ახალი სარკმელი ამინდის შესაცნობად
ისინი მსოფლიოს უმაღლესი მეტეოროლოგიური სადგურის მოსაწყობად გაუდგნენ გზას, რათა მეცნიერებს უიშვიათესი მონაცემები მიაწოდონ კლიმატის ცვლილებისა და შტორმების მაფორმირებელი ქარების შესახებ. ევერესტზე დამქანცველი ლაშქრობისას მათ სხვადასხვა სიმაღლეზე ხუთი სადგური მოაწყვეს და კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ მსოფლიოს უმაღლეს მთაზე იოლად არაფერი გამოდის


ახალი სარკმელი ამინდის შესაცნობად
ისინი მსოფლიოს უმაღლესი მეტეოროლოგიური სადგურის მოსაწყობად გაუდგნენ გზას, რათა მეცნიერებს უიშვიათესი მონაცემები მიაწოდონ კლიმატის ცვლილებისა და შტორმების მაფორმირებელი ქარების შესახებ. ევერესტზე დამქანცველი ლაშქრობისას მათ სხვადასხვა სიმაღლეზე ხუთი სადგური მოაწყვეს და კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ მსოფლიოს უმაღლეს მთაზე იოლად არაფერი გამოდის
ევერესტის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე სამი მთამსვლელი თათბირობდა, ტიბეტის მთიანეთს კი განთიადი ეფინებოდა. კილომეტრნახევრით დაბლა, მზის სხივები ღრუბლების სარტყელს ანათებდა.
ბუმბულის სქელი კომბინეზონებით, ჟანგბადის ნიღბებითა და თავზე დამაგრებული ნათურებით აღჭურვილი მამაკაცები ამ ხედს თითქმის ვერ ამჩნევდნენ. მათ ძალზე მცირე დრო ჰქონდათ და წაღებული ჟანგბადის რაოდენობა და ამინდის გაფუჭების ალბათობა ზღუდავდათ. ისინი უკვე შეაფერხეს მთამსვლელთა ჯგუფებმა, რომლებიც 2019 წლის გვიანი მაისის იმ დღეს მთას ნეპალის მხრიდან შეესივნენ დალაშქვრის იმედით. მაგრამ ჩვენი მთამსვლელები ახლა ამაზე ვერ იდარდებდნენ. ისინი შეუდგნენ საქმეს და მსოფლიოს უმაღლესი მეტეოროლოგიური სადგურის აღსამართად ხელსაწყოებსა და მოწყობილობებს მკაცრი თანმიმდევრობით იღებდნენ.
მუშაობის პროცესში ერთ-ერთ მათგანს, ბეიკერ პერის, აღელვება დაეტყო – ის გამალებით იქექებოდა ზურგჩანთებში. სადგურის ორი მცირე, მაგრამ საკვანძო ნაწილი აკლდა – ორნახევარი სანტიმეტრის ზომის ალუმინის წყვილი მილი, რომლებითაც სადგურის მთავარ ღერძზე ქარის სენსორები უნდა დაემაგრებინათ. პერი და მისი თანაგუნდელები, ტომ მეთიუსი და პანურუ შერპა, ერთმანეთს გაოცებით მიშტერებოდნენ, სანამ ჰაერის გაუხშოების პირობებში მათი ტვინი ამ ამბავს ერთდროულად იაზრებდა და გამოსავალს ეძებდა.
მეთიუსიცა და პერიც, ორივე კლიმატოლოგი, ამ ამბისთვის თვეობით ემზადებოდნენ. მათმა გუნდმა ამ ორი მეტრი სიმაღლისა და 50-კილოგრამიანი მოწყობილობის შემადგენელი ნაწილების უმეტესობა ისე შექმნა და დააპროექტა, რომ მათ პლანეტის უმაღლეს წერტილზე უკიდურესი სიცივისა და გრიგალისებრი ქარისთვის გაეძლოთ – სადგურს ამ მეტეოროლოგიურ პირობებში მოუწევდა მუშაობა. ჯგუფმა კონსტრუქცია შეერთებულ შტატებსა და ნეპალში გამოცადა.
ეს სახიფათო და ძვირადღირებული ექსპედიცია იმისთვის მოეწყო, რომ მის წევრებს მეცნიერთათვის, რომლებიც მაღალი სიმაღლეებიდან თანამიმდევრული მონაცემების სიმწირეს განიცდიან, ზოგიერთი უმნიშვნელოვანესი უცნობი დეტალი მიეწოდებინათ. ერთ-ერთი ასეთი უცნობი დეტალი ქარია, ამინდის არსებითი ცვლადი. 8850 მეტრი სიმაღლის ევერესტი ერთ-ერთია იმ რამდენიმე მწვერვალიდან, რომელიც საკმარისად მაღალია სუბტროპიკულ ჭავლურ ნაკადებში შესაჭრელად. ეს ნაკადი მძლავრი ქარების იმ ვიწრო ზოლს განეკუთვნება, რომლებიც დედამიწას გარს უვლიან და ქარიშხლების მიმართულებებიდან დაწყებული, ვეგეტაციური სეზონებით დამთავრებული, ყველაფერზე ზემოქმედებენ. მეორე უცნობი ელემენტი თოვის დინამიკაა, რომელიც 5000 მეტრზე მაღლა მდებარე ვეებერთელა მყინვარებს ასაზრდოებს.

ფოტო: მარკ ფიშერი
მათ ააგეს და „დედამიწის მწვერვალზე” აიტანეს ამ საიდუმლოებების გამომვლენი ხელსაწყოები, მაგრამ ქარის სენსორის დამაგრებას ვერანაირად ახერხებდნენ.
მეთიუსი და პერი ევერესტზე ამბიციური სამეცნიერო კვლევის ფარგლებში მოხვდნენ.
National Geographic-ისა და Rolex-ის პროექტ „მარადიული პლანეტის“ ორთვენახევრიან ექსპედიციაში ჩაბმული 34 მეცნიერი ევერესტისა და მეზობელი ქუმბუს ხეობის სხვადასხვა სიმაღლეზე საველე სამუშაოებს ასრულებდა. გუნდში გეოლოგები, გლაციოლოგები, ბიოლოგები, გეოგრაფები და კლიმატოლოგები შედიოდნენ.
„ეს ახალი სარკმელია პლანეტის შესაცნობად. მიგვაჩნია, რომ მხოლოდ კომპლექსური სამეცნიერო მიდგომით შევძლებთ ევერესტის შესწავლას“, – ამბობს პოლ მეიუსკი, მენის უნივერსიტეტის კლიმატის ცვლილების ინსტიტუტის დირექტორი და ამ ექსპედიციის ხელმძღვანელი.
მეიუსკის წინამძღოლობით 32 წლის მეთიუსი და 44 წლის პერი მწვერვალზე ახალი სამეცნიერო სარკმლის გასაჭრელად 53 წლის შერპასა და ადგილობრივ მეგზურთა გუნდს შეუერთდნენ. საბაზო ბანაკის (5270 მეტრის სიმაღლეზე) შორიახლოს, ორი ავტომატიზებული მეტეოროლოგიური სადგურის გარდა, გუნდი უფრო მაღლა კიდევ სამი სადგურის მოწყობას იმედოვნებდა – დასავლეთ მყინვარულ ცირკზე (6464 მეტრი) მდებარე II ბანაკზე, სამხრეთ უნაგირაზე (7945 მეტრი) მდებარე IV ბანაკსა და მწვერვალზე. საბოლოოდ ეს მონაცემები მსოფლიოს მასშტაბით მეცნიერებს უნდა გადაეგზავნოს.
„კლიმატის ცვლილება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვაგვარად მოქმედებს. აქაურობა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად დათბობადი კონტინენტური რეგიონია, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რა ხდება სინამდვილეში 5000 მეტრის ზემოთ“, – მითხრა ერთ ნაშუადღევს 72 წლის მეიუსკიმ, როდესაც საბაზო ბანაკის რადიოსაკომუნიკაციო კარავში ვისხედით.
აზიის მთიანეთში მყინვართა უმეტესობა იწყება 5000 მეტრიდან. ზემო აუზებში მოსული თოვლი, შედარებით მცირე სიმაღლეებზე მოსულ წვიმებთან ერთად, ყოველწლიურად ხელახლა ავსებს მყინვარებს, რომლებიც, საბოლოო ჯამში, აზიის ათობით მილიონ ადამიანს წყლით უზრუნველყოფს. მიუხედავად ასეთი გარემოებისა, მაღალმთიანი ზონების შესახებ საიმედო მეტეოროლოგიური მონაცემების სულ რამდენიმე წყარო არსებობს, რათა მკვლევრებმა კლიმატის ცვლილების გრძელვადიანი ეფექტები განჭვრიტონ რეგიონში.

ფოტო: ერიკ დაფტი
მეიუსკის თქმით, იმ ადგილებიდან, სადაც თოვლი ჰიმალაის მყინვარებზე გროვდება, ძალზე ცოტა დაკვირვება არსებობს: „6000 მეტრს რომ ასცდებით, რამდენადაც ვიცი, ჰიმალაიში სულ რამდენიმე ასეთი მეტეოროლოგიური სადგური ყოფილა და იმ დროს, როდესაც ჩვენები აღვმართეთ, არცერთი არ მუშაობდა“.
სადგურთა დაპროექტებისა და მონტაჟის მიზნით, მეიუსკიმ გუნდში ჩართო აპალაჩის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი, სიტყვაძუნწი კლიმატოლოგი პერი და ლაფბოროს უნივერსიტეტის ენაწყლიანი ინგლისელი კლიმატოლოგი მეთიუსი. ახალი სადგურების დაპროექტებაში დასახმარებლად პერიმ და მეთიუსმა ითანამშრომლეს საინჟინრო ფირმასთან Campbell Scientific.
„ორ უდიდეს გამოწვევათაგან ერთია ისეთი შტატივის კონსტრუირება, რომელიც ზემოთ ასაზიდად საკმარისად მსუბუქი იქნება და, ამასთან, 300 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრავ ქარსაც გაუძლებს; მეორე კი, კავშირია“, – ამბობს პერი. თითოეული სადგურის მზის პანელმა და ბატარეის სისტემამ სატელიტური კავშირის გზით მონაცემების გადასაცემად საკმარისი ელექტროენერგია უნდა გამოიმუშაოს.
როცა გუნდი აპრილის შუა რიცხვებში საბაზო ბანაკს მიადგა, მას მთამსვლელთა აქამდე არნახული რაოდენობა შეუერთდა, რომელთაც სურდათ სიკვდილამდე შესასრულებელ საქმეთა სიიდან ამოეშალათ მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალის დალაშქვრა. ნეპალის ტურიზმის სამინისტრომ შერპებსა და მეგზურებზე 382 სამთამსვლელო ნებართვა და 390 დამხმარე ნებართვა გასცა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მწვერვალისკენ მიმავალი ერთი და იგივე ვიწრო გზა ასობით ადამიანით იქნებოდა გადაჭედილი. თანაც, ყველა მათგანი გაილაშქრებდა ერთ კონკრეტულ პერიოდში, მაისის ბოლოს, როდესაც, ჩვეულებრივ, კარგი ამინდი დგება.
18 მაისისთვის გუნდს უკვე სამი მეტეოროლოგიური სადგური ჰქონდა აწყობილი და მხოლოდ სამხრეთ უნაგირასა და მწვერვალისთვის განკუთვნილი ბოლო ორი მათგანი დარჩენოდა. პროგნოზის თანახმად, რამდენიმე დღეში მაღლა მთაზე ქარებს უნდა ეკლოთ, ასე რომ, მეთიუსი, პერი და მათი შერპების მთამსვლელთა გუნდი, პანურუს მეთაურობით, აბარგდნენ და საბაზო ბანაკიდან სამხრეთ უნაგირასკენ ოთხდღიანი ლაშქრობის გზას დაადგნენ.
თავიდან ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა და 22 მაისის დილას გუნდმა სამხრეთ უნაგირას მეტეოროლოგიური სადგური დაამონტაჟა. მათ მცირედ შესასვენებლად ბანაკი დასცეს და მომდევნო დღის ამინდის მოდელები შეამოწმეს. „ორი ურთიერთსაწინააღმდეგო პროგნოზი გვქონდა: ერთ-ერთი მიანიშნებდა, რომ ქარები მეტად არახელსაყრელი იქნებოდა“, – იხსენებს მეთიუსი.
ასეთ სიმაღლეებზე სამეცნიერო საველე მუშაობა განსაკუთრებით რთულია. ჟანგბადის მწვავე უკმარისობას განიცდით და ფუნქციონირების ზოგიერთ უნარს კარგავთ.
როდესაც შუადღის მიწურულის ქარი მათი კარვის თავზე ახმაურდა, მეთიუსმა და პერიმ ჩატუმბული ჟანგბადი შეისუნთქეს და მწვერვალზე ასვლის მცდელობაზე ხელის აღება უხალისოდ განიზრახეს, მაგრამ მწუხრისას ქარები შესუსტდა და ახალი პროგნოზი გამოჩნდა. პანურუმ კარვის კალთას ხელი დაჰკრა: ასვლა ძალაში რჩებოდა. როდესაც მათ 23:10 საათზე სამხრეთ კალთა დატოვეს, მთა ღრუბლების დიდმა წყებამ დაფარა, თოვაც დაიწყო და ყველაფერს ცარცის ბინდი მოეფინა.
„საკმაო მანძილი გავიარეთ შეუყოვნებლად, მაგრამ შემდეგ მწკრივის ბოლოს შევეჩეხეთ“, – თქვა პერიმ. „სამკუთხა პირად“ ცნობილი გზის ნაწილზე თითქმის უძრავად იდგა მთამსვლელთა ათეულობით რიგი, რომელთაგან ზოგიერთს IV ბანაკი, არც მეტი არც ნაკლები, საღამოს 5 საათზე დაეტოვებინა.
ხშირ-ხშირი შეჩერებებით ორსაათიანი მსვლელობის შემდეგ გუნდმა „აივანს“ მიაღწია – მწვერვალის ქვემოთ 425 მეტრზე მდებარე ბრტყელ მონაკვეთს. „ჩვენ წინ ადამიანთა მწკრივი დავინახეთ და გავაცნობიერეთ, რა სირთულის წინაშეც აღმოვჩნდით“, – ამბობს პერი.
სანამ პერი, მეთიუსი და პანურუ მდგომარეობას აფასებდნენ, კუპრივით ღამე განთიადმა შეცვალა. გზის გაგრძელების ნაცვლად მათ გადაწყვიტეს, რომ “აივანზე” აღემართათ მეტეოროლოგიური სადგური. „ერთი დღის წინ სამხრეთ უნაგირას სადგური გვქონდა დამონტაჟებული და შერპების ჩვენმა გუნდმა თითქმის ყველაფერი იცოდა, რა როგორ უნდა გაკეთებულიყო“, – ამბობს პერი.
ანძის აღსამართად ჯერ კლდეში სამფეხა საყრდენები უნდა ჩაგვეხრახნა ბატარეაზე მომუშავე ბურღით. სიცივის გამო ბატარეები არ მუშაობდა, ამიტომ მეთიუსმა და ორმა შერპამ, ურკენმა და პხუ-ტაშიმ, ისინი ბუმბულის კომბინეზონში ჩაიწყვეს. „მათი გათბობის მცდელობაში 30 წუთი დედა პინგვინებივით აქეთ-იქით დავხტოდით“.
როდესაც ეს პრობლემა გადაიჭრა, აღმოაჩინეს, რომ ქარის სენსორების – ქარის სიჩქარისა და მიმართულების მზომი ორი პატარა საჰაერო ხრახნი – დასამაგრებელი მილები აკლდათ. „ქარის სენსორების დაყენების გარეშე ვერ დავეშვებოდით, ასე რომ, გამოსავლის ძებნა დავიწყეთ“, – ამბობს პერი.


(მარცხნივ) იმისთვის, რომ ქუმბუს ყინულვარდნილის ავლა მოახერხონ, მთამსვლელებმა მოძრავი ყინულოვანი წარმონაქმნებისგან შემდგარ, სახიფათო წინააღმდეგობებით აღსავსე მარშრუტზე უნდა გაიკვალონ გზა. ისინი ყველაზე გამოცდილ შერპა მეგზურთა მიერ დამაგრებულ თოკებს მიუყვებიან. (მარჯვნივ) კლიმატოლოგმა მარიუშ პოტოკიმ განსაკუთრებული ბურღი გამოიყენა, რათა ევერესტის სამხრეთ კალთიდან, 7925 მეტრზე, ყინულის კერნი აეღო. მოგვიანებით, მისმა გუნდმა მთიდან 14 კილოგრამამდე ყინულის ნიმუშები ჩაზიდა. ხის რგოლების მსგავსად, ყინულის შრეები კლიმატის ისტორიის ამოსახსნელად ღირებულ ინფორმაციას ინახავს.
ფოტო: დირკ კოლინსი
პერიმ აღმოაჩინა, რომ გუნდის მიერ ამოტანილი ალუმინის ნიჩბის სახელურს დაახლოებით იგივე დიამეტრი ჰქონდა, რაც დაკარგულ მილებს. ერთ-ერთმა მეგზურმა, ლაკპა გიალძენ შერპამ, ჩაქუჩს სტაცა ხელი და სახელური დაჩეჩქვა, სათანადო ფორმა რომ მიეცა. შემდეგ პერიმ გარს წებოვანი ლენტის რამდენიმე ფენა შემოავლო.
„ეს სუპერთანამედროვე სადგურია, მაგრამ ახლოდან თუ დააკვირდებით, უამრავ სკოჩსა და ნიჩბის ფლუორესცენციურ ნარინჯისფერ-ლურჯ სახელურს მოჰკრავთ თვალს“, – ამბობს მეთიუსი.
ევერესტის ეს ხუთი მეტეოროლოგიური სადგური მუდმივ რეჟიმში გადასცემდა მონაცემებს ქარის სიჩქარესა და მიმართულებაზე, ტემპერატურაზე, მზისა და სითბურ გამოსხივებაზე, ბარომეტრულ წნევასა და ატმოსფერულ ნალექებზე, რითაც ამინდის მხრივ პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი რეგიონის შესახებ მეცნიერებს ახალი და მონაცემებზე დაფუძნებული სურათი შეექმნათ.
ჯერჯერობით, ყველაზე საყურადღებო და, ამასთან, შემაშფოთებელი აღმოჩენა დიდ სიმაღლეებზე ყინულის დნობას ეხება.
იქ, სადაც ატმოსფერო შედარებით თხელდება, მზის გამოსხივება მკვეთრად მატულობს, მაგრამ ასეთ სიმაღლეებზე მზის გამოსხივების განმსაზღვრელი ძალზე ცოტა მონაცემი არსებობდა აქამდე. დასავლეთ ცირკისა და სამხრეთ უნაგირას სადგურებიდან აღებული ზოგიერთი მონაცემი მზიურ მუდმივას – დედამიწის ატმოსფეროს მიერ გაფილტვრამდე მზის სიკაშკაშეს – გაუთანაბრდა ან კიდეც გადააჭარბა. ასეთ პირობებში კი თოვლის საგრძნობი დნობაა მოსალოდნელი, მიუხედავად იმისა, რომ ტემპერატურა ნულს ქვემოთ ნარჩუნდება.
ეს მნიშვნელოვანია, რადგან კლიმატის მოდელთა უმეტესობა მყინვარის გამქრალი ყინულის ოდენობის პროგნოზისას მხოლოდ ტემპერატურის მონაცემებს ეყრდნობოდა. „მაღალმთიან აზიაში შესაძლოა ათასობით კვადრატული კილომეტრი დნებოდეს, რომელთა შესახებაც არ ვიცოდით“, – მითხრა ამასწინათ მეთიუსმა.
2020 წლის იანვრის დასაწყისში მეთიუსს ეჭვი გაუჩნდა, რომ „აივნის“ სადგურის ქარის სენსორებიდან მიღებული მონაცემები თანდათან არასაიმედო ხდებოდა. ქარის მიმართულების მონაცემებმა რამდენიმე მაჩვენებლის ირგვლივ იწყეს შეჯგუფება, თითქოს სენსორს შეფერხება შეექმნა, ქარის სიჩქარემ საგრძნობლად დაიკლო, შემდეგ კი, 20 იანვარს, მსოფლიოს უმაღლესი მეტეოროლოგიური სადგური სულ გაითიშა. „თუკი ვარაუდით ვიმსჯელებ, – მითხრა მეთიუსმა, – რაღაც სახის დაზიანებასთან უნდა გვქონდეს საქმე“. შემდეგ შეყოვნდა და განაგრძო, – „შეტყობის ერთადერთი გზა უკან დაბრუნებაა“.
წინამდებარე სტატია Rolex-ის მხარდაჭერით მომზადდა, რომელიც National Geographic Society-სთან თანამშრომლობს მეცნიერების, კვლევისა და ხრობის საშუალებით დედამიწის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემებისთვის ნათლის მოსაფენად.
National Geographic-ის მისიით, ავტორმა ფრედი უილკინსონმა 2019 წლის სალაშქრო სეზონი გააშუქა ევერესტის საბაზო ბანაკიდან. ფოტოგრაფი მარკ ფიშერი ამ ექსპედიციის გადამღებ ჯგუფს ხელმძღვანელობდა.