დეკემბრის ნომრის გამოქვეყნება ხანძრის შემდეგ აღდგენილი ნოტრ-დამის გრანდიოზულ გახსნას ემთხვევა. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სამრეკლოდან მომზირალი გროტესკული ფიგურები სწორედ ამიტომ დაჰყურებენ რედაქტორის სვეტს – ამ ნომერში დაწვრილებით მოგითხრობთ ტაძრის რესტავრაციის შრომატევადი პროცესის შესახებ. ზაფხულის ოლიმპიადის მასპინძლობის შემდეგ პარიზი კიდევ ერთხელ იპყრობს ჩვენს ყურადღებას.
სრულიად დამსახურებულად, წელს ხელმეორედ ვუთმობთ ყურადღებას ღამურებსაც – იანვარში საქართველოში გავრცელებული სახეობები გაგაცანით და გაწეული სამსახური დავუფასეთ, ამ ნომერში კი ზოგადად ხელფრთიანების ევოლუციურ თავისებურებებს ჩავეძიებით. დამატებით, ერთ „თუშ“ ღამურასაც გაგაცნობთ.
ჩვეულებისამებრ, დეკემბრის ნომერში თავს ვუყრით წლის რჩეულ ფოტოებს – National Geographic-ის ფოტოგრაფების მიერ ბოლო 12 თვის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში გადაღებულ კადრებს, რომლებზეც ასახულია ჩვენი სამყაროს საოცრებები და განსაკუთრებული მოვლენები. მათ შორის შეგხვდებათ საქართველოში გადაღებული ფოტოებიც.
2024 წლის შემოდგომაზე ჟურნალ National Geographic – საქართველოს 12 წელი შეუსრულდა, რაც, მიმდინარე ტურბულენტური რეალობის გათვალისწინებით, საზეიმოდ არ აღგვინიშნავს… იმედი მაქვს, მომავალ წელს მეტი დრო და ხალისი გვექნება საზეიმოდ და სამყაროს საოცრებებზე სასაუბროდ.
მადლობას მოგახსენებთ ჩვენს ძველ და ახალ მკითხველებს – თავგადასავლების მაძიებელ და ცნობისმოყვარე ადამიანებს!