, ერთი შეხედვით, ჯანმრთელი ადამიანი ერთდროულად. „იქნებ, დაიხრჩვნენ“, – თქვა სერენომ.
„ნიგერში უამრავ ადამიანს უჭირს აქაური დინოზავრის ნამარხებისა და არტეფაქტების ფასის გააზრება“, – მითხრა სიდი ამარ ტაუამ, ექსკურსიამძღოლმა უდაბნოს ქალაქ აგადესიდან. „ადამიანების უმეტესობა იმაზე ღელავს, ექნება თუ არა სუფთა წყალი, სკოლა შვილებისთვის, სამსახური და უსაფრთხოება“.
ჩრდილოეთში ქვეყნის კოლონიურმა წარსულმა და ურანის დიდმა საბადოებმა, რომლებსაც ფრანგული კომპანიები მართავენ, გავლენა იქონია ზოგიერთი ნიგერელის ხედვაზე – კონკრეტულად, ისეთ შემთხვევათა შეფასებაზე, როდესაც გარეშე პირები მათ უდაბნოში თხრას იწყებენ. „ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ ჩვენ ნავთობს ან ოქროს ვეძებთ“, – მითხრა დინდინმა. ეჭვები კიდევ უფრო გაღვივდა, როდესაც აშშ-ის სამხედროებმა აგადესში დრონების ბაზა ააშენეს რეგიონში სადაზვერვო მისიების განსახორციელებლად.
გობეროს თავდაპირველი აღმოჩენის შემდეგ სერენომ აქ ოთხი სრული ექსპედიციის ჩატარება შეძლო. დინოზავრების ხუთი სხვა არქეოლოგიური ველიდან თავი ნაწილობრივ გაითავისუფლა, რათა ისევ აქ ჩამოსულიყო. ზოგ წელს ჩამოსვლას ვერ ახერხებდა უსაფრთხოების გამო – ტუარეგების აჯანყებისა და ტერორისტულ დაჯგუფებათა მუქარის მიზეზით.

ყოველ ჯერზე, როდესაც ექსპედიცია ბრუნდებოდა და კარვებს შლიდა ძველი, დამშრალი ტბის ფსკერთან, მეცნიერები ინტერესით ელოდებოდნენ ახალ აღმოჩენებს. წაიღო თუ არა უდაბნოს ქარმა პატარა დიუნები? მომთაბარეებმა ხომ არ გადაუარეს ძეგლს? მძარცველებმა ხომ არ გაიტაცეს არტეფაქტები? მაგრამ ყოველ ჯერზე ახალი აღმოჩენები ხვდებოდათ.
აქ იპოვეს კერამიკული ქოთნები სხვადასხვა მოხატულობის წარწერებით, უდაბნოს მეჭეჭებიანი ღორის ეშვი, გომბეშოსა და პითონის ჩონჩხი, დიდი თევზსაჭერი ნემსკავები და ბარჯის წვერები, მათ შორის ერთ-ერთი ნიანგის ყბის ძვლისგან დამზადებული. ნახეს სათუთად დამუშავებული ისრისპირები, დამზადებული მწვანე ფელზიტისგან, წითელი იასპისგან, თეთრი კვარცისა და გაქვავებული ხისგანაც კი; ასევე აფრიკული სირაქლემას კვერცხის ნაჭუჭის მძივები, ბეჰემოთის ძვლისა და ამაზონიტისგან დამზადებული გულსაკიდები.
რამდენიმე პრეისტორიული სანაგვე გადავსებული იყო ნილოსის ქორჭილისა და ლოქოს ძვლებითა თუ მოლუსკის ნიჟარებით. თვითონ ქვიშაც კი მტკიცებულებებს ინახავდა: პალმისა და ლეღვის ხის, ლაქაშისა და ტენიან ზონებთან ასოცირებული სხვა მცენარეების ყვავილის მტვერს.
მაგრამ გუნდის წევრებისთვის ყველაზე შთამბეჭდავი თავად სამარხები იყო. „ყველა ასაკის ადამიანი შეგვხვდა – მოხუცი, ზრდასრული, მოზარდი, ბავშვი, ჩვილი“, – თქვა სერენომ. რადიონახშირბადული დათარიღებით, ყველაზე ძველი სამარხი, რომელშიც 1,85 მეტრი სიმაღლის კაცი ემბრიონის პოზაშია, დაახლოებით 9500 წლის წინა, ანუ მწვანე საჰარის გაჩენის პერიოდიდანაა. ყველაზე გვიანდელი სამარხი, რომელშიც 10 წლის გოგონას ბეჰემოთის ძვლის სამაჯური უკეთია, დაახლოებით 4900 წლისაა და თითქმის ხუთი ათასწლეული აშორებს უადრეს სამარხთან. „ეს ორი სამარხი ქრონოლოგიურად ისევე შორსაა ერთმანეთისგან, როგორც პირველი ეგვიპტელი ფარაონი და ჩემი პაპა. ეს ყველაფერი ერთ პატარა სივრცეში ხდება“, – თქვა სერენომ.


სამარხები, როგორც წესი, ორ დიდ კატეგორიად იყოფოდა. ძველ სამარხებში ადამიანებს მკლავები ტორსთან ახლოს ჰქონდათ მიტანილი, მუხლები კი ნეკნებზე მიბჯენილი, ისე რომ ჩონჩხები დაკეცილ აკორდეონს მოგაგონებდათ. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ზოგიერთი მათგანი მიწას მჭიდროდ შესუდრული მიაბარეს, სავარაუდოდ, ცხოველის ტყავში.
ნიგერის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის არქეოლოგიის ხელმძღვანელის, უმარუ იდეს თქმით, ამ სამარხთა თარიღები გვაფიქრებინებს, რომ ეს ადამიანები კიფიურ – მეთევზე-შემგროვებელთა კულტურას მიეკუთვნებოდნენ, რომელიც დაახლოებით 8000 წლის წინ დასრულდა. ამ პერიოდში გობეროს სამარხები დაიტბორა და რამდენიმე საუკუნით წყალქვეშ აღმოჩნდა.
იდეს თქმით, უფრო გვიანდელი სამარხები ტენერიულ კულტურას მიეკუთვნება: ხალხს, რომელიც კიფიური კულტურის სამარხების გაქრობიდან ათასი წლის შემდეგ გამოჩნდა ამ რეგიონში. სხვა არქეოლოგიურ ველებზე ნაპოვნ მასალაზე დაფუძნებით ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ ტენერიელები ერთ-ერთ ადრეულ მეჯოგეთა კულტურას მიეკუთვნებოდნენ, რომლებიც მწვანე საჰარის ამ უკანასკნელ პერიოდში გამოჩნდნენ.
გობეროში თითქმის ყველა ტენერიელი გვერდზე დაწოლილი იყო დამარხული, თითქოს ეძინათო. ერთ-ერთ სამარხში ქალს ჩვილი უჭირავს – ისინი, სავარაუდოდ, მშობიარობას გადაჰყვნენ. 12 წლის ბიჭს ხელები თავქვეშ ბალიშივით ამოედო, მარჯვენა ხელში კი პაწაწინა ფრინველის ჩონჩხი ეჭირა. იქვე, მამაკაცს ორი კბილი ეშვებივით აქვს ქლიბით წაწვეტებული. კიდევ ერთი კაცი კუს დიდ ბაკანს აზის, მეორეს კი თავზე კერამიკის ქოთანი ახურავს.

ეს სამარხები, სავარაუდოდ, რაღაცას გვიყვება გარდაცვლილებზე. სერენოს უნდოდა, გობეროს ყველაზე მნიშვნელოვანი და განსხვავებული ფიგურები თავიანთ თვალშისაცემ პოზებში შეენახათ. ამიტომ, მან იგივე ტექნიკა გამოიყენა, რასაც პალეონტოლოგები დინოზავრის ნამარხის შესანარჩუნებლად იყენებენ. მან ზოგიერთი ყველაზე საინტერესო სამარხის გარშემო ტრანშეები გათხარა და სამარხები ბათქაშით შეფუთა. ამან გუნდს საშუალება მისცა, ჩონჩხები მიწიანად გადაეტანათ ლაბორატორიაში.
ადამიანის ნეშტის გათხრა სენსიტიური თემაა, მაგრამ გობეროს სამარხების თანამედროვე ლაბორატორიაში შესწავლას კარგი გამართლება აქვს. არიზონის შტატის უნივერსიტეტის პროფესორისა და 2006 წლის ექსპედიციის მონაწილის, კრის სტოიანოვსკის თქმით, ძვლები აურაცხელ ინფორმაციას ინახავს. სტოიანოვსკი ამ ჩონჩხებს 2006 წლის ექსპედიციიდან მოყოლებული შეისწავლის. „ხედავთ ამ ყველაფერს?“ – მკითხა ცოტა ხნის წინ ვიდეოზარში და კამერა წიგნებისა და ფურცლების დასტას მიუშვირა. „ეს სულ გობეროს კვლევაა“.
სტოიანოვსკი ჩონჩხების ანალიზისას ცდილობს გაიგოს, როგორ ურთიერთობდნენ ადამიანები გარემოსთან, რა დაავადებები აწუხებდათ, როგორ ცხოვრების წესს მისდევდნენ – ამ ყველაფერზე მეტყველებს ძვლებსა და კბილებზე დატოვებული ნიშნები. ერთ-ერთი ყველაზე უცნაური იყო ის, თუ რამდენად ცოტა ტრავმა იპოვა მან.
„აშკარა ძალადობის კვალს ვერ ვხედავ“, – თქვა სტოიანოვსკიმ.
ამ ადამიანებს არც შიმშილით, გვალვით, ან ქრონიკული დაავადებით გამოწვეული სტრესის ნიშნები აქვთ. ფორმირების დროს კბილი მინანქრის მიკროსკოპულ შრეებს აგროვებს – ისე როგორც ხეებს ემატება რგოლები – და ამ შრეების დარღვევა გვაწვდის ინფორმაციას დიდი სტრესის, მათ შორის ტრავმის შესახებ. სტოიანოვსკიმ ამ ორი ბავშვის ძირითადი კბილების ანათალი მიკროსკოპულად შეისწავლა სამარხებზე მეტი ინფორმაციის მისაღებად. სერიოზული სტრესის ნიშნები მაინც არ გამოვლინდა.
კიდევ ერთი აღმოჩენა იყო, რომ ეს ადამიანები, თითქოს, არ გადაადგილდებოდნენ. მომთაბარე ადამიანების გადაადგილების დასადგენად ერთმანეთს ადარებენ მათ მიერ მონახულებული ადგილების ქვენაფენ ქანებსა და ადამიანის კბილებში გამომჟღავნებულ სტრონციუმის იზოტოპებს (რომლებიც მცენარეების, ცხოველებისა და წყლის მიღების შედეგად გროვდება). მაგრამ ადამიანებს, რომლებსაც სტოიანოვსკი გობეროში შეისწავლიდა, სტრონციუმის იზოტოპის ერთი ძირითადი მანიშნებელი ჰქონდათ. „დიდად არ გადაადგილდებოდნენ“, – ამბობს იგი.
(მარცხნივ) გუნდი ფუნჯებით ქვიშისგან წმენდს ადამიანის ჩონჩხს გობეროში. მას შემდეგ, რაც ქვიშის ქარიშხალი ძვლებს გააშიშვლებს, ცოტა დრო დარჩება მათ მოსაგროვებლად.
(მარჯვნივ) 2022 წელს გობეროში ექსპედიციის წევრებით გარშემორტყმული პოლ სერენო ბეჰემოთის ნამარხს ათვალიერებს. ორი ათწლეულის წინ ის დინოზავრის ძვლებზე ნადირობდა, როდესაც ეს არქეოლოგიური ველი შემთხვევით აღმოაჩინა. მას შემდეგ იგი აქ რვაჯერ დაბრუნდა ამ უძველესი სამარხების შესასწავლად.
ფოტო: პაოლო ვერძონე
ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიურპრიზი იყო ის, რომ არქეოლოგიურ ველზე ნაპოვნი ცხოველების ათასობით ძვლიდან მხოლოდ ერთი აღმოჩნდა ძროხის. რატომ არ უნდა ეპოვათ ძროხის მეტი კვალი ტენერიულ მწყემსურ კულტურაში? სერენო ფიქრობს, რომ გობეროს ხალხი შეიძლება არც მეჯოგე, არც მომთაბარე იყო. „ყველაფერი, რაც სჭირდებოდათ, გობეროში იყო და ცხოვრების წესიც აქაურობას მოარგეს“.
2022 წელს სერენო სამწლიანი პაუზის შემდეგ ნიგერში დაბრუნდა და ჩვეული სირთულეებიც ისევ დახვდა. დასავლეთ აფრიკის ავიადისპეტჩერების გაფიცვის გამო აგადესში ფრენა შეწყდა. ნიგერის სამხედრო დანაყოფები ტრადიციული ფესტივალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოიძახეს და ექსპედიციის დაცვის ესკორტიც შეფერხდა. სერენო ცდილობდა, ამ ექსპედიციაში რაც შეიძლება მეტი რამ ჩაეტია – დინოზავრის არაერთი ველი იყო გასათხრელი. გობეროსთვის ოთხი დღე შემოინახა, თუმცა შეფერხებათა მიზეზით ოთხის მაგივრად ერთი დღე გაიწერა.
როდესაც გობერომდე მივაღწიეთ, აქაურობა ძლივს ვიცანი. ძეგლის აღმოსავლეთით ქვიშის ვეებერთელა დიუნები დაპატარავებულიყო და აქაურობას მოშორებოდა. ძველი ტბის ფსკერთან რამდენიმე მეჩხრად განლაგებული აკაცია პატარა ტყედ გადაქცეულიყო, მწერებითა და მოჭიკჭიკე ფრინველებით. უცბად კაპის კურდღელიც კი შევაშინე, რომელმაც ბალახის გროვიდან მოკურცხლა.
სერენო ერთ-ერთ დიუნზე ავარდა იმ სამარხის სანახავად, რომლის გათხრასაც აპირებდა. მისი გუნდის წევრები მიმოიფანტნენ და ნამარხებისა და არტეფაქტების ძებნა დაიწყეს. მე ნიგერელ არქეოლოგს, ბუბე ადამუს გავყევი დამშრალი ტბის ფსკერის სანახავად. ადამუ ცნობილია, როგორც ძვლების მაძებარი. ის ხშირად ხედავს არტეფაქტებს, რომლებსაც სხვები ვერ ამჩნევენ.
ადამუ ნელა, ფრთხილად მოძრაობდა და ქვიშიან ზედაპირს აკვირდებოდა. უცბად თითი გაიშვირა. ძვლის ბარჯის დაკბილული წვერი ქვიშიდან ამოშვერილიყო, იქ, სადაც ათასობით წლის წინ მონადირემ ის წყალმარჩხ ტბაში მსხვერპლს დაუმიზნა.
შუადღისთვის ბანაკის მაგიდა სავსე იყო მონაპოვრებით, მათ შორის ბარჯის რამდენიმე წვერით, დიდი სალესი ქვებით, ისრისპირებით, ბეჰემოთის და თევზის ძვლებითა და ნიანგის ქერცლებით. სამარხი, რომლის გათხრაც სერენოს უნდოდა, ქალის აღმოჩნდა. აქამდე აღმოჩენილი ერთი კაცის მსგავსად, ისიც კუს ბაკანთან ერთად დაემარხათ. იყვნენ თუ არა ისინი ერთმანეთთან კავშირში? რატომ იყო კუს ბაკანი მნიშვნელოვანი? მიუთითებდა თუ არა ეს გობეროს ხალხის იდენტობაზე? იქნებ, საიქიოში სჭირდებოდათ?
საკმარისი დრო არ გვქონდა, რომ ჩონჩხი ბათქაშით ამოგვეღო. ჯარისკაცების მეთაურმა ბრძანა, ბანაკში დაღამებამდე უნდა დავბრუნდეთო. სერენომ გააპროტესტა, თუმცა ვერაფერი გააწყო. სამარხი დაიფარა და ავტოკოლონა დაიძრა. უდაბნოში რომ მივიზლაზნებოდით, ვფიქრობდი: ნეტავ, კიდევ რამდენ საიდუმლოს ინახავს გობერო და რამდენი დარჩება ამოუხსნელი.
გასულ ზამთარს სერენომ ჩიკაგოში, თავის ლაბორატორიაში დამპატიჟა. იქ დამხვდა უძველეს არსებათა ისეთი კოლექცია, რომ მუზეუმის მოწყობაც შეიძლებოდა. კარს ნიანგისებრთა გადაშენებული გვარის (Sarcosuchus) თავის ქალა იცავს – საკმარისად დიდი იმისთვის, რომ მის ყბაში მე თვითონ დავეტიო. აქ ნახავთ ბუმბულებიან თეროპოდებს, ჯავშნოსან დინოზავრსა (ოფიციალური სახელწოდების გარეშე) და Jobaria-ს გვარის დინოზავრის თავის ქალას. ეს ყველაფერი სერენომ და მისმა კოლეგებმა იპოვეს.
გობეროც აქვეა. უჯრების დაუსრულებელ წყებაში ათასობით არტეფაქტსა და ცხოველის ძვალს იპოვით. 66 წლის სერენო გეგმავს, მთელი ეს მასალა, მათ შორის სამარხები და დინოზავრის ძვლები, ნიგერს მომდევნო 15 წლის განმავლობაში ეტაპობრივად დაუბრუნოს. იდესა და სხვებთან ერთად თავდაუზოგავად მუშაობს, რათა მასალის შესანახად ორი მუზეუმი აშენდეს. მან არქიტექტურული გეგმებიც მიჩვენა. ერთი მუზეუმი დედაქალაქში, ნიამეიში იგეგმება, უფრო პატარა მუზეუმი კი – აგადესში, გობეროსთან ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქში.
თუმცა გათხრები არ დასრულებულა. სერენოს იმედი აქვს, რომ მინიმუმ კიდევ ერთ ჩონჩხს იპოვის. 2022 წლის ექსპედიციის დასასრულს იგი თავის გუნდთან ერთად კუსბაკნიანი ქალის წამოსაყვანად გობეროში ცოტა ხნით დაბრუნდა. გათხრებისას ძვლების მაძიებელმა ადამუმ ბავშვის თავის ქალა შეამჩნია. ამ უკანასკნელის გათხრა რომ დაიწყეს, კიდევ ერთი ჩონჩხის ფეხს გადააწყდნენ და მას „დნმ-ის კაცი“ უწოდეს.
ვფიქრობდი: ნეტავ, კიდევ რამდენ საიდუმლოს ინახავს გობერო და რამდენი დარჩება ამოუხსნელი.
სერენოს თქმით, ცენტრალური საჰარის ნამარხებიდან უძველესი ადამიანის დნმ-ის მოპოვება ვერავინ შეძლო, მაგრამ თუ ნიმუშის მოპოვება მოხერხდება და მას თანამედროვე აფრიკული მოსახლეობის დნმ-ს შევადარებთ, გავიგებთ, სად წავიდა გობეროს მოსახლეობა მწვანე საჰარის პერიოდის დასრულების შემდეგ – ანუ როგორ დაიწყო აფრიკის ისტორიის შემდეგი უმნიშვნელოვანესი თავი.
მაგრამ რადგან სამარხები არაა ღრმა და ათასწლეულების განმავლობაში უდაბნოს მზესა და სიცხეს იტანს, ძვლების კოლაგენი და კბილების დენტინი – დნმ-ის ნიმუშების წყარო – ძალიან დეგრადირებულია. „ყოველთვის ვფიქრობდი, რომ თუ სხვებზე უფრო ღრმა სამარხს ვიპოვიდით, კარგი ნიმუშის მოპოვების შანსიც გვექნებოდა“, – თქვა სერენომ. „დნმ-ის კაცი“, რომელიც მიწიდან დაახლოებით 30 სანტიმეტრში იპოვეს, საკმარისად კარგად შეიძლება ყოფილიყო დაცული.
ამ ჩონჩხის წამოღება სერენომ ისევ დროის ნაკლებობის გამო ვერ შეძლო. სამარხი დაფარა და ადგილი მონიშნა იმ იმედით, რომ ერთ დღესაც დაბრუნებას შეძლებდა. ისევ. „გობერო თავს არ მანებებს“, – მითხრა სიცილით.
ახლა ნიგერში სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა. შარშან ივლისში სამხედრო გადატრიალების შედეგად დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი თანამდებობიდან გადააყენეს. მარტში სამხედრო გადატრიალების ხელმძღვანელებმა აშშ-ის სამხედროებს დრონების ბაზის დახურვა და ქვეყნის დატოვება უბრძანეს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ სერენო უდაბნოში დაბრუნებას ახლო მომავალში შეძლებს.
ლაბორატორიაში ვიპოვე ის, რისთვისაც მივედი – ქალისა და ორი ბავშვის სამარხი. სტუმარს შეუძლია ამ ზუსტ ასლს წრე დაარტყას და სამარხის ქვედა ნაწილიც დაათვალიეროს. ამის შემყურეს გამახსენდა, როგორ ეხუტება ხოლმე ჩემი ცოლი საწოლში ჩვენს შვილებს.
წლების განმავლობაში გუნდმა არაერთი ახალი დეტალი დაადგინა. ქალი და ბავშვები ძველი წელთაღრიცხვით დაახლოებით 3400 წელს დაასაფლავეს. ქალი 25-35 წლის იყო და ის პირველი ჩააწვინეს სამარხში. მას მიაყოლეს ჯერ შვიდი, შემდეგ კი ხუთი წლის ბავშვი. სამარხში ჩააყოლეს ოთხი იდეალური ფორმის ისრისპირი. ძვლების ქვეშ ნაპოვნი ყვავილის მტვერი კი გვაფიქრებინებს, რომ ისინი ქათმისქოჩორას ყვავილებთან ერთად დაკრძალეს.
ჩვენ ვერ ვამტკიცებთ, რომ ეს დედა-შვილია, მაგრამ ჩემს წარმოსახვაში ეს ასეა. არც ის ვიცით, ვინ დაასაფლავა ისინი, თუმცა ამ სცენას მე მამისა და ქმრის თვალით ვუყურებ. ჩემთვის ეს საფლავი სიყვარულსა და დიდ დანაკარგს მოწმობს. ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც პრეისტორიული ხალხის მიმართ ემოციური კავშირი ვიგრძენი. 5400 წლის შემდეგ მათი ტკივილი გულთან ახლოს მიმაქვს.