
აღმოჩენების წელიწადი
2021 წელმა მრავალი დიდი აღმოჩენა და მეცნიერული წინსვლა მოგვიტანა.
წითელი პლანეტის კვლევა
მარსზე ორი მკვლევარი რობოტი დაფრინდა: NASA-ს Perseverance-ი და ჩინური Zhurong-ი. ისინი ამ პლანეტაზე სიცოცხლის კვალს ეძებენ. Zhurong-ი პირველი ჩინური რობოტია სხვა პლანეტაზე, მარსმავალ Perseverance-ის ბორტზე არსებული ვერტმფრენი კი 19 აპრილს ცოტა ხნით აფრინდა მარსის ცაზე, რაც ისტორიაში პირველი კონტროლირებადი ფრენა იყო სხვა პლანეტაზე. მეორე დღეს Perseverance-მა მოახერხა და მარსის ატმოსფეროში არსებული ნახშირორჟანგი ჟანგბადად გარდაქმნა. მომავალში ამ გზით შეიძლება მარსზე დაშვებული რაკეტები დედამიწაზე დასაბრუნებელი საწვავით, ასტრონავტები კი სასუნთქი ჰაერით მომარაგდნენ. სექტემბერში Perseverance-მა მარსის პირველი ნიმუშები შეაგროვა, რომლებსაც NASA კვლევებისთვის დედამიწაზე ჩამოიტანს. ლოს-ალამოსის ეროვნული ლაბორატორიის პლანეტოლოგის, ნინა ლანცას თქმით, „ეს ყველაფერს შეცვლის მარსის შესწავლაში“.
მილიონი წლის წინ მცხოვრები მამონტის დნმ

მამონტის კბილების საშუალებით მეცნიერებმა მსოფლიოს უძველესი დნმ გაშიფრეს. დნმ-ის კარგად შენახული ნიმუშის წყალობით მეცნიერებს ევოლუციის ისტორიის კიდევ უფრო ღრმა წარსულის გამოკვლევაც შეუძლიათ.
ლუქსორის დაკარგული ქალაქი

3400 წლის წინ ტუტანხამონის პაპის მიერ დაარსებულ ქალაქს ქვიშა ფარავდა. ლუქსორის დასავლეთით აღმოჩენილი ნამარხების წყალობით მეტს გავიგებთ იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობდნენ ძველი ეგვიპტელები იმპერიის ოქროს ხანაში.
ახალი წინაპრები

ჩვენი გენეალოგიური ხე კიდევ უფრო დაიტოტა. ჩინეთში, მიტოვებული ჭის ფსკერზე, 90 წლის წინ დამალული თავის ქალის უძველესი და თანამედროვე მახასიათებლები მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ მისი მფლობელი თანამედროვე ადამიანს უფრო ენათესავებოდა, ვიდრე ნეანდერტალელს. ზოგიერთმა თავის ქალა ადამიანის ახალ სახეობას, Homo longi-ს – ადამიან დრაკონს – მიაკუთვნა. ისრაელში ნაპოვნმა თავის ქალის და ყბის ძვლის ფრაგმენტებმაც მრავალი მეცნიერი დააბნია. ორივე არტეფაქტი ჩვენს წარსულს უფრო მრავალფეროვნად წარმოაჩენს.
სრული გენომი

ადამიანის გენომი პირველად 2001 წელს გაიშიფრა, თუმცა არასრულად. დარჩენილი 8%-ის გაშიფვრას 20 წელი დასჭირდა. 2021 წლის მაისში 99 მკვლევარმა ადამიანის გენომის 23 ქრომოსომის 3,055 მილიარდი ფუძეთა წყვილის სრულად სეკვენირება შეძლო. ახალ კვლევაში, რომელიც რეცენზიამდე გამოქვეყნდა, დაახლოებით 200 მილიონი ფუძეთა წყვილია დამატებული, მაგრამ მთავარი ჯერ კიდევ წინაა: მეცნიერებმა Y ქრომოსომა უნდა გაშიფრონ.
მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მალარიის პირველი ვაქცინა დაამტკიცა და მისი ფართოდ გავრცელება დაიწყო. ვაქცინამ კლინიკურ კვლევებში 56%-იანი ეფექტურობა აჩვენა, თუმცა ის დაავადების პრევენციის სხვა მეთოდებს არ ჩაანაცვლებს; ვაქცინა დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია მალარიასთან ბრძოლის ისტორიაში.
კოსმოსური შეჯახებები

მილიარდი წლის წინ შავი ხვრელი დაღუპულ ვარსკვლავს შეეჯახა. 2020 წლის იანვარში მეცნიერებმა შეჯახების გაზომვა შეძლეს. ყოველი კოსმოსური შეჯახება, წერია Astrophysical Journal Letters-ის ივნისის ნომერში, სივრცე-დროის ქსოვილში წარმოქმნიდა ჭავლებს. ამ გრავიტაციული ტალღების შესწავლა ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, მთავარი აღმოჩენები კი წინ არის.