გაკვეთილები დატბორილ ტყეში
ბრაზილიელი ეკოლოგი ამაზონის მდინარისპირა მოსახლეობისგან სწავლობს იმას,
რაც მანამდე არ იცოდა.
გაკვეთილები დატბორილ ტყეში
ბრაზილიელი ეკოლოგი ამაზონის მდინარისპირა მოსახლეობისგან სწავლობს იმას, რაც მანამდე არ იცოდა.
თევზი – გიგანტური, პრეისტორიული შესახედაობის თევზი – ამაზონის კომპლექსურობაზე მიგვანიშნებს.
ბრაზილიის დატბორილ დაბლობებში, ანდებსა და ზღვას შორის რომ ვმუშაობდი, სწორედ ასე ვუყურებდი არაპაიმას, რომელსაც პირარუკუსაც უწოდებენ (მომდინარეობს მკვიდრი ხალხის ენაში არსებული სიტყვებისგან „თევზი“ და „წითელი“).
არაპაიმას მონაცრისფრო-მომწვანო თავი აქვს და ზურგზე დაჰყვება წითელი ქერცლი, რომელიც გამრავლებისთვის მზადყოფნის პიკურ პერიოდში ისე ბზინავს, თითქოს შიგნიდან გაანათეს. იმდენი განსაცვიფრებელი რამის მოყოლა შემიძლია არაპაიმაზე! მაგალითად, ის ჰაერს სუნთქავს და ჩასასუნთქად წყლის ზედაპირზე ამოსვლა უწევს. მისი ვეებერთელა ქერცლი ჯავშანივით მყარია. მისი ტყავისგან ძვირფასი ჩანთები და ფეხსაცმელი მზადდება. არაპაიმას უძვლო სტეიკი 68 კილოგრამს იწონის – ესაა უდიდესი მტკნარი წყლის თევზი მსოფლიოში. ერთხელ სამეცნიერო სტატიას დავურთე ფოტო, რომელშიც მეთევზეთა ოჯახს არაპაიმა ჰყავდა დაჭერილი. ერთი ბიჭი კუდთან იდგა, მეორე – ლაყუჩებთან. მთელი თევზის გაყოლებაზე ცხრა ადამიანი იყო ჩამწკრივებული.

თქვენი წაყვანა რომ შემეძლოს იმ ადგილას, სადაც ამ გვერდზე გამოსახული ფოტო გადავიღეთ – და სადაც გავიაზრე, რომ არაპაიმას ისტორია არის ჭეშმარიტად მდგრადი ამაზონის ჯუნგლების მოდელი – მაშინ იქ ნავით წავიდოდით. სხვა გზა არც გვექნებოდა. მდინარე ამაზონის აუზის ჭალის ტყეში, „ვარზეაში“, გადაადგილება მხოლოდ წყლითსავალი გზებით არის შესაძლებელი. სეზონური წვიმის შედეგად წყლის ზედაპირი ისეთ დონემდე მატულობს, რომ ნებისმიერ სხვა ადგილას ეს კატასტროფით დამთავრდებოდა. აქ ნორმალურია 9 და 12-მეტრიანი წყალდიდობები. ნორმალურია, როდესაც ადიდებისას ქრება მდინარისა და ტბის საზღვრები, შემდეგ კი ისევ ჩნდება წყლის უკან დახევისას. წარმოიდგინეთ „სუმაუმა“, იგივე მატყლის ხე, მდინარე ამაზონის აუზისთვის სიმბოლური, დიდებული ხე და თევზები, რომლებიც მის ტოტებს შორის დაცურავენ, იქ, სადაც რამდენიმე თვით ადრე მგალობელი ფრინველები ისხდნენ.
მდინარე ჟურუა ბევრიდან ერთ-ერთი შენაკადია, რომელიც ამაზონის აუზში მიიკლაკნება, სანამ მდინარე ამაზონს შეუერთდება. მის ნაპირებზე სახლები ხიმინჯებზე დგას. ადგილობრივები კანოეებით გადაადგილდებიან, ხშირად კიდული ძრავებით. ტვირთი და საწვავი დიდი მოტორიანი ნავებით გადააქვთ. მგზავრები ხანდახან ამ ნავებზე ჰამაკებსაც კი ჰკიდებენ და ნებივრობენ. „ჰილეა“, სამუშაო ნავი, რომელსაც ჩვენი ჟურუას ინსტიტუტი იყენებს კვლევით პუნქტებს შორის გადასაადგილებლად, მობილური საველე ოფისის ფუნქციასაც ასრულებს. აქ არის სამზარეულოც და დასაძინებელი კუთხეც ჰამაკებით. ჯერ კარაუარიში, მდინარის მახლობელ ქალაქში, პატარა აეროპორტში, ჩამოფრინდებოდით, შემდეგ კი ნავით მოგაკითხავდით და ჰამაკს გამოგიყოფდით. „ჰილეას“ დაახლოებით სამი დღე სჭირდება, რომ მიხვეულ-მოხვეულ ჟურუას აუყვეს და მიაღწიოს ისეთ ადგილს, სადაც შევძლებთ გაჩერებას. მაგრამ მოგზაურობა აქ არ სრულდება: კანოეში ვსხდებით, შემდეგ მოტორის დახმარებით რამდენიმე საათი პატარა მდინარეს ავუყვებით, ბოლოს კი ფერად-ფერად სახლებსა და ფიცარფენილ ბილიკებს დავინახავთ. ასე მივადგებით სან-რაიმუნდუს მთავარ დოკს – სწორედ ესაა ის სოფელი, რომელსაც პირველს გაჩვენებდით.
ბიოლოგიაში სადოქტორო დისერტაცია ბრაზილიის რიუ-გრანდი-დუ-ნორტის ფედერალურ უნივერსიტეტში დავიცავი, მაგრამ ჩემი ნამდვილი უნივერსიტეტი სწორედ ვარზეაში, სან-რაიმუნდუ და სხვა მახლობელი დასახლებები იყო. მსოფლიოს სხვა უმაღლესი მეგაფაუნის – კვებითი ჯაჭვის სათავეში მყოფი დიდი ცხოველების – მსგავსად, არაპაიმაც ცოტა ხნის წინ გადაშენების გზაზე იდგა თავის ბუნებრივ ჰაბიტატში. ჟურუას „რიბეირინუებმა“, მდინარის ხალხმა, გამანდო, როგორ გადაარჩინეს ეს ვეებერთელა თევზი გაქრობას. ეს იყო გაკვეთილი არა მხოლოდ ამაზონის ჯუნგლებისთვის, არამედ, ვფიქრობ, მთელი პლანეტის ბიომრავალფეროვნების მომავლისთვის. ბუნების დაცვის სფეროში მომუშავე ადამიანებს ბოლო დროს განსაკუთრებით დიდი დარდი გვაქვს, თუმცა ჟურუას მახლობლად ვხედავ ჯაჭვს, რომელიც მსოფლიოს ამ მოწყვლად კუნჭულში იშვიათად გვხვდება: ადამიანები აცოცხლებენ ბუნებას, ბუნება კი – ადამიანებს. ესაა იმედის ნაპერწკალი.

ფოტო გადაღებულია ოტო უაიტჰედთან ერთად
“ყოველდღე ვლოცულობ, რომ ამაზონის ჯუნგლებს გავიცნობ. მინდა, როდესაც გავიზრდები, იქ ვიმუშაო“, – დავწერე 1992 წელს, ცხრა წლის ასაკში. დედამ ამაზონის ჯუნგლების ცოცხალ ბუნებაზე წიგნი მაჩუქა. იქ აღწერილი გარემო იმდენად განსხვავდებოდა ჩემი მშობლიური ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთი მხარისგან, რომ იფიქრებდი, სხვა კონტინენტიაო. მაშინვე და, როგორც ჩანს, სამუდამოდ შემიყვარდა იქაურობა. იმ მესამეკლასელის განცხადება წინასიტყვაობად გადაიქცა ამაზონის არაპაიმაზე დაწერილი სადოქტორო ნაშრომისთვის, რომელიც 25 წლის შემდეგ დავიცავი.
პრინციპში, ნაშრომი მხოლოდ ნაწილობრივ ეხება არაპაიმას, სინამდვილეში კი ჩემი სადოქტორო – და ჩემი ყველა კვლევა მას შემდეგ – იქაურ მოსახლეობაზე, რიბეირინუებზეა, რომლებიც თავიანთ გარემოს არაპაიმებთან იზიარებენ. მათ სიახლოვეს მცხოვრებ თევზებს გრძელი ისტორია აქვთ ამ კონტინენტზე. ეს თევზები ჰაერს იმიტომ სუნთქავენ, რომ მილიონობით წლის წინ წყალმარჩხ, ჟანგბადის დაბალი შემცველობის ტბაში (დღევანდელ მდინარე ამაზონის აუზში) განიცადეს ევოლუცია. ჩვენ გვაქვს არქეოლოგიური მტკიცებულებები, რომ ამ რეგიონის ხალხი არაპაიმას იქამდეც მიირთმევდა, სანამ იქ ევროპელები შეიჭრებოდნენ. არაპაიმა გვხვდება ზოგიერთი მკვიდრი ხალხის კოსმოლოგიაშიც. ის დღესაც უდიდესი კულტურული და ეკონომიკური ღირებულების თევზია: არაპაიმა აქაური რაციონის მნიშვნელოვანი ნაწილია და მისი ხორცისა და ტყავის გაყიდვით მიღებულ შემოსავალზე მეთევზე ოჯახები დამოკიდებულნი იყვნენ თაობების განმავლობაში.
არაპაიმა ბრაზილიის სხვა რეგიონებშიც პოპულარული დელიკატესია და სწორედ ამ მიზეზით აღმოჩნდა არაპაიმა გადაშენების პირას. ამაზონის რეგიონში და მის გარეთ არის არაერთი ქალაქი, რომლის მოსახლეობაც უკანასკნელ ათწლეულებში მკვეთრად გაიზარდა. 1990-იანი წლებისთვის ჟურუას წყლებში უცხოტომელთა უფრო და უფრო მეტი ტექნიკურად დახვეწილი კომერციული ნავი დადიოდა, რომ რესტორნებსა და სახლებში თევზზე მოთხოვნა დაეკმაყოფილებინათ. ყველა ხედავდა, რა მოსდიოდა ნადავლს. არაპაიმა გაქრა არაერთი ისეთი ტბიდან, რომელიც ადრე მათი ლიფსიტების გამოსაზრდელ და მოზრდილი ინდივიდების სარეწ ზონებს წარმოადგენდა.

რიბეირინუების სოფლებში თევზაობის შეწყვეტა მთელი თემისთვის დიდი ტრაგედიაა. ოჯახები კარგავდნენ შემოსავალსაც და ცილების ყოველდღიურ წყაროსაც; ჭარბმა თევზჭერამ უფრო პატარა თევზების რაოდენობაც შეამცირა. და იყო კიდევ ერთი რამ, რომელიც რიბეირინუებმა დამანახეს მას შემდეგ, რაც ვარზეაში დროის გატარება დავიწყე: როგორც არ უნდა განესაზღვრა ეროვნულ სამთავრობო სტატისტიკას ეკონომიკური სიღარიბის ზღვარი, მითხრეს მათ, მკვიდრი ხალხი თავიანთ თავს ან კულტურას ღარიბად არასოდეს მიიჩნევდა. ამ ბუნების წყალობით მათ ისეთი ცხოვრება მოაწყეს, როგორიც თავიანთი შვილებისთვის სურდათ. ხოლო ამის შენარჩუნება, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ იყო.
წინამძღოლები გარეთ, ფიცარფენილ ბილიკებზე ჩამოსხდებოდნენ ხოლმე და თავიანთ ცხოვრებაზე მესაუბრებოდნენ. როდესაც ამაზონის ჯუნგლებში პირველად მივედი, ნამდვილი უცხოელი ვიყავი მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელი ვარ. განათლება მიღებული მქონდა სტანდარტად ქცეულ თანამედროვე მეცნიერების ძალიან კონკურენტულ გარემოში, ამაზონის სოფლებში კი ახალგაცნობილი სოფლელებისთვის მიწევდა მეთქვა: „გმადლობთ, რომ დაჟინებით მოითხოვეთ ამაღამ თქვენს ოთახში დამეძინა, თქვენ კი თქვენი ჰამაკი გარეთ გაიტანეთ. მაგრამ არა, გთხოვთ მაჩვენოთ, სად დავკიდო ჩემი ჰამაკი“. ასეთ დიდსულოვნებას არსად შევხვედრივარ. მიწევდა მევარჯიშა დამშვიდებაში, გაჩუმებაში, მოსმენაში. და სწორედ რიბეირინუებისგან შევიტყვე დეტალურად, თუ როგორ შეიცვალა არაპაიმაზე თევზაობა ოციოდე წლის წინ აქ, ვარზეას გრძელ ზოლში, ამაზონის ჭალის 1,5 მილიონზე მეტ ჰექტარზე გადაჭიმულ ფართობზე, რომელსაც ჩვენ, მეცნიერები, შუა ჟურუას ვუწოდებთ.
1999 წელს მთავრობის მიერ მხარდაჭერილმა მამირაუას მდგრადი განვითარების ინსტიტუტმა სამეცნიერო და ტრადიციული ცოდნა გააერთიანა და ინოვაციური წესები დაადგინა, რომლებიც დღესაც ძალაშია. შედეგად, უცხო ნავებს მკვიდრი თემის ტბებზე შესვლა აეკრძალათ. რამდენიმე ტბა ღია იყო რეკრეაციული და კომერციული თევზაობისთვის, მაგრამ დაცულ ტბებზე სოფლის მოსახლეობამ მოტივტივე საგუშაგოები ააგო და მორიგეობა დაიწყო, ხშირად საფანტის თოფით ხელში, რათა ტერიტორია ბრაკონიერებისგან დაეცვათ. ადგილობრივი მეთევზეები დათანხმდნენ მკაცრ შეზღუდვებს და ახლა წელიწადში მხოლოდ ერთხელ, ხუთი დღის განმავლობაში თევზაობენ ინტენსიურად.

ვიცი, რომ ბევრ ჩვენგანს სმენია თევზაობის შეთანხმებებზე სახეობათა დასაცავად, მაგრამ შუა ჟურუას თემში უმთავრესად იმან მიმიზიდა, რომ ამ საკონსერვაციო გეგმაში, არაპაიმას მოდელში, ცენტრალურ როლს საზიარო ნადავლი თამაშობს. სულაც არაა დამთხვევა, რომ ჟურუას ზოგიერთი წინამძღოლი ამაზონის იმ ოჯახებიდანაა, რომელთა ნათესავებმაც ნახევარი საუკუნის წინ თამამი მოძრაობა წამოიწყეს და კაუჩუკის შემგროვებლები გააერთიანეს, მუშები, რომლებიც ლატექსს მოიპოვებენ ცოცხალი ხეებიდან. კაუჩუკის შემგროვებელთა მოძრაობამ საერთაშორისო ყურადღება მიიქცია. ხალხმა დაინახა, რომ ტყე საფრთხეში იყო: ხეებს, რომლებზედაც ისინი იყვნენ დამოკიდებულნი, წვავდნენ მსხვილფეხა რქოსანი საქონლისთვის ადგილის გასათავისუფლებლად. მოძრაობამ გამოააშკარავა ის ნახევრად მონური პირობებიც, რომლებშიც კაუჩუკის შემგროვებლები მუშაობდნენ.
კაუჩუკის შემგროვებელთა კამპანიები რთული იყო, ხანდახან ძალადობრივიც კი (ჩიკო მენდესი, ყველაზე სახელგანთქმული ორგანიზატორი, 1988 წელს რანჩოს მფლობელმა მოკლა), მაგრამ შედეგად გაჩნდა ამაზონის ჯუნგლების პირველი „მოპოვებითი რეზერვატები“ – მთავრობის მიერ დაცული ტყიანი ზონები, რომელთაც ადგილობრივები მართავენ და თავადვე ხეირობენ. სწორედ ესაა არაპაიმას მოდელის იდეა, რომელმაც დღემდე საოცარი, კარგად აღწერილი შედეგები გვაჩვენა. მკვლევრების ვარაუდით, ამ დაცულ ტერიტორიებზე თევზის რაოდენობა თითქმის 600%-ით გაიზარდა. თევზჭერისთვის გამოყოფილ მცირე პერიოდში მოსახლეობა ასობით თევზს იჭერს. სოფლებში, რომლებშიც ჟურუას ინსტიტუტი კვლევით სამუშაოებს ატარებს და მოსახლეობასთან თანამშრომლობს, ნადავლის გაყოფის პროცესს ოჯახები და რიბეირინუების ორგანიზაცია „კარაუარის სოფლის მწარმოებლების ასოციაცია“ (ASPROC) უძღვებიან.
წარმოიდგინეთ ხე და თევზები, რომლებიც ტოტებში დაცურავენ, იქ, სადაც რამდენიმე თვით ადრე მგალობელი ფრინველები ისხდნენ.
კერძო შუამავალი პროცესში არ მონაწილეობს. შეგახსენებთ, რომ ზრდასრული არაპაიმა 68 კილოგრამს იწონის. დღეს შემოსავალი სოფელშივე რჩება და ისინი ერთობლივად წყვეტენ, როგორ დაიხარჯოს ფული. არაპაიმას ტბები საზოგადოებრივი ანაბრებივითაა. შედეგსაც ყოველი ვიზიტის დროს ვამჩნევთ: მზის ახალი პანელები, სამედიცინო მომსახურება, ნავის ძრავები, სოციალური ორგანიზაციები, ბედნიერება.
ჩემი აზრით, სწორედ ასე უნდა აღვადგინოთ და დავიცვათ ამაზონის ჯუნგლების ბუნებრივი რესურსები: იმის გააზრებით, რომ მისი ერთ-ერთი ბუნებრივი რესურსი სწორედ ადამიანია.
მოდით, განვიხილოთ. როდესაც კონსერვაციულ მეცნიერებებს შევისწავლიდი, იმ პერიოდში გაბატონებული შეხედულება მოითხოვდა ველური და მყიფე ბუნების დაცვას ადამიანისგან. გამოვიყვანოთ ხალხი იქიდან, მესმოდა ხოლმე მსგავსი ფრაზები. კედლები აღვმართოთ, რომ ბუნება ხელშეუხებლად შევინარჩუნოთ. მაგრამ ამაზონის რეგიონი თავისი ველური და მყიფე ხასიათით, სულ მცირე, 13 000 წელია, რაც ადამიანების სამოსახლოა. მე წარმოვადგენ ბუნების დაცვის მოძრაობას, რომლის მტკიცებით ამაზონის ნებისმიერი საკონსერვაციო გეგმა – ტყეების, მდინარეების, ცხოველებისა თუ ფრინველების – უნდა დაიწყოს ტრადიციული ცოდნის მოსმენითა და იქაური თემების საჭიროებათა გაგებით; ამასთან, ეს ხალხი უნდა ჩავრთოთ გადაწყვეტილის მიღების პროცესში. თუ კონსერვაციას არ შეუძლია სარგებელი მოუტანოს მკვიდრ თემებს, მაშინ ეს არასწორი კონსერვაციაა.

ჟურუას ინსტიტუტი თან შეისწავლის რიბეირინუების თემებს და თან მათთან თანამშრომლობს. ის დოკუმენტურად აღბეჭდავს იმ სარგებელს, რასაც საზოგადოებრივი კონსერვაციის შედეგად ადამიანები და ბუნება იღებენ. მაგრამ გამოწვევაც დიდია. ბაზარი სათანადოდ არ ანაზღაურებს ადგილობრივი თემების კონსერვაციულ საქმიანობას. ამ მოდელის გასავრცელებლად გლობალური მხარდაჭერა დაგვჭირდება: მაგალითად, საერთაშორისო ფონდი, რომელიც სან-რაიმუნდუს მსგავს ადგილებში ეკონომიკურ სტაბილურობას უზრუნველყოფს თავიანთი მიწის სიჯანსაღის შენარჩუნებაზე მომუშავე ადამიანებისთვის. ერთი სამართლიანი კითხვა უნდა დავსვათ: თუ მსოფლიოს მართლაც სურს ამაზონის ჯუნგლების შენარჩუნება, ვინ არის გადახდის მსურველი?
16 წლის წინ, როდესაც პირველად მოვედი ამაზონის ჯუნგლებში, მდინარე ამაზონის აუზმა და ადგილობრივებმა თავი ბავშვად მაგრძნობინეს, ან ცარიელ ჭიქად, რომელიც უნდა აივსოს. ძალიან ხშირად – განსაკუთრებით „ჰილეას“ მართვისას – ეს შეგრძნება თან დამყვება. „ჰილეას“ საჭესთან დგომისას ყველაზე მეტად მიყვარს ფიქრი: გონებაში პრობლემებს ვებრძვი. ხანდახან ნავიც ნელია და მდინარეც და ამ წყლებში ვერაფრით აჩქარდები. მოთმინება. თავმდაბლობა. ეს მასწავლეს რიბეირინუებმა.
– სინთია გორნისთვის მონათხრობი


ჟურნალის ამ ნომერში გამოქვეყნებულ მასალას National Geographic Society წარმოგიდგენთ Rolex-თან პარტნიორობით – National Geographic-ისა და Rolex Perpetual Planet-ის პროექტის, „ამაზონის ექსპედიციის“ ფარგლებში.