მდინარე ზღვაში
ამაზონის შესართავი ნიშნულია არა მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი მდინარის დასასრულისა,
არამედ გასაოცარი წყლის სამყაროს დასაწყისისა.
მდინარე ზღვაში
ამაზონის შესართავი ნიშნულია არა მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი მდინარის დასასრულისა, არამედ გასაოცარი წყლის სამყაროს დასაწყისისა.
მეხუთე დღეა, რაც ბაილიკის არქიპელაგზე კვლევით ექსპედიციაში ვართ და წინასწარ ვერაფრით წარმოვიდგენდი იმას, რაც ამ მიდამოებში დამხვდებოდა – მდინარე ამაზონის უკიდურეს აღმოსავლეთ მხარეს, სადაც დედამიწის უდიდესი მდინარე ზღვას უერთდება.
უნივერსიტეტის პროფესორი, საზღვაო ეკოლოგი და ბრაზილიელი ვარ. ვიცი, რომ ამ მდინარეს უფრო მეტი წყალი შეაქვს ოკეანეში, ვიდრე მსოფლიოს მომდევნო ექვს უდიდეს მდინარეს ერთად.
2024 წლის თებერვლის ეს მოგზაურობა ჩემი მეორე კვლევითი ექსპედიციაა ბაილიკზე, რომელიც მდინარის შესართავში მდებარე არქიპელაგია, სადაც მტკნარი და მლაშე წყალი ხვდება ერთმანეთს. ვერც ვიტყვი, რომ აქ არასოდეს ვყოფილვარ. და მაინც, მისი მასშტაბის აღქმა მიჭირს. ჩემი კოლეგა ფელიპე ვიეირა და მე გამუდმებით ვლაპარაკობთ ამაზე. ფელიპეც ჩემსავით ამ ქვეყანაში გაიზარდა, თუმცა აქაურობისგან იმდენად შორს, რომ ამაზონის რეგიონს გადმოცემით იცნობდა – მისთვის ის უფრო ეროვნული ისტორიისა და წარმოსახვის ნაწილი იყო.
ეს ის არ არის, რაც თვალწინ წარმოგვიდგება ხოლმე ამაზონის ხსენებისას. ფერებით რომ დავიწყოთ: წყლის ზედაპირი სიზუსტითაა დაყოფილი უცნაურ კონტრასტულ ზოლებად, რომლებიც ან მოლურჯო-მონაცრისფროა, ან ყავისფერი. მოლურჯო-მონაცრისფრო წყალი ოკეანის მლაშე წყალია, ყავისფერი კი მდინარეა, რომელიც გზადაგზა აგროვებდა დანალექებს ამაზონის აუზის მთელ სიგანეზე, 1600 კილომეტრზე მეტი ტერიტორიის გასწვრივ მოგზაურობისას – ანდების ნისლიან ტყეებში მორაკრაკე რუებიდან შუა აუზის დაბლობების წყალუხვ შენაკადებამდე.
მცენარეული დეტრიტი. ცხოველთა ნაშთები. ქანების ფრაგმენტები. მდინარის წყალი იმდენად გაჯერებულია ამ ნატანი მასალით და წყლის მასაც იმდენად დიდია, რომ ბაილიკის კუნძულების გავლით ღია ზღვაში ჩადინებისას ის მარილიან წყალში არ ზავდება და ჩვეულებრივ მომლაშო ესტუარს არ აყალიბებს. ამის ნაცვლად, ამაზონის მტკნარი წყალი პირდაპირ ატლანტის ოკეანეში იჭრება. ოკეანეში მოხვედრილი მდინარე ჩრდილოეთით მიემართება, მიქცევ-მოქცევის დინებებს მიჰყვება და გაიანას ჩაუვლის.

ოკეანოგრაფები მას მდინარე ამაზონის პლუმს ან უბრალოდ „პლუმს“ უწოდებენ.
პლუმი მოთქრიალებს, მდინარის წყალი და დანალექი მთლიანობას თავისივე მასისა და მამოძრავებელი ძალის დამსახურებით ინარჩუნებს და ამ ფორმით ის კარიბის ზღვამდე მიედინება.
ყოველ დილას ფელიპე და მე ჩვენს გამოკვლევებს ამ პლუმზე გასვლით ვიწყებთ – უფრო სწორად რომ ვთქვათ, მასში შესვლა-გამოსვლით, ჩვენი ბაილიკელი მენავე, პლუმის წყლების ჩინებულად მცოდნე ჩიკო და სილვა მანევრირებს ფერების ამ უცნაურ ზოლებს შორის. მისი პატარა ნავი ხშირად ისე დახტის ტურბულენტურ წყლებში, რომ თავის გასამაგრებლად ნავის კიდეებს ვეჭიდებით. გარდა ამისა, რეგულარულ თავსხმასთან გამკლავება გვიწევს. ბაილიკის კუნძულების მკვიდრი ხალხი არქიპელაგის 50-მდე მიმოფანტულ სოფელში ცხოვრობს, ამიტომ როდესაც ჩიკო ახალ ნავმისადგომთან ჩამოგვსვამს, ტალახიან ხის საფეხურებს ავუყვებით ხოლმე ფიცარფენილ ბილიკებამდე და ადგილობრივ წინამძღოლს ვეძებთ.
ამას მოჰყვება: Bom-dia, senhor (დღე მშვიდობისა, ბატონო). ჩვენ ესპირიტუ-სანტუს ფედერალური უნივერსიტეტიდან ვართ და მდინარე ამაზონის ეკოსისტემების შემსწავლელ პროექტზე ვმუშაობთ. დაგვრთავს თუ არა სენიორი ნებას, მის თემში ხალხს გარკვეული შეკითხვები დავუსვათ?
ჩვენ თანხმობის ნიშანს ვიღებთ და ბილიკს ჩავუყვებით. ვეძახით ადამიანებს, რომლებიც ცხელ, ნოტიო ჰაერში პარმაღებზე ისვენებენ: ისურვებდა თუ არა სენიორი/სენიორა კვლევაში მონაწილეობას? ჩვენ კარის ზღურბლზე ან პლასტმასის სკამებზე ჩამოვსხდებით. შეკითხვები მარტივადაა ფორმულირებული. რამდენი ხანია აქ ცხოვრობთ? როგორ სარგებლობთ მდინარით, ოკეანით, ტყით?
მითხარით, რა გაღელვებთ? რა იცვლება? ღამღამობით, ჰამაკიდან ვხედავ მათ: მეთევზეებსა თუ მიწათმოქმედებს, რომლებსაც ასაი მოჰყავთ, ქალებს – პატარა ბავშვებით. მათ ისტორიებზე ფიქრი არ მაძინებს.
მდინარე, ხალხის თქმით, აღარაა ისეთი, როგორიც იყო. ის უფრო დაუნდობელია. ის თავისი ნაპირების გასწვრივ მიწებს იტაცებს. აქ სახლები ისეა აშენებული, რომ ადიდებულ წყალს გაუძლოს, მაგრამ ხიმინჯებზე შემოდგმული სახლები და ამაღლებული პირველი სართულებიც აღარაა საკმარისი. სახლს, რომელსაც ფელიპე და მე ვქირაობთ არქიპელაგის ყველაზე დიდ სოფელ ვილა-პროგრესუში, უკანა პარმაღი სანაპირო ზოლიდან ორმოცდაათიოდე მეტრის მოშორებით აქვს. ათი წლის წინ, როგორც გვიამბეს, ამ პარმაღის ხედი სახლების კიდევ ერთ მწკრივს მოიცავდა, რომელიც ჩვენს სახლსა და მდინარეს შორის იყო. ყველა მათგანი განადგურდა. „Terra caida“, როგორც ბაილიკის მკვიდრი ხალხი ამბობს: „დაცემული მიწა“.

დამწუხრებულმა ახალგაზრდა დედამ, რომელსაც გუშინ ვესაუბრე, იცის, რომ მისი ოჯახის მდინარისპირა სახლი განწირულია. მისი სამსახური ბაილიკზეა, იგი მეთევზეთა კოოპერატივის მართვაში მონაწილეობს, მაგრამ მისმა ქმარმა შვილები საცხოვრებლად მჭიდროდ დასახლებულ მაკაპაში გადაიყვანა – ყველაზე ახლომდებარე ქალაქში, რომელიც მდინარის აღმა, ნავით 12 საათის სავალზეა – და სადაც სასკოლო სისტემა უფრო გამართულია.
„დაცემული მიწა“ არ არის ერთადერთი ნელა მიმდინარე კატასტროფა. მილებით გაყვანილ მდინარის მტკნარ წყალს, რომელიც ბაილიკის მოსახლეთა საყოფაცხოვრებო საჭიროებებისთვის გამოიყენებოდა, წელიწადის უმეტეს თვეებში ახლა მლაშე გემო აქვს. მარილი საკმარისი რაოდენობითაა, რომ წყალი სასმელად უვარგისი და საჭმლის მომზადებისა და რეცხვისთვის პრობლემური გახადოს. ფელიპე და მე წამოვიძახებთ ხოლმე: წარმოიდგინე, აქ რომ ცხოვრობ, მსოფლიოს უდიდესი მდინარით გარშემორტყმული და იძულებული ხარ, ბოთლის წყალი იყიდო.
ასაის მომშენებლები ღელავენ პატარა კორომებზე, რომლებზეც ნაყოფის მოსაკრეფად ძვრებიან. ნეტავ, უფრო მარილიანი ნიადაგი ფესვებს დააზიანებს? – გვეკითხებიან. მოსავალს შეცვლის? მეთევზეების ოჯახები თვალყურს ადევნებენ მტკნარი წყლის სახეობებს, რომლებზეც ისინი ყოველდღიურად არიან დამოკიდებულნი – mato-ს, ანუ ჯუნგლების თევზებს. მათი რაოდენობა კლებულობს ან ისინი სულაც ქრებიან უფრო მარილიან თვეებში. ერთმა მეთევზემ ფელიპეს უთხრა, რომ ისწავლა, როგორ მიხვდეს, როდესაც მარილიანობის დონე მაღალია: წყალი, მისი თქმით, სხვანაირად ბზინავს.
როდესაც მცხოვრებლები აღგვიწერენ, რა ხდება მათ თავს, დასახელებული მიზეზი არსობრივად ემთხვევა ჩვენს სამეცნიერო დასკვნებს. ნაწილობრივ, მათი თქმით, mudança do clima, ანუ კლიმატის ცვლილებაა პასუხისმგებელი. რადგან ზღვის დონე ყველგან მატულობს, ექსტრემალური სეზონური ცვლილებები უფრო ხშირია; აქ მდინარე უკვე მეტისმეტად დიდ სიმაღლეზე და ძლიერად ზვირთდება წვიმიანი თვეების დროს, აბობოქრებს წყალს და მიაქვს მიწა. სხვა თვეებს საშინელი გვალვები მოჰყვება – გასული წლის გვალვა მთელი ამაზონის მასშტაბით, ისტორიაში ყველაზე მძიმე იყო, რაც კი დაფიქსირებულა. გვალვები ზღვაში გამავალი მტკნარი წყლის დინებას ასუსტებს, რაც ხმელეთის სიღრმისკენ მლაშე წყლის შეღწევას აიოლებს.
ადამიანის უფრო უშუალო ჩარევა ბუნებაში დამატებით პრობლემებს იწვევს. კაშხლები უკანასკნელ ათწლეულებში აქედან ჩრდილოეთით, კონტინენტურ ნაწილში გამავალ მდინარეზე აიგო და დაარღვია რეგიონისა და მდინარის შენაკადების ჰიდროლოგია, რომლებიც მდინარე ამაზონის ნაკადს მის შესართავთან უერთდებოდნენ. და მიუხედავად იმისა, რომ ეს ჭარბტენიანი რეგიონი გამოუსადეგარია მესაქონლეებისთვის, რომლებმაც ამაზონის სხვა მხარეები გაჩეხეს, მისი ჰავა პრობლემას არ წარმოადგენს აზიური შინაური კამეჩებისთვის. ახლა ზოგიერთმა ფერმერმა კამეჩები სახორცედ მოაშენა ბაილიკის მასშტაბით.
ამრიგად, რადგან კაშხლები დინებებს ცვლის და მოხეტიალე კამეჩები კალაპოტებს თელავენ, მრავალსაუკუნოვანი ეკოლოგიური ბალანსი – მდინარესა და ოკეანეს შორის, მლაშე წყალსა და მტკნარ წყალს შორის – აქ, ბაილიკის კუნძულებზე, ირღვევა. მსოფლიოს მასშტაბით ზღვის დონის მატებამ უკვე მოუტანა ზღვის პირას მცხოვრებ თემებს ეროზია და დამლაშების კრიზისი – ფელიპე და მე ვხედავთ, როგორ ცდილობს ბაილიკის მკვიდრი ხალხი ახალ გარემო პირობებთან ადაპტირებას. ისინი უკანა ეზოებში წვიმის წყლის შემგროვებელ ავზებს აწყობენ, ტოვებენ მდინარისპირა დაზიანებულ სახლებს და ხმელეთის სიღრმისკენ გადადიან საცხოვრებლად. მათ უმრავლესობას მდინარე ახალ სახლსაც ართმევს. ჩვენ შევხვდით ოჯახებს, რომლებმაც საცხოვრებელი ადგილი ექვსჯერ შეიცვალეს.
ზოგი ადამიანი ნებდება და თავის ნივთებს მაკაპისკენ მიმავალ ბორანზე ტვირთავს. Mudou a agua, mudou a vida, იმედგადაწურული ხმით მითხრა მეთევზემ: წყალი შეიცვალა და შეიცვალა ცხოვრებაც.
მაგრამ არის კიდევ ერთი რამ, რაც ამ ადგილის შესახებ აღმოვაჩინე – ის, რაც ბაილიკის ველურ ლანდშაფტში იმალება. 2022 წელს, ჩემი პირველი ექსპედიციისას, შეცბუნებული ვიყავი, თავიდანვე რომ ვერ შევნიშნე ის მცენარეულობა, რომელიც, ჩემი მოლოდინით, კუნძულების სანაპირო ზოლებზე იქნებოდა მოდებული: მანგროს ტყეები.
მე მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის წევრი ვარ, რომელიც მანგროს ტყეების ეკოლოგიურ სარგებელს შეისწავლის – თაღოვანი ღეროებისა და ტოტების მჭიდრო ხლართებისა, რომლებიც თბილ მიქცევ-მოქცევის წყლებში და მის გასწვრივ იზრდება. ჩვენ „მანგროს ხეებს“ გარკვეული ტიპის ხეების ჯგუფურ სახელწოდებად ვიყენებთ, რომლებიც ამ ტროპიკულ მარილიან გარემო პირობებს საჭიროებენ და უკანასკნელ წლებში აღმოვაჩინეთ, რამდენად არსებითია მათი როლი დამთბარი პლანეტისთვის. ხეების მერქნისებრი წყალქვეშა არქიტექტურა უსაფრთხო საცხოვრებელს ქმნის ზღვის ორგანიზმებისთვის, რომლებზეც მეთევზე საზოგადოებები არიან დამოკიდებულნი. მათი ფესვების მყარი ქსელი ხმელეთზე ეროზიის პრევენციას უწყობს ხელს. მანგროს ტყეები განსაკუთრებით ეფექტურია ნახშირბადის შთანთქმისთვის: ფესვების ქვეშ დაგროვილ ტალახიან დანალექში მათ შეუძლიათ მოამწყვდიონ თითქმის 10-ჯერ მეტი ნახშირბადი სხვა ტროპიკულ ხეებთან შედარებით.

თუმცა ბევრ ისეთ ადგილას, სადაც მანგროს ხეები ისტორიულად ხარობდა – ინდონეზიასა და ფილიპინებში, მაგალითად – ისინი ქრება, მათ ჩეხენ კრევეტების ფერმებისა და სხვა სამრეწველო თუ ინფრასტრუქტურული სფეროების განსავითარებლად. ბრაზილიას მიღებული აქვს კანონები, რომლებიც მანგროს ტყეებს იცავს, მაგრამ ამ კანონების ასამოქმედებლად მთავრობამ უნდა იცოდეს, ზუსტად სად იზრდება მანგროს ხეები. სწორედ ამ მიზნით ჩაატარა ჩვენმა გუნდმა (მათ შორის იყვნენ ჩვენი კოლეგები, National Geographic-ის მკვლევრები მარგარეტ ოვუორი და ტიაგუ სანა ფრეირე სილვა) ის პირველი ბაილიკის ექსპედიცია. მახსოვს, როგორ მიიზლაზნებოდა ჩვენი ნავი არქიპელაგის სხვადასხვა არხში, როგორ ვუახლოვდებოდით ერთი ნაპირიდან მეორეს, და…
მანგროს ხეები არსად ჩანდა. სად იყო? გვხვდებოდა ასაის მაღალი პალმები, ბამბუკები და ქოქოსის ხეები. საგონებელში ჩავარდნილები ნავიდან გადმოვედით მიდამოების შესასწავლად. საბოლოოდ, ერთ მაღალ ჯუნგლისებრ ხშირ მცენარეულობაში შევაღწიეთ და რომ მიმოვიხედეთ, აი, მანგროს ხეებიც – მაგრამ ისინი ისე იზრდებოდა, რომ ამას ვერცერთი ჩვენგანი ვერ წარმოიდგენდა. ნაპირიდან ოდნავ მოშორებით იდგნენ, მტკნარი წყლის ხეებს შორის გაფანტულები, მათთან გადახლართულები და მათ ნიადაგს იზიარებდნენ. როგორც საზღვაო ეკოლოგი, თავს ვდებ: ეს ბუნებაში არ ხდება.
უნდა გვახსოვდეს, რომ წყალი და ამინდი ყოველთვის იწვევდა ბუნებრივ კატაკლიზმებს მდინარის შესართავში.
თუმცა ამაზონის ტყე დედამიწის არცერთ სხვა ადგილს არ ჰგავს და მისი მდინარის შესართავი ამაზონის აუზის არცერთ სხვა ადგილს არ ჰგავს. რაც იქ აღმოვაჩინეთ, შეიძლება ეკოლოგიურად უნიკალური ტყის ტიპი იყოს 40-მეტრიანი მანგროს ხეებით, რომლებიც ისეთ მიწაში იზრდება, რომელიც თითქოს არასაკმარისად მლაშეა მათ უზრუნველსაყოფად.

როგორც გაირკვა, მსგავსი უჩვეულო ხეები მთელ არქიპელაგზე იზრდება. ზოგიერთი ეს ხე იმდენად დიდია და, სავარაუდოდ, იმდენად ასაკოვანი, რომ მათ ქვეშ მოქცეული ნიადაგი შეიძლება ნახშირბადის ძალიან ღრმა რეზერვუარს შეიცავდეს – რასაც „კლიმატის შემსუბუქებისთვის უპრეცედენტო ღირებულება“ აქვს, როგორც აღვნიშნეთ თავდაპირველი ვიზიტის შემდეგ გამოქვეყნებულ პირველ სამეცნიერო ნაშრომში.
ჯერჯერობით იმედისმომცემი სიახლეა. ამასთან, ფელიპე და მე ნელ-ნელა ვხვდებით – აქაური ხალხი ვერ აცნობიერებს, რომ მანგროს ტყეების გარემოცვაში ცხოვრობს. მათ თავიანთი სახელები აქვთ ამ ხეებისთვის, რომლებიც ჩვენმა გუნდმა მანგროს ხეებად ამოიცნო. როდესაც გამოკითხვისას ვუსვამთ კითხვას, თუ როგორ იყენებენ ისინი ბუნებას და ვახსენებთ მანგროს ხეებს, მათ ყოველთვის ერთი პასუხი აქვთ: „ეგენი ჩვენ აქ არ გვაქვს“.

რა შეიცვლება, როდესაც გაიაზრებენ, რომ ისინი აქაც აქვთ? ზუსტად არ ვიცით. ისეთ მომავალს წარმოვიდგენ ხოლმე, რომელშიც მანგროს ტყეები ბაილიკის მკვიდრ ხალხს ადაპტაციაში ეხმარება: მანგროებად წოდებული ტყეები ახალ სახელმწიფო რესურსებს იზიდავს ან მომავალში ბრაზილიის ნახშირბადით ვაჭრობის რამე შეთანხმებაში ასრულებს როლს. მანგროს ხეების არეალი გაიზრდება, როდესაც წყლის ტურბულენტური ძალები განაგრძობს მდინარის შესართავის ნიადაგის სახეცვლილებას; საბოლოოდ, ვფიქრობ, ეს დამცავი ფუნქციის მქონე ხეები სოფლებსა და მათ შემოგარენში გავრცელდება. მეტი ფესვი დაიცავს მათ ეროზიისგან და მეტი წყალქვეშა ინკუბატორი იქნება კიბორჩხალებისა და თევზებისთვის.
მინდა ნათლად ვთქვა: არანაირი პანაცეა არ არსებობს. ადამიანის ქმედებით დაჩქარებული კატასტროფები ყველაზე დიდ ხიფათს წარმოადგენს არა მხოლოდ ბაილიკის კუნძულებზე, არამედ მთელ ამაზონში და მის მიღმა. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ წყალი და ამინდი ყოველთვის იწვევდნენ ბუნებრივ კატაკლიზმებს მდინარის შესართავში, ამაზონისა და ატლანტის ოკეანის შერთვის ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე და არქიპელაგის მცხოვრებლებმა ეს ყველაზე კარგად იციან. ფელიპე და მე ერთ დღეს ჩიკოს ნავში ვისხედით, მომდევნო სოფლისკენ მიმავალ არხს ვკვეთდით, როდესაც უეცრად ნავმა მოძრაობა შეწყვიტა. ჩიკომ ამოიოხრა. გაკვირვებულიც არ ჩანდა. შემდეგ იგი გვერდიდან გადახტა და უკნიდან მივიდა ნავთან, რათა ხელით მისწოლოდა.
მარჯვნივ: მდინარის შესართავთან მანგროს ხეები წარმოქმნიან დამცავ გამოსაჩეკ სივრცეებს ზღვის ბინადრებისთვის, როგორიც, მაგალითად, კიბორჩხალებია ამ მეთევზის ნადავლში. მარცხნივ: დიდი თეთრი ყანჩები მიემართებიან სათევზაო ნავებისკენ ბელენში. ბრაზილიის ამ ქალაქში უზარმაზარი სამდინარო პორტია. ამაზონელების უმეტესობა დღეს სწრაფად მზარდ ურბანულ ზონებში ცხოვრობს.
დრო გამეპარა, თქვა ჩიკომ. ეს არხი ახლა იმდენად სწრაფად ივსება და იცლება, რომ თუ შენი ნავი ზუსტად შერჩეულ დროს არ გაივლის არხში, წყლიან ბალახში იჭედები. მან დღის ასეთი პერიოდების შესახებ იქიდან შეიტყო, რასაც აქაური ხალხი „მეთევზეთა არხს“ უწოდებს – ინფორმაციის ყოველდღიურ გაცვლას ბაილიკელ მენავეებს შორის, რაც, ჩვეულებრივ, პლუმის მთელ ზედაპირზე მიმოფანტული ნავებიდან გადაძახილებია.
მაგრამ დღეს მას დრო აერია. ან ამაზონი არ დაემორჩილა მეთევზეთა პროგნოზს და არქიპელაგის ამ ვიწრო გასასვლელშიც კი ისე იქცევა, როგორც მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი მდინარე. ფელიპე და მეც გადავხტით თბილ წყალში, რომელიც კოჭებამდე გვწვდებოდა. „Mudou a agua, mudou a vida“, გავიფიქრე, ამ დროს ჩიკომ თავით გვანიშნა: უბრალოდ მიაწექით.
– სინთია გორნისთვის მონათხრობი

ჟურნალის ამ ნომერში გამოქვეყნებულ მასალას National Geographic Society წარმოგიდგენთ Rolex-თან პარტნიორობით – National Geographic-ისა და Rolex Perpetual Planet-ის პროექტის, „ამაზონის ექსპედიციის“ ფარგლებში.