წყალქვეშა ტყეები
ორი მეცნიერი აკვირდება დატბორვის ზეგავლენას ამაზონის დაბლობ ტყეებში და ჩქარობს მათ დაცვას სულ უფრო მეტად ექსტრემალური გარემო პირობებისგან.
ამაზონის ტყის 6 მილიონი კვადრატული კილომეტრიდან 840 000 კვადრატული კილომეტრი დაბლობი წყალ-ჭაობიანი ადგილებია, რომელთაც შეუძლიათ მონაცვლეობით გაუძლონ წყალქვეშა და წყალზედა პირობებში არსებობას. ყოველ წელს, წვიმების სეზონისას, ეს ტერიტორიები 12 მეტრით იტბორება. დატბორვის პიკი მაის-ივნისშია, ოქტომბერ-ნოემბერში კი წყალი უკან იხევს. იქაურ ხეებს გადასარჩენად უნდა ებრძოლათ ან დატბორვის პირობებთან ადაპტაციით, ან შეემუშავებინათ მოცდის სტრატეგიები წყლის დონის დაწევამდე. National Geographic-ის მკვლევარი ტიაგუ სანა ფრეირე სილვასთვის ეს ასპექტი დატბორილ ტყეებს უფრო საინტერესოს ხდის. „ხმელეთის ტყეები უფრო უინტერესოებია, არა?“ – ხუმრობს იგი. „მათ ყველაფერი აქვთ, რაც სჭირდებათ“.
უკანასკნელ წლებში ვარზეას და იგაპოს სახელებით ცნობილი ჭალის ტყეები უფრო და უფრო ხშირადაა ექსტრემალური გვალვის ან დატბორვის პირობებში. ამას, სავარაუდოდ, კლიმატის ცვლილება და ჰესების კაშხლების აგება იწვევს.

სილვა და National Geographic-ის კიდევ ერთი მკვლევარი ჟულია ვალენტინ ტავარესი იკვლევენ ამ შეუსწავლელი ეკოსისტემების რეაქციებს დატბორვის ციკლის ცვალებადობისადმი. თავიანთი მშობლიური ბრაზილიის ჩრდილო-დასავლეთით, მამირაუას მდგრადი განვითარების ნაკრძალში, მოტივტივე კვლევით სადგურში მომუშავე სილვა და ტავარესი იკვლევენ დატბორვის ზონის სხვადასხვა სიმაღლეზე განლაგებულ ტყის 21 მონაკვეთს, რომლებიც 50 მეტრია სიგრძესა და სიგანეში.
ციფრული ეკოლოგი, როგორც საკუთარ თავს უწოდებს სილვა, ეკოლოგიის პრაქტიკას და კომპიუტერულ მეცნიერებებს აერთიანებს. ის ტყის ნაკვეთებს სკანირებას უკეთებს ლიდარის ტექნოლოგიით, რომელიც ლაზერს და არეკლილ სინათლეს იყენებს ტოპოგრაფიული აზომვისთვის. ამგვარად იგი ტყის ნაკვეთების სამგანზომილებიან ზუსტ მოდელებს ადგენს. ყოველ წელს შოტლანდიიდან ამაზონში ჩასვლა და საკვლევი ნაკვეთების თავიდან სკანირება საშუალებას მისცემს, თვალი ადევნოს წყალ-ჭაობების სიჯანსაღის ხარისხს. და გამოარჩიოს ადგილები, რომლებსაც მეტი მოფრთხილება სჭირდება.
ტავარესი პოსტდოქტორანტი მეცნიერია შვედეთში, უფსალის უნივერსიტეტში. იგი ხეების ფიზიოლოგიას შეისწავლის მწვავე გარემოპირობებისადმი სახეობათა მგრძნობიარობის დასადგენად. მას ეხმარებიან პროფესიონალი მეკლდეურები, რომლებიც ხის კენწეროებზე ადიან და ტოტების ნიმუშებს აგროვებენ. ამ პროცესს დილით, გათენებამდე იწყებენ, სანამ მზის ამოსვლა ფოტოსინთეზს განაახლებს და ტოტებში წყლის რაოდენობა სტაბილურია. ამ ადრიანი დილის რეჟიმს ტავარესი „დამატებით სირთულეს“ უწოდებს.
იმ ფონზე, როდესაც ანთროპოგენური ფაქტორები ამაზონის დატბორვის ხასიათს ცვლის, ეს მკვლევრები ემზადებიან სცენარების წინასწარ გასათვლელად და კონსერვაციის ხელშესაწყობად. სილვა ასევე გეგმავს თავისი ლიდარის გამოსახულებები ვირტუალური რეალობის გამოცდილებად აქციოს, რომელიც ადამიანებს შუაგულ წყალ-ჭაობებში მოახვედრებს.
იგი იმედოვნებს, რომ ამ შორეული ეკოსისტემის ახლოდან ნახვა საზოგადოებას უკეთ გააცნობს მას და მისი დაცვისკენ უბიძგებს.