მას შემდეგ, რაც ადამიანი მიხვდა, რომ ორჯერ ორი ოთხია, დასვა კითხვა, რამდენი იქნება სამჯერ სამი? ეს ვითომ ბუნებრივი ცნობისმოყვარეობა, დღეს რომ არავის აოცებს, სინამდვილეში კვლევის, ძიების და ახალი აღმოჩენების ჟინია. ის ჩვენი ცივილიზაციის საძირკველია.
საინტერესოა, რომ კვლევაძიების ეს გადაულახავი სურვილი ხშირად სიგიჟის ნიშნებს ატარებს. აბა რომელი ნორმალური მოჭრის ხეს, გამოთლის უცნაურ ნივთს მხოლოდ იმიტომ, რომ გაშლილ ზღვაში შევიდეს და ნახოს ის, რასაც ნაპირიდან ვერ ხედავს? რომელი ჭკუათმყოფელი გაერთობა ქვიშაზე სამკუთხედების გაუთავებელი ხაზვით? განა ნორმალურია ადამიანი, ფრთების მაკეტებს რომ ქმნის და გაფრენაზე ოცნებობს? თუკი დღეს ჩვენ პირველი ნავის ამგებს, პითაგორას თუ ლეონარდოს გენიოსებს ვუწოდებთ, მათი თანამედროვენი ალბათ, სულ ცოტა, „უცნაურებად” მოიხსენიებდნენ. რადგან ყველა გენიალური იდეა ოდნავ შიზოფრენიულია მანამ, სანამ რაიმე ფორმით არ მატერიალიზდება.
აი როცა რეალობად იქცევა, მაშინ ირონიული ღიმილი ტუჩებზე გვაშრება. ახლა ნიშნის მოგებით ჩვენ გვეკითხებიან: “ხომ გეუბნებოდი, გაფრინდებიანთქო?! აბა ახლა შენ გააღე პირი და სთქვი ააა!”
ხედავთ მეორე ტიპის ადამიანს? ის არ იყო ფრენის ჟინით შეპყრობილი, მაგრამ სჯეროდა, რომ „გაფრინდებოდნენ”.
ჩვენ, ორივე ტიპის ადამიანები, ერთმანეთს ვავსებთ და კაცობრიობას წინსვლისკენ ვუბიძგებთ. 125 წელი გავიდა, რაც ეროვნულმა გეოგრაფიულმა საზოგადოებამ “შერეკილების” მხარდაჭერა დაიწყო. National Geographic-ის მხარდაჭერილმა კვლევებმა სამყარო აშკარა უკეთესობისკენ შეცვალეს.
2013 წლიდან ჩვენ კვლევაძიების ახალ ეპოქას ვიწყებთ!
წინამდებარე ჟურნალში კი მოგითხრობთ აწ უკვე განვლილი დიდებული გზის იმ პატარა მონაკვეთზე, რომელიც “ჩვენმა შერეკილებმა” გაკვალეს.