ევროპის მარჯვე მოხეტიალე
გამჭრიახი და მოქნილი ტურა თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ხორცისმჭამელია.
ბევრი სახეობისთვის კლიმატის ცვლილება გამანადგურებელი აღმოჩნდა, თუმცა რამდენიმე გამორჩეული ცხოველისთვის ჩვენი ცვალებადი პლანეტა ახალ შესაძლებლობებს აჩენს. Mammalian Biology-ში გამოქვეყნებულმა ახალმა კვლევამ გვამცნო, რომ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ტურების ევროპულმა პოპულაციებმა ბალკანეთის და კავკასიის მომცრო უბნებიდან არეალი სწრაფად გაიფართოვეს.
ახლა მათი ჰაბიტატები არქტიკული წრიდან ესპანეთამდეა გადაჭიმული. მკვლევრებმა ფინეთში მობინადრე ერთი ტურის ნათესავები 2400 კილომეტრის დაშორებით, ცენტრალურ ევროპაში იპოვეს.

როგორ ახერხებენ ამას? ეს მგლისმაგვარი ძაღლისებრნი მრავალფეროვან ჰაბიტატებში ადაპტირების შთამბეჭდავ უნარს ავლენენ. მათ არ აქვთ საკვებთან დაკავშირებული განსაკუთრებული მოთხოვნები და თითქმის ყველაფერს ჭამენ: მწერებს, ფრინველებს, მცენარეებსა თუ ადამიანების საკვების ნარჩენებს. მათ შეუძლიათ სოციალური სტრუქტურის, საკვების საძიებო ჩვევების და მოქმედების ხასიათის შეცვლა ადგილსამყოფლიდან გამომდინარე. მარტოხელობა? თუ საჭიროა – კი. ხროვად ცხოვრება? – უპრობლემოდ. ტურები ქალაქების განაპირას და ფრაგმენტულ სამეურნეო მიწებზე ისევე კარგად გრძნობენ თავს, როგორც ტყეებში, სტეპებსა თუ ჩრდილოეთის ყინულოვან ლანდშაფტებში. პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრის და აღნიშნული კვლევის ავტორის, ვიესლავ ბოგდანოვიჩის თქმით, ეს „პირველი თაობის მიგრანტები“ არამხოლოდ ადაპტირდებიან ახალ გარემოსთან, „აქტიურადაც ეძიებენ და მისით ხეირობენ“.

მეცნიერული სახელწოდება
Canis aureus moreoticus
სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა
8-9 წელი
საშუალო წონა
7-14 კგ
უმაღლესი სიჩქარე
50 კმ/სთ
კონსერვაციული სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას

National Geographic Society აფინანსებს მკვლევარ ჯოელ სარტორეს „ფოტოკიდობნის“ პროექტს, რომლის მიზანია მსოფლიოს ზოოპარკებში, აკვარიუმებსა და ნაკრძალებში მობინადრე ყველა სახეობის დოკუმენტირება.