გუნდურად ფრენის იშვიათი სილამაზე
ახალი კვლევა ააშკარავებს,
რატომ მოგზაურობენ შოშიები ასეთ დიდებულ ფორმაცვალებად ღრუბლებად.
გუნდურად ფრენის იშვიათი სილამაზე
ახალი კვლევა ააშკარავებს, რატომ მოგზაურობენ შოშიები ასეთ დიდებულ ფორმაცვალებად ღრუბლებად.
ზამთრის ცაში, მზის ჩასვლამდე ერთი საათით ადრე, ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის უმეტეს ნაწილში ათასობით შოშია იყრის თავს. ბუდეებში დაბინავებამდე ეს ფრინველები ბუნების ერთ-ერთ გამორჩეულ სანახაობას გვთავაზობენ. მათი სინქრონული პულსაცია, ტალღისებრად ფარფატი და ბრუნვა ერთიან ორგანიზმს – ამორფულ, ფორმაცვალებად არსებას წააგავს, რომლის მოძრაობები ფუნჯის კალიგრაფიული მონასმებისა და ცეცხლის ალის გიზგიზის მსგავსია.
როგორ მოძრაობს ამდენი ფრინველი ასე კოორდინირებულად? ამ საიდუმლოს ამოხსნას მეცნიერები ერთ საუკუნეზე მეტია ცდილობენ. 1931 წელს ორნითოლოგმა ედმუნდ სელუსმა ივარაუდა, რომ შოშიების ე.წ. მურმურაცია მხოლოდ ტელეპათიის დამსახურება შეიძლება ყოფილიყო. ისინი „კოლექტიურად უნდა აზროვნებდნენ, ყველა ერთდროულად“, – წერდა იგი. ისევე როგორც მრავალი სხვა, სელუსი მიიჩნევდა, რომ ამგვარ კომპლექსურ ქცევას ასეთივე კომპლექსური სათავე უნდა ჰქონოდა, თუმცა 1980-იან წლებში პროგრამისტებმა და ფიზიკოსებმა საწინააღმდეგო აზრი დააფიქსირეს. მათ შექმნეს კომპიუტერული მოდელები, რომლებშიც ვირტუალური ინდივიდები ერთმანეთთან მარტივი წესების მიხედვით ურთიერთქმედებდნენ, თუმცა ისინი მაინც ფრინველთა კოორდინირებული გუნდის მსგავსად მოძრაობდნენ. ამ სიმულაციების შედეგები სარწმუნოდ ჩანდა, თუმცა მკვლევრებს არ ჰქონდათ ფრინველთა ნამდვილ გუნდებთან შესადარებელი სანდო მონაცემები. შემდეგ, 2005 წელს, ფიზიკოსების, ანდრეა კავანიას და ირენე ჯარდინას ხელმძღვანელობით, რომში მეცნიერთა ჯგუფმა წინ დიდი ნაბიჯი გადადგა. სამი წლის განმავლობაში მრავალი სუსხიანი საღამო გაატარეს პალაცო მასიმოს სახურავზე, სადაც ორი კამერით ფოტოებს უღებდნენ განსაკუთრებულად დიდებულ მურმურაციებს. ამ ფოტოების მეშვეობით მათ ააგეს ყოველი ინდივიდის 3D პოზიცია მურმურაციებში, რომლებშიც 4000-ზე მეტი ფრინველი მონაწილეობდა.
ჯგუფმა დაადგინა, რომ ფრინველთა გუნდის სიდიდის მიუხედავად, თითოეული შოშია მხოლოდ 7 მეზობელ ფრინველთან ურთიერთობდა. მეზობლები ყოველ წამს იცვლებიან, თუმცა შოშიები ამ ცვალებად კავშირებს ყურადღებას არ აქცევენ. ისინი უბრალოდ მიფრინავენ იმავე მიმართულებით, საითაც მათთან ყველაზე ახლოს მყოფი 7 ფრინველი, ცდილობენ ახლო-ახლო იფრინონ და ამავდროულად გარკვეული დისტანცია დაიცვან. ჩამწკრივება, მიზიდულობა და თავის არიდება: ეს სამი წესი და აეროდინამიკის საბაზისო კანონები გრონინგენის უნივერსიტეტის (ნიდერლანდები) მეცნიერმა შარლოტ ჰემელრეიკმა კომპიუტერულ მოდელში გადაიტანა და შექმნა ვირტუალური მურმურაცია, რომელიც ნამდვილს ჰგავდა და რომში მოპოვებულ მონაცემებს ემთხვეოდა.
აღმოჩნდა, რომ შოშიებს არ სჭირდებათ ყოვლისმომცველი გეგმა, ლიდერი ან ტელეპათიური კოლექტიური აზროვნება. მათ თითქმის საერთოდ არ ესაჭიროებათ კომუნიკაცია. მურმურაციის თვალწარმტაცი კომპლექსურობა ცალკეული ინდივიდების ერთმანეთისგან სულ რამდენიმე მეტრის დაშორებით გათამაშებული მარტივი ინტერაქციების შედეგად იქმნება.

გასული ორი ათწლეულის განმავლობაში რომში მოპოვებულმა მონაცემებმა მრავალი სიურპრიზი შემოგვთავაზა. როდესაც შოშია მიმართულებას იცვლის, ახალ განლაგებას მის მეზობლებზე აქვს გავლენა, მათ კი თავიანთ მეზობლებზე და ასე შემდეგ. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ამგვარად წყობაში შეცდომების შეპარვა და კურსიდან გადახვევა „გაფუჭებული ტელეფონის“ მსგავსად მოხდება. სინამდვილეში, ფრინველთა მოძრაობების ცვლილება კი არ ამრავლებს შეცდომებს, არამედ აბათილებს. `ეს ჰგავს „გაფუჭებული ტელეფონის“ თამაშს, რომლის ბოლოშიც ინფორმაცია დაუმახინჯებლად აღწევს“, – ამბობს ჯარდინა. შესაბამისად, მურმურაციის მასშტაბის მიუხედავად, ყოველი ფრინველის მოძრაობა ზემოქმედებას ახდენს სხვა ფრინველებზე და, ამავდროულად, დამოკიდებულია სხვა ყველა ფრინველის ქცევაზე. თუ ერთი შოშია იცვლის მიმართულებას, მას ყველა დანარჩენი მიჰყვება. თითოეული შოშია მხოლოდ სხვა შვიდს აკვირდება, თუმცა ის მთლიან გუნდს შეიგრძნობს. შესაბამისად, მას შეუძლია რეაგირება მოვლენებზე, რომლებიც ასობით ფრინველის დაშორებით ხდება. სწორედ ამის გამო ჰგავს გუნდი ერთიან არსებას.
ამ აღმოჩენების საფუძველზე მკვლევრები სულ უფრო მეტად ამბიციურები და კრეატიულები გახდნენ მურმურაციის დეტალურ შესწავლაში. ჰემელრეიკი და მისი კოლეგები როლფ სტორმსი და მარინა პაპადოპულუ შეისწავლიან შოშიების თავდაცვით მანევრებს. ისინი გუნდისკენ შავარდენს მიმსგავსებულ რობოტს უშვებენ. „მდელოზე ვერ დადგები და მტაცებლის თავდასხმას ვერ დაელოდები, რაც შეიძლება ორ თვეში ერთხელ მოხდეს“, – მითხრა პაპადოპულუმ. „რობოტი ამ პრობლემას აგვარებს“. Fauxlcon-ის მიერ მოპოვებული მონაცემებით, ეს მეცნიერი ადგენს მანევრების კატალოგს: უეცარი გაბნევა, როდესაც გუნდი გარშემო იფანტება; და ე.წ. ვაკუოლი, როდესაც გუნდში ხვრელი ჩნდება. პაპადოპულუ იკვლევს, როგორ ჩნდება ესა თუ ის წყობა შავარდნის ქცევის, გუნდის პირველადი ფორმაციის ან ინდივიდუალური შოშიების ქცევის მიხედვით.

მკვლევრებს ასევე სურთ ფრინველთა გუნდებზე დიდი ხნის განმავლობაში დაკვირვება. რომის მონაცემები შეგროვებულია ფიქსირებული კამერების მეშვეობით, რომლებიც შოშიებს მხოლოდ ობიექტივში მოხვედრისას იღებდა. ჯარდინას კოლეგებმა ეს პრობლემა მოძრავი კამერების ახალი ქსელის მეშვეობით გადაჭრეს. ახლა მათ მხოლოდ შოშიების გამოჩენა სჭირდებათ.
„სამწუხაროდ, დღეს ბევრად ნაკლები ფრინველთა გუნდია“, – მითხრა ჯარდინამ. „შარშანდელი წელი კატასტროფული იყო“. ქალაქში შოშიებს შემაწუხებლებად აღიქვამენ, ამიტომ მათ დასაშლელად ციმციმა განათებას და მეგაფონებს იყენებენ. თუმცა შოშიები სხვა, მათთვის ჩვეული არეალებიდანაც ქრებიან. უკანასკნელი 60 წლის განმავლობაში ბრიტანეთში მათი რაოდენობა განახევრდა, დანიაში კი – 60%-ით შემცირდა. ამ გვერდებზე გამოსახული ფოტოების ავტორის, სერენ სოლკერის თქმით, უკანასკნელი ორი-სამი წლის განმავლობაში ძალიან გაუჭირდა დიდი გუნდების პოვნა. და ეს მხოლოდ შოშიებს არ ეხება: იმავე პერიოდში ევროპამ 550 მილიონი და ჩრდილოეთ ამერიკამ 2,9 მილიარდი ფრინველი დაკარგა ჰაბიტატების განადგურების და სხვა ანთროპოგენური ფაქტორების გამო. შოშიები გვახსენებენ, რომ გადაშენების თავიდან ასაცილებლად საკმარისი არაა მხოლოდ არსებობა. სახეობა სიცოცხლით სავსე უნდა იყოს, რადგან დედამიწის ყველაზე ლამაზი მოვლენები მხოლოდ მაშინ იჩენს თავს, როდესაც ცოცხალი არსებები მრავლად არიან და ერთად მოქმედებენ. „როდესაც შოშიების მურმურაციას ვაკვირდები, ეს ფენომენი თითქოს ჩემს თავში რაღაცას ეხმიანება და ააშკარავებს ჩვენს უნივერსალურ კავშირს ბუნებასთან“.