დევიდ ატენბორო იმედს არ კარგავს
ლეგენდარული კონსერვაციონისტი ახალი დოკუმენტური ფილმით ეხმაურება ოკეანის განადგურებას და მისი გადარჩენის სურვილს გვიღვიძებს.
სერ დევიდ ატენბორომ 70 წლის განმავლობაში მთელ მსოფლიოში იმოგზაურა, რათა დედამიწის ეკოსისტემათა კალეიდოსკოპური მრავალფეროვნება აღებეჭდა. დღეს იგი 99 წლისაა და მისი თხრობა იმდენ სატელევიზიო პროგრამაში გაისმა, რომ მისი ხმა ბუნების საოცრებებთან არის გაიგივებული. ხანგრძლივი მოღვაწეობის განმავლობაში უამრავი გასაოცარი რამ შეხვედრია, თუმცა ერთი ამბავი გამორჩეულად ახსენდება.
1957 წელს ატენბორო ავსტრალიაში გაემგზავრა და მყვინთავის აღჭურვილობით დიდი ბარიერული რიფის მარჩხობ წყლებში ცხოვრებაში პირველად ახლოდან დააკვირდა მარჯნებს. ეს იყო „ერთგვარი სენსორული გადატვირთვა, – ამბობს იგი, – მარჯნის ტოტებში მოცურავე უთვალავი პაწაწინა თევზი, მარჯნის სტრუქტურათა მრავალფეროვნება – სანახაობა, რომელმაც ოკეანის მრავალშრიანი სამყარო გადამიშალა“.
დღეს ეს სანახაობა კატასტროფულად გამოიყურება. მარჯნის რაოდენობა მთელ მსოფლიოში მკვეთრად შემცირდა ოკეანის დათბობის გამო, რასაც ადამიანის ქმედებები უწყობს ხელს.
National Geographic-ის ახალ დოკუმენტურ ფილმში „ოკეანე დევიდ ატენბოროსთან ერთად“, პიონერი კინორეჟისორი აღწერს ბუნების იმ უზარმაზარ დანაკარგს, რომელსაც თავისი ცხოვრების განმავლობაში შეესწრო. რა თქმა უნდა, ფილმში კვლავ ვხედავთ სიცოცხლით სავსე ოკეანეს, თუმცა იქ ჩანს იმავე მასშტაბის განადგურებაც – როგორ ულმობლად ცელავს კომერციული თევზსაჭერი ტრალერები წყლის მცენარეთა მდელოებს, რომლებიც ნახშირორჟანგს აცილებდნენ ატმოსფეროს; ჩანს ათასობით მოფართხალე თევზის გუნდიც, რომლებსაც გემბანზე ეზიდებიან. ატენბორო ყოველგვარი შელამაზების გარეშე ამბობს: „მდიდარი ქვეყნები ოკეანის სანაპიროზე მცხოვრებ მოსახლეობას იმ საკვების გარეშე ტოვებენ, რითაც ისინი ათასწლეულების განმავლობაში არსებობდნენ. ეს არის დღევანდელი კოლონიალიზმი ზღვაში“.

და მაინც, ფილმი საოცრად ოპტიმისტურად სრულდება. ატენბოროს სწამს, რომ ოკეანეს რეგენერაციის ძლიერი უნარი აქვს, თუ სწორი გარემოსდაცვითი ზომები იქნება მიღებული. იგი იმედს არ კარგავს, რომ ავსტრალიის მარჯნის ის დაუვიწყარი რიფიც გადარჩება: „მინდა ვიფიქრო, რომ რიფი, რომელთანაც პირველად ჩავყვინთე, იღბლიანთა შორისაა“.
ბრაიან რესნიკი: ეს ფილმი თქვენი დანარჩენი ნამუშევრებისგან მკვეთრად განსხვავდება იმით, რომ აქ განიხილავთ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ცხოველთა სიკვდილი და განადგურება. რა არის მიზეზი?
დევიდ ატენბორო: როდესაც ხმელეთზე ტროპიკული ტყე იჩეხება, ამას ყველა ხედავს, ხოლო როდესაც ოკეანის ფსკერზე თევზებს ტრალით ხვეტენ, ეს ბევრისთვის შეუმჩნეველია. ამიტომ ადამიანთა უმეტესობას წარმოდგენაც არ აქვს იქაურ მოვლენებსა და მათ მასშტაბებზე. განვმარტავ, რომ ეს ფილმი არ არის თევზჭერის წინააღმდეგ. კაცობრიობა ყოველთვის იღებდა საკვებს ზღვიდან და ბუნებრივია, რომ ეს ასეც გაგრძელდება. ამასთან, ბევრი თევზმჭერი კომპანია და მეთევზეთა თემი ითვალისწინებს მდგრადი თევზჭერის წესებს. თუმცა, ზოგან ისეთ მეთოდებს იყენებენ, რაც ოკეანეს და ყველა ჩვენგანს დიდ ზიანს მიაყენებს. ფილმის მიზანია, მაყურებელს აჩვენოს ეს განსხვავება.
თხრობისას თქვენს ხმაში ბრაზი შეიმჩნევა. სწორი სიტყვაა „ბრაზი“?
მე განვიცდი, რომ უგუნურად ვკარგავთ ბუნებრივ სამყაროს და ვიმედოვნებ, ჩემი ეს ემოცია ფილმში აისახა.
რას ურჩევდით მათ, ვინც კლიმატის ცვლილებისა და ბუნებრივი სამყაროს დაკარგვის გამო წუხს?
იმედი არ უნდა დავკარგოთ. ასეთ დროს ადვილია დანებდე, როდესაც ხედავ მოხმარების უდიდეს მასშტაბებსა და აჩქარებულ ტემპს, რომლითაც კლიმატს ვცვლით და ბუნებრივ სამყაროს ვკარგავთ. მაგრამ ბუნება ჩვენი პირველი მოკავშირეა. როგორც კი მას თვითაღდგენის საშუალებას ვაძლევთ, ის ახალ სიცოცხლეს იძენს და ჩვენი ცხოვრებაც უმჯობესდება.
პრობლემის გადაჭრა ყოველთვის დიდ მსხვერპლსა და ათწლეულებს არ მოითხოვს. საზღვაო დაცულმა ტერიტორიებმა, რომელთა შესახებ ფილმში გიამბობთ, სულ რამდენიმე წელიწადში მოიტანა სარგებელი იქ მცხოვრები ადამიანებისთვის. იქ ატმოსფეროდან ნახშირორჟანგის შთანთქმა გაიზარდა, რასაც ზღვის არსებების პოპულაციის ზრდა მოჰყვა, მათ შორის ზვიგენების, თინუსების, კუების. ეს ყველასთვის სასარგებლოა – ბუნებისთვის, ადამიანისა და კლიმატისთვის. ჩვენ უბრალოდ მომავლის გეგმები უნდა დავსახოთ და მხოლოდ დღევანდელ სარგებელზე არ ვიფიქროთ.
რა გაძლევთ მუშაობის შემართებას?
ადამიანები, ვისთანაც მიყვარს მუშაობა არ მაძლევენ გაჩერების საშუალებას. გარდა იმისა, რომ ფილმების გადაღება ჩემთვის დიდი სიამოვნებაა, ამბების თხრობა არასოდეს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი. დღეს ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი მოწყვეტილია ბუნებას და ვეღარ გრძნობს მის გულისცემას. შესაძლოა ამან, ერთი მხრივ, სარგებელიც მოიტანა, მაგრამ ჩვენ უწინდელივით ვეღარ ვამჩნევთ სამყაროში მომხდარ ცვლილებებს.
რამდენადაც მნიშვნელოვანია სამეცნიერო გამოცემები და დებატები, ადამიანთა უმრავლესობა ამბების მოსმენითა და დოკუმენტური ფილმების ყურებით უფრო ინტერესდება. ჩვენი სახეობა ყოველთვის იყენებდა ამბის თხრობას საზიარო იდენტობის შესაქმნელად და სამყაროს მოვლენების ასახსნელად. ჩვენ თავისთავად გვაინტერესებს ისტორიები სხვა ადამიანებისა და ადგილების შესახებ, ასე რომ ეს ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, მათ შორის გამომცემლებისა და მაუწყებლების, რომ გამოვნახოთ გზები ბუნებისა და მასთან ურთიერთობის შესახებ ისტორიების მოსათხრობად.
ფილმში ლაპარაკობთ თქვენი ცხოვრების გვიან ეტაპზე გადასვლის შესახებ. როდესაც გადახედავთ თქვენს ცხოვრებას, როგორ ისურვებდით, რომ თქვენი საქმიანობა დაამახსოვრდეთ?
ვიმედოვნებ, ჩემი ფილმების კრებული „სიცოცხლე დედამიწაზე“ თუ ჯერ კიდევ დაუსრულებელი ნამუშევრები, XX საუკუნის დასასრულისა და XXI საუკუნის დასაწყისის ბუნებრივი სამყაროს დოკუმენტირებას იმ სახით მოახდენს, როგორადაც მათ აღნიშნულ პერიოდებში აღვიქვამდით. შეიძლება ოდესმე ეს მასალა აღვიქვათ, როგორც კაცობრიობისა და ბუნების ახალი ურთიერთობის დასაწყისის ამსახველი კადრები – გარდატეხა, როდესაც გავაცნობიერეთ, რომ ბუნების კეთილდღეობა ჩვენი კეთილდღეობის წინაპირობაა.
ეს ინტერვიუ შემოკლებულია და რედაქტირებულია სიცხადისთვის.

ოკეანე დევიდ ატენბოროსთან ერთად National Geographic-ის დოკუმენტური ფილმი „ოკეანე დევიდ ატენბოროსთან ერთად“ ივნისიდან გადის Disney+-ზე.