ამერიკა სხვა თვალით
პარკები და ნაკრძალები არ კმარა. კლიმატის დათბობის პირობებში ყველგან უნდა დავიცვათ ჩვენი მიწა, წყალი, ფლორა და ფაუნა.


ამერიკა სხვა თვალით
პარკები და ნაკრძალები არ კმარა. კლიმატის დათბობის პირობებში ყველგან უნდა დავიცვათ ჩვენი მიწა, წყალი, ფლორა და ფაუნა.
კონსერვაცია მუშაობს. გასულ საუკუნეში რამდენიმე სახეობის, მაგალითად, შევარდნის, ამერიკული ბიზონის, წყნაროკეანური რუხი ვეშაპის გადარჩენისათვის გაწეული ძალისხმევა წარმატებული გამოდგა.
თუმცა გასულ წელს, ფედერალური მთავრობის წინადადებით, საფრთხეში მყოფ სახეობათა ნუსხიდან 23 მცენარე და ცხოველი ამოიღეს. მათი პოპულაციების აღდგენის გამო – არა – იმის გამო, რომ ისინი გადაშენდნენ.
ჩემი მეგობარი, ყოფილი ქირურგი კარლ ვენერი კლამათის აუზში მდებარე ლეიკსაიდ-ფარმსის ერთ-ერთი მფლობელია. სამხრეთ ორეგონის ამ ნაწილში თითქმის მთლიანად დაშრა წყალ-ჭაობები. მათ გარეშე ზემო კლამათის ტბაში წყალი გაუფილტრავად ჩაედინება და თან ჩააქვს ფოსფორით მდიდარი ვულკანური ნიადაგი, რაც ე.წ. წყლის ყვავილობას იწვევს და ვნებს საფრთხეში მყოფ კობრისნაირთა ორ უნიკალურ სახეობას. უკვე ათწლეულებია, რაც ყოველ ზაფხულს იხოცება თითქმის ყველა ლიფსიტა და პოპულაცია ბერდება.

J Bar L-ის რანჩო
მელვილი, მონტანა
ზამთარში ვენერის ფერმა საკუთარ მინდვრებს ხელოვნურად ტბორავს; ამით სარეველებსაც ანადგურებს და წყალმცურავ ფრინველებსაც უქმნის ჰაბიტატს, მაგრამ გაზაფხულზე, ტბორის დაშრობის შემდეგ, ნიადაგში ფოსფორის შემცველობის დონე უკვე დაბინძურების კატეგორიაში გადის. ამიტომ წელს, აშშ-ის მთავრობისაგან მიღებული 350 000 დოლარით, ვენერმა და მისმა პარტნიორებმა თავიანთ საკუთრებაში მყოფი 162 ჰექტარიდან 28-ზე მუდმივი წყალ-ჭაობები შექმნეს. ამ ეკოსისტემისთვის დამახასიათებელი მცენარეულობა ფოსფორით სავსე დანალექს შეაკავებს მანამდე, სანამ ფერმის სარწყავი წყალი კვლავ ტბაში ჩაედინება. გარდა ამისა, ეს იქნება ჰაბიტატი მცენარეების, ფრინველებისა და მალე – კობრისნაირთა ახალი თაობისათვის. „ევროპელების მოსვლამდე არსებულ გარემოს ვერ დავაბრუნებთ, – მეუბნება იგი, – მაგრამ შეგვიძლია მას მივამსგავსოთ“. ვენერი, დიდი ენთუზიაზმის მიუხედავად, ამბობს, რომ სარგებელზე უარს ვერ იტყვის და ამ სივრცეს მხოლოდ ველურ ბუნებას ვერ დაუთმობს. „ფინანსურად გამართლებული უნდა იყოს“.
მისი ახალშექმნილი წყალ-ჭაობი იდეალური მართკუთხედია, რომელსაც ლელი და ტირიფები აკრავს გარს და ბატების საბუდარი პატარ-პატარა კუნძულებიცაა გათვალისწინებული. ვენერი მიყვება, რამდენი ახალი ცხოველი შეხვდა უკვე, მათ შორის – არაერთი სახეობის იხვი.
არ არსებობს კონსერვაციის ერთი რეცეპტი. ეკოსისტემების აღდგენა, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა, ნადირობა-თევზაობის რეგულაცია, დაბინძურების აღმოფხვრა, ხეების მომაკვდინებელ დაავადებათა დამარცხება, მცენარეთა და ცხოველთა გადაადგილება შედარებით გრილ ჰაბიტატებში, ინვაზიური მტაცებლების მოსპობა – ამ ყველაფერს თავისი დატვირთვა აქვს.

შაი-შაის ნაპირი
ჩრდილო-დასავლეთი ვაშინგტონი
თუმცა არსი ცხადია: ფლორას და ფაუნას შესაფერისი საცხოვრებელი გარემო სჭირდება. ჭარბი მოპოვება მთავარი საფრთხეა ზღვაში; ხმელეთსა და მტკნარ წლებში კი მთავარ საფრთხეს ჰაბიტატის დაკარგვა წარმოადგენს. სტრატეგიამ რომ იმუშაოს, უნდა არსებობდეს შესაფერისი გარემო.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ინაუგურაციიდან შვიდ დღეში მოაწერა ხელი განკარგულებას, რომლითაც დაისახა მიზანი: „ჩვენი მიწისა და წყლის 30%-ის კონსერვაცია 2030 წლამდე“. თუმცა ჯერ კიდევ გადასაწყვეტია, რა მიიჩნევა „კონსერვაციად“. ეს კონცეფცია – „30×30“ – ვისის კამპანიისა (Wyss Campaign for Nature) და National Geographic Society-ს შემუშავებული ერთობლივი, გლობალური მიზნიდან მომდინარეობს.
კონსერვაციის თემა, საზოგადოდ, პოპულარული და ყველასთვის მისაღებია, თუმცა სადავო იქნება, კონკრეტულად რა უნდა შევიდეს აღნიშნულ 30%-ში. კერძო საკუთრებაში არსებული სავარგულების, კომერციული მიწების, წყლებისა თუ ქალაქის პარკების შეყვანა დასაცავი ტერიტორიების ნუსხაში, დიდი ალბათობით, გაანაწყენებს ბუნების დამცველებს. მაგრამ ქვეყნის თითქმის მესამედის გამოცხადება მკაცრად დაცულ ტერიტორიად ასევე შემაშფოთებელი იქნება მათთვის, ვინც თვლის, რომ გონივრული მიწათსარგებლობა შეთავსებადია კონსერვაციასთან. ასეთები არიან ფერმერები, მეცხოველეები, მეთევზეები, მონადირეები და მკვიდრი ტომები, რომლებსაც ტრადიციული საქმიანობის გაგრძელება სურთ.

ქალაქის პარკი
ახალი ორლეანი, ლუიზიანა
ბაიდენის ადმინისტრაცია „30×30“ ხედვას ნელ-ნელა წარმოადგენს და მიგვანიშნებს, რომ „კონსერვაციას“ ფართო გაგებით განიხილავს, პარკებისა და ნაკრძალების გარეთაც. კონსერვაცია შეიძლება „ჩვენი ქვეყნის გამაერთიანებელი აღმოჩნდეს“, – მითხრა შინაგან საქმეთა მდივანმა დებ ჰაალენდმა. „ძალიან ბევრი ვიშრომეთ, რომ [პროცესში] ჩაგვერთო მკვიდრი ტომები, კერძო მიწათმფლობელები, ხალხი, რომელიც მიწით არსებობს და ისინიც, ვინც სარეკრეაციოდ იყენებს მას“.

ილუსტრატორი: დენიზ ნესტორი
ამერიკის ბუნების დაცვის სტრატეგიის საყრდენი XX საუკუნეში დიდი საჯარო დაცული ტერიტორიები იყო და ისინი დღესაც მნიშვნელოვანია. პარკებისა და ნაკრძალების საერთო ფართობი შეიძლება გაიზარდოს კიდეც. წარდგენილია რამდენიმე ახალი საზღვაო ნაკრძალიც.
თუმცა მხოლოდ ბუნების ძეგლები და პარკები არ კმარა. ჩვენ საყოველთაო კონსერვაცია გვჭირდება ქვეყნის ყველა სახეობისა თუ ეკოსისტემის დასაცავად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ მათ საკმარისი რესურსები და სივრცე დარჩეთ კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისთვის. ყველგან: კერძო სატყეო მეურნეობებში, ფერმებში, ქალაქებში.
თავი I
აპალაჩების მაქმანი
იმისთვის, რომ ჰაბიტატი დერეფანს დაუკავშირდეს და ბუნებამ ადაპტირება შეძლოს, კონსერვაციონისტები სავარგულებს მიმართავენ.
აშშ-ის დაცული ტერიტორიების 78% დასავლეთ ნაწილშია, თუმცა მოწყვლადი ბიომრავალფეროვნების უმეტესობა აღმოსავლეთშია. აპალაჩის მთებში მარტო ერთ მდინარე კლინჩში თევზის 118 ადგილობრივი სახეობა გვხვდება – თითქმის იმდენივე, რამდენიც კალიფორნიის შტატის ყველა მტკნარ წყალში ერთად.

ილუსტრატორი: დენიზ ნესტორი
აღმოსავლეთში გავემგზავრე, რათა მენახა, რა კეთდებოდა იქ, სადაც ნაკლები დაცული ტერიტორიაა. აღმოჩნდა, რომ საფრთხეში მყოფი სახეობების დაცვაზე ადამიანები იმავე სივრცეში ზრუნავენ, სადაც ცხოვრობენ და მუშაობენ.
The Nature Conservancy-მ – მსოფლიოში ბუნების დაცვის უდიდესმა არაკომერციულმა ორგანიზაციამ, ცოტა ხნის წინ კოორდინაცია გაუწია 130-მილიონდოლარიან შესყიდვას: 102 000 ჰა ტყე აპალაჩებში მდიდარი მტკნარი წყლის ჰაბიტატით. ნაკვეთები განლაგებულია სამხრეთ-დასავლეთ ვირჯინიასა და კენტუკი-ტენესის საზღვარზე. ახალი მესაკუთრეა შეზღუდული პარტნიორობა, რომელსაც ეს არაკომერციული ორგანიზაცია მართავს და რომელსაც ზურგს უმაგრებენ „იმპაქტ-ინვესტორები“, ხალხი, რომელიც საკუთარ ფულს იყენებს როგორც მოგებისთვის, ისე დადებითი ცვლილებისთვის. ეს მიწა კვლავ კომერციული იქნება.
ეჭვი მეპარებოდა, რომ ის მიწა საკმარის თანხას გამოიმუშავებდა იმისთვის, რომ ინვესტორიც კმაყოფილი ყოფილიყო და თან სახეობებიც დაეცვა. აღნიშნული ბუნების დამცველი ორგანიზაციის პროექტის მმართველი პერსონალი ხე-ტყეს ჭრის გარკვეულ ზონებში და უზარმაზარ ბუფერულ ზონებს ტოვებს მდინარეების გარშემო. იქ, სადაც ხეებს არ ჭრიან, მათგან „ნახშირბადის კრედიტებს“ ყიდულობენ ისეთი კომპანიები, რომლებსაც თავიანთი ემისიების განეიტრალება სურთ. ნახშირბადის კრედიტების ბაზარსაც, თავის მხრივ, აკრიტიკებენ იმის გამო, რომ სისტემურ ცვლილებას „სახიფათოდ აფერხებენ“. გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, გაიცემა ნადირობისა და რეკრეაციული საქმიანობის უფლებები, შვიდი ყოფილი ქვანახშირის მაღაროს ტერიტორიაზე კი მზის პანელების დამონტაჟებას აპირებენ.
„მთის წვერის მოჭრის“ მეთოდის შესახებ ადრეც მსმენია, მაგრამ ახლოდან არასოდეს მინახავს, ამიტომ კამბერლენდის ტყის პროექტში ჩართულ Nature Conservancy-ს თანამშრომლებს, ბრედ კრეფსს და გრეგ მიდს ვთხოვე, მომავალი მზის ენერგოსადგურის ტერიტორიაზე წავეყვანე.
მზის ელექტროსადგურები ამ ღარიბ რეგიონში რამდენიმე სამუშაო ადგილს შექმნის, ხე-ტყის ინდუსტრიაც – კიდევ რამდენიმეს, მაგრამ იმდენს ვერა, რამდენიც ქვანახშირის ინდუსტრიაში დაიკარგა. როგორც Nature Conservancy აცხადებს, სამანქანო და სალაშქრო მარშრუტები უკვე უწყობს ხელს ტურიზმის განვითარებას. ეს მიწა კვლავ დაიბეგრება. „ხალხი ცხოვრობს ამ ტერიტორიაზე“, – ამბობს კრეფსი. „მთელი ეს მიწა რომ შეგვესყიდა, შემოგვეღობა და გადასახადების გადამხდელის სტატუსი მოგვეხსნა, ადგილობრივების მხარდაჭერა არ გვექნებოდა“.
კამბერლენდის ტყის პროექტის დირექტორი მიდი თანხმობის ნიშნად თავს აქნევს. „რაც უფრო დიდ მასშტაბს აღწევს მიწათსარგებლობა, მით უფრო მეტად უნდა იყოს დივერსიფიცირებული“. დიდი ტერიტორიების კონსერვაცია იქ მოსახლე თემების წინაშე ვალდებულებებს გულისხმობს.
აპალაჩების ეს ლანდშაფტი მაქმანს მოგაგონებთ: წყვეტილად ჩამწკრივებული ნაკვეთები შიგადაშიგ კერძო საკუთრებაში არსებული პუნქტებით. რელიეფითა და მიკროკლიმატით განსხვავებული ნაკვეთები ერთმანეთს მაინც ისე ებმის, რომ ცხოველებს თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება. ამ ცხოველებს შორის ერთ-ერთია ირემი უაპიტი, რომელიც ერთ დროს გაქრა კიდეც აღნიშნული ტყეებიდან.
ამერიკის ბუნების დაცვის სტრატეგიის საყრდენი XX საუკუნეში დიდი საჯარო დაცული ტერიტორიები იყო და ისინი დღესაც მნიშვნელოვანია.
უაპიტი აღმოსავლეთში XIX საუკუნის მიწურულს ნადირობის შედეგად ამოწყდა. 2010-იან წლებში ვირჯინიაში 75 უაპიტი ჩამოიყვანეს – რომლებიც, თავის მხრივ, კლდოვანი მთების პოპულაციიდან მოაშენეს. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ეს ჩლიქოსნები მთის გადაჭრილ წვერზე გაეშვა, რომელიც ახლა კამბერლენდის ტყის საკუთრებაშია.
სამხრეთ-დასავლეთ ვირჯინიის ქვანახშირის საბადოების ორგანიზაციის, კლდოვანი მთების უაპიტის ფონდის თავმჯდომარე ლეონ ბოიდი მოხალისედ არის ჩართული რეინტროდუქციის პროექტში. მან, ორ ადგილობრივ მეცნიერთან ერთად წამიყვანა უაპიტების ახალ ჰაბიტატში. ტყიანი ფერდობი მანქანით ავიარეთ და აპალაჩების მორიგ მაგიდა-მთაზე აღმოვჩნდით. ჰორიზონტზე ზორბა მამრი მოჩანდა.
მივაბიჯებთ მინდორში, რომელიც ბიოლოგების მიერ შერჩეული მცენარეებითაა მოფენილი უაპიტების, დამამტვერიანებლებისა და ფრინველების გამოსაკვებად. ვირჯინიის შტატის უაპიტის პროგრამის ხელმძღვანელი ჯეკი როზენბერგერი ქვიან მიწაში პატარა ჩაღრმავებაზე მიგვითითებს – მეჭვავიას ბუდეა ოთხი კვერცხით.
უაპიტებიც იქვე არიან და მშვიდად გვიყურებენ. ამ პოპულაციაზე ჯერჯერობით არავის უნადირია, თუმცა როზენბერგერი გვიხსნის, რომ მათ მიზნად აქვთ დასახული, პოპულაციამ ნადირობისათვის შესაბამის რაოდენობას მიაღწიოს. პირველი ნადირობა – მხოლოდ ექვს მამრზე – წელსვე შედგება. ტურისტებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ, შემოდგომაზე იხილონ უაპიტების მყვირალობა ან გაზაფხულზე – ნაშიერებზე ზრუნვა.
The Nature Conservancy-ს არ სურს ამ მიწის განუსაზღვრელი ვადით მართვა. გეგმა შემდეგია: გრძელვადიანი პირობები დააწესონ საჯარო ხელმისაწვდომობისა და ეკოლოგიურად ყველაზე მოწყვლად ადგილებში მშენებლობის შესაზღუდად; შემდეგ გაყიდონ მიწა და მოგება ინვესტორებს გადაუნაწილონ.
ეკოსისტემათა დასაცავად იმპაქტ-ინვესტორების ჩართვა კონსერვაციისა და კაპიტალიზმის შეთავსების ერთი რიგითი მცდელობაა. მეც ვეთანხმები ბუნების დამცველებს, რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ ამ ორი სისტემის შედეგიან კავშირს და ვთვლი, რომ მოგებაზე ორიენტირება ყოველთვის ბუნებრივი რესურსების ჭარბ მოხმარებამდე მივა. მაგრამ თუ ყოვლისმომცველი კონსერვაცია გინდა, როგორღაც უნდა მოახერხო იმ ადგილების ინტეგრაციაც, სადაც ხალხი მიწას ფულის გასაკეთებლად იყენებს.
მიდმა მითხრა, რომ კამბერლენდის ტყის პროექტი ნახშირბადის ბაზარზე კრედიტების გაყიდვის გარეშე ვერასოდეს მოიტანს იმდენ ფულს, რომ ინვესტორები დააკმაყოფილოს. წელიწადში მხოლოდ 400 ჰექტარზე იჩეხება ტყე და უფრო მეტად იმ მასივებში, სადაც ყველაზე ძვირფასი ხეები უკვე შერჩევით მოიჭრა. „დღეს ხე ბევრად უფრო ღირებულია, როგორც ნახშირორჟანგის შემწოვი, ვიდრე სამერქნე მასალა“.
კონსერვაცია გაცილებით უფრო ადვილდება, თუ საკონსერვაციო ღონისძიებები წახალისებულია. ბუნების დაცვა უფრო შემოსავლიანი უნდა იყოს, ვიდრე განადგურება.
თავი II
ფერმერები ყურეში
ზოგ ეკოსისტემას საფრთხეს უქმნის ის, რაც მდინარის ზემო წელში ხდება; ამიტომ მთელი წყალშემკრები აუზის დაცვაა აუცილებელი.
კონსერვაციის სტიმულირების საჭიროება ისეთი თვალსაჩინო არსადაა, როგორც სოფლის მეურნეობაში. ამ დარგში გარემოს დამაზიანებელ საქმიანობას კვლავაც სავალალო მასშტაბები აქვს. აშშ-ში სამეურნეო მიწები 362 მილიონ ჰექტარზე ვრცელდება, რაც ქვეყნის ფართობის დაახლოებით 40%-ია. ბევრი ფერმერი – შეიძლება მათი უმეტესობაც კი – თავს მიწის დამცველად მიიჩნევს, მაგრამ ხშირად მათი ძალისხმევა წინაღობას აწყდება.

ილუსტრატორი: დენიზ ნესტორი
ბაზრის ზეწოლა, უკუღმართი რეგულაციები და საქმის წარმოების ღრმად ფესვგადგმული ჩვევები შეიძლება ხელს უშლიდეს ფერმერებს, ისე აწარმოონ სურსათი, რომ ამას ბიომრავალფეროვნება არ შეეწიროს.
ხშირად, ბიომრავალფეროვნების საფრთხეში მყოფი სახეობები ფერმის ტერიტორიაზე არც არის. მაგალითად, განვიხილოთ ჩესაპიკის ყურე. 166 000 კვ. კმ-იან წყალშემკრებ აუზში, 6 შტატის ტერიტორიაზე განფენილი ფერმებიდან აზოტი და ფოსფორი ჩაედინება 320 კმ-იან ესტუარში. თუ მდინარეები დაბინძურდება, ყურესაც იგივე ელის. ბინძური, მღვრიე წყალი კლავს ზღვის ბალახს, რომელიც სხვადასხვა სახეობის ჰაბიტატს ქმნის. მთელი ყურე რომ დაცულ ტერიტორიად გამოაცხადო, მას ზემო დინებიდან მომავალი საფრთხისგან მაინც ვერ დაიცავ. ამიტომაც აქვს 1967 წელს დაარსებულ ჩესაპიკის ყურის ფონდს ოფისი სანაპიროდან ბევრად შორს, ჩრდილოეთით მდებარე პენსილვანიის ქალაქ ჰარისბერგში.
წყალ-ჭაობების აღდგენა ამ დამაბინძურებლებს შთანთქავდა, თუმცა არსებობს ჩამდინარე წყლების შემამცირებელი სხვა გზებიც: თესვა ნიადაგის მოხვნის გარეშე, დამცავი კულტურების დათესვა ნასვენ მიწაზე.
ფონდის რეკომენდაციით ვეწვიე რონ ჰოლტერს, მეხუთე თაობის მერილენდელ მერძევე ფერმერს ჰოლტერჰოლმ-ფარმსში. 1995 წლის გაზაფხულზე, სოფლის მეურნეობის კურსის გავლისა და „ბევრი ლოცვის“ შემდეგ, ჰოლტერმა თავისი საქონელი, რომელსაც ძირითადად ბოსელში კვებავდა, გარე საძოვარზე გაიყვანა. მიწა, რომელზეც ძროხების გამოსაკვებ მარცვლეულს თესავდა, მან 68 შემოღობილ საბალახო ნაკვეთად დაყო. საქონელი ყოველდღე გადაადგილდება და გამოდის, რომ თითო, 1,2 ჰა ფართობის ნაკვეთი, წელიწადში საძოვრად თითო კვირითაც არ არის დაკავებული. ამგვარად, ბალახი ისვენებს და ფესვების გაღრმავების საშუალება ეძლევა, რაც ეროზიას აფერხებს, საქონლის ნაკელი კი სრულიად საკმარისია საძოვრის გასანოყიერებლად.
იგი იხსენებს, რომ ძველად, ნაწვიმარზე, მის მინდორზე წითლად შეფერილი წყალი მოჩქეფდა. „გეგმურ საძოვარზე“ გადასვლის შემდეგ წყალი გამჭვირვალე გახდა, ხოლო მას შემდეგ, რაც მის საძოვარზე ფესვთა სისტემა, ნიადაგის მიკრობულ საზოგადოებასთან ერთად, მოღონიერდა, ჩამონადენი სრულიად შეწყდა. დღეს მისი მიწა წინანდელზე სამჯერ მეტ წყალს აკავებს.
ჰოლტერი მიწაში ბარს არჭობს. „ბაქტერიები მიკრობულ წებოს ქმნიან“, – ამაყად მიხსნის იგი, სანამ მე ხელით ვსინჯავ ნოტიო, კარამელისფერ და მართლაც წებოვან ტალახს. „ნიადაგში ორგანული ნივთიერებები 3%-დან 6%-მდე გავზარდეთ“, – მეუბნება ჰოლტერი, რომლის საძოვარი ახლა გამოდის, რომ ზუსტად ორჯერ უფრო ცოცხალია, ვიდრე ადრე.
ფერმერები სრულიად უცნობ სივრცეში აბიჯებენ, როდესაც მსგავს საძოვარ სისტემაზე – როტაციულ ბალახობაზე – გადადიან. ჩესაპიკის ყურის ფონდი მათთვის ხელის შეწყობას ცდილობს და სთავაზობს როგორც დაფინანსებას, ისე რჩევებს და იმ პროგრამებთან კავშირის დამყარებას, რომლებიც მათ ზოგიერთ ხარჯს დაუფარავს. ჰოლტერმა ფედერალური დაფინანსების რამდენიმე პროგრამაზე შეიტანა განაცხადი. იგი უკვე აღარ ყიდულობს სათეს სიმინდს და სასუქებს, აღარ სჭირდება ხვნა, თესვა და მკა; ტრაქტორს თითქმის აღარ იყენებს. ბალახზე გაზრდილი ძროხის ნატურალურ რძესაც უფრო ძვირად ყიდის, მოთხოვნის შესაბამისად. თუმცა ამ ყველაფერს მაინც დიდი გამბედაობა სჭირდება.
უნდა აღინიშნოს, რომ მართალია როტაციული ბალახობა წყალშემკრებ აუზზე ზემოქმედების პრობლემას ეხმიანება, მაგრამ ბალახით ნაკვები საქონელი მაინც გამოყოფს მეთანს – ძლიერმოქმედ სათბურის აირს. ერთი კვლევის თანახმად, ასეთი ემისიები ნახშირბადის დამჭერი მუდმივი საძოვრებით შეიძლება განეიტრალდეს. სხვა მკვლევრები კი ფიქრობენ, რომ იდეალურ მომავალში ადამიანები ნაკლებ რძეს და საქონლის ხორცს მოიხმარენ.
2021 წელს ფერმების, რანჩოებისა და ტყის მიწების მფლობელებმა, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის კონსერვაციის პროგრამების ფარგლებში, მიიღეს 3,3 მილიარდი დოლარი 43 მილიონ ჰექტარზე. ეს დიდი მაჩვენებელია, მაგრამ მეტიც შეიძლება. დამაზიანებელი პრაქტიკის (მაგალითად, გრანტები ჩამდინარე წყლების აუზის მოსაწყობად იქ, სადაც ცხოველთა დახურულ სივრცეში კვების პრაქტიკაა) მასტიმულირებელი პროგრამები შეიძლება თანდათანობით ჩანაცვლდეს. უფრო გონივრული ინვესტიციები ფერმებსა და ტყეებში შეიძლება ფერმერებისთვის ბუნების დამცველებად გარდასახვის მასტიმულირებელი იყოს.
გონივრულმა ინვესტიციამ ფერმერები შეიძლება გარემოს მოწინავე დამცველებად აქციოს. ამერიკის დაცვისთვის მათ კარგი ანაზღაურება ეკუთვნით.
ჩესაპიკის ყურის ფონდი მხოლოდ რჩევით და მხარდაჭერით არ შემოიფარგლება. ის ცდილობს შთაგონებაც მისცეს ფერმერებს და ამისათვის ყურეში ეპატიჟება. „თუ არ იცი, ვერ გეყვარება“, – ამბობს მეტ კოვალსკი, ბუნების აღდგენაზე მომუშავე მეცნიერი. „თუ არ გიყვარს, მის დაცვას არც ეცდები“.
ასე აღმოვჩნდი ჩესაპიკის ყურეში, ხამანწკების რიფის თავზე მოტივტივე სამუშაო ნავში ექვსიოდე ფერმერთან ერთად. ფონდის თანამშრომელი ეკოლოგი კრის მური მიხსნის, თუ რატომ უჭერს კოლეგებთან ერთად მხარს ხამანწკების აღდგენას. აღმოჩნდა, რომ ეს უგემრიელესი მოლუსკები ფანტასტიკური მფილტრავები არიან – თითოს დღეში 190 ლიტრი წყლის გაწმენდა შეუძლია. „აკვარიუმის ფილტრებზე უკეთ მუშაობენ“, – ამბობს იგი. ადრე ყურეში იმდენი ხამანწკა იყო, რომ მთელ წყალს ერთ კვირაში ფილტრავდნენ, ჩამდინარე წყლიდან ისრუტავდნენ აზოტს თუ ფოსფორს და მყარი ნარჩენების სახით გამოყოფდნენ, რომლებიც ფსკერზე ილექებოდა. მაგრამ 1980-იან წლებში დაავადებამ და ტრალერით უწყვეტმა მოპოვებამ გაანადგურა ათასობით წლის მანძილზე ნაშენები, 4,5 მეტრამდე სიმაღლის რიფი.
მური და ფონდის სხვა თანამშრომლები მუჭებით იღებენ ხამანწკებს. ერთ ცარიელ ნიჟარას ხასხასა წითელი ღრუბლის წვერი ამშვენებს, მეორე ნიჟარაში კიბორჩხალა შეყუჟულა, რომელმაც გადაწყვიტა ჩემთვის ეჩქმიტა. „მიწაში მატლებს თუ ვხედავ, ვხვდები, რომ კარგი ნიადაგია“, – ამბობს ფერმერი ჯენი ჰუვერი. „ასევე კარგის ნიშანია კიბორჩხალების, ნორჩი კიბორჩხალების ხილვა ხამანწკებთან ერთად“.
ჩესაპიკის „ხამანწკების ალიანსი“ – არაკომერციული ორგანიზაციების, სათემო ორგანიზაციების და ხამანწკების მომშენებელთა გაერთიანება – პოპულარიზაციას უწევს აკვაკულტურას მოტივტივე ყუთებში და ხამანწკების გამრავლებას ცარიელი ნიჟარებისა თუ ბეტონის ხელოვნურ რიფებზე. მათი მიზანია: 10 მილიარდი ხამანწკა. ეს რიფები სანაპირო დასახლებებსაც დაიცავს ძლიერი შტორმული მოქცევების დროს.
ერთ-ერთმა 10-სანტიმეტრიანი ხამანწკა გახსნა სადემონსტრაციოდ, შემდეგ კი საჭმელად შემოგვთავაზა. მსურველი რომ არ გამოჩნდა, მე ვისარგებლე შემთხვევით და დიდი სიხარულით შევსანსლე. დეგუსტაციის შედეგიც ჩავინიშნე: „ზღვის, ხავსის, ხმელეთის, მდიდარი ნიადაგის ნოტები“.
თავი III
მდინარე იონკერსში
ქალაქის ბუნება ადამიანებს სასიამოვნო გარემოს უქმნის, ზოგიერთ სახეობას კი – ძვირფას ჰაბიტატს.
ქალაქი ფერმასთან შედარებით შეიძლება კიდევ უფრო შორის იყოს „ბუნებისგან“. ქალაქები ხალხისთვისაა – უამრავი ხალხისთვის. დიდი დაცული ტერიტორიები თუ გვინდა, მაშინ გონივრულია, ხალხს მოვუწოდოთ, უფრო მჭიდროდ ვიცხოვროთ ქალაქებში. ხამანწკებივით შეგვიძლია შევჯგუფდეთ და სხვა სახეობებს დავუთმოთ მეტი ადგილი.

ილუსტრატორი: დენიზ ნესტორი
ასევე შეგვიძლია ნაკლებად დავამძიმოთ გარემო – გამოვიყენოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი და, დიდი სახლების ნაცვლად, ბინების გათბობა-გაგრილებაზე დავხარჯოთ ენერგია.
თუმცა ურბანული სიმჭიდროვის ზღვრამდე მიყვანა მწვანე ზონებს შეავიწროებს – იმ სივრცეებს, რომლებიც ჰაერს წმენდს, წარმოქმნის ჩრდილს, გვაგრილებს და ვარჯიშის სტიმულს გვაძლევს. კვლევების თანახმად, სხვა სახეობების გარემოცვაში ცხოვრება გვაბედნიერებს. აწ გარდაცვლილი ნატურალისტის, ე. ო. უილსონის თეორიის თანახმად, „ბიოფილია“ ბიოლოგიური ეფექტია. ევოლუცია მცენარეებსა და ცხოველებთან ერთად განვიცადეთ და ორივე გვჭირდება, ფსიქოლოგიურად სრულფასოვნად რომ ვიგრძნოთ თავი.
ჩემი მეგობარი როი ცაო, რომელიც ბრუკლინში პრეტის ინსტიტუტის პროფესორია, ამბობს, რომ თავს უფრო ბედნიერად გრძნობს მას შემდეგ, რაც მოწიფულ ასაკში ბერდვოჩინგით დაინტერესდა. „ნიუ-იორკში ცხოვრება სულ სხვაგვარად შემაგრძნობინა, – ამბობს იგი, – სეზონების ცვალებადობას გამჩნევინებს. მარტის მიწურულს მიდტაუნში ტყის ქათმები ჩნდებიან“.
ქალაქის მწვანე სივრცეები – იქნება ეს ბაღები სახურავზე თუ პატარა სკვერები, ან ქუჩების გაყოლებაზე ჩამწკრივებული ხეები – მხოლოდ ჩვენი სიამოვნებისთვის არ არის. ასეთ სივრცეებში შეიძლება რეალური კონსერვაცია – განსაკუთრებით, ფრინველების, მცენარეების, მწერების და სხვა მცირე ზომის ცხოველების.
მწვანე სივრცეები და ქალაქის მდინარეები ბეტონის გარემოში გამავალი დერეფნები შეიძლება იყოს მცენარეებისა და ცხოველებისთვის. ზოგჯერ ქალაქიც შეიძლება იყოს რეზერვატი. ნიუ-იორკის ცენტრალური პარკი სახელგანთქმულია ბერდვოჩერებს შორის, რადგან აღმოსავლეთ სანაპიროზე გადამფრენი ფრინველების თავშეყრის პუნქტს წარმოადგენს. მინდვრის ფრინველები ჩიკაგოს შემოგარენში უფრო წარმატებით ჩეკენ და აფრთიანებენ ბარტყებს, ვიდრე ილინოისის სოფლებში. შევარდენი (რომელიც ჩრდ. ამერიკაში საფრთხეში მყოფ სახეობად ითვლებოდა, სანამ ხელოვნურად მოაშენებდნენ და რეინტროდუქციას განახორციელებდნენ) ქალაქებში უკეთ ცხოვრობს, ვიდრე სოფლად, რადგან ქალაქებში მისთვის გაცილებით უფრო მეტი საკბილო – მტრედი და სხვა ფრინველი ბინადრობს.
ურბანული კონსერვაციის იმედისმომცემ პერსპექტივას არაფერი გამოხატავს ისე პოეტურად, როგორც მდინარის „დღის სინათლეზე გამოტანა“. ადვილად გვავიწყდება, რომ ქალაქები ეკოსისტემებშია აგებული, რომლებშიც მდინარეები მიედინებოდა. ქალაქების ზრდასთან ერთად წყალი ხშირად მილებში ექცეოდა. ქალაქ იონკერსში, ნიუ-იორკის არაოფიციალურ „მეექვსე რაიონში“, მდინარე სო-მილი ნამდვილ წუმპედ იყო ქცეული. 1920-იან წლებში მისი უკანასკნელი 610-მეტრიანი მონაკვეთი ავტოსადგომით გადაფარეს. თუმცა აქედან 244 მეტრი 2012 წლის შემდეგ კვლავ მზის შუქზე ბრწყინავს, ახალ 0,9-ჰექტარიან პარკში.
მის სანახავად მანჰეტენიდან იონკერსში მატარებლით მივემგზავრები. მდინარე ბაქნიდანაც ჩანს. სადგურიდან გამოსულს დამხვდნენ ბრიჯიტ გრისვოლდი და კანდიდა როდრიგესი – იმ ერთ-ერთი ორგანიზაციის წევრები, რომლებიც მდინარის „გამომზეურებაზე“ მუშაობდნენ. ქუჩაზე გადასვლისას თვალსაც უხარია და ყურსაც – შუა ქალაქში მდინარე მორაკრაკებს. ვხედავთ კიბისებრ თევზსავალსაც, რომელიც ზღვაში დაბადებული გველთევზებისთვის გაკეთდა, რათა მდინარის ზემოწელში გაცურვა და გაზრდა შეძლონ.
სათემო ლიდერების მიერ 20 წლის წინ დაწყებული ეს პროექტი ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად იქცა ძვირადღირებულ რეალობად. პირველი 244 მეტრი 24 მილიონი დოლარი დაჯდა, მაგრამ იონკერსის მერი მაიკ სპანო ამბობს, რომ „ეს პროექტი იონკერსის ცენტრისა და მთელი ქალაქის აღორძინების მთავარი კატალიზატორი აღმოჩნდა“ და იმასაც დასძენს, რომ მან 4 მილიარდ დოლარზე მეტი მოუტანა ხელახალ განაშენიანებას, მათ შორის 3000 ბინას. ირონიულია, რომ ურბანულ კონსერვაციას „მწვანე ჯენტრიფიკაცია“ მოჰყვება, თუმცა, იონკერსის მოთხოვნით, ბინები დაბალშემოსავლიანი სეგმენტისთვისაც უნდა იყოს გათვალისწინებული.
შევარდენი – რომელიც საფრთხეში მყოფ სახეობად ითვლებოდა, სანამ მას ხელოვნური ჩარევით გადაარჩენდნენ, ქალაქებში უკეთ ცხოვრობს, ვიდრე სოფლად.
გრისვოლდი ადრე უფრო ტრადიციულ საკონსერვაციო პროექტებზე მუშაობდა, მაგრამ უნდოდა ისეთი რამ ეკეთებინა, რაც ადამიანს და გარემოს ერთმანეთთან დააკავშირებდა; უნდოდა ადამიანები ისე დაეინტერესებინა, რომ გარემოს დასაცავად ბრძოლის სურვილი გასჩენოდათ. ანუ ეს ყველაფერი ქალაქში უნდა ყოფილიყო, რადგან, მისი თქმით, ყველას არ აქვს საშუალება, ფლაგმან ეროვნულ პარკებს ეწვიოს.
როდრიგესი იონკერსის რუკაზე მაჩვენებს წითელ ხაზებს – არათეთრკანიანი მოსახლეებისათვის გამოყოფილ საცხოვრებელ ზონებს. იქ ნაკლები ხე და მეტი ბეტონია. ბუნება არათანაბრადაა ხელმისაწვდომი.
ამ უსამართლობის გამოსწორება შეიძლება საუკეთესო გზა იყოს იმ თაობის აღსაზრდელად, რომელიც სხვა სახეობების გადარჩენაზე იზრუნებს.
როდრიგესი ამბობს, რომ მდინარის გამოტანა დღის სინათლეზე ხალხს განტვირთვის ზონას, ბიზნესს – პოპულარულ ადგილს, საფრთხეში მყოფ სახეობებს კი – დაცულ სივრცეს აძლევს. „სამმაგი სარგებელია“, – ამბობს იგი. გრისვოლდი კი აჯამებს: „იონკერსის ცენტრში მშვენიერი რამ გვაქვს და ის ყველას გვეკუთვნის“.
ეპილოგი
ურთიერთობების განვითარება
თვითიზოლაციის ნაცვლად სხვა სახეობებთან ჰარმონიულად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ.
შინ, კლამათის აუზში დაბრუნებული, წყალზე დავფიქრდი – მის მშვენიერებასა და სასიცოცხლო მნიშვნელობაზე. ჩვენი რეგიონის დიდ ნაწილში, ეროვნული მეტეოსამსახურის შეფასებით, „უკიდურესი გვალვაა“. ქვემო კლამათის ველური ბუნების ეროვნული რეზერვატი, ჩვეულებრივ, წყნაროკეანური გადამფრენი წყალმცურავი სახეობების გაჩერების პუნქტია.

ილუსტრატორი: დენიზ ნესტორი
ის დამოკიდებულია წყალზე, რომელსაც განკარგავს აშშ-ის სამელიორაციო ბიურო და იღებს იმას, რაც ფერმერების კუთვნილი წილის მიღების შემდეგ რჩება. დღეს – აღარაფერი რჩება.
ერთი გამოსავალი იქნებოდა ფერმებში წყლის მოხმარების შემცირება. ფერმერთა უმეტესობისთვის ეს შერისხვის ტოლფასია, თუმცა საჭიროა ფრინველთა მიგრაციის ხელშესაწყობად, კობრისნაირთა გადასარჩენად და მდინარე კლამათის საკვებად სუფთა, ცივი წყლით, რათა საფრთხეში მყოფი ორაგულის სახეობებმა იცოცხლონ.
დონ ჯენტრი, რომელიც ბოლო დრომდე ხელმძღვანელობდა კლამათის ტომის საბჭოს, ძალიან ღელავს თევზის სახეობებზე: c’waam-სა და koptu-ზე (როგორც მათ კლამათის ენაზე უწოდებენ). კოლონიზაციამდე ეს თევზები ამ ტომის ზამთრის სარჩო იყო. ყოველ გაზაფხულს თევზებს რიტუალურად მიაგებენ პატივს და ლოცავენ. თევზის ეს სახეობები უაღრესად დიდი კულტურული მნიშვნელობის მატარებელ საკვებს წარმოადგენს, მაგრამ, პოპულაციის შემცირების გამო, ტომის წევრები მათ 1986 წლიდან აღარ იჭერენ.
„კოპტუს დაკარგვა ძალიან მაღელვებს“, – ამბობს ჯენტრი. „ტბას რომ მივუყვები და თეთრად დათოვლილ მთებს ვუყურებ, ჩვენი სამშობლოს სილამაზე მაოცებს“, – განაგრძობს იგი, მაგრამ მაინც სულ თევზებზე ეფიქრება.
ეს ტომი კობრისნაირთა პოპულაციის აღდგენაზე მუშაობს – მათ მოშენებასა და გენეტიკური მრავალფეროვნების შენარჩუნებაზე, ასევე, მათთვის ხელსაყრელი გარემო პირობების კვლევაზე. წელს გაზაფხულზე ტომმა სარჩელი შეიტანა ფედერალური მთავრობის წინააღმდეგ, რომელმაც ფერმერებს წყალი იმ დროს მისცა, როდესაც ტბაში მისი დონე იმაზე დაბალი იყო, ვიდრე მთავრობისავე დადგენილი მინიმალური მოთხოვნაა სახეობათა საჭიროების დასაკმაყოფილებლად. ჯენტრის სჯერა, რომ ამ აუზს გარკვეული სიცოცხლისუნარიანობა და ნაყოფიერება აქვს, რომელიც ყველაფერს გასწვდება – მიწათმოქმედებასაც, ფრინველებსაც და თევზებსაც. მაგრამ, მისივე თქმით, წყლის გაზიარება – განსაკუთრებით კლიმატის ცვლილების ჟამს – თანამშრომლობას მოითხოვს. ეს კი ჯერ არ ხდება.
კონსერვაცია უნდა გულისხმობდეს სახეობათა დაცვას ადამიანებთან ერთად. ადამიანისა და ბუნების ურთიერთობა უნდა გაუმჯობესდეს.
პარკებსა და მკაცრად დაცულ ტერიტორიებზე კონცენტრირებულ კონსერვაციის მოდელს სულ უფრო ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მისი მიზანია ველური ბუნება ადამიანის გარეშე – რაც არარეალისტურია. დღევანდელი აშშ-ის ტერიტორიაზე ადამიანი უკვე იმ დროიდან სახლობს, რაც უკანასკნელი გამყინვარების ეპოქის მყინვარებმა უკან დახევა დაიწყო, ანუ ჩვენი ეკოსისტემა ადამიანთან ერთად განვითარდა.
არაერთი მინდორი, წყალ-ჭაობი და ტყე იცვლიდა სახეს ათასწლეულების განმავლობაში ადამიანის მიზეზით გაჩენილი პერიოდული ხანძრებით. მიუხედავად ამისა, ზოგ სახეობას ადამიანი გულმოდგინედ უვლიდა. კლამათის ხალხი განკარგავდა 4000 ჰექტარზე გაშენებულ წყალ-ჭაობის შროშანას, სახელად ვოკუსს, რომლის თესლით მზადდება შესანიშნავი ფქვილი. დღეს ვოკუსი რთულად მოიძებნება ზემო კლამათის ტბის გარშემო. ზოგჯერ ადამიანის არყოფნა სხვა სახეობებსაც ვნებს.
დღეს ძალიან პოპულარულია მკვიდრი ამერიკელების მართვის მეთოდების გაცოცხლება – მაგ. გეგმური ხანძრები, მოლუსკების საშენი და თევზაობის ტრადიციული ტექნიკა. ხე-ტყის, ფერმებისა და ქალაქების კონსერვაციის მსგავსად, ტომობრივი მენეჯმენტიც მოიაზრებს ერთდროულად ადამიანისა და სხვა სახეობების საჭიროებათა დაკმაყოფილებას. ბუნების დამცველები აცნობიერებენ, რომ მათი საქმე არ გულისხმობს სხვა სახეობების დაცვას ადამიანისაგან, თუმცა წვდომისა თუ მოპოვების შეზღუდვა ზოგჯერ საჭიროა. კონსერვაცია უნდა მოიაზრებდეს სახეობათა დაცვას ადამიანებთან ერთად. ადამიანისა და ბუნების ურთიერთობა უნდა გაუმჯობესდეს და არა გაწყდეს.
გაზაფხულის ერთ ცივ დღეს სატვირთო მანქანას ვენერის ფერმაში 2300-ლიტრიანი აკვარიუმი მოაქვს. მასში ფედერალურ სალიფსიტეში მოშენებული 1712 ნორჩი კ’ვაამი და კოპტუა. დროა ეს ხელოვნური წყალ-ჭაობი საფრთხეში მყოფ სახეობებს დაეთმოს.
ვენერი ენთუზიაზმითაა სავსე. გვალვისა და წყლის დეფიციტის გამო არსებული დაძაბულობის მიუხედავად, ოპტიმისტურადაა განწყობილი. მან თავად იხილა, რამდენად სწრაფად დაბრუნდნენ მის ფერმაში წყალ-ჭაობის სახეობები. „ამავე შემოდგომაზე 10 000 იხვი და ბატი გამოჩნდა 70 აკრზე [28 ჰა]“. იგი თვლის, რომ მეტი ფულითა და მიწათმფლობელთა ხელშეწყობით, კლამათის აუზი შეიძლება ლანდშაფტის მასშტაბით კონსერვაციის სანიმუშო მაგალითად იქცეს. საკითხავია, „შევძლებთ თუ არა უფრო შორიდან შევხედოთ სიტუაციას და ყველამ ერთი მიმართულებით ვიმუშაოთ. ჯერჯერობით ასე არ ხდება“, – თუმცა თავადვე ამატებს: „აქ თუ შეგვიძლია, ყველგან შევძლებთ“.
აშშ-ის თევზისა და ველური ცხოველების სამსახურის ბიოლოგი რეზერვუარის სარქველს ხსნის და წყლის ნაკადს გამოყოლილ თევზს ქვემოთ ბადე ხვდება. ამ პატარა, 10 სანტიმეტრამდე თევზებს მუქი ზეთისხილისფერი მწვანე ზურგი და ვერცხლისფერი მუცელი აქვთ. ვენერს თევზები ბადით მიაქვს თავის ტბორში. რამდენიმე კვირაში კიდევ ერთი პარტია ჩამოვა, ამჯერად მკვიდრი ტომის სალიფსიტიდან. სპორტული რეპორტიორივით ვუყვირი: „როგორი განწყობა გაქვს, კარლ?“ ისიც ყვირილით მპასუხობს: „კარგი განწყობა მაქვს! კარგი!“
სანამ მეცნიერები მუშაობენ, ერთი თევზი ბადიდან ხტება და ტალახიან გზაზე ეცემა. დაუყოვნებლივ ვიხრები, ვიღებ, წყლისკენ გავრბივარ და ვუშვებ. ვერცხლისფრად მოელვარე თევზი მომავლისკენ მიცურავს.
ემა მარისი ავტორია წიგნისა: „ველური სულები: თავისუფლება და წარმატება ადამიანის სამყაროს მიღმა“. სტივენ უილქსი 2009 წლიდან მუშაობს თავის მასშტაბურ პროექტზე „დღე-ღამე“. დენიზ ნესტორმა ბავშვობაში ხატვა ისწავლა National Geographic-ის ფურცლებზე აღბეჭდილი ცხოველებისა და ადამიანების გადახატვით.