The NATIONAL GEOGRAPHIC 33
1888 წელს National Geographic-ი 33-მა გაბედულმა მოაზროვნემ დააფუძნა – მეცნიერებმა, მოგზაურებმა და მკვლევრებმა. მათი მიზანი იყო, ახლებურად შეგვემეცნებინა ჩვენი სამყარო. ისინი საკუთარი დროის მნიშვნელოვან გამოწვევას პასუხობდნენ. რა თქმა უნდა, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ National Geographic-ში ჩვენ ჯერაც შთაგვაგონებს ეს იდეა: სამყაროს გაუმჯობესების მიზნით გაერთიანებულ ადამიანებს შეუძლიათ მკვეთრად შეცვალონ მსოფლიო. სწორედ ამ განწყობით გვსურს, გაგაცნოთ National Geographic 33-ის პირველი გამოშვება. ეს ინიციატივა გამოარჩევს ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ დედამიწაზე არსებულ გამოწვევებს გადაუდებელი რეაგირება სჭირდება შემოქმედებითი მიდგომით და ასეც იქცევიან.
კერპი
ივონ შუინარი
მაგნატი, რომელმაც შექმნა უდიდესი სალაშქრო ბრენდი, შემდეგ კი ის დედამიწის გადარჩენის მისიას შესწირა

86 წლის ივონ შუინარი სიცილით იხსენებს, რამდენ წელს ითვლის მისი ყველაზე ძველი ტანსაცმელი. „ყველაფერი, რაც მაქვს, ძველია“, – ამბობს ღიმილით. „ყველაფერს მანამდე ვხმარობ, სანამ ბოლომდე არ დაიშლება“. Patagonia-ს დამფუძნებელი გაჰყურებს თავის ოფისს რანჩოზე, უაიომინგში, შემდეგ კი ჰაერში ხელებს წევს კუბოკრული პერანგის გაცვეთილი სახელოების გამოსაჩენად. „ყოველთვის მარტივად ვცხოვრობდი. მე არ ვარ მომხმარებელი“.
ეს, შეიძლება, უცნაური ან ფარისევლურიც კი მოგეჩვენოთ იმ კომპანიის დამფუძნებლისგან, რომლის წლიური შემოსავალიც ერთ მილიარდ დოლარს მუდმივად უტოლდება. მაგრამ შუინარი ყოველთვის ამბობდა, რომ Patagonia მოგების მისაღებად არ შეუქმნია. „თავს ვირჩენ და მეტი არც არაფერი მინდა“, – უთხრა მან ჟურნალ New Yorker-ს 1977 წელს. თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ, 2022 წლის სექტემბერში, მან ეს განცხადება გაამართლა კიდეც. მთელი მსოფლიო გააოცა, როდესაც 3 მილიარდ დოლარად შეფასებული კომპანიის გაცემის შესახებ განაცხადა. აქციების 2% გადაეცემოდა ორგანიზაციას, რომელიც თანხას საზოგადოებრივი სარგებლისთვის გამოიყენებდა, დანარჩენი კი – Holdfast Collective-ს, არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც ამ თანხით გარემოსდაცვით საკითხებზე იმუშავებდა. „დედამიწა დღეს ჩვენი ერთადერთი აქციონერია“, – დაწერა მან Patagonia-ს ვებგვერდზე.
„მას შემდეგ, რაც საკუთარი თავის სარჩენად საკმარის ფულს გამოიმუშავებ, რა მიზეზი უნდა გქონდეს ბიზნესში დასარჩენად?“, – კითხულობს იგი მხრების აჩეჩვით. „პასუხისმგებლობა თანამშრომლების წინაშე, რომ მეტი ფული აკეთო, თუ კარგი საქმე აკეთო? ჩვენი მოგებით კარგ საქმეს ვაკეთებთ და სწორედ ესაა მიზეზი, რატომაც არ ვჩერდებით. ეს არაფერ შუაშია ეგოსთან. რამდენიმე წელიწადში მაინც მოვკვდები“.

ფოტო: იონას ფრედუოლ კარლსონი
შუინარის გადაწყვეტილება, კომპანია ამ მისიისთვის შეეწირა, ნაწილობრივ იმან გამოიწვია, რომ Forbes-ის მილიარდერების სიაში აღმოჩნდა. საკუთარი თავისთვის ამ თვალით არასოდეს შეუხედავს და გაღიზიანდა. Patagonia-ს გარეშე შეძლებდა ეცხოვრა იმ ადამიანად, რომელიც გულის სიღრმეში იყო: 80 წელს გადაცილებული კოვბოი რანჩოზე, წელიწადში 60 000 დოლარის შემოსავლით, 1987 წლის Toyota Corolla-თი და გაცვეთილი პერანგით.
„ის ისეთივე ბედნიერი იქნებოდა სადმე ხიდის ქვეშ ან ფურგონში ცხოვრებით, როგორც მდიდრული გარემოთი“, – ამბობს კრის ტომპკინსი, Patagonia-ს პირველი აღმასრულებელი დირექტორი და შუინარის მესაიდუმლე.
შუინარმა ეს თავმდაბლობა მემკვიდრეობით მიიღო. „მე ვიყავი ძუნძგლიანი მეკლდეური და ჩემი ძუნძგლიანი ფილოსოფია მამაჩემისგან მერგო“, – ამბობს იგი. „ფული საერთოდ არ მქონდა. ვჭამდი კატის საკვებს, მღრღნელებს. ხილს ეზოებიდან ვიპარავდი“.
მას შემდეგ ყველა კონტინენტზე დალაშქრა მთები და დღეს ყველაზე მეტად ეს სპორტი ენატრება. „წონასწორობას ვეღარ ვინარჩუნებ“, – ამოიოხრებს იგი. და მაინც, ალპინიზმის ორგანული კავშირი ბუნებასთან მას დაეხმარა, ადრევე გაეაზრებინა, როგორ შეუქცევადად ცვლიან ადამიანები სამყაროს, მაშინაც კი, როდესაც სპორტის გამო კლდეებზე იარებს ტოვებენ. იგი 60 წლის განმავლობაში ცდილობდა, ნაკლები ზიანი მიეყენებინა თავისი ბიზნესით ბუნებისთვის. „არც Patagonia არის მდგრადი კომპანია“, – ამბობს იგი. „ბიზნესში ასეთი რამ არ არსებობს. ჩვენს ფილანთროპიას ვუყურებ არა როგორც ქველმოქმედებას, არამედ როგორც ბიზნესის კეთების და არაგანახლებადი რესურსების გამოყენების საზღაურს. ამას როდესაც გააცნობიერებ, გინდა, რამე იღონო“.
შუინარი მუდმივად ახსენებს საკუთარ პესიმიზმს. მაგალითად, ის დარწმუნებულია, რომ კლიმატის კრიზისს ვერ გადავჭრით მანამდე, სანამ ადამიანები სულიერ კავშირს არ დაამყარებენ ბუნებასთან. მას სჯერა, რომ საჯარო კომპანიისთვის ნამდვილი მდგრადობა არასოდეს იქნება აქციონერების მოგებაზე მნიშვნელოვანი. მაგრამ ამის საპირწონედ იდეალისტურად წარმოიდგენს, თუ რის გაკეთება შეუძლიათ ადამიანებს სწორი რესურსებით. მისი თქმით, დღეს ის უფრო აქტიურადაა ჩართული Patagonia-ს სამუშაო პროცესში, ვიდრე ორი წლის წინ, როდესაც კომპანიიდან გავიდა. მისი მიზანია უზრუნველყოს, რომ Patagonia-მ სამუდამოდ იმუშაოს, რათა შეძლოს გაბედული მისიის შესრულება – „ჩვენი მშობლიური პლანეტის გადარჩენა“. – გრეისონ ჰავერ კურინი
შორსმჭვრეტელი
სელენა გომესი
სუპერვარსკვლავი, რომელიც მსოფლიო მასშტაბით უჭერს მხარს მენტალურ ჯანმრთელობას

დღევანდელი სელენა გომესი – ოქროს გლობუსზე წარდგენილი მსახიობი, მილიარდერი ფილანთროპი და ანტრეპრენიორი – ვერ იარსებებდა რამდენიმე წლის წინანდელი სელენა გომესის გარეშე. მაშინ ახალგაზრდა მომღერალს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა აწუხებდა. 2018 წელს ფსიქოზური ეპიზოდიც ჰქონდა – მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანი წყდება რეალობას. მოგვიანებით კი ბიპოლარული აშლილობა დაუდგინდა.
მსახიობი კარიერასა და საჯარო ცხოვრებას ჩამოშორდა. დაიწყო მკურნალობის ფორმების ძიება. მათ შორის იყო დიალექტიკურ-ბიჰევიორული თერაპია, თერაპიული საუბრები განსაკუთრებული ემოციური ტანჯვის მქონე პაციენტებისთვის. ბოლოს, გომესმა შეარჩია მასზე მორგებული სტრატეგია და მკურნალობის გეგმა. „თავიდან ძალიან მძიმე პერიოდი იყო, – ამბობს 32 წლის გომესი, – მაგრამ, საბედნიეროდ, ახლა უკეთ ვგრძნობ თავს და ვცდილობ, ხმაურს ყურადღება არ მივაქციო“.
მოგვიანებით, როდესაც კარიერას დაუბრუნდა და კინოკრიტიკოსების აღიარება მოიპოვა როლებით ფილმში „მკვლელობები ერთ შენობაში“ და უფრო გვიანდელ მიუზიკლში „ემილია პერესი“, მან გადაწყვიტა, საკუთარი გამოცდილება ისე გაეზიარებინა, რომ სხვებს დახმარებოდა. ამისთვის ძალიან პირადული გზა აირჩია – დოკუმენტური ფილმი „სელენა გომესი: ჩემი გონება და მე“. „ძალიან მეშინოდა, – გვიყვება ის პროექტზე, – მაგრამ არ მინდოდა, სხვას თავისებურად მოეყოლა ჩემი ისტორია. მინდოდა მე თვითონ გულახდილად მომეთხრო ჩემი ამბავი – ყოველთვის ამ გზას ვირჩევ“.
მან, ასევე, თავისი კოსმეტიკური კომპანია Rear Beauty-დან მიღებული შემოსავლით შექმნა Rare Impact Fund-ი, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს გარშემო ქმნის რესურსებს ახალგაზრდების მენტალური ჯანმრთელობისთვის. „ჩემი საქმიანობა ყველაფერზე მეტად მიყვარს, მაგრამ მნიშვნელოვანია, კოსმეტიკური ბრენდის მიღმაც მქონდეს მიზნები“, – ამბობს იგი. „არ მინდოდა ხალხს ეფიქრა, რომ ვიყავი რაღაც მიუღწეველი ცნობილი სახე, რომელთან კავშირისა და თანაგანცდის დამყარებაც არავის შეეძლო“.
2020 წელს დაფუძნების შემდეგ Rear Impact-მა ხუთ კონტინენტზე 30 ორგანიზაციას მილიონობით დოლარი ჩაურიცხა. ის დაეხმარა განათლებაზე, კრიზისული სიტუაციის მართვასა და სუიციდის პრევენციაზე მომუშავე ჯგუფებს. მიმღებ ორგანიზაციებს შორისაა Ever Forward Club-ი ოკლენდში, კალიფორნიაში, რომელიც ეხმარება მენტალური ჯანმრთელობის რისკის ქვეშ მყოფ ახალგაზრდა მამაკაცებს. მეორე ორგანიზაცია, Kolkata Sanved, ცეკვისა და მოძრაობის თერაპიის დახმარებით ინდოეთსა და სამხრეთ აზიის სხვა ქვეყნებში მოწყვლად ბავშვებს რეაბილიტაციაში ეხმარება. ელის კოენი, Rear Impact-ის პრეზიდენტი, ამბობს, რომ აღნიშნულ თემებზე ცნობიერების ამაღლებით გომესი, ასევე, უმკლავდება ამ პრობლემის გადასაჭრელად დაფინანსების მოძიების „მუდმივ გამოწვევას“. ასეთი საქმიანობის წყალობით მათ, ვისაც პირადად არ გამოუცდიათ მენტალური პრობლემები, შეიძლება უკეთ გაიგონ, რამდენად მნიშვნელოვანია ამ მიმართულებაში თანხის ჩადება.
გომესის თქმით, მას სურს, ხალხმა იცოდეს, რომ დახმარება არსებობს. ეს მხარდაჭერა შეიძლება იყოს როგორც პირადული, ისე საჯარო. „ყველაფერი ჯერ ჩემს ტვინშიც ვერ დავალაგე“- ამბობს იგი. „ჩემს ემოციებთან კავშირი რომ დავამყარე, ეს დამეხმარა“. – ალექსის ოკეოვო
შემოქმედი
ჯეისონ მომოა
მსახიობი, რომელიც სუპერძალებს ოკეანეების დასაცავად იყენებს

სტილისტი: სტივენ კონსტანციო; თმა და მაკიაჟი: ჯენიფერ სტენფილდი
მსახიობი ჯეისონ მომოა ყოველთვის წყლის ბიჭი იყო, იქამდეც კი, სანამ „აკვამენში“ ატლანტისის წყალქვეშა სამეფოს მემკვიდრის როლს შეასრულებდა. ის ჰავაიში დაიბადა, მაგრამ ბავშვობის დიდი ნაწილი აიოვის შტატის პატარა ქალაქში დედასთან ერთად გაატარა. მაშინაც კი, როდესაც ხმელეთით გარშემორტყმულ შტატში ცხოვრობდა, წყლის ეკოსისტემებით ძალიან იყო დაინტერესებული. საშუალო სკოლის ზედა კლასებში საზღვაო ბიოლოგიის საუნივერსიტეტო დონის გაკვეთილებს ესწრებოდა. „ბევრი აკვარიუმი გვქონდა“, – ხალისით იხსენებს 45 წლის მომოა კამპუსის გველთევზებსა და ზვიგენებს. „ყველაფერი მაშინ დაიწყო“.
სკოლის შემდეგ, 19 წლის ასაკში, სერიალ „მაშველებში“ გადაიღეს. საზღვაო ბიოლოგის კარიერისთვის მაინცდამაინც კარგი მარშრუტი არ იყო, მაგრამ ოკეანესთან ახლოს მაინც იქნებოდა. ამ ტრაექტორიას მიჰყვა და „სამეფო კარის თამაშებში“, „დიუნში“ და „აკვამენში“ გადაღების შემდეგ ის ჰოლივუდის ვარსკვლავიც გახდა.
მომოას სიყვარული ოკეანის მიმართ არ განელდა. დღეს ის თავის მისიად ხედავს იმ ექსპერტების ხმების გაძლიერებას, რომელთა სათქმელიც ისე ხმამაღლა არ ისმის. 2022 წელს მომოა გაეროს გარემოსდაცვით პროგრამაში ჩაერთო და „წყალქვეშა სიცოცხლის დამცველი“ გახდა.
თვითმფრინავებში პლასტმასის ბოთლების სიმრავლით გაღიზიანებულმა, დააფუძნა ალუმინის ბოთლებში ჩამოსხმული წყლის კომპანია – „მანანალუ“. ის მრავალჯერად ბოთლებში წყლის ჩამომსხმელი სისტემის, „ბუმერანგის“, პარტნიორიც გახდა. „მინდა, ცვლილებები მოვახდინო და პასუხისმგებელიც ვიყო“, – ამბობს იგი. – ლორენ ლარსონი
შორსმჭვრეტელი
ჰამდი ულუკაია
ბიზნესლიდერი, რომელიც ლტოლვილებს სამსახურის პოვნაში ეხმარება

ჰამდი ულუკაია ქურთი მეცხვარეების შვილია. ის თურქეთიდან მას შემდეგ გაიქცა, რაც ქურთების უფლებების დაცვისთვის ამოიღეს სამიზნედ. როდესაც ნიუ-იორკში იოგურტის მწარმოებელი კომპანია „ჩობანი“ დააფუძნა, ხშირად ეფიქრებოდა სხვა ადამიანებზე, რომლებიც დევნას გაურბოდნენ და კადრების ძებნა მახლობელ ლტოლვილთა დროებითი დასახლების ცენტრში დაიწყო. მას შემდეგ შექმნაTent Partnership for Refugees, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს გარშემო ათობით ათას იძულებით გადაადგილებულ ადამიანს დაეხმარა სამსახურის პოვნაში. დღეს „ჩობანიში“ 20-ზე მეტ სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანი მუშაობს. „ჩვენ ასეთ რეკლამას ვაკეთებთ ხოლმე, რომ ამაზე ლოიალურ, შრომისმოყვარე და მიზანდასახულ ადამიანებს სხვაგან ვერ იპოვი“, – ამბობს იგი. „ისინი არასოდეს დაგივიწყებენ, რომ შენ მათ კარი გაუღე“. – ალექს ჰოიტი
შემოქმედი
ტეიშენ ჰეიდენ-სმითი
პარტიზანი მებაღე, რომელიც მებაღეობას ახალ თაობაში ამკვიდრებს

ტეიშენ ჰეიდენ-სმითი ლონდონის სოციალურ საცხოვრისში იზრდებოდა და ფეხბურთელობაზე ოცნებობდა. თავისი ოჯახის პატარა ეზო მის საფეხბურთო მოედნად გადაიქცა და ტეიშენის პროფესიულ კარიერასაც მისცა დასაბამი. როდესაც 2017 წელს ეს დასახლება გრენფელ-ტაუერის ცეცხლმა გაანადგურა, იგი თავის ძველ სახლში დაბრუნდა და მიწის ურბანული ნაკვეთების გამწვანება დაიწყო. ტეიშენმა დააარსა ორგანიზაცია Grow to Know, რომელიც ბუნებას ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის და მებაღეების ახალ, მრავალფეროვან თაობას აძლევს საჭირო განათლებას. „ბაღში ბარიერები და საზღვრები ქრება“, – ამბობს ტეიშენი, რომელიც ცდილობს, განადგურებული უბნები კვლავ ააყვავოს. – ალექს ჰოიტი
კერპი
ედვარდ ნორტონი
მსახიობი, რომელიც აფრიკული ცხოველების დაცვის ახალ გზებზე ფიქრობს

ადრეული ასაკიდან ედვარდ ნორტონს კარგად ასწავლეს, რა არის საჭირო გარემოს დასაცავად. მისმა მამამ, ედვარდ მ. ნორტონმა, გარემოს დამცველმა იურისტმა, დააფუძნა Grand Canyon Trust-ი და სხვებთან ერთად დააარსა Rails to Trails Conservancy. ნორტონის დედის მამა, უძრავი ქონების დეველოპერი და ურბანული დაგეგმარების ექსპერტი ჯეიმს რაუსი, იყო ხელმისაწვდომი საცხოვრისის პოლიტიკის პიონერი. „მთელი ბავშვობა ვუსმენდი, როგორ საუბრობდნენ სოციალურ მეწარმეობაზე, მისიაზე დაფუძნებულ სტრატეგიასა და ფონდების მოძიებაზე“, – იხსენებს 55 წლის ნორტონი. „ჩემ გარშემო ყველა დაფუსფუსებდა და ცდილობდა, დაფინანსება მოეზიდა. ნამდვილად არ მახსენდება, მამაჩემი ოდესმე გარემოს დამცველი ორგანიზაციებისთვის თანხის შეგროვებით არ ყოფილიყო დაკავებული“.
ნორტონმა კარიერა სხვა სფეროში დაიწყო. ფილმებით „ამერიკული ისტორია X“, „მებრძოლთა კლუბი“ და „25-ე საათი“ ის გახდა თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული მსახიობი. ბოლო დროს ფილმში „ყველასთვის უცნობი“, ტიმოთი შალამეს გვერდით (რომელიც ბობ დილანის როლს ასრულებდა), სოციალური სამართლიანობის ლეგენდის, პიტ სიგერის როლი შეასრულა. როდესაც ნორტონი ცნობილი გახდა, მიხვდა, რომ არ სურდა, ცნობილი ადამიანების, როგორც ამა თუ იმ თემის ელჩის სტანდარტული როლი მოერგო. „არ მინდოდა, უბრალოდ საჯარო დამცველის რბილი მისია შემესრულებინა. ამის მნიშვნელობას არ ვაკნინებ, უბრალოდ პირადად მე არ დამაკმაყოფილებდა“.
რაც ნორტონს ასაზრდოებს, არის კენიურ ორგანიზაცია „მასაის ველური ბუნების კონსერვაციის ფონდთან“ მუშაობა. ნორტონი აღნიშნული ჯგუფის აშშ-ის საბჭოს პრეზიდენტია. მისი თქმით, ესაა „ეკონომიკურ განვითარებაზე ფოკუსირებული ორგანიზაცია, რომელიც ცდილობს, შექმნას გამართული ეკონომიკა ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების საფუძველზე“. სხვა სიტყვებით, ორგანიზაციის მიზანია, შემოქმედებითი მეთოდებით დააკავშიროს მასაის მიერ მიწისა და ველური ბუნების დაცვის ძალისხმევა ეკონომიკურ განვითარებასთან.
ეს ჯგუფი ბევრ ისეთ საქმეს აკეთებს, რომელსაც კენიური ბუნების დამცველი ორგანიზაციისგან მოელით. „ჩვენ გვყავს 220 სათემო რეინჯერი და გვაქვს ველურ ცხოველთა დაცვის სააღსრულებო და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის პროგრამები“, – ამბობს ნორტონი. მაგრამ ეს ორგანიზაცია, მისი თქმით, უფრო თამამი იდეების ინკუბატორიცაა. ერთ-ერთი პროექტი, რომელიც ნორტონს განსაკუთრებით ეამაყება, ნახშირბადის კრედიტების გაყიდვით მიღებულ თანხას მასაის ადგილობრივ თემს გადასცემს, რომელიც ამ ფულით ჯანდაცვას, განათლებასა და ბუნების დაცვის ინიციატივებს აფინანსებს.
დარდი, რომელიც ნორტონს არ ასვენებს, მისი მამისთვის და პაპისთვისაც ნაცნობი იქნებოდა: ფინანსური სახსრების მოძიების სტრესული პროცესი. ამან ნორტონი ერთ მიგნებამდე მიიყვანა. „მსოფლიოს ბუნების დაცვის მოძრაობა ვერ დაეყრდნობა მხოლოდ დონორების მიერ დაფინანსებულ ფილანთროპიულ სტრატეგიას. გამორიცხულია. მხოლოდ იმაში არ არის პრობლემა, რომ ვერ გაიზრდება, ის ძირეულად არასტაბილურია“, – ამბობს იგი.

საჭიროა ახალი მოდელი და ნორტონი განსაკუთრებით გამოცოცხლდება ხოლმე, როდესაც შესაძლო ვარიანტზე ლაპარაკობს: მდიდრული ეკოტურიზმის მოდელის შემუშავება, რომელიც მეტად შეუწყობს ხელს საკონსერვაციო საქმიანობას. როგორც ნორტონი და მისი პარტნიორები ამბობენ, თანხა, რომელსაც ტურისტები მოწყვლად ადგილებში ხარჯავენ, ისევ იმ ქვეყანაში ან, საუკეთესო შემთხვევაში, თემშივე უნდა დარჩეს. ნორტონმა და მისმა გუნდმა შექმნეს კომპანია Conservation Equity, რომელიც კრიტიკულ ზღვარზე მყოფ ადგილებში ტურიზმს დააფინანსებს და, რაც გადამწყვეტია, მოგების რეინვესტირებას იქვე განახორციელებს აქციონერებისთვის დაბრუნების ნაცვლად. ნორტონი დარწმუნებულია მოდელის შანსებში. „ვფიქრობ, ასეთი პროექტი უპრეცედენტოა, – ამბობს იგი, – ამას თუ სწორად გავაკეთებთ, გვექნება ბუნების დაცვის დაფინანსების, წახალისებისა და ეკონომიკურად სტრუქტურირების ახალი იდეა. ვფიქრობთ, ცოტა გვიკლია და ვაჩვენებთ, რამოდენა ძალა აქვს ტურიზმს, თუ შევძლებთ, კერძო სააქციო კაპიტალს გავუწიოთ კონკურენცია“.
ნორტონი ფიქრობს, რომ გარდამტეხ მომენტში ვართ, როდესაც ბუნების დაცვის მექანიზმების გადაფასება შეგვიძლია. „ჩვენ ბუნების ეკონომიკის ეპოქაში შევდივართ. საკუთარ თავს ვაძალებთ, ეკონომიკურ სისტემაში ბუნებაც გავითვალისწინოთ“, – ამბობს იგი. – „ეს შეიძლება, არ იყოს ჯონ მიურის მსგავსი რომანტიკული ხედვა, მაგრამ ვფიქრობ, რომ რვა მილიარდი ადამიანის საჭიროებები მეორეხარისხოვანი ვერ იქნება ბუნების სულიერ ღირებულებასთან შედარებით. ამიტომ, აუცილებლად უნდა შევქმნათ ბუნების დაცვისა და აღდგენის გამძლე, უკეთესი ეკონომიკური მოდელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, წავაგებთ“. ნორტონს კი წაგება სულაც არ ეხატება გულზე. – სემ შუბი
შორსმჭვრეტელი
ჯენიფერ უჩენდუ
კლიმატის აქტივისტი, რომელიც აფრიკელებს ეკოლოგიურ შფოთთან გამკლავების სივრცეს სთავაზობს

წლების განმავლობაში ჯენიფერ უჩენდუ სხვა ნიგერიელებს აფრთხილებდა კლიმატის ცვლილების საფრთხეების შესახებ და ამ პროცესში ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა გამოეპარა: მარტივად რომ ვთქვათ, ის უფრო და უფრო მეტად შფოთავდა და ითრგუნებოდა.
გლობალურ სამხრეთში მცხოვრები ადამიანები განსაკუთრებით მძაფრად განიცდიან კლიმატის ცვლილების გავლენას – დატბორილ ქალაქებს, გვალვით მოხრიოკებულ სახნავ-სათეს მიწებს, მტანჯველ სითბურ ტალღებს – ხშირად ისე, რომ თავად დიდად არ შეაქვთ წვლილი ამ პრობლემის გამწვავებაში. უჩენდუ, რომელიც ადგილობრივ თემებში მდგრადი განვითარების კონსულტანტად მუშაობდა და ახალგაზრდებისთვის ნახშირბადის კვალის შემცირებისა და ანგარიშვალდებულების წასახალისებლად ბლოგიც შექმნა, სახელად SustyVibes, გრძნობდა, რომ შედეგს დროულად ვერ მიაღწევდა.
საერთაშორისო ლიდერები მისი თემის პრობლემებს სერიოზულად ნამდვილად არ აღიქვამდნენ. „გაბრაზებული და იმედგაცრუებული ვიყავი, – ამბობს იგი, – ვფიქრობდი, რომ ან ძალიან ბევრი უნდა მემუშავა ჩემი ემოციების გამორკვევაზე, ან დავნებებულიყავი და სხვა საქმით დავკავებულიყავი“.
შემდეგ, 2020 წელს, უჩენდუს ერთი იდეა გაუჩნდა. მან წამოიწყო პროექტი იმის გამოსაკვლევად, თუ რა რეაქციას იწვევდა კლიმატის ცვლილება მის თემში. The Eco-Anxiety in Africa Project, იგივე TEAP, ლაგოსში დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც ახალგაზრდა აფრიკელებს ეხმარება, ილაპარაკონ კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ემოციებზე. ორი წლის შემდეგ TEAP-მა თავის ოფისში კაფეც გახსნა, სადაც ორგანიზაციის წევრებს შეუძლიათ შეკრება.
TEAP-ის ლიდერებს უნდათ, თავიანთ 700-ზე მეტ წევრს საკუთარი ქმედითუნარიანობის შეგრძნება გაუჩინონ. რაც არ უნდა იყოს მათი მიზანი – მეტი ხის დარგვა თუ ელექტროენერგიის გადასახადის შემცირება – საუბრისას ყოველთვის ურთიერთგადაჯაჭვულ, საერთო სიძნელეებს განიხილავენ. „მიუხედავად იმისა, რომ აქ კლიმატის ცვლილების თემის გარშემო გავერთიანდით, ნიგერიაში ვერ გაექცევით საუბრებს უმუშევრობასა ან საკვების მაღალ ფასებზე, რადგან ისინი ამ პრობლემის უფრო ფართო შედეგებია“, – ამბობს უჩენდუ.
მას შემდეგ TEAP-ის ოფისი ნიგერიის კიდევ რამდენიმე სხვა შტატში გაიხსნა. უჩენდუ აპირებს, ორგანიზატორებს ჩაუტაროს ტრენინგები, რათა მათ მსგავსი სივრცეები გახსნან სამხრეთ აფრიკაში, განასა და კენიაში. ამასობაში უჩენდუ, ნოტინგემის უნივერსიტეტთან (ინგლისი) ერთად, იკვლევს კლიმატის ცვლილების ემოციურ ზეგავლენას დიდი აფრიკული ქალაქების მოსახლეობაში, რამაც შეიძლება არსებული პრობლემის შესახებ ინფორმაცია უფრო ფართოდ გაავრცელოს.
უჩენდუს აზრით, ახალგაზრდა აფრიკელებისთვის სასაუბრო სივრცის შექმნა ეკოლოგიური მდგომარეობით გამოწვეულ შფოთვაზე აუცილებელი ნაბიჯია უკეთესი მომავლისთვის ბრძოლაში. „თუ ახალგაზრდები თავს სრულიად უსუსურად იგრძნობენ, ეს იქნება არა მხოლოდ ჯანდაცვის კრიზისი, არამედ კატასტროფა კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად“, – ამბობს იგი. „რამის გასაკეთებლად საკმარისი ენერგიაც უნდა გქონდეს“. ენერგია კიდევ სხვა ძვირფასი რესურსია, რომელსაც დაცვა სჭირდება. – ჩარლი ლოკი
შორსმჭვრეტელი
ივონ აკი-სოიერი და იუჯენია კარგბო
ადგილობრივი ლიდერები, რომლებიც თავიანთ ქალაქებს კლიმატური საფრთხისგან იცავენ

პროდიუსერები: ჯოდი ენიკი, Lampost; მაიკლ დაფი
ათი წლის წინ, როდესაც სიერა-ლეონეში ებოლას ეპიდემია მთავრდებოდა, ივონ აკი-სოიერმა კიდევ ერთი კატასტროფის შედეგი დაინახა: ქვეყნის დედაქალაქის, ფრიტაუნის გარშემო ტროპიკული წვიმიანი ტყეები განაშენიანებისა და საწვავისთვის გაჩეხეს. „ერთიანად შევამჩნიე გაუტყეურების მასშტაბი“, – ამბობს იგი. „მანქანა გავაჩერე და ავქვითინდი“. დღეს აქ ტემპერატურა რეგულარულად აჭარბებს 37°C-ს. ამას წვიმიან სეზონზე ერთვის წყალდიდობები და მეწყრები, მათ შორის იყო 2017 წლის ღვარცოფი, რომელმაც ათასზე მეტი ადამიანი შეიწირა. სიერა-ლეონე კლიმატის მიმართ ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ქვეყანაა. ის, ასევე, ერთ-ერთი უღარიბესია, რაც მკვეთრად აფერხებს მის ადაპტირებას კრიზისთან, რომელსაც მეტწილად მდიდარი ქვეყნების მიერ წიაღისეული საწვავის გამოყენება იწვევს.
თუ ეს ყველაფერი სევდიანი გეჩვენებათ, მაშინ სხვა პერსპექტივას აკი-სოიერი გვთავაზობს: „თუ რაღაც რიგზე ვერ არის, არაა აუცილებელი, ეს ასე დარჩეს“, – ამბობს იგი, რომელიც ჯერ ე. წ. „სისხლიანი ალმასების“ საწინააღმდეგო კამპანიას უძღვებოდა, შემდეგ, სხვებთან ერთად, დააფუძნა საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც სამოქალაქო ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ ქალებსა და ბავშვებს ეხმარებოდა, ბოლოს კი 2018 წელს ფრიტაუნის მერადაც აირჩიეს.
აკი-სოიერი ფრიტაუნში დაიბადა. ლონდონში ფინანსისტის და უძრავი ქონების დეველოპერის კარიერას მიჰყვებოდა, მაგრამ სამშობლოში დაბრუნდა ებოლასთან საბრძოლველად. მისი, როგორც მერის, უმნიშვნელოვანეს ინიციატივებს შორისაა აფრიკაში პირველ „სიცხის დირექტორად“ იუჯენია კარგბოს დანიშვნა, რათა ფრიტაუნის მცხოვრებლებს ექსტრემალურ ტემპერატურასთან გამკლავება უკეთ შესძლებოდათ. კარგბომ ააშენა საჩრდილობლები ქალაქის ღია ბაზრობებზე მოვაჭრე ქალების მზისგან დასაცავად; მან, ასევე, თბომედეგი მასალებიც გამოცადა, რათა უკეთ დაეცვა გოფრირებული მეტალით გადახურულ თავშესაფრებში მცხოვრები ადამიანები. „ეს თემები იტანჯებიან სიცხით როგორც გარეთ, ისე შიგნით“, – ამბობს კარგბო. „გასაკეთებელი კიდევ ბევრია, მაგრამ დაფინანსების სიმწირე უდიდესი პრობლემაა“.
ამ გამოწვევების მიუხედავად, ქალაქის ლიდერებმა შეძლეს ერთ დროს დაკარგული ტყეების აღდგენა. ბოლო ხუთ წელიწადში თემმა 1,2 მილიონზე მეტი ხე დარგო, რომელთა 82%-მა გაიხარა. ამ პროექტს იცნობენ, როგორც Freetown the Tree Town – ანუ „ფრიტაუნი, ხეების ქალაქი“. ფოთლები ქმნის მეტ ჩრდილს, ფესვები კი დასახლებებს ღვარცოფისგან იცავს.
აკი-სოიერი იხსენებს მისი ქვეყნის ერთ ძველ ტრადიციას: ახალდაბადებულის ჭიპლარს ახალდარგულ ხეს აყოლებდნენ, რათა თითოეული ადამიანი სიმბოლურად მიწასთან დაეკავშირებინათ. აკი-სოიერს სწამს ადათების, რომლებიც სამყაროსთან გვაკავშირებს. მას იმედი აქვს, მომავალი თაობები მათ ხელახლა აღმოაჩენენ. – არიელ სამუელსონი
შორსმჭვრეტელი
ექტორ ბელერინი
ფეხბურთელი, რომელიც სპორტის ეკომეგობრულ მომავალზე ოცნებობს

ექტორ ბელერინის ტრანსფორმაცია 10 წლის წინ დაიწყო, როდესაც იგი ვეგანი გახდა. ექტორი ინგლისის პრემიერლიგაში, „არსენალში“ მცველის პოზიციაზე თამაშობდა და წვრთნისა და ძალების აღდგენის უკეთეს გზას ეძებდა. „ვეგანობამ ბევრი კარი გამიხსნა“, – ამბობს 30 წლის ბელერინი გარემოს დაცვის სფეროში „შეჭრაზე“. მან ამაზონში ხეების დარგვაზე მომუშავე ორგანიზაციასთან თანამშრომლობით დაიწყო – ყოველ ჯერზე, როდესაც „არსენალი“ იგებდა, ირგვებოდა 3000 ხე.
ახლა იგი მშობლიურ ესპანეთში, სევილიის „რეალ ბეტისში“ თამაშობს და კლუბთან თანამშრომლობს, რათა საგრძნობლად შემცირდეს გუნდის ნახშირბადის კვალი. ინიციატივები შემოქმედებითია: მაგალითად, კლუბის სტადიონის სკამების დამზადება ზღვის ფსკერიდან ამოღებული სათევზაო ბადეებით. „ჩემთვის ეს პიონერული სისტემაა“, – ამბობს ბელერინი. „დღეს მსოფლიოში ბევრი კლუბია, რომლებიც ჩვენი მსგავსი ნაბიჯების გადადგმას აპირებენ“.
მას, ასევე, წილი აქვს ინგლისის ქვედა ლიგის გუნდში, „ფორესტ-გრინ-როვერსში“, რომელიც ნახშირბადნეიტრალური გახდა ინოვაციური იდეებით, ფეხბურთელებისა და გულშემატკივრებისთვის მხოლოდ ვეგანური საკვების შეთავაზებით დაწყებული, გასვლით შეხვედრებზე გუნდის ელექტროავტობუსით გამგზავრებით დამთავრებული. „ამ კლუბს ფეხბურთის მხრივ კარგი და ცუდი მომენტებიც ჰქონია, – ამბობს ბელერინი, – მაგრამ მან, ასევე, ფეხბურთის სფეროში ბევრ ადამიანში აამაღლა ცნობიერება და აჩვენა, რომ არსებობს გუნდი, რომელიც მზადაა, იყოს რადიკალური“. საუკეთესო მცველებმა იციან, როგორ იყვნენ ხმამაღალი ლიდერები. ბელერინს არასოდეს შეშინებია იმის თქმის, თუ როგორ უნდა წარიმართოს მატჩი. – ალექს ჰოიტი
შორსმჭვრეტელი
სანა ჯავერი კადრი
ანტრეპრენიორი, რომელიც სანელებლებით ვაჭრობის უფრო მდგრად და ეთიკურ გზას გვთავაზობს

სანა ჯავერი კადრის რადიკალური მისია, გაერღვია მსოფლიოს სანელებლების ინდუსტრია, ერთი პატარა ქმედებით დაიწყო. მან კურკუმით მომზადებული ლატე ამოიღო მიზანში. თითქმის 10 წლის წინ, 2016 წელს, ჯავერი კადრი სან-ფრანცისკოს დიდი სასურსათო მაღაზიის მარკეტინგზე მუშაობდა, როდესაც ამერიკული ყავის სახლების ეს ახალი გატაცება შეამჩნია. მან იცოდა, რომ ამ ლატეს მთავარი ინგრედიენტი, კურკუმა, ძირითადად მის მშობლიურ ინდოეთში იზრდებოდა. მაგრამ პირდაპირ პლანტაციიდან მაგიდაზე მოხვედრილი ყავის, შოკოლადისა და ხილის ნაირსახეობებისგან განსხვავებით, მიწოდების ჯაჭვი არ იყო ნათელი.
როდესაც იგი მომდევნო წელს მუმბაიში დაბრუნდა, ჯავერი კადრიმ საკითხი გამოიძია და ორ რამეს მიხვდა. ინდოეთში ზოგი რეგენერაციული მიწათმოქმედი მოყვანისა და გადამუშავების განსხვავებულ მეთოდს იყენებდა. ასე იქმნებოდა პროდუქტი, რომელიც გაცილებით ჯობდა ყველანაირ კურკუმას, რომელიც ოდესმე შეხვედრია მუმბაისა და კალიფორნიის ბაზარზე. და მაინც, ადგილობრივი ფერმერები თითქოს ვერ ხეირობდნენ ჯანსაღი ცხოვრების მაძიებელთა შორის კურკუმის პოპულარობით. ამიტომ ჯავერი კადრიმ გადაწყვიტა, მიწოდების ჯაჭვი გარდაექმნა. „ამ მიამიტობამ საშუალება მოგვცა, აგვეშენებინა რაღაც ნულიდან და შეგვექმნა ისეთი რამ, რაც მანამდე შეუძლებელი ჩანდა“, – ამბობს იგი.
სანელებლებით გლობალურ ვაჭრობას ფესვები აქვს გადგმული 500 წელზე მეტი ხნის კოლონიალიზმში. მას ახასიათებს მიწოდების გრძელი ჯაჭვი, გაუმჭვირვალე პროცესები და მიზერული შემოსავალი ფერმერებისთვის. ხანგრძლივ სადისტრიბუციო პროცესში ხშირად წლებია საჭირო, რომ სანელებლებმა მეურნეობიდან მაღაზიამდე მიაღწიოს. ამასობაში კი იკარგება მათი გემოსა და არომატის სიმძაფრე. ამიტომ ჯავერი კადრიმ თავისი სრული დანაზოგი – დაახლოებით 3000 დოლარი – უახლესი მოსავლის კურკუმაში დახარჯა კალიფორნიაში ჩასატანად. „ჩემს სარდაფში თავად ვფუთავდი და ონლაინ ვყიდდი“, – იხსენებს იგი. საბედნიეროდ, Instagram-ზე მარკეტინგის ნიჭი და საკვებ ინდუსტრიაში რამდენიმე კონტაქტი აღმოაჩნდა და ბიზნესიც წარმატებით განვითარდა.
დღეს ჯავერი კადრის კომპანია, სახელწოდებით Diaspora Co., 41 სანელებელს გვთავაზობს, მათ შორის შავი პილპილის მარცვალსა და ილს, ისევე როგორც ინდური და შრი-ლანკური სანელებლების ნაზავებს. სანელებლების რიგითი კომპანიებისგან განსხვავებით, ჯავერი კადრი პირდაპირ უკავშირდება 150-ზე მეტ მეურნეობასა და ათასობით ფერმერს და მათ საშუალოდ სასაქონლო ფასზე ოთხჯერ მეტს უხდის ორგანული სანელებლებისთვის. მისი კომპანია მაღალი ხარისხის პროდუქციას ფასსაც მაღალს ადებს, რაც, თავის მხრივ, მეტ ინვესტიციას უზრუნველყოფს მის პარტნიორ ფერმერებში.
ჯავერი კადრი მყიდველებს გამჭვირვალობის გამორჩეულ დონეს სთავაზობს – ინფორმაციას აწვდის ფერმებზე, მოსავლის აღების თარიღებსა და კონტრაქტის ფასებზე. „ვფიქრობ, არასწორია აზრი – რადგან პროდუქტი სამხრეთაზიურია, ის იაფი უნდა იყოს“, – ამბობს ჯავერი კადრი. „ეს კოლონიალიზმისა და რასიზმის შედეგია, როდესაც ჩვენ ამ შრომასა და ამ პროდუქტის ღირებულებას ვაკნინებთ“.
ამასობაში, კომპანია ცოტა ხნის წინ სავაჭრო ქსელ Whole Foods-სა და საბითუმო ვაჭრობაში შევიდა. გემოებს შორის განსხვავების შეფასება უფრო მეტ მომხმარებელს შეუძლია. – ელიზაბეთ დანი
შორსმჭვრეტელი
მუჰამად მანსურ მოჰიუდდინი
ექიმი, რომელიც გულის დონორების ახალ, უჩვეულო სახეობას აღმოაჩენს

ხანდახან ტრაგედიებმა მნიშვნელოვანი გარღვევები შეიძლება წარმოშვას. სწორედ ეს მოხდა რამდენიმე წლის წინ, როდესაც მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ქირურგების გუნდმა, მუჰამად მანსურ მოჰიუდდინისა და ბარტლი გრიფითის ხელმძღვანელობით, რევოლუციური პროცედურა ჩაუტარა 57 წლის ადამიანს განუკურნებელი გულის უკმარისობით. დევიდ ბენეტ უფროსს, ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის გამო, გულის ტრადიციულ გადანერგვაზე უარი უთხრეს. ყოველწლიურად ათასობით ადამიანია მსგავს მდგომარეობაში, ნაწილობრივ იმიტომ, რომ აშშ-ში ორგანოების კრიზისული დეფიციტია. მოჰიუდდინმა ალტერნატივა შემოგვთავაზა: ღორის გული, გენეტიკურად მოდიფიცირებული ისე, რომ ორგანიზმის მიერ მისი არმიღების შანსები მცირდება.
2022 წლის ეს ექსპერიმენტი წარმატებული იყო – ყოველ შემთხვევაში, თავიდან. ბენეტი დაახლოებით ორი თვის შემდეგ გარდაიცვალა – იმუნური გართულების შედეგად გული გაუჩერდა. მოჰიუდდინის მეორე პაციენტმა, ლორენს ფოსეტმა, ოპერაციიდან ექვსი კვირა იცოცხლა. იგი 2023 წელს გარდაიცვალა რადგან მისმა იმუნურმა სისტემამ არ მიიღო გადანერგილი ორგანო. მოჰიუდდინს, ქსენოტრანსპლანტაციის (ერთი სახეობიდან მეორე სახეობაში ორგანოების ტრანსპლანტაციის) ლიდერს, თითოეული ეს ოპერაცია უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას აწვდის ამ იმედისმომცემ დარგზე.
იდეალურ მომავალში, ჩვენ გვექნებოდა საკმარისი რაოდენობის გული ყველასთვის. ღორებს დაახლოებით 30 000 გენი აქვთ და მოჰიუდდინის პროცედურებით მათ მხოლოდ 10 გენს უცვლიან ადამიანში გადანერგვამდე. ზოგისთვის შეიძლება მიუღებელი იყოს ღორის მოკვლა ორგანოებისთვის, მაგრამ მოჰიუდდინს სწამს, რომ ეს პრაქტიკა მეტ სიკეთეს ემსახურება. „როდესაც საქმე სიცოცხლის გადარჩენას ეხება, ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი არ არის“, – ამბობს იგი. – კრის გაიომალი
თავგადასავლის მაძიებელი
კოულ ბრაუერი
უშიშარი აფროსანი, რომელიც თავისი სპორტის პოპულარიზაციას ახალ აუდიტორიაში ცდილობს

კოულ ბრაუერი ბავშვობაში იახტკლუბში არ დადიოდა. ეს იდეა მხოლოდ სტუდენტობისას გაუჩნდა ჰონოლულუში ცხოვრებისას: „უბრალოდ გუგლში ჩავწერე – აფროსნობა, ჰავაი“, – იხსენებს 30 წლის ბრაუერი, თუ როგორ სპონტანურად გაეცნო სპორტს, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა. გასულ წელს, დებიუტიდან ათი წლის შემდეგ, ბრაუერი გახდა პირველი ამერიკელი აფროსანი ქალი, რომელმაც მარტო, შეუჩერებლად და დახმარების გარეშე შემოიარა მსოფლიო. როდესაც ზღვაში შეცურა, მას Instagram-ზე დაახლოებით 10 000 გამომწერი ჰყავდა, აქედან 85% კაცი იყო. ეს გასაკვირი არაა სპორტისთვის, რომელშიც კაცები დომინირებენ. ზღვაში ყოფნის 130-ე დღეს ბრაუერს 500 000 გამომწერი დაუგროვდა და დემოგრაფიაც შეიცვალა: ახლა მისი აუდიტორიის ნახევარი ქალები იყვნენ. ბრაუერისთვის, მნიშვნელოვანია სხვების ინსპირირება და უნდა, რომ ყველას აჩვენოს, თუ რა შეუძლიათ ქალებს და მათ, ვინც იახტების გარემოცვაში არ გაზრდილა. – ევა ჰოლანდი
შემოქმედი
ადამ მაკკეი
კინორეჟისორი, რომელიც მტკივნეული სატირით ნათელს ფენს კლიმატის ცვლილების მწარე რეალობას

რამდენიმე წლის წინ, როდესაც კინორეჟისორმა ადამ მაკკეიმ გამოუშვა ფილმი „არ აიხედო“ (Don’t Look Up) – აპოკალიფსური სატირა კლიმატის ცვლილებაზე – იგი ეძებდა კატასტროფაზე საუბრის ახალ გზას. „რაც არ უნდა შემზარავი იყოს ეს ყველაფერი, – ამბობს მაკკეი კლიმატის კრიზისზე, – მნიშვნელოვანია კრიზისთან იუმორით გამკლავების კულტურა ჩამოვაყალიბოთ“.
ახლა მაკკეის ამის გაკეთების საშუალება აქვს. „ტელეწამყვანისა“ და „დიდი შემცირების“ ავტორმა დააფუძნა კომპანია Yellow Dot Studios, რომელმაც შექმნა ისეთი პოპულარული ჰიტები, როგორიცაა Chevron-ის ყალბი რეკლამა, სადაც ბუნების იდილიურ კადრებთან შეპირისპირებულია მონოლოგი ჩვენს, ბენზინით გაჟღენთილ, საბედისწერო აღსასრულზე. მაკკეის თქმით, ეს მიდგომა გასაქანს აძლევს „ბრაზს, შეშფოთებას, იმედგაცრუებასა და შიშველ გულწრფელობას“. ასეთი გამოხატულებების იგნორირება რთულია. – ადამ როჯერსი
თავგადასავლის მაძიებელი
მაია გაბეირა
სერფერი, რომელიც პლასტმასის ნარჩენების კრიზისს ებრძვის

ფოტო: ანა კატარინა ტელეში
წლის განმავლობაში პორტუგალიის მეთევზეთა სოფელ ნაზარეში ოკეანე მეტწილად მშვიდია, მაგრამ ზამთარში ზოგიერთი შტორმი წყლის აზვირთებულ მასებს ძაბრივით ატარებს წყალქვეშა კანიონში და ამ ტალღებს იმდენად უზარმაზარ მოძრავ მთებად გარდაქმნის, რომ მას ოკეანის ევერესტადაც მოიხსენიებენ ხოლმე.
აქ დიდი ტალღების მოყვარული სერფერები 2011 წლიდან ჩამოდიან. მაშინ გარეტ მაკნამარას ვიდეორგოლი გავრცელდა, რომელშიც ის 24-მეტრიან ტალღაზე მოძრაობდა და ნათელი გახდა, რომ აქ პლანეტის ერთ-ერთი უდიდესი ზვირთცემაა. უკანასკნელ ათწლეულში სულ რამდენიმე ქალს შორის, რომლებიც აქაურ ტალღებზე სრიალებენ, გახლავთ მაია გაბეირა. ამ ბრაზილიელ სერფერს, გადამდები სიცილით, ერთი შორეული ოცნება ჰქონდა: მასაც სურდა მსოფლიოს უდიდეს ტალღაზე სერფინგის დაფით სრიალი.
გაბეირა რიო-დე-ჟანეიროში გაიზარდა. ბავშვობიდანვე იცოდა, რა იყო ადრენალინის შეგრძნება, საშინელი ასთმა და, როგორც თავად ამბობს, „უჰაერობისგან სიკვდილის“ შიში. ამის გამო ჰქონდა ძლიერი შფოთვა. ბევრი ასეთი ადამიანი ღია ზღვას თავს აარიდებდა, მაგრამ გაბეირა საპირისპიროდ მოიქცა. „ნახევარი ცხოვრება ოკეანეში გაატარა“, – ამბობს სტეფანი ჯონსი, 2022 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმის, „მაია და ტალღა“, რეჟისორი. „რთული ამბები გამოიარა, მაგრამ მას აქვს უნიკალური უნარი, გადალახოს სირთულეები და მეორე მხარეს უვნებელი გავიდეს“.
გაბეირას თავდაპირველი მცდელობები ნაზარეში ცუდად დამთავრდა. 2013 წელს, როდესაც თავისი ცხოვრების ერთ-ერთ უდიდეს ტალღაზე სრიალებდა, წყალში შურდულივით გაიტყორცნა. როდესაც პლაჟზე გამოათრიეს, გულ-ფილტვის რეანიმაცია დასჭირდა მოსასულიერებლად. სიკვდილისთვის თვალებში ჩახედვის ეს გამოცდილება აღმოჩნდა როგორც ღრმააზროვანი, ისე მტკივნეული. „იმქვეყნად რომ აღმოჩნდები, სიბნელე და სიბრძნე გხვდება“, – ამბობს იგი. მან ფეხი მოიტეხა, დაიზიანა ხერხემალი და დაეწყო უფრო ძლიერი შფოთვაც.
ხერხემლის სამი ოპერაციისა და ოთხწლიანი რეაბილიტაციის შემდეგ მასში რაღაც შეიცვალა. „ისევ ფეხზე დავდექი“, – ამბობს იგი. თავს უფრო მხნედ გრძნობდა. 2018 წლის იანვარში, ნაზარეში, იგი 21-მეტრიან ტალღაზე დაეშვა – ყველაზე დიდზე, რომელზეც ქალს უსრიალია. ორი წლის შემდეგ საკუთარი რეკორდი მოხსნა და 22-მეტრიან ტალღაზე ისრიალა – ეს იყო უდიდესი ტალღა, რომელზეც იმ სეზონზე კაცსა თუ ქალს უსრიალია.
რა თქმა უნდა, ოკეანეში გატარებულმა დრომ გაბეირას ნათლად დაანახა ზღვის ეკოსისტემების პრობლემები, მათ შორის ნაგვისა და პლასტმასის სიმრავლე. „ოკეანე უმეტესწილად ნაგვითაა სავსე. ეს რეალობაა“, – ამბობს იგი.

ბავშვობაში ის კონსერვაციულ საკითხებსა და ცვლილებისთვის ბრძოლის მნიშვნელობას მამამისისგან გაეცნო – ბრაზილიის „მწვანეთა პარტიის“ დამფუძნებელი წევრისგან. დღეს ის თავის რეპუტაციას, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სერფერი, იმისთვის იყენებს, რომ პრობლემის გადაჭრის გზებზე ილაპარაკოს. გაბეირა 2021 წლიდან არაკომერციული ორგანიზაცია Oceana-ს საბჭოს წევრია, ხოლო პანდემიის დროს ის ერთ-ერთი მოწინავე ძალა იყო ამ ჯგუფის კამპანიაში, რომელიც ბრაზილიის საკვების მიწოდების უდიდეს კომპანიას ნაკლები პლასტმასის შეფუთვის გამოყენებისკენ მოუწოდებდა.
მისმა საკომუნიკაციო უნარებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა კამპანიის წარმატებაში. „მას პრაქტიკული აღქმა აქვს, როგორ მისწვდეს ხალხს“, – ამბობს ჯიმ საიმონი, Oceana-ს აღმასრულებელი დირექტორი.
2022 წელს გაბეირა გახდა „UNESCO-ს ოკეანისა და ახალგაზრდობის ქომაგი“. ამ როლის ფარგლებში იგი ახალგაზრდებთან კავშირის დამყარებას ცდილობს გარემოსდაცვით საკითხებზე. „როდესაც რაღაც გიყვარს, ის გადარდებს კიდეც. გამიმართლა, რომ ოკეანესთან ეს კავშირი დავამყარე და მის წიაღში სულიერი ხსნა ვიპოვე. უსამართლობა იქნებოდა, არ მეცადა ზღვაზე მიღებული ცოდნის სხვებისთვის გაზიარება“.
შარშან გაბეირამ სპორტიდან წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ ის ჯერაც ნაზარეში ცხოვრობს თავის ორ ძაღლთან ერთად. „ვერ მოვიტყუებ, რომ სერფინგს გასართობად მივდევდი“, – ამბობს იგი. „ადამიანი რაღაცის ძიებაშია. რაც შემეხება მე – გონება ისეთი არეული მქონდა, რომ დავეძებდი მომენტებს, როდესაც შევძლებდი დავმიწებულიყავი და უკეთ აღმექვა გარემო“. რისთვისაც არ უნდა ედევნა მთელი ეს წლები, როგორც ჩანს, ის ოკეანის კონცენტრირებულ ძალაში იპოვა. – მოლი ლანგმიური
შემოქმედები
ისაბელ კრისტინა გამესი და ოსკარ ანდრეს მენდესი
მშენებლებმა პლასტმასის ნარჩენს ახალი დანიშნულება უპოვეს

ეს იდეა მარტივი, თუმცა ძირეული ცვლილების მომასწავებელი იყო. რა მოხდება, თუკი შეძლებთ, თქვენი სამშობლოს დამაბინძურებელი პლასტმასის ნარჩენი საბინაო კრიზისის მოსაგვარებლად გამოიყენოთ? ამ იდეით შთაგონებული არქიტექტორი ოსკარ ანდრეს მენდესი და მისი ბიზნესპარტნიორი, ელექტროინჟინერი ისაბელ კრისტინა გამესი ინოვაციურ გამოგონებამდე მივიდნენ, რომელიც მათ ძირეულ ფასეულობებს განასახიერებს.
კოლომბიაში დაფუძნებული მათი კომპანია (Conceptos Plasticos) პლასტმასის ნარჩენებს გარდაქმნის აგურებისა და კოლონების მოდულურ სამშენებლო სისტემად. ლეგოს მსგავსი ბლოკების შემადგენლობაში 95% პლასტმასაა: მშენებლებს სჭირდებათ მხოლოდ სახურავისა და ფანჯრების მიწოდება. მას შემდეგ, რაც მათ 2010 წელს ბოგოტაში თავიანთი კომპანია დააარსეს, გუნდმა დახვეწა აღნიშნული კონცეფცია მეტი ეფექტურობის მისაღწევად. ახლა ტიპური ორსაძინებლიანი სახლი 6 ტონამდე პლასტმასის ნარჩენს ამოიღებს გარემოდან, აშენების დრო მხოლოდ 5 დღემდეა და ღირებულება 4000-7000 დოლარის ფარგლებში მერყეობს, რაც ტრადიციულ მშენებლობაზე ბევრად უფრო იაფია. ეს კონსტრუქციები მდგრადია მიწისძვრისას, ხანძრისას ცეცხლის გავრცელებას აფერხებს, კარგად იზოლირებულია და ვერც მარტივად გადააგდებთ, კვლავ პლასტმასის ნარჩენად რომ გადაიქცეს: ჩვენი თითოეული ნაგებობა, ამბობს მენდესი, 200 წელზე მეტხანს გაძლებს. Conceptos Plasticos-ი თანამშრომლობდა კერძო კომპანიებსა და ერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთანაც კოლომბიაში სახლებისა და სკოლების ასაშენებლად – აქამდე უკვე 50 შენობა დასრულდა. 2017 წელს მათ დაუკავშირდა ექიმი აბუბაქარ კამპო, რომელიც UNICEF-ის წარმომადგენლად მუშაობდა კოტ-დ’ივუარში. როგორც მან განუმარტა მენდესსა და გამესს, საკანალიზაციო სისტემებში პლასტმასის ნარჩენის გაჭედვა იწვევდა წყლის დაგუბებასა და მალარიის გავრცელებას. კოტ-დ’ივუარი სკოლების ნაკლებობის პრობლემის წინაშეც იდგა, რომელთა უმრავლესობა სასოფლო თემებში, თიხატკეპნილი აგურისგან იყო ნაგები. შესაბამისად, ისინი ხშირ განახლებას მოითხოვდა წვიმების სეზონზე. მენდესი კი იხსენებს, რა უპასუხა: „ამის მოგვარება ჩვენ შეგვიძლია“.
UNICEF-თან $3-მილიონიანი შეთანხმების ფარგლებში Conceptos Plasticos-მა ააშენა ახალი ქარხანა აბიჯანში და დაიქირავა მუშაკები, ძირითადად ქალები, საჭირო რაოდენობის პლასტმასის მოსაგროვებლად. ამ დრომდე 3500 ტონა პლასტმასა გარდაიქმნა 550-ზე მეტ საკლასო ოთახად და ეს ყველაფერი ტრადიციული სამშენებლო მეთოდების ღირებულების მხოლოდ 60%-ად. ამ ნაბიჯებმა შექმნა წრიული ეკონომიკა, რომელიც გარემოდან ამოიღებს ნარჩენს, აუმჯობესებს განათლების სისტემას კარგად დაპროექტებული სკოლის შენობებით და ქმნის სამუშაო ადგილებს.
ახლა მენდესი და გამესი მოლაპარაკებებს მართავენ მსგავსი სასკოლო პროექტის დაწყებაზე ეთიოპიაში და იკვლევენ, როგორ ააშენონ საპირფარეშოები სამხრეთ სუდანის ლტოლვილთა ბანაკებში. მათი ტექნოლოგიების იმ ადგილებში დასანერგად, სადაც ახალი ქარხნების მშენებლობა სირთულეებს უკავშირდება, აღნიშნულმა კომპანიამ შექმნა სისტემის უფრო კომპაქტური მოდელი, რომლის ტრანსპორტირება შესაძლებელია 12-მეტრიანი კონტეინერით. მართალია, სისტემა ნაგავზე მუშაობს, მაგრამ, როგორც კამპო ამბობს, „აღნიშნული კონცეფცია მხოლოდ ლამაზი კი არა, ბრწყინვალეა“. – ერიკ უილსი
კერპი
ბიორკი
არაამქვეყნიური მუსიკოსი გაკვეთილს გვთავაზობს გარემოს პრაგმატულ დაცვაში

სცენის დეკორატორი: ენდრიუ ლიმ კლარქსონი; სტილისტი: ედა გუდმუნდსდოტირი
ბიორკს თითქოს საკუთარი ალტერნატიული სამყარო აქვს – კრეატიული ამბიციის სიზმრისეული სივრცე, იმ ბორკილებისგან თავისუფალი, რომელიც მოკვდავებს ბოჭავს. ამიტომ მისი შემოქმედება კიდევ უფრო შემაცბუნებელი ხდება, როდესაც ბიორკი მას მკაცრ რეალობასაც მატებს. იანვარში მან გამოუშვა თავისი ფილმი-კონცერტი, რომელსაც თან სდევდა ბიორკისთვის სახასიათო ეფექტები, მათ შორის, სოკოების გიგანტური, ფსიქოდელიური პროექციები და გარემოსდაცვითი მანიფესტის გაელვებები, რომლებიც მოწოდებაა ჩვენი დროის ყველაზე გადაუდებელი საკითხისკენ: „პარიზის კლიმატური შეთანხმება თანამედროვე უტოპიაა, მაგრამ დედამიწის ეკოლოგიური სირთულეების გადალახვა ერთადერთი გზაა ჩვენს გადასარჩენად“.
შარშან ზამთარში ვიდეოზარით საუბრისას ბიორკმა განმიმარტა, რომ იგი ესწრაფოდა იმის გადაფასებას, თუ რა ხელგვეწიფება. „როდესაც ჩვენ ვუყურებთ მიზნებს [პარიზის კლიმატური შეთანხმების სიაში], ისინი აბსოლუტურად მიუწვდომელი ჩანს“, – ამბობს იგი. „ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავსახოთ განსხვავებული, მიღწევადი ამოცანები; ყოველ მეორე წელს ვცდილობ ავირჩიო ერთი მიმართულება, რომლისთვისაც მედგრად ვიბრძოლებ, – განაგრძობს ბიორკი, – თუმცა იმგვარ საკითხს ვეძებ, რომლის გარდაქმნასაც რეალურად შევძლებ. იმდენად დიდი უნდა იყოს, რომ მნიშვნელობა ჰქონდეს, მაგრამ საკმარისად პატარაც – შეცვლა რომ მოხერხდეს“.
გასული 2 წლის განმავლობაში 59 წლის ბიორკი ენერგიულად იბრძოდა ორაგულის კომერციულ მეურნეობათა საწინააღმდეგოდ მის მშობლიურ ისლანდიაში. მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი მეურნეობის ავზის ხვრელიდან ათასობით ორაგული გაიქცა, დიდი საშიშროება გაჩნდა, რომ აღნიშნული თევზები შესაძლოა შეჯვარდნენ მკვიდრ სახეობებთან ან გადაიტანონ დაავადებები თუ პარაზიტები და ეკოლოგიური კოშმარი გამოიწვიონ. „ზოგჯერ რთულია ამოავსო ნაპრალი, რომელიც არსებობს Gen Z-ის ვეგანებსა და, მაგალითად, იმ ფერმერებს შორის, რომლებიც ყოველ შემოდგომაზე კლავენ ცხვარს საჭმელად, – ამბობს იგი, – მაგრამ ამ თევზის მეურნეობის საწინააღმდეგო პროექტში ყველა ერთიანია“. აღნიშნული საკითხის მიმართ გლობალური ცნობიერების ასამაღლებლად, მან ერთი გამოუქვეყნებელი სიმღერა ამოიღო თავისი არქივიდან და ესპანელი პოპვარსკვლავი, როსალია მიიწვია სიმღერის ვოკალის ჩასაწერად. ამ სიმღერიდან მიღებული შემოსავლით ფინანსდება მიმდინარე სასამართლო პროცესები თევზის კომერციული სარეწების წინააღმდეგ.
მომდევნო ნაბიჯია ბიორკის მცდელობა, შეკრიბოს გარემოს დამცველი აქტივისტები, რათა პეტიციით მიმართონ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ქვეყნის დაცულ წყლებში ზღვის ფსკერზე ტრალით თევზაობის აკრძალვის შესახებ. ესეც მორიგი, ერთი შეხედვით, მოკრძალებული მიზანია, რომელიც პოტენციურად მიღწევადი და ხელშესახები შედეგების მომტანია. „ვცდილობ, საუკეთესოდ გამოვიყენო ის ფაქტი, რომ ძალიან პატარა და ხელუხლებელი ქვეყნიდან მოვდივარ“, – ამბობს იგი. „ნაცვლად იმისა, ათი რაღაც ვაკეთო, ვცდილობ, ერთ რამეზე ვკონცენტრირდე და ბოლომდე მივიყვანო… რომელიმე კამპანიის მხოლოდ წვეულებებზე გამოჩენა და შემდეგ სახლში წასვლა ისე, რომ არ იცოდე, რით დასრულდება ეს ამბავი, არ არის საკმარისი“. – კერი ბატანი
თავგადასავლის მაძიებელი
ჯერემი ჯონსი
სნოუბორდისტი სპორტსმენებს აერთიანებს ზამთრის გადასარჩენად

მაღალ მთებზე სნოუბორდინგის პიონერი, ჯერემი ჯონსი უყურებდა, როგორ ხდებოდა მიუდგომელი ადგილები ხელმისაწვდომი ვერტმფრენების საშუალებით. მაგრამ იგი არ ემხრობოდა მთაზე ასვლის მსგავს საშუალებებს. „როდესაც ვერტმფრენში ავდიოდი, ვიცოდი, რომ გარკვეულ რესურსს ვხარჯავდი“, – ამბობს იგი. ამის ნაცვლად მან დაიწყო მთაზე ფეხით ასვლა, რაც უფრო ამხნევებდა. „სნოუბორდი იარაღია, რომლითაც ბუნებასთან სიახლოვეს ცდილობ. როდესაც ტექნიკას უკუაგდებ, ეს იარაღი ბევრად უფრო ეფექტური ხდება“.
ჯონსი გახდა სპლიტბორდერი – ფერდობებზე ადის თხილამურებით, რომლებიც შემდეგ ერთდება და სნოუბორდად გადაიქცევა უკან დასაშვებად. საბოლოოდ, მან დააფუძნა კომპანია, რათა მსგავსი აქტივობისთვის აღჭურვილობა ეწარმოებინა. ჯონსმა გადაწყვიტა, გარემოს დაცვის ორგანიზაციებისთვის შეეთავაზებინა შემოსავლის 1%, თუმცა ვერცერთი NGO ვერ იპოვა თოვლის სპორტის სამყაროში, რომელიც კლიმატის ცვლილების გადაჭრაზე იქნებოდა ორიენტირებული. ამიტომ, 2007 წელს, მან დააფუძნა საკუთარი ორგანიზაცია: Protect Our Winters (სიტყვასიტყვით: „დავიცვათ ჩვენი ზამთრები“), რომელიც ცნობილია აბრევიატურით POW.
აღნიშნული ორგანიზაციის ელიტური სპორტსმენებით დაკომპლექტებულ ალიანსში სხვებთან ერთად შედიან ჯესი დიგინსი, ოქროს მედლის მფლობელი ბიათლონისტი და ტომი კოლდუელი – ერთ-ერთი ყველაზე სახელმოხვეჭილი მეკლდეური მსოფლიოში. მათი ჯგუფი მართავს კამპანიებს, რომლებიც მიმართულია საზოგადოებრივი მიწების დაცვისკენ და აწყობს ჯგუფურ განხილვებს კლიმატოლოგებთან. მაგრამ თავიანთ „კუნთებს“ ისინი ყველაზე უკეთ იყენებენ ლობირებისას, როდესაც ვაშინგტონში (კ. ო.) მიემგზავრებიან. „შევცვივდებით ხოლმე კაპიტოლიუმში, თან გვაქვს ოქროს მედლები, ჩვენთან არის ტომი კოლდუელიც და სწორედ ეს არის ჩვენი ძალა“, – ამბობს ჯონსი. „თანაშემწეები ასე უჩურჩულებენ პოლიტიკოსებს – ოფისში გიცდიან ადამიანები, რომელთაც Instagram-ზე 30 მილიონი გამომწერი ჰყავთ; ვფიქრობთ, მათ უნდა შეხვდეთ“. – ალექს ჰოიტი
კერპი
მიშელ იეო
ოსკარის მფლობელი წარმოაჩენს ქალთა ტვირთს კატასტროფის ზონებში

სტილისტი: დენა ჯანინი; თმა: რობერტ ვეტიკა; მაკიაჟი: სოო პარკი
ათი წლის წინ მიშელ იეო კატმანდუს სტუმრობდა ახლა უკვე თავის ქმარ ჯინ ტოდთან ერთად, როდესაც ნეპალის დედაქალაქი 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრამ შეარყია. ბიძგების დაწყების მომენტში ისინი ღონისძიებას ესწრებოდნენ მცირესართულიან სასტუმროში და ძლივს გადაურჩნენ ნგრევას. „როდესაც მიწა შეირყა, ფეხები წამში მომეცელა, – იხსენებს იეო, – ჩვენ პირდაპირი მნიშვნელობით, ხოხვით მოგვიწია გამოსვლა, რადგან ფეხზე ვერაფრით წამოდგებოდით“.
მიწისძვრის შედეგებმა იეოს თავზარი დასცა. 9000-მდე ადამიანი დაიღუპა და მილიონობით ნეპალელს მოუწია იძულებით გადაადგილება. რაც იეომ ყველაზე ძლიერ იგრძნო, უმწეობის განცდა იყო. „თუ ოპერატიული რეაგირების ჯგუფში არ ხართ, ნუ ეცდებით ვინმეს დახმარებას – თქვენ მხოლოდ ფეხებში გაებლანდებით მაშველებს“, – იხსენებს იგი. კვირების შემდეგ იეო დაბრუნდა ნეპალში – მთავარი მიწისძვრის მომდევნო, უფრო სუსტი ბიძგებისა თუ მეწყრების ფონზე და ნიუ-იორკში დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაცია Live to Love International-თან მუშაობდა ნეპალის სოფლების დასახმარებლად.
მომდევნო წელს იეო იქ კვლავ დაბრუნდა, რათა გაეროს განვითარების პროგრამას შეერთებოდა ჰუმანიტარული დახმარებების მიწოდებისას. მან მოინახულა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები კატმანდუს ხეობაში და შორეული სოფლები. იეო სასიცოცხლო მნიშვნელობას ანიჭებდა მოსახლეობამდე ხმის მიწვდენას: „ჩვენ ვიცით, რომ აქ ხართ“, – იმეორებს იგი. „ჩვენ არ დაგვვიწყებიხართ“.
მალაიზიაში გაზრდილმა იეომ, რომელიც ახლა 62 წლისაა, კინოკარიერა დაიწყო 1980-იანი წლების ჰონკონგში. მან დაამხო ბონდის გოგონას ტიპური სახე ფილმში „ხვალინდელი დღე არასოდეს მოკვდება“, წინ წამოწია აზიური კინოინდუსტრია ფილმით „ჩასაფრებული ვეფხვი, დამალული დრაკონი“ და მიიღო ოსკარი ფილმისთვის „ყველაფერი ყველგან ერთდროულად“, სამადლობელ სიტყვაში კი მომენტით ისარგებლა და გაკიცხა სექსისტური ეიჯიზმი.
ამ ინკლუზიურ პრიზმას იგი ახლა კატასტროფის ზონებისკენ მიმართავს და ამჯერად ყურადღებას ამახვილებს თურქეთსა და სირიაზე, რომელთაც მიწისძვრების სერია დაატყდა თავს 2023 წელს და მათ შორის უძლიერესი 7,8 მაგნიტუდის იყო ნეპალის მსგავსად. იეოს სჯერა, რომ ასეთ ტრავმირებულ ზონებში არსებითია ქალთა მხარდაჭერა, რადგან კრიზისისას ხშირად სწორედ ქალები დგანან დახმარების წინა ხაზზე, მაგრამ, ამავდროულად, ძალადობისა და შეურაცხყოფის მსხვერპლნი ხდებიან.
ნეპალში მიღებული გამოცდილებით იეომ განიმტკიცა რწმენა, რომ ქალი მამოძრავებელი ძალაა თემთა კვლავ ასაღორძინებლად. აღნიშნულ რეგიონში იგი ხედავდა ქალებს, რომლებიც ხშირად ყველაზე მძიმე სამუშაოს ასრულებდნენ და, თანაც, ორიენტირებულნი იყვნენ მოგვარების გზებზე მდგრადი განვითარების პრინციპის გათვალისწინებით.
„ეს ქალები ერთად მარშირებენ ვითარების გამოსასწორებლად“, – ამბობს იგი. „მე ვხედავდი მათ გამძლეობას და პროგრესულ აზროვნებას“. სინდჰუპალჩოკის რაიონის ერთ სოფელში მისი დახმარებით გაიხსნა რძის შეგროვების ცენტრი. ჰუმანიტარული საქმიანობა მას არწმუნებს ეტაპობრივ ცვლილებათა შესაძლებლობებში. მისი თქმით, „სანამ ადამიანი არ კარგავს იმედს, ის არც წინსვლას წყვეტს“. – კარინა ჩოკანო
თავგადასავლის მაძიებელი
ვიქტორ გლოვერი
ასტრონავტი იწყებს კოსმოსის კვლევის ახალ ეპოქას

„კაცობრიობის დიად მიღწევებს კვლავ „მთვარეზე გაფრენას“ ვუწოდებთ“, – ამბობს ასტრონავტი ვიქტორ გლოვერი, მაგრამ რა დაემართება აღნიშნულ ფრაზას, როდესაც მთვარესაც გავცდებით? ამის გამოსარკვევად გლოვერი უმიზნებს ისეთ შორეულ კოსმოსში მოგზაურობას, სადამდეც ჯერ არავინ გაფრენილა. Artemis II-ის მისიით, რომლის გაშვებაც 2026 წლის აპრილში იგეგმება, იგი 8000 კმ-ით უნდა გასცდეს მთვარეს. გლოვერს, რომელიც ერთ-ერთია NASA-ს მიერ კოსმოსში გაგზავნილი სულ 17 შავკანიანი ასტრონავტისგან, სჯერა, რომ ამ ტიპის კვლევა-ძიება უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ სადღაც, შორეულ ადგილას გაფრენა. „თვალები გაფართოებული გვაქვს, – ამბობს იგი, – გულები – გახსნილი. ეს ერთობლივი შთაგონება, ეს კოლექტიური მხარდაჭერა ზუსტად ის არის, რაც ადამიანებს აერთიანებს“. – მოსი სეკრეტი
შორსმჭვრეტელი
ლუსი ბაში
აპლიკაციის თანადამფუძნებელი, რომელმაც საკვების ნარჩენების ონლაინბაზარი ააგო

სტილისტი: კენტა კოდა (შუ იანგი)
როდესაც ლუსი ბაში 24 წლის იყო, კოდების წერის გამოცდილება საერთოდ არ ჰქონდა, თუმცა ამ ფრანგ ანტრეპრენიორს აგიჟებდა, თუ რამდენად ბევრი ვარგისი საკვები ხვდებოდა ნაგავში – გლობალური პროდუქციის დაახლოებით 30% – რაც ხრწნის პროცესში აჩენდა სათბურის აირის გლობალური ემისიების 10%-ს. საცხობები, რესტორნები და სასურსათო მაღაზიები, როგორც წესი, დღის ბოლოს გარეთ მოისვრიან მალფუჭებად საქონელს. ვინმე თუ შეძლებდა აღნიშული საკვები მომჭირნე ადამიანებამდე მიეტანა, დიდი ფასდაკლებითაც გაყიდდა. ლუსიმ შემოკრიბა მიმწოდებლები და ჩამოაყალიბა ტექნიკური ჯგუფი. ბაშის შეუპოვრობით, დღეს Too Good to Go-ს აპლიკაცია ჭარბი საკვების უდიდეს ბაზარს მართავს, 19 ქვეყანაში ოპერირებს და 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. „ვფიქრობ, რამაც წარმატება მოგვიტანა, ის ფაქტია, რომ არ დავაყოვნეთ და ბოლომდე მივყევით“. – ელიზაბეთ დანი
თავგადასავლის მაძიებელი
კარლოს მაგდალენა
გადაშენების პირას მყოფ მცენარეთა მხსნელი

გადაშენების პირას მყოფ სახეობათა ძიებაში მან მავრიკის კლიფებსა და ამაზონის ტროპიკულ ტყეებში იმოგზაურა, მაგრამ ბოტანიკოსი კარლოს მაგდალენა აღნიშნულ მცენარეთა მხოლოდ მონახულებით არ დაკმაყოფილდა და იმ ფლორის კულტივირებასა თუ კონსერვაციას ცდილობს, რომელსაც სულ უფრო მეტი საფრთხე ემუქრება. მის წარმატებებს შორისაა მავრიკის კუნძულ როდრიგესის მკვიდრი მცენარის, Ramosmania rodriguesi-ს (ენდროსებრი) და რუანდის ცხელ წყაროებში მოყვავილე მცირე დუმფარას გამრავლება. დღეს მსგავსი სამუშაო სასიცოცხლოა იმ ფონზე, რომ გლობალურად გადაშენების საფრთხე ემუქრება მოყვავილე მცენარეთა სახეობების 45%-ს. „აკვიატებული იდეა ცუდად ჟღერს, – ამბობს იგი, – მაგრამ ვფიქრობ, აკვიატებით შეგვიძლია საოცარი საქმეები ვაკეთოთ“. – ერიკ უილსი
შორსმჭვრეტელი
შუ იანგი
მეცნიერი, რომელიც ბუნების სტრუქტურებში პოულობს ამოცანათა გადაჭრის გზებს

ბიომოლეკულური ინჟინრის, შუ იანგის ხედვით ბუნებრივ სამყაროს შეუძლია უამრავი რამ გვასწავლოს. იანგი იყენებს ბიომიმიკრიას პრობლემების მოგვარების ახალი და უფრო მდგრადი გზების აღმოსაჩენად, რომლებიც ადამიანის საჭიროებებს უპასუხებს. ორი ბოლოდროინდელი პროექტია 3D-ბეჭდვით მიღებული ბეტონი, რომელიც იმეორებს პეპლის ფრთებში გამოვლენილ თვისებებს და, ასევე, ლოკოკინას გამოყოფილი სეკრეტით შთაგონებული ადჰეზიური მასალა. რა იქნება შემდეგი? „მე ტონობით იდეა მაქვს“, – ამბობს იანგი. – ანა პილი
თავგადასავლის მაძიებელი
ლიუის პიუ
შორ მანძილზე მოცურავე მსოფლიოს მყიფე ადგილების დაცვის დიპლომატიური მისიით

ფოტო: იონას ფრედუოლ კარლსონი
აღმოსავლეთ ანტარქტიკის მყინვარულ ფართან წყლის ტემპერატურა სულ ოდნავ აღემატება 0°C-ს, თუმცა ლიუის პიუ მხოლოდ საცურაო ტრუსის, წყლის სათვალისა და საცურაო ქუდის ამარა იყო. თავს გრძნობდა ჩინებულ ფიზიკურ ფორმაში, მაგრამ კუნთის მასა მაინც მოიმატა მცირედით, რათა სხეულის მეტი სითბო შეენარჩუნებინა უპრეცედენტო მისიისას: გაცურვა კილომეტრის სიგრძის მდინარეზე, რომელიც გზად გაივლიდა მოძრავი მყინვარული ყინულის გვირაბში. იგი მეთოდურად, ფრთხილად ცურავდა, რომ არ შეერხია მის თავს ზემოთ ჩამოკიდებული ყინულის სტალაქტიტები. იმდენად ციოდა, თავიდან ძლივს სუნთქავდა, ხოლო 10 წუთის შემდეგ ხელები შეუსივდა, ვენები კი მკვეთრად გაულურჯდა. კლდოვან სანაპიროსთან პიუს შეეგება მისი მხარდამჭერი გუნდი.
პიუ ბრიტანეთში დაბადებული სამხრეთაფრიკელი მოცურავეა, რომელსაც მსოფლიოს ყველა ოკეანეში მოუწყვია ექსპედიციები. თავის პოლარულ ჩაყვინთვებს იგი იმ იდეით ასრულებს, რომ ერთ დღესაც აღნიშნული ადგილები შესაძლოა გაქრეს, ყოველ შემთხვევაში, იმ ფორმით, როგორითაც ახლა ვიცნობთ. პიუს გაცურვების მიზანია მთავრობების დაყოლიება, კონკრეტული წყლის მასების დაცულ ტერიტორიებად გადასაქცევად და ამ წყლებში არ დაუშვას შელფურ ზონაში ჭაბურღილების ჩადგმა, კომერციული თევზაობა თუ სხვა საზიანო საქმიანობა.
55 წლის პიუ გრძელ დისტანციაზე ცურავდა თითქმის 4 ათწლეულის განმავლობაში. იგი ამბობს, რომ ამ პერიოდში „ჩვენი ოკეანეები წარმოუდგენლად შეიცვალა“. როგორც თავად აღნიშნავს, დღეს ჩვენ წინაშეა საზღვაო კრიზისები კლიმატის ცვლილების, ბიომრავალფეროვნების დაკარგვისა და დაბინძურების თანხლებით. „ჩემი გაცურვებით მსურს გზავნილი გავავრცელო ჩვენი პლანეტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“, – ამბობს იგი.

პიუს მიზანია, რომ ოკეანეთა 30%-ს დაცული ტერიტორიის სტატუსი მიენიჭოს 2030 წლისთვის. ეს ამბიციური გეგმაა. ამჟამად, 3%-ზე ნაკლებია დაცული, მაგრამ პიუ ვითარებას ცვლის. 2018 წელს, როდესაც იგი გახდა ლა-მანშის სრუტის სრული 528 კმ-ის პირველი გადამცურავი, მოგზაურობის მეორე ბოლოში, ქალაქ დუვრის სანაპიროსთან, პიუს დახვდა გაერთიანებული სამეფოს გარემოს დაცვის მინისტრი და უკვე მცირე ხნის შემდეგ დაიწყო იქაური დაცული ტერიტორიების გაფართოება, ხოლო გაერთიანებული სამეფო გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც მხარი დაუჭირა აღნიშნულ 2030 წლის მიზანს და ამ ნაბიჯით სხვა ქვეყნებიც შთააგონა, მის კვალს გაჰყოლოდნენ.
პიუმ თავისი პირველი გამძლეობაზე ცურვა – სამხრეთ აფრიკის რობენის კუნძულიდან კეიპ-ტაუნამდე – შეასრულა 1987 წელს, 17 წლის ასაკში, მაგრამ თავისი მისია მაშინ აღმოაჩინა, როდესაც 30 წელს გადააბიჯა და გაცურა დესეპშენის კუნძულის ყურეში, ანტარქტიკის ნახევარკუნძულის წვერთან მდებარე ვულკანურ კრატერში. იმ დღეს, 2005 წელს, მან თვალი მოკრა წყლის ზედაპირზე დახვავებულ ათეულობით წლის წინ მონადირებული ვეშაპების ძვლებს. „ამ სურათმა ძლიერ იმოქმედა ჩემზე“, – იხსენებს იგი. „ეს ძვლები მუდამ მახსენებს, თუ რამდენად უგუნური შეიძლება იყოს ადამიანი“.
მას შემდეგ პიუმ გაცურა ევერესტის მყინვარულ ტბაში, ჩრდილოეთ პოლუსის გასწვრივ და საუდის არაბეთიდან ეგვიპტისკენ; გზად საოცარი მარჯნის რიფებიც იხილა. ქვეყნების უმრავლესობამ პირობა დადო, რომ გლობალურ დათბობას შეაჩერებდა 1,5°C-იანი ზრდის ნიშნულზე პრეინდუსტრიულ მაჩვენებლებთან შედარებით, თუმცა პიუს აშფოთებს ცვლილების არასაკმარისად სწრაფი ტემპი. აღნიშნული ზღურბლის მიღმა, ამბობს პიუ, ჩვენ დავკარგავთ მსოფლიოს მარჯნის რიფების 70-90%-ს, ხოლო 2°C-იანი ზრდის შემთხვევაში, სავარაუდოდ, ყველა მარჯანი გაქრება. „ეს იქნება პირველი ფაქტი კაცობრიობის ისტორიაში, როდესაც მთელი ეკოსისტემა დაიკარგება“, – აცხადებს იგი.
მას შემდეგ, რაც 2020 წელს პიუმ აღმოსავლეთ ანტარქტიკის მყინვარულ ფართან გაცურა, იმედი ჰქონდა, რომ მხარდაჭერას მოიპოვებდა ანტარქტიკის სამი საზღვაო დაცული ტერიტორიის შესაქმნელად, თუმცა რუსეთთან მანამდე წამოწყებული მოლაპარაკებები შეჩერებულია და მიღებული პირობის შესრულების მომავალიც – ბუნდოვანი.
ახლახან პიუ აღმოჩნდა არქტიკული წრიდან 250 კმ მანძილზე ჩრდილოეთით, გრენლანდიის დასავლეთ სანაპიროზე. იგი ჩავიდა ქალაქ ილულისატში, რათა გაეცურა მიმოქცევით ფიორდში, რომელსაც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მოძრავი მყინვარები კვებავს. იქ იაკობსჰავნის მყინვარის მასივს წელიწადში 46 კუბური კილომეტრის ეკვივალენტური ხორგები წყდება, რაც მსოფლიო ზღვის დონის მატებას განაპირობებს. „აქ კლიმატის კრიზისის ეპიცენტრია“, – ამბობს პიუ. „თავი წყალში ჩავყავი, – იხსენებს იგი, – და გავიგონე პატარა ბუშტუკების ბუყბუყი. ეს ბუშტუკები კი წარმოიშვა ყინულიდან, რომელშიც ისინი მომწყვდეული იყო ათასობით წლის განმავლობაში“. როდესაც ამოყვინთა, აისბერგების გახლეჩის გრუხუნი მოესმა – ეს შეხსენება იყო, რომ აქ კიდევ უნდა დაბრუნდეს ჩასაყვინთად. – ალექს ჰოიტი
თავგადასავლის მაძიებელი
კარლა პერესი
ნოვატორი მთამსვლელი უნარშეზღუდულ პირებს ეხმარება ახალ სიმაღლეთა დაპყრობაში

კარლა პერესი გრძნობს განსხვავებას, როდესაც იგი კვეთს უხილავ ხაზს და უკვე 8300 მეტრზე მაღლაა ზღვის დონიდან. „ამ ზღურბლამდე ჯერ კიდევ შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი გონება და ქმედებები“, – ამბობს იგი, მაგრამ როდესაც 42 წლის პერესი აღნიშნულ ხაზს გადააბიჯებს, გარემოებები იცვლება. მისი სხეული ზანტად რეაგირებს ტვინის დირექტივებზე. იქ ვერაფრით განერიდებით სიცივესა თუ დაქანცულობას. აი, მაშინ იწყება რეალური გამოცდა.
მსოფლიოს სულ თოთხმეტი 8000-იანი მწვერვალიდან მხოლოდ ხუთი აჭარბებს 8300 მეტრს. ევერესტი, K2, მაკალუ, კანჩენჯანგა და ლჰოძე. ამ დრომდე ეკვადორელი პერესი აღნიშნული ხუთიდან სამ მწვერვალზე ავიდა დამატებითი ჟანგბადის გამოუყენებლად. იგი დანარჩენ ორ მწვერვალზე ასვლასაც გეგმავს. ამგვარი ალპინიზმი, დამხმარე სისტემის გარეშე, რომელიც მთამსვლელთა თაობებს ეხმარებოდა უმაღლეს მწვერვალთა დალაშქვრაში, მისი საყვარელი გამოწვევაა. თუმცა პერესი სხვებსაც ეხმარება თავიანთ შესაძლებლობათა საზღვრების გადაწევაში და ჩართულია პროექტში „მწვერვალს მიღმა“, რომელიც ჯგუფურ ლაშქრობებს სთავაზობს ეკვადორელ უნარშეზღუდულ პირებს. ამ საქმიანობით პერესი, ნაწილობრივ, პატივს მიაგებს ბიძას, რომელსაც ცერებრალური დამბლა უზღუდავდა გარე სივრცეებში გადაადგილებას. „როდესაც მთაზე ავდიოდი, მეფიქრებოდა – ღმერთო, აქაურობა ძალიან მოეწონებოდა“, – ამბობს იგი.
ეს ხალისი პერესს მოჰყვება თავისი მშობლიური ეკვადორის მწვერვალებიდან ჰიმალაიმდე და მის მიღმაც. „საკუთარი სხეულის შესწავლა, საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა“, – ამბობს იგი გაუხშოებულ ჰაერში დაუხმარებლად ლაშქრობაზე. „და ძალიან ღრმა კავშირი დედა ბუნებასთან“. პირველი, რასაც ვაკეთებთ დაბადებისას, აღნიშნავს იგი, ამოსუნთქვაა. – ევა ჰოლანდი
შემოქმედი
სტერლინ ჰარჯო
ამბის მთხრობელი, რომელიც აძლიერებს ინდიელთა ხმას

ფილმებზე მუშაობის 10 წელზე მეტი ხნის შემდეგ სტერლინ ჰარჯო, რომლის სიუჟეტები ხშირად კონცენტრირდება ინდიელთა საკითხებზე, დაფიქრდა, ხომ არ მიეტოვებინა ეს საქმე. „ჩემი ფილმები ხვდებოდა ფესტივალებზე და სხვადასხვა პლატფორმაზეც ვრცელდებოდა, მაგრამ მათ ძალიან ბევრი ადამიანიც არ უყურებდა“, – ამბობს იგი. „იმედგაცრუება მეუფლებოდა იმ ფაქტით, რომ ბევრს ვშრომობდი, თუმცა საარსებო თანხებს მაინც ძლივს ვაგროვებდი“.
მაგრამ ჰარჯომ (მასკოგი, სემინოლი) მაინც არ დაანება თავი თავის პროფესიას და რეჟისორ ტაიკა ვაიტიტისთან (მაორი) ერთად დაიწყო სატელევიზიო სერიალის მომზადება. ეს სერიალი, სახელწოდებით „რეზერვაციის ძაღლები“, ეკრანებზე გამოჩნდა 2021 წელს. მისი სიუჟეტი ვითარდება ოკლაჰომის რეზერვაციის თინეიჯერთა ირგვლივ. ჰარჯომ და ვაიტიტიმ სერიალი გამოიყენეს მკვიდრი ხალხის ტალანტის წარმოსაჩენად, როგორც კადრში, ისე კადრს მიღმა.
აღნიშნული სერიალის არაერთმა მსახიობმა და შემოქმედებითი ჯგუფის წევრმა მოგვიანებით სხვა წარმატებული პროექტებიც წამოიწყო. მათ შორისაა სიდნი ფრილანდის ფილმი „რეზბურთი“, რომელიც მოგვითხრობს ნავაჰოს სკოლის საკალათბურთო გუნდის ბრძოლაზე, მოხვდეს ნიუ-მექსიკოს ჩემპიონატზე. ასევე აღსანიშნავია ერიკა ტრემბლის „ექსპრესიული ცეკვა“, სადაც სიუჟეტური ხაზი გასდევს დაკარგულ და მოკლულ ინდიელ ქალებს სენეკა-კაიუგის ხალხში (ოკლაჰომა).
უეს სტუდი, ცნობილი ჩეროკი მსახიობი და ერთადერთი ოსკაროსანი ინდიელი, ეპიზოდურ როლს ასრულებს „რეზერვაციის ძაღლებში“ და მასში ჯაჭვურ ეფექტს ხედავს. „ყველა ჩვენგანი, ვინც ბრძოლის ხაზზე იდგა გასული 40 წლის განმავლობაში, ამ მიზნის მისაღწევად მუშაობდა“, – ამბობს სტუდი. „ინდიელთა ისტორიებისადმი მოზღვავებული ინტერესია და სტერლინი მეტ შესაძლებლობებს ბადებს“.
ამასობაში, ჰარჯო მუშაობს ახალ კრიმინალურ სერიალზე. „საშინელებათა ჟანრია, კომედია თუ სიყვარულის ისტორია, არ აქვს მნიშვნელობა, მე მხოლოდ ის მინდოდა, რომ დამემტკიცებინა, ინდიელ კინორეჟისორებს ეს ყველაფერი შეგვიძლია“, – ამბობს იგი. – ქეით ნელსონი
თავგადასავლის მაძიებელი
პატი გონია
აქტივისტი, რომელიც ბუნების წიაღს უფრო სტუმართმოყვარედ აქცევს ქვიარ თემისთვის

გარე სივრცეები ზოგჯერ შესაძლოა მტრული იყოს ქვიარი თემის წარმომადგენლებისთვის. ამ დასკვნამდე მივიდა უინ უაილი, რომელიც ბავშვობას ბოისკაუტების საზაფხულო ბანაკში ატარებდა. მე მმოძღვრავდნენ სამხედრო, მასკულინური იდეებით, რომ „შენ ძლიერი უნდა იყო, თორემ ვერ გადარჩები“, – იხსენებს უაილი.
ამ სულის შემხუთველი ხედვით გაზრდილი უაილი დღეს უძღვება მოძრაობას, რომლის იდეა სრულიად სხვა შეხედულებას ეფუძნება – და ამ ყველაფერს მაღალ ქუსლებზე მდგომი აკეთებს. 2018 წელს ვირუსულად გავრცელდა, რომ ვიღაც, 15 სმ-იანი ქუსლის მქონე ჩექმებით წავიდა ლაშქრობაში და ასე დაიბადა მსოფლიოში პირველი „ზურგჩანთიანი დედოფალი“: აქტივისტი, სახელად პატი გონია, რომელიც დრეგის დედოფლად გამოწყობილი ცდილობს, LGBTQ თემის წევრებმა უფრო კომფორტულად იგრძნონ თავი გარე სივრცეებში. „ვფიქრობ, ქვიარ თემში მოიაზრება, რომ მათ დიდ ქალაქებს უნდა მიაშურონ მეტი მიმღებლობისთვის, – ამბობს პატი, – მე კი სხვა გზა ავირჩიე და ტყისკენ გავწიე“.
პატი ორეგონის შტატში ცხოვრობს და მის საყვარელ ტბორთან ლაშქრობაზე მყოფი მირეკავს. იგი ცნობილია ექსტრაორდინარული, თვალისმომჭრელი კოსტიუმებით, რომელთაგან ზოგიერთი გადამუშავებული კარვის ქსოვილისგანაა დამზადებული. მიუხედავად იმისა, რომ კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიმართ მისი მიდგომა ნამდვილად ახლებურია, ეს უბრალოდ სასცენო წარმოდგენა არ არის. „დრეგ-ქვინები ყოველთვის იდგნენ თემის ორგანიზებისა და პროტესტების წინა ხაზზე“, – ამბობს პატი. ამ კუთხით მათ წარმოჩენას ხელი შეუწყო ამერიკული სერიალის, „პარკებისა და რეკრეაციის“ ვარსკვლავმა, ნიკ ოფერმანმა, რომელმაც პატი ერთ-ერთ შემსრულებლად მიიწვია Netflix Is a Joke-ის ფესტივალზე, სადაც კომედიური ღამის გარკვეული ნაწილი ეძღვნებოდა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას. პატის გამოსვლაში შედიოდა ექსპრომტად წარმოთქმული მონოლოგი ანიმაციურ ფილმზე „ნემოს ძიებაში“ და მამრი თევზი-კლოუნის უნარზე, შეეცვალა სქესი. „ჩვენი ეკოსისტემის ჯანმრთელობა არც ისე მიმზიდველი თემაა, – ამბობს ოფერმანი, – და არც ისაა მარტივი, მსგავსი თემა კომედიურ ჟანრში ჩართოთ და სწორედ ეს გარემოება სძენს პატის სიმარჯვეს უნიკალურობას“.
2023 წელს პატიმ გამოუშვა მუსიკალური ვიდეორგოლი, რომელიც გადაიღეს კენაის ფიორდების ეროვნულ პარკში (ალასკა). ამ ვიდეოკლიპით მას სურდა ცნობიერება აემაღლებინა უკან დახეულ ექსიტის მყინვარზე. ეს ადგილი ღრმა მნიშვნელობას იძენს უაილისთვის, რომელმაც იქ მამის ფერფლი მიმოფანტა.
უაილის თქმით, მამამისთან „რთული“ ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ საუკუნოდ ემახსოვრება ორეგონში მასთან ერთად კაიაკით მოგზაურობები, როდესაც მეტ სიახლოვეს გრძნობდა მამასთან. იქნებ, პატის მუშაობამ არაკომერციულ ორგანიზაცია Brave Trails-ში, რომელიც ზურგჩანთიან ლაშქრობებს სთავაზობს ქვიარ ახალგაზრდებს, იმავე გზით განკურნოს ძველი იარები. ჩვენი საუბრის დღეს პატი კონცენტრირებულია გასავლელ გზაზე. „ტკივილის სრულად მიღება და მისი გადაქცევა რაღაც სხვად, – ამბობს იგი, – ვფიქრობ, არის ის, რასაც ქვიარები ყოველთვის ცდილობენ“. – მიკი რეპკინი
შემოქმედი
იარა შაჰიდი
მსახიობი ხსნის ოპტიმიზმის ფსიქოლოგიას

„რას ნიშნავს ოპტიმიზმი თქვენთვის?“ – ამ შეკითხვას იარა შაჰიდი ხშირად სვამს თავისი მორიგი პოდკასტის დაწყებისას, რომელსაც „ოპტიმიზმის პროექტი“ ეწოდება და ფოკუსირებულია სრულფასოვანი ცხოვრების მისაღწევ გზებზე.
თვითმკვლელობის შემთხვევები იზრდება აშშ-ში და მსოფლიო, როგორც ჩანს, წალეკილია შფოთვის გამომწვევი ახალი ამბებით. ამ ფონზე აღნიშნული შეკითხვა სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს. მაგრამ, როდესაც იმავე შეკითხვით თავად 25 წლის იარას მივმართავ, ჩვეულებრივ, მარტივად რომ გამოთქვამს ხოლმე საკუთარ აზრს და საჯაროდაც დაუგმია ხმის მიცემისას ამომრჩეველთა მიმართ ზეწოლა თუ პოლიციელთა სასტიკი ქმედებები, იგი მხოლოდ პაუზის შემდეგ მპასუხობს: „ჩემთვის ოპტიმიზმი ნიშნავს თვითრწმენას, მტკიცე რწმენას, რომ მე შემიძლია გავუმკლავდე ყველაფერს, რაც კი ცხოვრების გზაზე დამხვდება“.
წლების განმავლობაში იარას მსოფლმხედველობას დიდწილად აყალიბებდა უამრავი ღრმა დიალოგი გასაოცარ ადამიანებთან, რომლებიც ყოველთვის მის ირგვლივ ტრიალებდნენ. ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ იარას ჰყავს ორი ძმა, ერთი მსახიობია, მეორე კი – მოდის სფეროში მუშაობს. ირანიდან ემიგრირებული მამა, აფშინ შაჰიდი, დამდგმელი ოპერატორია, მისი ბიძაშვილი – რეპერი, პაპა კი აფროამერიკული რევოლუციური პარტია „შავი პანთერის“ წევრი იყო. ოჯახის წევრებთან და გამორჩეული ნაცნობების ფართო წრესთან საუბრები იმდენად დიდ სტიმულს ანიჭებდა მსახიობ იარასა და მის დედას, კერი შაჰიდის, რომ ერთ დღეს იფიქრეს, ეს ენერგია ფართო აუდიტორიისთვისაც გადაეცათ. „ჩვენ ძალიან გვაბედნიერებდა საუბრები“, – ამბობს კერი, რომელიც იარას თანაპროდიუსერია. „და ამიტომაც ვიფიქრეთ, სხვა ადამიანებიც ჩაგვერთო იმავე საუბრებში“.

„ოპტიმიზმის პროექტს“, რომელიც გასულ წელს დაიწყო, სტუმრად უკვე ჰყავდა ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან „ტონის“ მფლობელი მსახიობი კორტნი ბერნარდ ვენსი თუ ფსიქოლოგიის პროფესორი ლორი სანტოსი, რომლის ონლაინკურსი „კეთილდღეობის მეცნიერება“ იელის უნივერსიტეტის ყველა დროის ყველაზე პოპულარული კურსია. ამ საუბრების წარმართვის საშუალებად იარამ აირჩია ის ფორმა, რომელიც ბუნებრივია მისთვის – ბავშვობისას ჩემს ოჯახში ტელევიზორს არ უყურებდნენო, ამბობს იგი და ამატებს, რომ მისი ოჯახი არჩევდა აუდიოწიგნებსა და რადიოგადაცემებს. იარა აუდიოსაუბრებისკენ გადაიხარა, რადგან ეს უფრო მონაწილეობითი პლატფორმაა. მისი თქმით, „თქვენ დამოკიდებული ხართ აუდიტორიის წარმოსახვაზე, რომ ამ მოგზაურობაში გაემართოთ“, რაც მეტ შესაძლებლობას გთავაზობთ საკუთარი თავის საძიებლად.
წინათ იარა თავის ცნობადობას იყენებდა ახალგაზრდების მოტივირებისთვის, რათა მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებში და აერჩიათ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) კარიერა, ახლა კი იგი მსმენელს ურჩევს შესვენების აღებასა და ჩაფიქრებას. ასეთ წუთებში, ფიქრობს იგი, შეიძლება რეალური ცვლილება დადგეს.
„ხშირად ისე ვართ ყოველდღიური საჭიროებებით გადატვირთულნი, რომ… აღარ გვრჩება სივრცე, ცოტა ხნით დავშორდეთ ჩვენს განრიგს, ფინანსებს, ყველაფერ იმას, რაზეც გამუდმებით გვიწევს ფიქრი ცხოვრებისეული გზის გასაგრძელებლად“, – ამბობს იგი. მისი რწმენით, ჩვენ გვჭირდება საუბარი იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ჩვენთვის „ცხოვრების ხარისხი“.
„როდესაც თქვენი გონება სრულად არის მოცული ელემენტარული სასიცოცხლო საჭიროებებით, ტვინს აღარ რჩება დრო იმაზე საფიქრელად, რა არის საერთოდ ჩვენი ცხოვრების არსი?“ – ამბობს იგი. „რამ შეიძლება მომცეს ხვალ გაღვიძების ხალისი?“ იარა იაზრებს, რომ ახლა რთული მომენტია ახალგაზრდა თაობის ლიდერებისთვის.
„მაგრამ სწორედ სირთულეები წარმოშობს შთაგონებულ, მოტივირებულ ახალგაზრდებს და ჩვენ ყველა მათგანის ხმა გვჭირდება“. ნამდვილი ოპტიმისტის სიტყვებია. – ლოლა ოგუნაიკე
შემოქმედი
გაბრიელა ჰერსტი
დიზაინერი, რომელიც კლიმატის ცვლილებას მაღალი მოდით ებრძვის

გაბრიელა ჰერსტის მანჰეტენზე მდებარე ოფისის სტუმარს უნაკლო ტანსაცმლის გულდასმით დათვალიერება არ დასჭირდება მისი ეკომეგობრული ხედვის შესამჩნევად. „ხედავთ ამ გადამუშავებული მუყაოს საკიდებს?“ – ამბობს ჰერსტი. „ჩვენ ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც ისინი შექმნა“. ჰერსტს სძულს პლასტმასის საკიდები, რადგან ისინი ხშირად ნაგავსაყრელზე ხვდება.
დღეს ჰერსტი, რომელიც ურუგვაიში, რანჩოზე გაიზარდა და თავისი სახელობის ბრენდი ათი წლის წინ შექმნა, პრესტიჟული მოთამაშეა მოდის სამყაროში და ქლოეს, პარიზის მდიდრული მოდის სახლსაც უძღვებოდა სამი წლის გამავლობაში. თუმცა მას ყველაზე მეტად გამოარჩევს ეკომეგობრული აზროვნება. ჰერსტი არ კმაყოფილდება მხოლოდ იმით, რომ ეკომეგობრულ ქსოვილებს იყენებს და აქტიურად ერთვება კლიმატის ცვლილების შესახებ გამართულ გლობალურ დისკუსიებში. 2023 წელს იგი სიტყვით გამოვიდა გაეროს კონფერენციაზე (COP28), სადაც კლიმატის ცვლილების საკითხებს, მათ შორის, ბირთვული სინთეზის პოტენციალს ენერგეტიკაში, განიხილავდა გარემოს დაცვისა და პოლიტიკის მძიმეწონოსნებთან. რა თქმა უნდა, მას ჩინებულად შეუძლია სვიტრის მოდელზე დრაპირება, თუმცა ჰერსტს ურჩევნია, თავისი მოსაზრებები ალტერნატიული ენერგიის წყაროებზე გამოთქვას.
ჰერსტის აქტივიზმის წყალობით, მომხმარებლები აღნიშნულ ბრენდს აკავშირებენ რაღაც ბევრად უფრო ძვირფასთან, ვიდრე უზადო ქიშმირის პალტო ან ცნობილი „ნინას“ ჩანთაა. „ყველაზე სასიამოვნოა, – ამბობს ჰერსტი, – როდესაც ადამიანები ამ მართლაც ლამაზ ნივთებს ყიდულობენ, თუმცა კონსულტანტებს უარს ეუბნებიან ასევე ლამაზ შეფუთვებზე – ისინი ამბობენ: არა, გმადლობთ, ვიცით, რომ გაბი ამჯობინებს, არ ავიღოთ დამატებითი შეფუთვა“. – კერი ბატანი
კერპი
ოქსანა მასტერსი
მრავალ სპორტში მოღვაწე ათლეტი შესაძლებლობების გადაფასებისკენ გვიბიძგებს

თითო ფეხზე ექვსი თითი; თითო ხელზე ხუთი აპკიანი თითი და არცერთი ცერი. არც დიდი წვივის ძვლები. ოქსანა მასტერსი 1989 წელს უკრაინაში, ჩერნობილის ბირთვული კატასტროფიდან სამ წელიწადში, თანდაყოლილი დეფექტებით დაიბადა. რვა წლამდე ობოლთა თავშესაფარში ცხოვრობდა. როდესაც ერთმა ოჯახმა იშვილა, აშშ-ში ჩავიდა, სადაც ფეხების ამპუტაცია და მტკივნეული რეკონსტრუქციული ქირურგიული ოპერაციები დასჭირდა. დღეს ის 35 წლისაა და 2012 წლიდან ზაფხულისა და ზამთრის პარაოლიმპიურ თამაშებში ზედიზედ შვიდჯერ მიიღო მონაწილეობა. ხელის ველოსიპედის, ნიჩბოსნობის, თხილამურით სრიალისა და სათხილამურო ორჭიდის დისციპლინებში 19 მედალი დააგროვა. არაკომერციული ორგანიზაციის, Sister in Sports-ის მეშვეობით, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გოგონებსა და ქალებს აერთიანებს, იგი ახალ სიტყვას ამბობს იმაზე, თუ რა არის შესაძლებელი. თუ მას ორგანიზაციის წევრი ქალებიდან რომელიმე სპორტსმენი ოდესმე დაამარცხებს, ოქსანა იქნება პირველი, ვინც მას მიულოცავს. – კრისტინ ფენესი
შორსმჭვრეტელი
ემილი ლაიმანი
მეცნიერი, რომელიც უკეთ გვაცნობს ადამიანის შეგრძნებებს

თმა და მაკიაჟი: კენტა კოდა (ლაიმანი)
ემილი ლაიმანს აინტერესებს, ხომ არ აღიქვამენ ადამიანები ხუთზე მეტ ძირითად გემოს. ლაიმანი ადამიანური შეგრძნებების ექსპერტია. მან გამოამჟღავნა ცილების კლასი, რომლებიც შეიგრძნობენ მჟავებსაც და ნიშადურსაც – ინგრედიენტს, რომელიც ნორდიკულ მარილიან ძირტკბილას ნუგბარს თავის მძაფრ გემოს აძლევს. ლაიმანის კვლევა შეიძლება სასარგებლოდ იქნას გამოყენებული ჯანდაცვაში და ახალი ინფორმაცია მოგვაწოდოს ოტოპეტრინებზე, მსხვილი ნაწლავის კიბოსთან დაკავშირებულ ცილებზე. „როდესაც სხეულში ვპოულობთ ახალ მოლეკულას ახალი ფუნქციით, უკეთ ვიგებთ, როგორ მუშაობს ორგანიზმი და როგორ ვმართოთ ის“, – ამბობს ლაიმანი. – ლორენ ვესპოლი
შემოქმედი
არლო პარქსი
მომღერალი და სიმღერების ავტორი თავისი მუსიკით ერთვება კამპანიაში მენტალური ჯანმრთელობისთვის

სცენოგრაფი: კელი ფონდრი; სტილისტი: დანეიშა სატონი; ვარცხნილობა: ჯონი საპონგი; მაკიაჟი: ალანა პალაუ; პროდიუსერი: ენტონი ფედერიჩი, PETTY CASH PRODUCTIONS
ლონდონში დაბადებული მუსიკოსი და პოეტი არლო პარქსი, ინდი-პოპის სტილის მუსიკის ხალხურ მუსიკასთან შერწყმით, განსაკუთრებულ, თბილ ჟღერადობას იღებს. 2021 წელს მისი სადებიუტო ალბომის (Collapsed in Sunbeams – „მზის სხივებში ჩაძირული“) გამოშვების შემდეგ, იგი ცნობილი გახდა საოცრად გულწრფელი და პირადი ხასიათის სიმღერებით, რომლებიც ცხოვრების პატარა მომენტებით სავსე დიორამას მოგვაგონებენ. „წიგნაკში ვაგროვებ ჩემს ცხოვრებისეულ ფრაგმენტებს, ფრაზებს და ეპიზოდებს და სწორედ მათგან იქმნება ჩემი მუსიკა“, – ამბობს იგი.
მისი შემოქმედება მოცულია პირადი ღრმა განცდებით, რაც მსმენელს ჩვენს საერთო მენტალურ ჯანმრთელობაზე დააფიქრებს. მაგალითად, 2020 წელს გამოცემული სინგლი „შავი ძაღლი“, არლომ თავის ახლო მეგობარს მიუძღვნა, რადგან შიშობდა, რომ ის ღრმა დეპრესიაში ეშვებოდა. „ამ ყველაფრის დაწერით თვითგამოხატვას ვახერხებთ და თან ვიგებთ, სხვაც ხომ არ განიცდის იმავეს? იქნებ მარტო ჩვენ არ ვართ ასე?“ – განმარტავს არლო.
გულგატეხილთა ნუგეშისცემა დიდი ხანია მის პირად მისიად იქცა. „შავი ძაღლის“ გამოშვების შემდეგ 24 წლის არლომ მალევე გამოაცხადა, რომ ერთვებოდა სუიციდის პრევენციის საქველმოქმედო კამპანიაში, 2023 წელს კი იგი UNICEF-ის ახალგაზრდა მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდა და დაწერა ლექსი, რომელიც მსოფლიო მენტალური ჯანმრთელობის დღეს გამოქვეყნდა. გასულ წელს არლოს აქტივისტური მოღვაწეობა კიდევ უფრო შორს წავიდა და იგი ამავე ორგანიზაციის გაერთიანებული სამეფოს ელჩი გახდა. „ყოველთვის მინდოდა, რომ ფოკუსი საკუთარი თავისა და საკუთარი მუსიკისგან გადამეტანა რაღაც უფრო ფასეულზე, გამომეყენებინა ჩემი სტატუსი და მდგომარეობა გარკვეული ცვლილებისთვის“,- ამბობს არლო.
მაშინ როდესაც არლოს მუსიკალური სამყარო უაღრესად პირადული და იზოლირებულია, მისი, როგორც UNICEF-ის ელჩის მოღვაწეობა უნდა იყოს ფართომასშტაბიანი, ვინაიდან ის ეხმარება განსაკუთრებულად მოწყვლად ჯგუფებს და ცდილობს მათი ხმა სხვებსაც მიაწვდინოს.
არლოს პირველი დიპლომატიური მოგზაურობა სიერა-ლეონეში შედგა, სადაც ახალგაზრდა აქტივისტებთან ერთად მონაწილეობა მიიღო სემინარებში, ასევე დაესწრო წამალდამოკიდებულთა და არასრულწლოვანთა ქორწინების მსხვერპლთა ჯგუფების შეხვედრებს. „ეს მართლაც საოცარი გამოცდილება იყო, – იხსენებს იგი, – ვხედავდი, როგორ სწავლობდნენ ახალგაზრდა გოგონები ჰიგიენური საფენების დამზადებას და შემდეგ იმავეს თავიანთ უმცროს დებსა და მათ მეგობრებს თავად ასწავლიდნენ“, – იხსენებს იგი. არლო პარქსი ყოველთვის გამოირჩეოდა სხვებისადმი თანაგრძნობით და ახლაც თავს ამ ადამიანთა ხმების გამტარად მოიაზრებს. „მათი ხმა სხვებსაც უნდა გავაგონო და მსოფლიოს გავაცნო მათი საქმიანობა“, – ამბობს არლო.
ახლო მომავალში არლო გეგმავს, რომ მისმა მუსიკამ საქველმოქმედო ხასიათი მიიღოს. „მინდა, რომ ეს მუსიკა იყოს ადამიანებისთვის მიწაზე რბილად დაშვების ადგილი“, – გვიხსნის იგი. თუმცა არლოს ამაზე უფრო მეტად სურს, „სხვებს მუსიკით ისეთი გარემო შეუქმნას, სადაც ისინი შეძლებენ შეიცნონ საკუთარი თავი, ურთიერთობები და სიყვარული“. – შელდონ პირსი
კერპი
დონ ჩიდლი
აღიარებული მსახიობი კლიმატურ უსამართლობას ებრძვის მოწყვლად თემებში

კოსმეტოლოგი: ლინდა ბერნი; პროდიუსერი: ენტონი ფედერიჩი, PETTY CASH PRODUCTIONS
გასულ იანვარში, როდესაც ლოს-ანჯელესი ცეცხლის ალში გაეხვია, დონ ჩიდლს და მის მეუღლეს, სხვა ათიათასობით ადამიანთან ერთად, სახლიდან ევაკუირება მოუხდათ. „თან წამოვიღეთ მხოლოდ რამდენიმე ხელი ტანსაცმელი და ისეთი ნივთები, რომლებსაც ვერასოდეს აღვადგენდით, როგორიცაა ჩვენი შვილების ბავშვობის ნახატები“, – ამბობს იგი. დონ ჩიდლი მსახიობი და აქტივისტი, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის კეთილი ნების ელჩი და Solutions Project-ის („მოგვარების გზების პროექტი“) დირექტორთა საბჭოს წევრია. ეს ორგანიზაცია 45 შტატში 300-ზე მეტ სათემო ორგანიზაციას დაეხმარა კლიმატური პრობლემების სამართლიანად გადაწყვეტაში. მსახიობს მოშორებით მომხდარ კლიმატურ კრიზისებთან გამკლავების საკითხებზე არაერთხელ უმუშავია, მაგრამ ამჯერად კრიზისი მასაც უშუალოდ შეეხო.
ცეცხლმა ულმობლად გაანადგურა ძვირადღირებული რეზიდენციები და მუშათა კლასის საცხოვრებლები, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ კლიმატური საგანგებო სიტუაციების დროს მნიშვნელობა არ აქვს ეთნიკურ წარმომავლობას, რასას და თანხას საბანკო ანგარიშებზე. „ეს გამოხატავს კლიმატური კატასტროფების ეგალიტარულ ბუნებას, საწყის ეტაპზე“, – ამბობს ჩიდლი და განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ბოლო სიტყვებზე, „ხოლო დასრულებისას, ვნახავთ, რა იქნება. რადგან ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით ზარალდებიან ისევ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები და მათ ნაკლებად შეუძლიათ თავის დაღწევა კრიზისიდან“.
60 წლის დონ ჩიდლი ადამიანთა უფლებებისა და კლიმატური სამართლიანობის აქტიური მხარდამჭერია. განსაკუთრებით Solutions Project-ით ცდილობს გამოავლინოს რასობრივი და გენდერული უთანასწორობა. ამ ორგანიზაციამ, რომელიც 2013 წელს დააარსეს მსახიობმა მარკ რუფალომ და მისმა ორმა პარტნიორმა, მას შემდეგ 50 მილიონი დოლარი გამოყო კლიმატური მოვლენებით დაზარალებული ოჯახებისთვის აშშ-ის მასშტაბით.
„სამართლიანობა და წარმომადგენლობითობა ყოველთვის იყო ჩემი პრიორიტეტი, – ამბობს ჩიდლი, – მაგრამ როდესაც მამა ხდები, მსოფლიოს ყველა პრობლემაზე გეფიქრება“. ოსკარზე ნომინირებული როლის შემდეგ, რომელშიც მან სასტუმროს მენეჯერის, პოლ რუსესაბაგინას როლი შეასრულა 2004 წლის ფილმში „სასტუმრო რუანდა“, ჩიდლმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი „დარფური დღეს“ – დასავლეთ სუდანში მომხდარი გენოციდის შესახებ. ამ გენოციდს მოიხსენიებენ როგორც „მსოფლიოში კლიმატის ცვლილების პირველ კონფლიქტს“. ჩიდლს, ისევე როგორც ბევრ სხვას, დამდგარი კრიზისის აქტუალობაზე თვალი აუხილა ალ გორის 2006 წელს გამოცემულმა დოკუმენტურმა ფილმმა „უხერხული სიმართლე“, რამაც ჩიდლი დააფიქრა, „რა შეგვიძლია გავაკეთოთ?“
„როდესაც სამყაროს ამ კითხვით მივმართე, პასუხიც მივიღე“.
Solutions Project-ში ჩიდლი მას შემდეგ მოხვდა, რაც Marvel-ის „შურისმაძიებლების“ ხუთ ფილმზე მარკ რუფალოსთან ერთად იმუშავა. იგი ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია კინოვარსკვლავებმა ისარგებლონ თავიანთი პოზიციით და საზოგადოების ყურადღება შეაჩერონ ასეთ ინიციატივებზე. „ძალიან ხშირად ცნობილი სახეები – თუ რაც გსურთ ის დაგვიძახეთ – ცდილობენ საზოგადოების ნაკლები ყურადღება მიიქციონ, მაშინ როდესაც ადამიანები, რომლებიც კრიტიკულ საკითხებზე მუშაობენ, ვერ იქცევენ სათანადო ყურადღებას“. ლოს-ანჯელესის ხანძრებმა დაგვანახა, რომ კლიმატის ცვლილების დროს ამ ორს შორის გამკვეთი ხაზი ბუნდოვანია და უფრო და უფრო ბუნდოვანი გახდება. დონ ჩიდლს გადაწყვეტილი აქვს, ყოველთვის აქტიურად იყოს ჩართული, ხაზის რომელ მხარესაც არ უნდა იდგეს. – ბრედ მარტინი
თავგადასავლის მაძიებელი
ალექსის ნიკოლ ნელსონი
სოციალური მედიის ვარსკვლავი მკითხველს ველური ბუნების საოცრებებს უზიარებს

ვიზუალური მიმართულება: ლიანა ბლუმი (ყველა); დაგეგმვა: რუთ ჰილტონი (ყველა)
ახალგაზრდობისას ალექსის ნიკოლ ნელსონს მუდამ ბუნებაში უნდოდა ყოფნა, თუმცა მეგობრებს მისი ხშირად არ ესმოდათ. მათ წარმოდგენაში, ასეთი ინტერესების ადამიანი „აუცილებლად შეჭაღარავებული, დაკუნთული თეთრკანიანი მამაკაცი უნდა ყოფილიყო“, – ამბობს ნელსონი, რომელსაც მილიონობით გამომწერი ჰყავს TikTok-ზე. ნელსონი ცნობილია „შავი ფურაჟირის“ სახელითა და ხალისიანი სალაშქრო კომპანიონობით. უმაღლესი განათლების ორი დიპლომის მფლობელი ეკოლოგიასა და თეატრმცოდნეობაში, იგი შესანიშნავი მეგზურია და საკვებად ვარგისი მცენარეების შესახებ სიღრმისეულ ცოდნას გვიზიარებს. თუმცა, ამავდროულად, ნელსონი გვიამბობს მწერების ექსკრეციებზე, წყალმცენარეებსა თუ ზოგიერთი კანონის რასისტულ ფესვებზე. – ლოლა ოგუნაიკე