დინოზავრთა ერის ცოცხალი ნაშთები
162 მილიონი წლის განმავლობაში ზუთხი მის წინაშე არსებულ ყველა საფრთხეს იგერიებდა, სანამ ადამიანი გადაშენების პირას მიიყვანდა. უძველესი დროის ამ ცოცხალ ნაშთებს მხოლოდ შეუპოვარი ბრძოლით შევინარჩუნებთ.
დინოზავრთა ერის ცოცხალი ნაშთები
162 მილიონი წლის განმავლობაში ზუთხი მის წინაშე არსებულ ყველა საფრთხეს იგერიებდა, სანამ ადამიანი გადაშენების პირას მიიყვანდა. უძველესი დროის ამ ცოცხალ ნაშთებს მხოლოდ შეუპოვარი ბრძოლით შევინარჩუნებთ.
უზარმაზარი მდინარე უხმაუროდ მიედინება. სამხრეთ ყაზახეთში დეკემბერია. სირდარიის სანაპიროს პეიზაჟში მონაცრისფრო – ყავისფერი ფერები დომინირებს – ლამიანი ჭალა, მიძინებული ბალახი და შიშველი ხეები. მიტოვებული მანქანის ჟანგიან ნარჩენებს შორის საკვების შესაფუთი მასალა და ბოთლები ყრია. მზეს ქვანახშირისა და დამწვარი მერქნის კვამლი ფარავს. ეს მდინარის ნაპირის ყველაზე თვალწარმტაცი მონაკვეთი არ არის, თუმცა ისეთი ადგილია, როგორსაც ბერნი კუჰაიდა ეძებს.
„სწორედ ეს ჰაბიტატი გვჭირდება“, – ამბობს ტენესის აკვარიუმის კონსერვაციის ინსტიტუტის წყლის ეკოსისტემებზე მომუშავე კონსერვაციონისტი ბიოლოგი კუჰაიდა. მას იმედი აქვს, ზუთხისებრთა ოჯახის ამ წყლების მკვიდრ სახეობას – სირდარიის ცრუდინგნიჩაბას იპოვის, რომელიც 1960-იანი წლებიდან აღარ უნახავთ, მას შემდეგ, რაც მდინარის სისტემაში საბჭოთა კაშხლები აშენდა. შედეგად, ამ თევზისთვის მიუწვდომელი გახადა ქვირითობის ადგილები და სირდარიის დინებაც სამუდამოდ შეიცვალა. ეს მდინარე ყირგიზეთის მაღალ მთებში იღებს სათავეს და დიდწილად დამშრალ არალის ზღვაში ჩაედინება. თუკი ზუთხის ეს სახეობა ჯერ კიდევ არსებობს, კუჰაიდას აზრით, მისი პოვნა მდინარის ამ ლამიან და წყალმარჩხ ნაწილშია შესაძლებელი.

რამდენიმე თვით ადრე კუჰაიდას საკონსერვაციო ორგანიზაცია Re:Wild-ი დაუკავშირდა. ის „დაკარგულ სახეობებს“ ეძებს – არსებებს, რომლებიც, სულ მცირე, ათი წლის განმავლობაში არ უნახავთ და შესაძლოა გადაშენდნენ კიდეც, მაგრამ ამის საკმარისი და სარწმუნო მტკიცებულებები არ არსებობს. Re:Wild-ი კუჰაიდას იმიტომ დაუკავშირდა, რომ იგი ერთ-ერთი იყო იმ მცირერიცხოვან მეცნიერთა შორის, ვისაც ოდესმე სირდარიის ცრუდინგნიჩაბა უნახავს. 1990-იან წლებში ასპირანტი კუჰაიდა ლონდონში, სანქტ-პეტერბურგსა და მოსკოვში არსებულ მუზეუმებს ეწვია და ხანგრძლივი შენახვისგან გაფერმკრთალებული 27 სირდარიის ცრუდინგნიჩაბას ნიმუში ვიდეოფირზე აღბეჭდა. „მათ მითხრეს, ექსპერტი შენ ხარო“, – იხსენებს კუჰაიდა. „კარგი-მეთქი, მაგრამ მე ისინი მხოლოდ ქილაში მინახავს, თან მკვდრები, – ვუპასუხე“.
სირდარიის ცრუდინგნიჩაბას უჩვეულო გარეგნობა აქვს. სიგრძით 22 სანტიმეტრს არ აღემატება. ის ყველაზე პატარაა ზუთხისებრთა 26 სახეობას შორის. ყველაზე დიდი სვიაა. მისი უდიდესი ეგზემპლარი, რომელიც კი ოდესმე დაფიქსირებულა, 1827 წელს მდინარე ვოლგაში დაიჭირეს. თევზის სიგრძე 7,2 მეტრს აღწევდა და მიახლოებით 1500 კილოგრამს იწონიდა. ყველა ზუთხისებრს აქვს გრძელი და ბრტყელი დინგი, ჩამოკიდებული ულვაში ფსკერზე მსხვერპლის აღმოსაჩენად და ვერტიკალურად განლაგებული ძვლოვანი ფარეკლები, რომლებიც ხუთ რიგად მიუყვება მათ სხეულს.
162 მილიონი წლის განმავლობაში მათ გაუძლეს კლიმატურ რყევებს, კონტინენტურ ცვლილებებს, ვულკანურ ამოფრქვევებს და გადაურჩნენ მასობრივ გადაშენებას. „გადაურჩნენ ასტეროიდს, რომელმაც დინოზავრები გაანადგურა. გადაურჩნენ ბუნებისა და კოსმოსის ყველა საფრთხეს“, – ამბობს კუჰაიდა. გადაურჩნენ ყველაფერს, ადამიანის გარდა. დღეს მას ყველა თევზზე მეტად ემუქრება გადაშენების საფრთხე. 1970 წლიდან მსოფლიოში ზუთხის პოპულაციები კატასტროფულად – 94%-ით შემცირდა. ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) მონაცემებით, ზუთხისებრთა 25 სახეობა მოწყვლადია ან გადაშენების საფრთხის წინაშე იმყოფება, მათ შორის 17 სახეობა გადაშენების კრიტიკულ საფრთხეშია, ხოლო ერთი სახეობა უკვე გადაშენდა ველურ ბუნებაში. შიშობენ, რომ გადაშენების კრიტიკულ საფრთხეში მყოფი სამი სახეობა, მათ შორის სირდარიის ცრუდინგნიჩაბა, უკვე გადაშენებულია.
ეკოლოგიური თვალსაზრისით ზუთხი გაქრობის ზღვარზეა. ეკონომიკური თვალსაზრისით ის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ცხოველია დედამიწაზე. ზუთხისებრთა პოპულაციის შემცირება შესაძლოა დიდწილად ჭარბი თევზჭერით იყოს განპირობებული. დამარილებული ხიზილალა მთელ მსოფლიოში იყიდება, როგორც სიმდიდრისა და სტატუსის განმსაზღვრელი სიმბოლო. ერთი კილოგრამი ხიზილალის ფასი შეიძლება 20 000 დოლარს აჭარბებდეს.
თუმცა, ადამიანის საქმიანობამ და გარემოს ცვლილებამ ზუთხისებრთა ოჯახის ისეთ სახეობებზეც მოახდინა დამანგრეველი ზეგავლენა, რომლებსაც ხიზილალისთვის არ მოიპოვებენ. ასეთია სირდარიის ცრუდინგნიჩაბა. „ადამიანებს სულ 200 წელი დასჭირდათ ზუთხისებრთა ყველა მდინარისპირა ჰაბიტატის გასანადგურებლად“, – ამბობს კუჰაიდა. ზუთხი 160 მილიონზე მეტი ხნის განმავლობაში მდინარეების თავისუფალ ნაკადებში განიცდიდა ევოლუციას, სადაც ბარიერებს არ აწყდებოდა. „ყველა ზუთხისებრი მიგრირებს“, – ამბობს კუჰაიდა. ახლა მათ სამიგრაციო გზებზე უამრავი დაბრკოლებაა. კაშხლები, წყალსაცავები, წყალქვეშა მიწასახაპი სამუშაოები და ირიგაციისთვის წყლის ნაკადის მიმართულების შეცვლა საქვირითე ადგილებისკენ თევზის აღმა მიგრაციას აფერხებენ და ლიფსიტებს ქვემო წელისკენ მოძრაობას უზღუდავენ. სასოფლო-სამეურნეო ჩამდინარე წყლები ტოქსიკური წყალმცენარეების გამრავლებას იწვევს. მშენებლობა, ტყეების გაჩეხა და სამთო მოპოვება საქვირითე ჰაბიტატებს ანადგურებს და მავნე დანალექებს წარმოქმნის.

კუჰაიდა იმედოვნებს, რომ სირდარიის ზოგიერთი ზუთხისებრი გადაურჩა ადამიანს. თუ თევზის პოვნა მოხერხდება, კუჰაიდა მამრ და მდედრ ინდივიდებს დაიჭერს შესაჯვარებლად და სალიფსიტეში გამოზრდილ თაობას კვლავ ველურ ბუნებაში დააბრუნებს. იქ, სადაც კაშხლები ქვირითობის მარშრუტებს ბლოკავს, ამჟამად სანაშენე და სამიგრაციო პროგრამები მუშაობს. იქ, სადაც ჭარბი თევზჭერა აღინიშნებოდა, ახლა თევზის რესურსების არამდგრად მოპოვებას კანონები და ინსტიტუტები კრძალავს ან ზღუდავს. ახლა ხიზილალის ინდუსტრიაც კი თავის როლს ასრულებს ზუთხისებრთა გადასარჩენად.
სანამ მდინარესთან მივიდოდა, კუჰაიდა გზის პირას, თევზეულით მოვაჭრის დახლთან გაჩერდა და მეთევზეს მუზეუმში დაცული ეგზემპლარების ამობეჭდილი ფოტოები აჩვენა. მეთევზემ სურათები გულდასმით დაათვალიერა და დაადასტურა, რომ რამდენიმე წლის წინ რაღაც მსგავსი ნამდვილად ამოიყვანა წყლიდან. გახარებული კუჰაიდა სწრაფად გაეშურა მდინარისაკენ.
წყლისკენ მიმავალ კუჰაიდას და მის კოლეგა დეივ ნილის თან სპეციალურად მოქსოვილი ბადე მიაქვთ. ყაზახეთის თევზჭერის სამსახურიდან სამი ოფიციალური პირი ძველი საბჭოთა პერიოდის სატვირთო მანქანით არალის ზღვიდან ჩამოვიდა დაკარგული თევზის საძიებელი სამუშაოების მეთვალყურეობისთვის. ერთ-ერთი მათგანი, თინიზბექ ბარაქბაევი, ძველ მანქანაზე დაყრდნობილი თვალს ადევნებს, როგორ შედიან კუჰაიდა და ნილი მდინარეში. „შანსი გვაქვს, მაგრამ ეს შანსი ძალიან მცირეა, თუმცა შეგვიძლია იმედი ვიქონიოთ“, – ამბობს იგი.
აპრილია და უისკონსინის მდინარე ვულფი სავსეა ზუთხით. თევზი ნაპირებთან ქვებში ტრიალებს, შონოს კაშხლის წყალსაგდებში. მდინარის ერთ ნაპირზე ქაღალდის ფაბრიკაა, მეორე ნაპირზე კი – ქალაქ შონოს ზუთხის პარკი. 1892 წელს კაშხლის აგების შემდეგ, ეს მდინარის ყველაზე შორეული აღმა წერტილი იყო, სადაც ზუთხს შეეძლო მიეღწია. ნაპირებთან ადამიანები იკრიბებოდნენ გაზაფხულის ამ ყოველწლიური რიტუალის საცქერლად, როდესაც 200 კილომეტრით ქვემოთ მდებარე უინებაგოს ტბიდან ათასობით ზუთხი მიცურავს ქვირითის დასაყრელად. ეს თევზი უინებაგოს ტბის სისტემაში მობინადრე დაახლოებით 40 000 ზრდასრული ზუთხის მცირე ნაწილია. უისკონსინის შტატის ტბის ზუთხის პოპულაცია ერთ-ერთი ყველაზე ჯანმრთელია დედამიწაზე.
ზუთხი ოდესღაც იმდენად უხვად გვხვდებოდა ჩრდილოეთ ამერიკის მდინარეებში, რომ მკვიდრი მოსახლეობის გადმოცემის მიხედვით, ამ თევზის ზურგზე დაბიჯებით წყალზე სიარული შეიძლებოდა. ტბის ზუთხი შონოს კაშხლის ქვემო დინებაში ქვირითობს და ორ მეტრამდე სიგრძის იზრდება. ოდესღაც ის დიდი ტბებიდან და ჰუდსონის ყურიდან სამხრეთით, მდინარე მისისიპის აუზამდე იყო გავრცელებული, მაგრამ 1970-იანი წლებისთვის მშობლიური მდინარეების უმეტესობაში პრაქტიკულად მთლიანად განადგურდა.

უისკონსინში ზუთხის პოპულაციამ გაცილებით ადრე დაიწყო კლება, მაგრამ წინდახედულმა მართვამ შესაძლებელი გახადა კატასტროფის თავიდან აცილება. 1915 წელს შტატმა დროებით აკრძალა ტბის ზუთხის დაჭერა, შემდეგ კი ფრთხილად შეცვალა თევზჭერის წესები და ნორმები, რომლებიც დღემდე მოქმედებს.
თევზჭერის შეზღუდვებს ადგენს მარგარეტ სტედიგი, უისკონსინის ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის იქთიოლოგი. იგი მონიტორინგს უწევს უინებაგოს ტბის სისტემაში მობინადრე ტბის ზუთხის პოპულაციის ჯანმრთელობის მდგომარეობას; ასევე თანამშრომლობს ფედერალურ მთავრობასთან და ჩართულია ტბის ზუთხის პოპულაციების ძველ არეალებში გამრავლების პროგრამაში. ახლა, ქვირითობის სეზონზე, სტედიგი პირველად დგას მდინარესთან და შესცქერის ზუთხს, რომელიც ქვირითის დასაყრელად ემზადება. ქვირითით გაბერილი მდედრი ნელა მოძრაობს. მამრი უფრო თხელი და მოხდენილია.
როდესაც მდედრი ზუთხი ქვირითის დაყრისთვის მზადაა, მამრების ჯგუფი მას გარს ეხვევა. ისინი მდედრს კუდებს მუცელზე გამეტებით ურტყამენ, სანამ მდედრი ათასობით ქვირითს დაყრის. დარტყმები იმდენად მძლავრია, რომ მდინარის ნაპირზე მჯდომი დამკვირვებელი ქვების რხევას გრძნობს. ქვირითი და ხვაში, თევზის თესლი, ერთმანეთში ერევა და მდინარის ფსკერზე ქვებსა და ხრეშზე ილექება. ერთ კვირაში ლიფსიტები იჩეკებიან და გაზაფხულზე ადიდებული მდინარის დინებას მიუყვებიან. „ქვირითობისას ზუთხები ვიბრირებენ“, – ამბობს სტედიგი, რასაც ადგილობრივები „ზუთხის ქუხილს“ უწოდებენ.

როდესაც „ქუხილი“ იწყება, სტედიგის გუნდი მუშაობას იწყებს, იჭერს ზუთხს და ბრეზენტზე ათავსებს. გუნდის ერთ წევრს თევზის თავი უჭირავს, მეორეს – კუდი, მესამე კი ტელემეტრიულ სანიშნეებს ეძებს, რომლებიც ამცნობს, იყო თუ არა ეს თევზი მანამდე დაჭერილი. ამის შემდეგ სტედიგი დაადგენს თევზჭერის კვოტას მომავალი წლისთვის, ალგორითმის გამოყენებით, დანიშნული და დაუნიშნავი თევზების რიცხოვნობაზე დაყრდნობით. თევზჭერის ზღვრების დაწესების წყალობით, აქ ზუთხი საკმარისად ჯანმრთელია და შეუძლია პოპულაციის რიცხოვნობის შენარჩუნება. ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ ამ გზით ზუთხის პოპულაციას სხვა შტატების მდინარეებშიც აღადგენენ.
თითოეული თევზის გაზომვის, სქესის დადგენისა და დანიშვნის შემდეგ, მას აშშ-ის თევზის რესურსებისა და ველურ ცხოველთა დაცვის სამსახურს გადასცემენ, რომელიც მდედრის ქვირითსა და მამრის ხვაშს აგროვებს, ინდაურის ბუმბულით ერთმანეთში ურევს (ვინაიდან ბუმბული რბილია და შერევისას ქვირითს არ აზიანებს), შემდეგ კი განაყოფიერებული ქვირითი ჯორჯიის შტატში, ვორმ-სპრინგსის სალიფსიტე ინკუბატორში გადააქვს. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, გამოჩეკილი ლიფსიტები თევზსაშენებში გადაჰყავთ, როგორიცაა ტენესის აკვარიუმი, სადაც კუჰაიდა მუშაობს. იქ თევზს ავზებში ზრდიან და არტემიებით და ლამის ჭიებით კვებავენ. მას შემდეგ, რაც თევზი 15 სანტიმეტრს მიაღწევს, იმ მდინარეებში უშვებენ, სადაც ზუთხი დიდი ხნის წინ გაქრა ჭარბი თევზჭერის, წყალქვეშა მიწასახაპი სამუშაოების, დაბინძურებისა და კაშხლების მიზეზით.
სანაშენე მეურნეობიდან რეინტროდუცირებული თევზები მშობლიურ აუზებს დაუბრუნდნენ – და ზოგან ბოლო ათწლეულებში პირველად იწყებენ გამრავლებას.
2000 წლიდან ამ აკვარიუმმა და მისმა პარტნიორებმა ტენესისა და კამბერლენდის მდინარეებში 300 000-ზე მეტი ტბის ზუთხის რეინტროდუქცია მოახდინეს იმ იმედით, რომ კაშხლებს შორის არსებულ ადგილებში თევზები კარგად გამრავლდებოდნენ. პირველმა მდედრებმა ახლახან მიაღწიეს რეპროდუქციულ ასაკს (ტბის ზუთხის რეპროდუქციული ასაკი 20 წელს აღემატება), თუმცა კუჰაიდას და მის გუნდს ჯერ კიდევ არ გააჩნიათ რეინტროდუცირებული თევზის წარმატებული ქვირითობის მტკიცებულება. არც ის იციან, გადაურჩნენ თუ არა ლიფსიტები მდინარეთა სისტემების წყალსაცავების დამდგარ წყლებს. მკვლევრებს ამის იმედი აქვთ. „როდესაც ზუთხის აღდგენის პროგრამას იწყებ, შემდეგ ამ საქმეში ერთი საუკუნის განმავლობაში მონაწილეობ“, – ამბობს კუჰაიდა. იგი გუნდს უისკონსინში შეუერთდა ფარფლების სინჯების შესაგროვებლად და ინკუბატორში გამოჩეკილი ლიფსიტების გენეტიკური რუკის შესადგენად. „ეს გრძელვადიანი ინვესტიციაა“.

სანამ სტედიგის გუნდი მუშაობას დაასრულებდა, შონოს კაშხლის ზემოთ მცხოვრები მენომინის ხალხისთვის გადასაცემად 73 ზუთხი დათვალეს. ათასობით წლის განმავლობაში მენომინის ხალხის წარმომადგენლები ყოველ გაზაფხულზე იკრიბებოდნენ ნადიმისა და ცერემონიის ჩასატარებლად. „ჩვენ დაველოდებით ზუთხის გამოჩენას ზამთრის გრძელი თვეების შემდეგ“, – თქვა დევიდ გრინიონმა, აღნიშნული ხალხის ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამის თანამშრომელმა.
130 წელზე მეტი ხნის წინ, როდესაც კაშხალი აშენდა, ზუთხის მიგრაცია დაიბლოკა და ცერემონიები შეწყდა. ერთი საუკუნის შემდეგ, შტატის აღდგენითი ძალისხმევის წყალობით, უისკონსინის ოფიციალურმა პირებმა მენომინის ხალხთან თანამშრომლობით კაშხლებისთვის გვერდის ავლით თევზის გადაზიდვა დაიწყეს მდინარის ზემო წელისკენ. „ყოველ გაზაფხულზე დიდი სატვირთო მანქანებით და ავზებით გადაჰყავდათ“, – ამბობს გრინიონი. შედეგად მათ განაახლეს თავიანთი ცერემონიები, სადაც მოცეკვავეები მდინარის აღმა მცურავი ზუთხის მოძრაობებს ჰბაძავენ.
მენომინის ოფიციალური წარმომადგენლები ერთ-ერთ კაშხალში გადასასვლელის დამონტაჟებას აპირებენ, რათა რეზერვაციაში ზუთხის ბუნებრივი მიგრაცია აღადგინონ.
ირონიულია, რომ სწორედ ის ინდუსტრია, რომელმაც ზუთხის მრავალი სახეობის შემცირება გამოიწვია, ახლა არსებით როლს ასრულებს მათ აღდგენაში. მილანში (იტალია), თავის საოჯახო ზუთხსაშენ მეურნეობაში, სერჯო ჯოვანინი წყლის ზემოთ, ლითონის ცხაურზე დგას და ფეხქვეშ, ზუთხისკენ მიგვითითებს, რომელსაც კავალო ჰქვია. დღეს მსოფლიოში ხიზილალის უმეტესი ნაწილი ასეთ აკვაკულტურის მეურნეობებში იწარმოება. ზუთხის დამცველების აზრით, სწორედ ასეთ მეურნეობებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლის შესრულება ევროპული ზუთხის მრავალი სახეობის გადარჩენაში. ჯოვანინის მეურნეობაში 300 000 ზუთხია, კერძოდ ადრიატიკის ზუთხი, რუსული ზუთხი, ცქვრინი და ტარაღანა. ისინი მსოფლიო ბაზარზე იყიდება. ამ თევზის უმეტესობა ხიზილალისთვის და სახორცედ გაიყიდება, მაგრამ არა კავალო.
განაყოფიერების პროცესი იწყება მდედრისგან ქვირითის ამოღებით (1) და მამრისგან სპერმის სიფონირებით (2). ამ ორ კომპონენტს ნაზად ურევენ ერთმანეთში ინდაურის ბუმბულით (3), შემდეგ ცოცხალ თევზს რამდენიმე თვეში მდინარეში აბრუნებენ (4).
ყველა თვლიდა, რომ კავალო მამრი იყო, რადგან უფრო მოხდენილი ფორმა ჰქონდა და ულაყივით ხტუნავდა. ამიტომ დაარქვეს მამაკაცის სახელი. მაგრამ 2020 წელს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა კავალო წყაროს წყლით ნასაზრდოები ადგილიდან მდინარის წყლით სავსე ავზში გადაიყვანა, კავალომ პირველად დაყარა ქვირითი. მაშინ ის დაახლოებით 50 წლის იყო. ახლა კავალო თავის წვლილს შეიტანს თავისი სახეობის მომავალში. „ამ მდედრ ზუთხს ვაძლევთ მდინარის წყალს და სამი-ოთხი წლის შემდეგ სასწაულები ხდება“, – ამბობს ჯოვანინი.
ესეც თავისებური სასწაულია, რომ თევზსარეწში კავალო და სხვა ადრიატიკის ზუთხები საერთოდ არსებობენ. სერჯოს მამამ, ჯაჩინტომ, 1970-იანი წლების შუა ხანებში, სერჯოს დაბადებამდე, კავალო და 60-მდე სხვა ადრიატიკის ზუთხი მეთევზეებისგან შეიძინა მდინარე პოსა და მის შენაკადებზე. ეს თევზები ერთ-ერთი უკანასკნელი ველური, ადრიატიკის ზუთხები იყვნენ, რომლებიც ცოცხლად დაიჭირეს; 2010 წელს IUCN-მა ამ სახეობას მიანიჭა გადაშენების კრიტიკულ საფრთხეში მყოფის სტატუსი, რომელიც შესაძლოა ბუნებაში გადაშენებულიც ყოფილიყო.
მსოფლიოს ზუთხისებრთა ყველა სახეობა კლასიფიცირებულია როგორც მოწყვლადი, გადაშენების საფრთხეში, კრიტიკულ საფრთხეში ან ბუნებაში გადაშენებული.
მიუხედავად იმისა, რომ ჯაჩინტოს კალმახისა და ქარიყლაპიას მოშენების გამოცდილება ჰქონდა, მან არ იცოდა, როგორ გაემრავლებინა ზუთხი ტყვეობაში. მას სმენოდა, რომ საბჭოთა მეცნიერები წარმატებით ახორციელებდნენ კასპიის ზუთხის (ცქვრინის) განაყოფიერებას. 1940-იან წლებში მათ შეიმუშავეს ოვულაციის სტიმულირების მეთოდი ჰიპოფიზის ჰორმონების ინიექციებით, ხოლო 1969 წელს ისწავლეს კვერცხუჯრედის ამოღება ლაპაროტომიით. ეს ინვაზიური ოპერაციაა გამეტებზე წვდომისთვის, ადამიანებში საკეისრო კვეთის მსგავსი.
როდესაც ჯაჩინტომ 1978 წელს საბჭოთა მეცნიერებს სთხოვა ადრიატიკის ზუთხებთან მუშაობაში დახმარებოდნენ, მათ უარი უთხრეს. სამაგიეროდ, მან ფრანგი და იტალიელი მეცნიერების დახმარებით ცდისა და შეცდომის საფუძველზე ისწავლა ზუთხის მოშენება. 1988 წელს, როდესაც ველური ზუთხის დაჭერა უმეტესად აკრძალული იყო, მან საბოლოოდ მიაღწია წარმატებას არაინვაზიური მეთოდის გამოყენებით – მომწიფებული მდედრის მუცელზე რბილი დაწოლით ქვირითის გამოწურვით, ყოველგვარი გაკვეთის გარეშე.
მალე მან დაიწყო ადრიატიკის ზუთხის ლიფსიტების დარიგება კონსერვაციის ორგანიზაციებისთვის, შემდეგ კი, 1990-იან წლებში დაიწყო ადრიატიკის და ზუთხის სხვა სახეობების მოშენება ხიზილალის წარმოების მიზნით. ითვლება, რომ დღეს მსოფლიოში ადრიატიკის ყველა ზუთხი 1970-იან წლებში ჯაჩინტოს მიერ შეგროვებული თევზების შთამომავალია. „შეიძლება ითქვას, რომ ადრიატიკის ზუთხი ჯოვანინებმა გადაარჩინეს“, – ამბობს ბეატე სტრიბელ-გრეიტერი ბუნების მსოფლიო ფონდიდან (WWF).

ექსპერტები იმედოვნებენ, რომ მსგავსი ძალისხმევები ხელს შეუწყობს სხვა სახეობების დაცვასაც, როგორებიცაა რუსული ზუთხი და ცქვრინი, აგრეთვე სვია. ამ უკანასკნელის პოპულაცია გამანადგურებელი წნეხის ქვეშ მოექცა XX საუკუნეში, როდესაც ჭარბი თევზჭერისა და კაშხლების მშენებლობის გამო ზუთხის რიცხოვნობა მკვეთრად შემცირდა. შედეგად, აყვავდა შავი ბაზარი, სადაც ქვირითით სავსე მდედრი სვიის ფასმა, როგორც ანგარიშობენ, 3 მილიონ დოლარს მიაღწია. მანამდე სვია შეიძლება გეპოვათ და დაგეჭირათ ჩრდილოეთ იტალიაში. ახლა ის იტალიის მდინარეებიდან გამქრალია და მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობით გვხვდება კასპიისა და შავ ზღვებში და თევზსაშენ მეურნეობებში.
მიუხედავად იმისა, რომ ხიზილალით უკანონო ვაჭრობა გრძელდება, აკვაკულტურის გაფართოება მას ნაკლებად მომგებიანს ხდის.
ჯოვანინებისგან ზუთხი სატვირთო მანქანებით ლომბარდიის ხიზილალის გადამამუშავებელ საწარმოში, ინდუსტრიულ ქალაქ კალვიზანოში გადააქვთ. ეს საწარმო ყოველწლიურად თითქმის 28 ტონა ხიზილალას გადაამუშავებს. ჯოვანინის მეთოდისგან განსხვავებით, ხიზილალის მოსაპოვებლად აქ თევზის მოკვლაა საჭირო, რის შემდეგაც ქირურგიულ ხელთათმანებსა და ხალათებში გამოწყობილი თანამშრომლები საკვერცხეს მოაშორებენ და ასობით ათას მუქ კვერცხს იღებენ. ქვირითი თევზის მთლიანი წონის თითქმის 25%-ს შეადგენს. შემდეგ ქვირითს რეცხავენ, გემოს უსინჯავენ, ახარისხებენ, წონიან, ამარილებენ, ფუთავენ, პრესავენ, ბოლოს აკონსერვებენ და უკეთებენ ნიშანდებას გასაყიდად.
როგორც ზუთხის დაცვის მსოფლიო საზოგადოების პრეზიდენტი პაოლო ბრონძი ამბობს, „ხიზილალის შეძენით, თქვენ არ ყიდულობთ კვერცხებს, თქვენ ყიდულობთ შეგრძნებას. ხიზილალა მხოლოდ მდიდარი ადამიანებისთვის განკუთვნილი განსაკუთრებული ფუფუნების პროდუქტია“.
ყაზახეთში, სირდარიის სანაპიროზე, ყაზახეთის თევზჭერის სამსახურის ოფიციალური პირები სიგარეტს ეწევიან და კეთილგანწყობილნი ელიან, სანამ კუჰაიდა მდინარის ლამიან ფსკერზე წონასწორობის შენარჩუნებას ცდილობს. იგი და ნილი ბადეს აგდებენ ფსკერზე. პირველ ჯერზე უამრავ ტოტსა და ცეცხლეკალას აგროვებენ, რამდენიმე კვირჩხლასთან ერთად. მდინარის ნაპირზე თითოეულ დატყვევებულ არსებას კონტეინერში ათავსებენ, რათა გაზომონ და ფოტო გადაუღონ. შემდეგ ისევ შედიან მდინარეში იმ იმედით, რომ ზუთხს წააწყდებიან, რომელიც 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არცერთ მეცნიერს არ უნახავს.
ეს სამუშაო შედეგის მომტანია. მეცნიერებისა და აკვაკულტურის სპეციალისტების ძალისხმევით, ზუთხის პოპულაციამ აღდგენა დაიწყო. ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ ნაწილში სამი სახეობის ზუთხის პოპულაციებმა, მახვილდინგამ, მექსიკის ყურისა და ტბის ზუთხებმა, უკვე დაიწყეს აღდგენა გასული საუკუნის მაჩვენებელთან შედარებით. სანაშენეში გამრავლებული თევზი თავის მშობლიურ აუზებს დაუბრუნდა ნიუ-იორკში, მინესოტაში, გერმანიასა თუ ჩინეთში და ზოგიერთ ადგილას ათწლეულების განმავლობაში პირველად იწყებს გამრავლებას.
2021 წლისთვის, 30 წელზე მეტხნიანი რეინტროდუქციის შემდეგ, მეცნიერებმა იპოვეს ნაპირზე გამორიყული ქვირითის მატარებელი მდედრი. ასევე იტალიის სამ მდინარეში დააფიქსირეს ახალგაზრდა თევზები, რაც გვაფიქრებინებს, რომ ტყვეობის პირობებში გამოზრდილმა ზუთხმა კვლავ დაიწყო გამრავლება ველურ გარემოში. 2024 წლის აპრილში, ტყვეობაში გამოზრდილმა კორეულმა ზუთხებმა პირველად დაყარეს ქვირითი მშობლიურ ჰაბიტატში, თითქმის ორი წლის შემდეგ, რაც საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფმა აღნიშნული სახეობა ბუნებაში გადაშენებულად გამოაცხადა. სამწუხაროდ, კუჰაიდა ყაზახეთის ექსპედიციის დროს სირდარიაში ცრუდინგნიჩაბას ვერ იპოვის, თუმცა აპირებს გაზაფხულზე დაბრუნებას მდინარე სირდარიის ზემო წელის გამოსაკვლევად უზბეკეთში, სადაც წყლები უფრო მარჩხობი, დატოტილი და ადვილი შესასწავლია. იგი დარწმუნებულია, რომ ისინი იქ არიან და შემდეგმა ექსპედიციამ შეიძლება მიგვიყვანოს ამ პრეისტორიული, დიდი ხნის ნანატრი ზუთხისებრის აღმოჩენამდე. „როგორც კი წყლიდან თავს ამოყოფს, მაშინვე ვიცნობ, – ამბობს კუჰაიდა, – და ჭკუიდანაც შევიშლები“.