დიდი ლაშქრობის აჩრდილთა ნაკვალევზე
ჟურნალისტი პოლ სალოპეკი განაგრძობს მსოფლიოს გარშემო ფეხით სიარულს და ამბების თხრობას. ამჯერად იგი ჩინეთის წითელი არმიის 90 წლის წინანდელი მტანჯველი მოგზაურობის შესახებ გვიყვება – და აწყდება ძალებს, რომლებიც ჩინეთის აწმყოს გარდაქმნიან.
დიდი ლაშქრობის აჩრდილთა ნაკვალევზე
ჟურნალისტი პოლ სალოპეკი განაგრძობს მსოფლიოს გარშემო ფეხით სიარულს და ამბების თხრობას. ამჯერად იგი ჩინეთის წითელი არმიის 90 წლის წინანდელი მტანჯველი მოგზაურობის შესახებ გვიყვება – და აწყდება ძალებს, რომლებიც ჩინეთის აწმყოს გარდაქმნიან.
უკვე სამი წელიწადია, რაც ჩინეთს ვსერავ. რომ დავასრულებ, 6760 კილომეტრი მექნება გავლილი.
სამხრეთ-დასავლეთით დავიწყე 2021 წლის ოქტომბერში და შემდეგ ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ გავემართე. წარმოსახვით გეოგრაფიულ გამყოფს – ხუს ხაზს – მივუყვებოდი, რომელიც ჩინეთის მწვანედ მობიბინე, მჭიდროდ დასახლებულ აღმოსავლეთს შედარებით მშრალი და ხალვათად დასახლებული დასავლეთისგან ყოფს. გზად ტრანსპორტით მოსარგებლე ბევრი ჩინელი არ შემინიშნავს. 1,4 მილიარდიან ქვეყანაში საკმაოდ მეუცნაურებოდა, მარტო რომ ვკვეთდი ჰორიზონტებს. თუმცა, ნამდვილად ვერ გეტყვით, აჩრდილებს არ ვხედავდი-მეთქი.
როდესაც ფეხით სერავ მსოფლიოს (მე კი უკვე თითქმის თორმეტი წელია აფრიკიდან სამხრეთ ამერიკისკენ მივუყვები აფრიკიდან წამოსული ჩვენი პრეისტორიული წინაპრების ნაკვალევს), რელიეფის კითხვას ისე იწყებ, როგორც პალიმფსესტისას. ზოგი ადგილი სიტყვაძუნწია, ზოგან კი დროისა და ნაფეხურების ჩურჩული გესმის. ჩინეთი ასეთია – ამბებით დახუნძლული პეიზაჟი.
იუნნანის პროვინციაში გავიარე II მსოფლიო ომის დროს 200 000 სოფლელი მუშის ოფლითა და სისხლით გაჟღენთილი ბირმის გზა. მოგვიანებით, სჩუანის პროვინციაში ვიხილე ათასი წლის წინანდელი აბრეშუმის გზის ქვაფენილის ნაშთები, თუმცა ერთ ფანტომურ მარშრუტზე მეფიქრებოდა ყველაზე ხშირად ჩინეთში ყოფნისას – ჩანგ ჭენგი – „დიდი ლაშქრობა“.
ყველა ჩინელმა მოსწავლემ იცის, რომ 90 წლის წინ, 1934 წლის ოქტომბერში, საშინელ სამოქალაქო ომში გახვეულ ჩინეთში, ჩიანგ ქაი-შექის ნაციონალისტური ხელისუფლების მიერ შევიწროებულმა ახალგაზრდა კომუნისტურმა პარტიამ, გლეხებისგან შემდგარ წითელ არმიასთან ერთად, სამხრეთ ჩინეთის ბაზები დატოვა. სრული განადგურება რომ აეცილებინათ თავიდან, კომუნისტებმა მსვლელობა დაიწყეს. მათ გაიარეს 9650 კილომეტრი აღმოსავლეთ ჰიმალაისკენ, გადალახეს მდინარეები, რომლებსაც არტილერია იცავდა და ჭაობები, რომლებშიც ადამიანები და ცხოველები სრულიად უჩინარდებოდნენ. 80 000-ზე მეტი ადამიანი – კაცი, ქალი და ბავშვი დაადგა ამ გზას, ერთ წელიწადში კი მათგან მხოლოდ 8000 დარჩა. მიაღწიეს რა შენსის გამოქვაბულებს, გადარჩენილებმა აღადგინეს რევოლუციური მოძრაობა და 1949 წლისთვის კვლავ გადაკვეთეს ჩინეთი ამ ქვეყნისა და მსოფლიოს სამუდამოდ შესაცვლელად.
„განა ისტორიას ახსოვს იმ მასშტაბის მარში, ჩვენ რომ მოვაწყვეთ? არა!“ – შესძახა მაო ძედუნმა. მან მოსესავით შემოაბრუნა უკან დახევის ამბავი და ხელახალი დაბადების დიდებულ ამბად წამოაჩინა ის.
დღეს ჩინეთში პრაქტიკულად არავინ ლაპარაკობს დიდ ლაშქრობაზე. ეს სკოლის პატრიოტული გაკვეთილია: ისტორიული კლიშე. თუმცა, როდესაც სჩუანის ნახევრად ცარიელი სოფლების ბორდიურზე ჩამოვჯდები ან შენსის გაყინულ ყანებს მივუყვები და მივაყურადებ, ასე მგონია, მესმის ათასობით ფეხის ხმა და ვხედავ უსასრულო კოლონას, რომელიც ოდესღაც 80 კილომეტრზე იყო გადაჭიმული.
და კვლავ ვეკითხები საკუთარ თავს: საით მიდის ჩინეთი ახლა?
იუნნანს 2022 წლის დასაწყისში ვტოვებ ხენგტუანის ქედის ყინულოვანი მწვერვალების გავლით. ყველაზე დაბალი უღელტეხილები 4200 მეტრს აღწევს ზღვის დონიდან და წვივამდე თოვლითაა დაფარული. ქვემოთ სჩუანია გადაჭიმული. სიარულისას ქვები ცვივა მულის მონასტრისკენ, სადაც ეთნიკური ტიბეტელი ბერები კალათბურთს თამაშობენ. „ირწმუნე ბუდიზმი ჩინური აქცენტებით“ – მოგვიწოდებს მონასტრის პირდაპირ აღმართული ვეებერთელა წითელი პლაკატი.
მაო და მისი დიდი მოლაშქრეები სასტიკ წინააღმდეგობას შეეჩეხნენ ამ უჟანგბადო ფრონტზე. კომუნისტები ჩინეთის სულისშემხუთველ დაბლობებში აღმოცენდნენ. მათთვის უცხო იყო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მწყემსებით დასახლებული ტიბეტის მოსაზღვრე მკაცრი მთები, ე.წ. ტომობრივი დერეფანი. წითელი არმიის სტანდარტული კეთილი ნების ჟესტი – ფეოდალთა ქონების გადანაწილება – ნაკლებად შთამბეჭდავი აღმოჩნდა ამ ნახევრად მომთაბარეთათვის.

„მანთწუსა და ტიბეტელთა ტერიტორიების გადაკვეთისას წითლები პირველად აღმოჩნდნენ მათდამი მტრული განწყობით გაერთიანებული მოსახლეობის პირისპირ. გზის ამ მონაკვეთზე თავს დატეხილმა ტანჯვამ მანამდე გადახდენილ ყველა პრობლემას გადააჭარბა“, – აღნიშნავს ედგარ სნოუ თავის წიგნში `წითელი ვარსკვლავი ჩინეთის თავზე”, რომელიც დიდი ლაშქრობის უკვდავსაყოფად დასავლელი მკითხველისთვის დაწერა. „მათ ჰქონდათ ფული, თუმცა ვერ ყიდულობდნენ საჭმელს. მათ ჰქონდათ იარაღი, თუმცა უხილავი მტერი ჰყავდათ“. დამშეული არმია თალგამის ნაკვეთებს არბევდა. ისინი შიმშილობდნენ.
საბედნიეროდ, მე – არა. ხალხი კეთილია. საჭმელი ყოველთვის არის. ერთ დღეს, დაახლოებით სამი კილომეტრის სიგრძის გზატკეცილის გაყინულ გვირაბში შევსრიალდი. მისი განდეგილი ხელმარჯვე მეთვალყურე, ეთნიკურად ი, სახელად შენ ხაო, მარტო ცხოვრობს გენერატორის შენობაში, რომელიც შეშის ღუმლით თბება. „ყველაფერი მაქვს, რაც მინდა. იარლიყიანი ნივთები? როცა მოკვდები, თან ვერაფერს წაიღებ“, – მახსენებს შენი და ისედაც დაბურულ საცხოვრებელს შეშის კვამლით ბოლავს, ამზადებს რა ჩასუიმას – ჩაის იაკის კარაქით და დაორთქლილ ატრიას. „უიარლიყო რამეები, სიყვარული, მეგობრობა… შეიძლება ეგენი წაიღო“.

შენის სიტყვებზე ვფიქრობ და სიმაღლით თავბრუდახვეული მივბარბაცებ სოფლებში, სადაც ქვით ნაშენი ახალთახალი კარმიდამოები მხვდება. ეს არაჩვეულებრივი მამულები, რომლებიც შეღავათიანი სასოფლო სესხებით ააშენეს, ძირითადად ეკუთვნით დაჩიავებულ წყვილებს, რომელთა წინაპრებიც წითელ არმიას უარყოფდნენ. ადგილობრივი ბეტონის გზები უნაკლოა. ინტერნეტის სიგნალიც მშვენიერია. ნეტავ, ესეც კეთილგანწყობის მოსაპოვებელი მორიგი მცდელობის შედეგია, რომელიც, ამჯერად, 2008 წლის ტიბეტის აჯანყებებს მოჰყვა? როგორც ჩანს, უძველესი გარიგება დაიდო: კეთილდღეობა სიმშვიდის სანაცვლოდ.
ორმა ენერგიულმა მოზარდმა გადაწყვიტა, ძიოულუნგამდე გავეცილებინე.
ერთი გოგონა ეთნიკურად ია, ხოლო მეორე – ტიბეტელი. ისინი თავიანთი უმცირესობების ენაზე არ ლაპარაკობენ. არ გვჭირდებაო – მხრებს იჩეჩავენ. სწავლება მხოლოდ მანდარინზეა. ისინი წინ მიისწრაფვიან, თავიანთ მშობლებს კი ტრადიციული სამყაროს ბურუსში ტოვებენ. „ინგლისურს საერთოდ რატომ ვსწავლობთ?“ – თვალის ჩაკვრით ამბობს ერთ-ერთი – „მალე ყველგან ჩინურად ილაპარაკებენ“.
გაზაფხულზე ლუტინგის ხიდს ვაღწევ, ადგილს, სადაც დიდი ლაშქრობის ცნობილი ბრძოლა გაიმართა 1935 წელს. მიზეზი სტრატეგიული იყო – მდინარე ტატუხეზე გადაჭიმული ჯაჭვის ხიდი. ედგარ სნოუ გულმოდგინედ აღწერს: „ერთიმეორის მიყოლებით გამოდიოდნენ წინ წითელი ჯარისკაცები სიცოცხლის გასარისკად. მათგან ოცდაათი აირჩა. მებრძოლებს ხელის ყუმბარები და მაუზერები დაამაგრეს ზურგზე. სულ მალე ისინი უკვე ბობოქარი მდინარის თავზე ირწეოდნენ და ორივე ხელით ჯაჭვის ხიდს ჩაბღაუჭებულნი მიიწევდნენ წინ“. დღეს ეს ხიდი წითელი ტურიზმის ღირსშესანიშნაობაა.
ჩინური საქორწილო ტრადიცია თამაშებსა და სახუმარო ხრიკებსაც გულისხმობს. აქ ჭაი ჟუეი ხელს სთხოვს ჭანგ ჩენსინს. მილიონობით სხვა ახალგაზრდა ჩინელის მსგავსად, ამ წყვილმაც დატოვა თავისი სოფელი და ქალაქში წავიდა სამუშაოდ. ეს ტენდენცია შორეულ მთის სოფელში მა დუჯილამუმდე და მის ქმარ ბიან დუჯიმდეც აღწევს. ეს მეოთხე თაობის ტიბეტელი მწყემსები იმდენ იაკის ყველსა და კარაქს აწარმოებენ, რომ შვილებს კოლეჯში გზავნიან. სწავლის შემდგომი გეგმები? – ქალაქში გადასვლა.
მაოს და ჩემი გზები ცოტა ხნით იყრება მდინარე ტატუხეს კანიონში. მისი რევოლუციონერების აჩრდილები ნაციონალისტებს გაურბიან, ჩრდილოეთისკენ მიიწევენ და კანსუს ველურ ბალახნარებსა და ჭაობებში უჩინარდებიან. მე აღმოსავლეთისკენ მივემართები, სჩუანის დედაქალაქ, დიდ ქალაქ ჩენტუსკენ. თუმცა, ჯერ 3350-მეტრიან ერლანგშანზე უნდა ავიდე და შევხვდე კაცს, რომელიც შესაძლოა დედამიწის უკანასკნელი „პეიფუ“ იყოს.
პეიფუები ჩაის ლეგენდარული გადამზიდები არიან. ისინი 250 წელი ზურგით ეზიდებოდნენ მძიმე ტვირთს – ჩაი აჰქონდათ სჩუანიდან ტიბეტის მთიანეთში. მზიდავების გამძლეობაზე ლეგენდები დადიოდა. პეიფუ ხშირად ფეხშიშველი ფარავდა თოვლიან კლდეთა 240-კილომეტრიან მონაკვეთს და მიჰქონდა ჩაით სავსე ბამბუკის ყუთები, რომლებიც დაახლოებით 180 კილოგრამს იწონიდა. ზოგს შიმშილი ან მოყინული სამთო ბილიკები აგდებდა სასოწარკვეთაში. ზოგი პირდაპირ გზაზე ეცემოდა მკვდარი. ცხედრები უსახელო საფლავებში ცვიოდა, მათ ტვირთს კი გადარჩენილები ეზიდებოდნენ.
„ქანგტინგსა და ლუტინგს შორის ბევრი მძარცველი იყო“, – სმენადაქვეითებულისთვის დამახასიათებლად ხავის 89 წლის ვანგ შიქანგი. „ბანდიტებს ჩვენი ჩაი არაფერში სჭირდებოდათ. თავს ყოველთვის უკანა გზაზე გვესხმოდნენ, როდესაც ფული მოგვქონდა. ოცკაციან ჯგუფებად დავდიოდით უსაფრთხოებისთვის“. გასამრჯელოდ სულ ერთ მუჭა მონეტებს იღებდნენ, რაც მხოლოდ ერთ ტომარა სიმინდს ჰყოფნიდა.
„ტკივილს ჯერ კიდევ ვგრძნობ“, – აღიარებს ვანგი, მტკიცე, წითელსახიანი პაპა, რომელიც შესაძლოა უკანასკნელი ცოცხალი ჩაის მტვირთავი იყოს. ფეხითმოსიარულე ქარავნებმა 80 წლის წინ ნელ-ნელა დაიწყეს გაუჩინარება. „ზურგის და მუხლების რევმატიზმი მაქვს“.
სქელი ნისლის, ყინულის, თოვლისა და ძლიერი ქარების მკაცრ მარშრუტს ვანგივით ვადგავარ. სულის მოსათქმელად ვჩერდები და კლდეზე უცნაურ ხვრელებს ვამჩნევ. აღმოჩნდა, რომ ეს ჩაის მზიდავების გამქრალი ლეგიონის განუყრელი ხის ჯოხების, ასეულ ათასობით „კუაიწის“ კვალია. ვფიქრობ – სწორედ ეს არის ჩინეთის ჭეშმარიტი სუპერძალის მონუმენტი: წარმოუდგენლად დიდი, ისტორიის მიღმა დარჩენილი გამძლეობა ე.წ. უბრალო ხალხისა.
წინ მივიწევ და ედგარ სნოუს წიგნის ფურცლებს მივყვები. მის 1937 წელს გამოქვეყნებულ წიგნს აფასებენ, როგორც რევოლუციური ჩინეთის კლასიკას და, ასევე, იწუნებენ კომუნისტებისადმი მეტისმეტი გულუბრყვილობის გამო. ის, როგორც Saturday Evening Post-ის კორესპონდენტი, ფარულად მოგზაურობდა ჩინეთში, შენსის ციტადელში მაოსთან შესახვედრად. ამ მოგზაურობისთვის აიცრა „ყვავილზე, მუცლის ტიფზე, ქოლერაზე, ტიფსა და ჭირის მიკრობებზე. ჩრდილო-დასავლეთში ხუთივე დაავადება მძვინვარებდა“. შავი ჭირის აფეთქება განსაკუთრებით ანერვიულებდა სნოუს.
თითქმის საუკუნის შემდეგ, სჩუანის გაწებილ ზაფხულში COVID-19-ის გამო იზოლირებულ ზონებს შორის მივიკვლევ გზას.
ჩენტუ ჩემი პირველი მეგაქალაქია 16-მილიონიანი მოსახლეობით. ეს ქალაქი ბაღია. კულტურული ქალაქი. თუმცა, მის უბნებში არაპროგნოზირებადი კარანტინები მაიძულებს, სულ ვიარო. ეს კოლოსალური მეგაპოლისი სამ დღეში უნდა გადავჭრა.
ექვსი თვის შემდეგ, ჩემს მომდევნო ურბანულ ცენტრ სიანში ჩავედი. ჩინეთის დრაკონული კარანტინი უცებ მოიხსნა. ეს დეკემბრის ერთ მდუმარე განთიადს აღმოვაჩინე: დილის 6 საათზე აღარ ისმის მეგაფონის მოწოდება, რომ მოსახლეობამ PCR ტესტების ასაღებად სპეცტანსაცმელში გამოწყობილ „ტა პაებს“ – „დიდ თეთრებს“ მიაკითხოს. თვალების ფშვნეტით ვიყურები სასტუმროს ფანჯრიდან – ეზოში თმაგაბურძგნილი სტუმრები ცეკვავენ. უკვე რამდენიმე დღეა, რაც სასტიკი კარანტინის წინააღმდეგ საპროტესტო კერები ფეთქდება ჩინეთის ქალაქებში. მაო ძედუნის ეპოქაში, ისევე როგორც ჩინეთის ამჟამინდელი ლიდერის, სი ძინფინგის მმართველობისას, ცენტრალიზებულ ძალაუფლებაზე ხალხი კვლავაც დამოკიდებულია და ასე იქნება, სანამ ის ერთ დღესაც არ ჩამოიშლება.
ჩინეთი წელიწადში 13 მილიარდ წყვილ ფეხსაცმელს აწარმოებს. ეს კაცობრიობის 60%-ს ჰყოფნის. ჩინეთი, ასევე, აწყობს მობილური ტელეფონების 60%-ს, სათამაშოების 70%-ს და მზის პანელების დაახლოებით 80%-ს. ცოტა ხანში ელექტრომობილების უმეტესობას ის მოგვყიდის. ამასთანავე, დედამიწაზე ყველაზე მეტი ხალხი გამოქვაბულებში ჩინეთში ცხოვრობს – ათეულობით მილიონი. ამ უკანასკნელ საინტერესო ფაქტს ფეხით სიარულისას იგებ.
უკვე მეორე ზამთარია ჩინეთში ვარ. სიანში ვცხოვრობ და დავდივარ უსასრულო ხევებსა და ბორცვებზე. იქ ყველაფერს მოყვითალო მტვერი ფარავს: ქუჩებს, ჩემს წამწამებს, ცხარე სოუსში მოთუშული ტოფუს ჯამს. მტვერი აფერადებს მზის შუქსაც კი, რომელიც, გეგონება, ცვილის მზიდან წვეთავს. გაფრქვეული ლიოსი: ნაწილაკების მუდმივი წვიმა, რომელიც მილიონობით წელია მოდის მონღოლეთის სტეპებიდან. ეს ცნობილი ლიოსის, იგივე ყვითელი მიწის, პლატოა.
აქ ნელ-ნელა ვამჩნევ ასეულობით – ათასობით – „იაოტუნგად“ წოდებულ გამოქვაბულ სახლებს.
„ზამთარში თბილი, ზაფხულში – გრილი“, – მიცხადებს სოფელ პაიშეში მხიარული ვაშლის ფერმერი თუნგ იუე და პლეისტოცენის დროინდელი ხერხებით მაბამს – „თან ასაშენებლადაც იაფია“.
თუნგის თავშესაფარი გარედან არ ჩანს. პრაქტიკულად – გავცდი. ხელით არის ექვს მეტრ სიღრმეზე გათხრილი და ჩავარდნილ ეზოს ჰგავს ან დაცლილ საცურაო აუზს, რომელსაც ყველა ვერტიკალურ კედელზე კარი აქვს გაჭრილი. ეს ნაგებობები სიღარიბისა და ინოვაციის ჭკვიანური მაგალითებია. ბევრი „იაოტუნგი“ დღეს ცარიელია. მათმა მცხოვრებლებმა ზემოთ, ქალაქებში გადაინაცვლეს. თუნგმა ოპტიმისტურად გადააკეთა თავისი გამოქვაბული სოფლის მოტელად.
მისი მიწისქვეშა ოთახები სუფთა, ბუნკერის მსგავსი და გრილია. გამთენიისას, თუნგის წიწიბურას ატრიით საუზმის შემდეგ, ბარგს ვიღებ და გარეთ გამოვდივარ. ჩემს თავზე ცა კვადრატულია და მბზინავი ფოლადის ელფერი დაჰკრავს.
აქედან ჩრდილოეთით, 260 კილომეტრის დაშორებით, მაომ წლები გაატარა საკუთარი გამოქვაბულის მერხთან მჯდომარემ, მუშაობდა რა მარქსიზმ-ლენინიზმის ჩინური აქცენტებით ჩამოსაყალიბებლად. ერთი მაგარი ამერიკელი კორესპონდენტი აგნეს სმედლი 1930-იან წლებში მაოს იქ ეწვია და მის ცოლს კამათისას დაარტყა.
KFC-ში ვიჯექი და საიდუმლო პოლიცია მითვალთვალებდა, ეს სახალისო ისტორია რომ წავიკითხე ლეპტოპში. ეს ამბავი შორეულ პლატოზე მდებარე ქალაქ იანანში მოხდა. ამ ციტადელში წითელი არმია გამაგრდა 368-დღიანი მსვლელობის შემდეგ: 18 მთის ქედისა და 24 მდინარის გადალახვის, 10 მთავარსარდლისა და ჩიანგ ქაი-შექის ნაციონალისტურ არმიასთან ბრძოლის შემდეგ. აქ დასრულდა დიდი ლაშქრობა.
შანსის პროვინციის თავისუფალი შემოვლითი გზებით სოფელ თანგჭივას მივადექი. 2023 წლის გაზაფხულია. ორი ხანში შესული ქალი სახლის წინ ზის და ოსტატურად აშორებს ქორფა ფოთლებს ვერხვის ტოტებს. ვეკითხები, იჭმევა თუ – არა. „ხუთჯერ უნდა მოხარშო, რომ სიმწარე გაუვიდეს“, – ამბობს ლი ცინი და გაჭირვების რეცეპტს მიზიარებს. დღეს ამ საჭმელს მხოლოდ მოხუცები ამზადებენ ძლიერი ნოსტალგიის გამო.
ლი და მისი მეგობარი ამ სოფლის უკანასკნელი ბინადრები არიან. ეს არ არის ახალი ამბავი: ჩინეთის სოფლები უკვე თაობებია იცლება. შესაძლოა უკვე 500 მილიონი ადამიანიც კი გადაადგილდა. ახალი ის არის, რომ: სოფლად თუ ქალაქად, ხალხი ბერდება. ჩინეთი ბერდება. მომდევნო, „სოციოლოგიური რევოლუცია“, რომელიც ამ ერს ემუქრება, ეს არის. ბევრ ჩინელ ქალს დღეს იმაზეც რთულად დაითანხმებ, რომ თუნდაც ერთი შვილი გააჩინოს, როგორც ამას წარსულში ქვეყნის „ერთი შვილის“ პოლიტიკა ავალდებულებდათ. ჩინეთის სწრაფი დაბერება მალე კოლოსალურ გავლენას იქონიებს მსოფლიო ეკონომიკაზეც. მომდევნო ათწლეულში ჩინეთს მუშახელის გამაოგნებელი რაოდენობა, 300 მილიონი ადამიანი დააკლდება დაბერების მიზეზით. ვინ იმუშავებს მერე „მსოფლიოს ფაბრიკაში?“

ხეპეის პროვინციის მწვანე ბორცვებს მივუყვები. პეკინს ვუახლოვდები. დიდი ლაშქრობიდან 14 წლის შემდეგ მაომ დაიპყრო ეს ქალაქი და თიენანმენის მოედანზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაბადება გამოაცხადა. ის ახლაც იქ არის, ბროლის სარკოფაგში გამომწყვდეული. ყოველდღე, ორშაბათის გარდა, დილის 8 საათიდან შეგიძლიათ ეწვიოთ.
„გენიოსი, – მითხრა ერთხელ იუნნანელმა, ახალგაზრდა ხელოვანმა მაოზე, – იცოდა, თუ როგორ შთაეგონებინა ხალხი“.
„მან ბაბუაჩემი მოკლა“, – კბილებში გამოსცრა შუა ხნის ფერმერმა სჩუანში. შესაფერისი მომენტი არ იყო, რომ მეკითხა, ბრძოლაში სიკვდილი იგულისხმა თუ პოლიტიკა, რომელმაც უამრავი ჩინელი შეიწირა („უდიდესი ნახტომი წინ“, მაოს წარუმატებელი დარტყმა ინდუსტრიალიზაციაზე, საბოლოოდ 30 მილიონი ჩინელის შიმშილით დასრულდა). ოფიციალურად, ამ ლიდერის რეპუტაცია ისევ აღზევებას იწყებს. პრეზიდენტმა სი ძინფინგმა პიროვნების კულტი გააცოცხლა, ცდილობს, დიდ მესაჭეს მიბაძოს. პეკინიდან დასავლეთით 40 კილომეტრის მანძილზე თიენიუენის გამოქვაბულს ვეწვიე. ეს არაღრმა გამოქვაბული Homo sapiens-ის გავრცელების უძველეს კერებს შორის არის აზიაში. კაცი, რომლის ძვლებიც აქ იპოვეს, 40 000 წლის წინ გარდაიცვალა. ეს მას ჩინეთის ტერიტორიაზე მოხეტიალე ერთ-ერთ უძველეს, ანატომიურად თანამედროვე ადამიანთა შორის აყენებს. მეცნიერები მისი ტერფის ძვლებს შეისწავლიან და ფიქრობენ, რომ შესაძლოა ის ფეხსაცმელსაც ატარებდა – თუ ეს დადასტურდა, ჩინელები კიდევ ერთ პირველობას მოიპოვებენ დედამიწაზე განსახლების ჩვენს გრძელ პრეისტორიულ გზაზე.
არაკომერციული ორგანიზაცია National Geographic Society 11 წელია აფინანსებს მკვლევარ პოლ სალოპეკის პროექტს „ედემიდან სვლა“. მიადევნეთ თვალი მოგზაურობას მისამართზე: OutofEdenWalk.org.