არგუმენტირებული გამოსავალი
2070 წელს სიცოცხლე განსხვავებული და დამთბარი იქნება, მაგრამ ჩვენ გამოვნახავთ ნახშირორჟანგის ემისიის შეზღუდვის და ბუნების მოფრთხილების გზას


არგუმენტირებული გამოსავალი
2070 წელს სიცოცხლე განსხვავებული და დამთბარი იქნება, მაგრამ ჩვენ გამოვნახავთ ნახშირორჟანგის ემისიის შეზღუდვის და ბუნების მოფრთხილების გზას
დედაჩემს გრძელი წაბლისფერი თმა შუაზე აქვს გაყოფილი. ბაცი მწვანე ფარდაგის ნაჭრისგან შეკერილ კაბას ევკალიპტის ნაყოფს აკერებს და თან მეგობრებთან ერთად იცინის. 19 წლისაა.
1970 წლის თებერვალია, პირველ „დედამიწის დღემდე“ რამდენიმე თვით ადრე, კალიფორნიაში სან-ხოსეს სახელმწიფო კოლეჯის სტუდენტები „გადარჩენის ფესტივალს“ აწყობენ, რომლის დროსაც ახალთახალი ყვითელი Ford Maverick-ის დამარხვას აპირებენ. Maverick-სა და წვის ყველა ძრავას მკვდრად გამოცხადება მოელის მათი დამაბინძურებელი გამონაბოლქვით სან-ხოსესა და მსოფლიოს სხვა ქალაქებში წარმოქმნილი საძაგელი, მიწაზე ჩამოწოლილი სმოგის გამო. San Francisco Chronicle-ის კორესპონდენტი, პოლ ეივერი წერდა, რომ Maverick-ი „სან-ხოსეს საქმიან უბანში გაატარეს აღლუმზე, რომელსაც წინ უძღოდა სამი პასტორი, კოლეჯის ორკესტრი და მწვანე, სუდარისმაგვარ მოსასხამებში გამოწყობილ მომხიბვლელ სტუდენტ გოგონათა ჯგუფი“.
50 წლის შემდეგ დედაჩემს ის მოსასხამები კარგად ახსოვს. იმ დღეს სტუდენტებს დაბინძურებული წყალი და ჭარბი მოსახლეობა ისევე ადარდებდა, როგორც დაბინძურებული ჰაერი, მაგრამ დედაჩემი იმედიანად იყო განწყობილი. „ვვარაუდობდი, რომ ადამიანები სათანადოდ იმოქმედებდნენ, როდესაც ამის ვალდებულება მოუწევდათ“, – ამბობს იგი. გარკვეულწილად, ეს ასეც მოხდა: დაბინძურების კონტროლის შესახებ კანონების წყალობით, მაშინდელთან შედარებით, დღეს შეერთებულ შტატებში ავტომობილები 99%-ით უფრო სუფთაა.
დედაჩემის კერვის უნარი მემკვიდრეობით არ მრგებია. 41 წლისას ჩემი ტანსაცმელი შესაკეთებლად ისევ მასთან დამაქვს, მაგრამ მისი ოპტიმიზმი გამომყვა, რაც დღეს, როდესაც ამდენი პრობლემის წინაშე ვდგავართ, ძალიან მეხმარება.
სამეცნიერო და პოპულარული გამოცემებისთვის გარემოს საკითხებზე რეპორტაჟების მომზადების 15-წლიანი გამოცდილებისა და გარემოს დაცვის მომავალზე დაწერილი წიგნის შემდეგ კვლავაც ხშირად მთრგუნავს პრობლემების აბლაბუდა, რომელთაც ვაწყდებით: კლიმატის ცვლილება, ველურ მცენარეთა და ცხოველთა კლებადი პოპულაცია, საყოველთაო ეკოლოგიური უსამართლობა. თითოეული მათგანის მოგვარება გაცილებით რთულია, ვიდრე სმოგისა, მაგრამ დარდის, მღელვარების, რისხვისა და დედამიწაზე სიცოცხლის მშვენიერი იდუმალების ამ მორევში ჩემში რკინისებურ შეუპოვრობას ვპოულობ, რომ არასოდეს დავნებდე.

პირველი „დედამიწის დღის“ წინამორბედ 1970 წლის თებერვალში კალიფორნიაში სან-ხოსეს სახელმწიფო კოლეჯის სტუდენტებმა ახალი Ford Mawerick-ი იყიდეს, კამპუსის ცენტრისკენ დააგორეს და მიწაში 3,5 მეტრის სიღრმეზე ჩამარხეს. ეს რიტუალი სმოგის საწინააღმდეგო დემონსტრაციას წარმოადგენდა და ერთი კვირის განმავლობაში გამართული „გადარჩენის ფესტივალის“ ნაწილი იყო, რომელმაც შეერთებული შტატების უნივერსიტეტში ეკოლოგიის ერთ-ერთი პირველი დეპარტამენტის შექმნა გამოიწვია.
ფოტო: სტენ კრეიტონი, SAN FRANCISCO CHRONICLE/POLARIS
რა მაიმედებს? უკვე გვაქვს საიმისო ცოდნა და ტექნოლოგიები, რომ უფრო მეტი მოსახლეობა გამოვკვებოთ, ყველა უზრუნველვყოთ ელექტროენერგიით, კლიმატის ცვლილების ტენდენციები შევაბრუნოთ და თავიდან ავირიდოთ სახეობათა გადაშენების უმეტესობა. მოქმედების საზოგადო სურვილმა უკვე იფეთქა ქუჩებში. შარშან სექტემბერში ექვს მილიონამდე ადამიანი გაიფიცა კლიმატის ცვლილების გამო. ისევე როგორც 1970 წელს, კულტურული ცვლილებების მუხტი კვლავაც ჰაერში ტრიალებს. მჯერა, რომ კარგ 2070 წელს ავაშენებთ.
ის 2020 ან 1970 წლის მსგავსი არ იქნება. უკვე ჩადენილს უკან ვერ მოვატრიალებთ; დროს უკან ვერ დავაბრუნებთ. ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური ცვლილებები გარდაუვალია. ზოგიერთი მათგანი ტრაგიკული იქნება. დავკარგავთ იმას, რაც გვიყვარს – სახეობებს, ადგილებს, ურთიერთობას იმ ბუნებასთან, ათასწლეულები რომ გაძლო. ზოგიერთი ცვლილების პროგნოზირება რთული იქნება. ეკოსისტემები გადაეწყობა, სახეობები ევოლუციას განიცდის.
ჩვენც შევიცვლებით. მრავალი ჩვენგანი ადამიანთა განსხვავებულად აღქმას ისწავლის, ერთ-ერთ სახეობად მრავალთა შორის – ბუნების ნაწილად და არა მის საპირისპიროდ. ჩემი მოლოდინით, XX საუკუნის დასასრულსა და XXI საუკუნის დასაწყისს გადავხედავთ, როგორც მტკივნეულ, მშფოთვარე გარდამავალ პერიოდს, რომლის დროსაც ადამიანებმა ერთმანეთთან და გარშემო არსებულ სახეობებთან დადებით ეკოლოგიურ ურთიერთობებში წარმატებით განვითარება ისწავლეს.
ჩვენი უდიდესი საერთო გამოწვევა კლიმატის ცვლილებაა. თუკი ის, ერთი შეხედვით, გადაულახავი ჩანს, ეს ნაწილობრივ იმიტომაა, რომ ჩვენ ცალკეულად მისი შეჩერება არ შეგვიძლია. იდეალური „მწვანე მომხმარებლებიც“ რომ ვიყოთ, ისეთ სისტემაში ვართ გამომწყვდეულნი, რომელშიც პრობლემის გამწვავების შეჩერება შეუძლებელი ხდება. ცხოვრებისთვის საჭიროა კვება, სამუშაომდე მისვლა და მუშაობისა და ძილისთვის ზამთარში საკმარისად თბილად, ზაფხულში კი საკმარისად გრილად ყოფნა – დღეს უმეტეს ადგილებში ამ ყველაფრის მოხერხება შეუძლებელია ნახშირორჟანგის ემისიის გარეშე.
მაგრამ ცვლილებები იმაზე სწრაფად ხდება, ვიდრე ამას მრავალი ადამიანი აღიქვამს. არაერთ ადგილას ავტომობილებმა ცხენები სულ რაღაც 15 წელიწადში ჩაანაცვლეს. ათასობით წელი მშვენივრად ვიყავით პლასტმასის გარეშე, შემდეგ კი, რამდენიმე ათწლეულში, ის ყველგან გავრცელდა. ისტორიის განმავლობაში გამჭრიახი გამომგონებლებიცა და ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ამთვისებლებიც ვყოფილვართ. ხალხის ნებისა და სათანადო პოლიტიკის წყალობით ჩვენთვის სირთულე არ იქნება ახალი ენერგოწყაროებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შექმნა, შხამიანი ნივთიერებებისა თუ ნახშირორჟანგის ემისიის გარეშე პროდუქტების დამზადება და პლასტმასის ბიოდეგრადირებადი შემცვლელების მოხმარება.
კლიმატის კრიზისის გადაჭრას „კარგ“ მომხმარებლებად ყოფნით ვერ შევძლებთ, მაგრამ კარგი მოქალაქეობით მოვლენების გაუმჯობესება ნამდვილად ძალგვიძს.
ინდივიდუალურ ჭრილში გაცილებით ეფექტურია, ჩვენი ძალისხმევა იმ სტრატეგიების შემუშავებას მოვახმაროთ, რითიც „გამწვანება“ უფრო იაფ და იოლ გზად იქცევა, ვიდრე დღეს ხელმისაწვდომი ძვირადღირებული, ნიშური ბაზრის „მწვანე“ ალტერნატივების შეძენაა. კლიმატის კრიზისის გადაჭრას „კარგ“ მომხმარებლებად ყოფნით ვერ შევძლებთ, მაგრამ კარგი მოქალაქეობით მოვლენების გაუმჯობესება ნამდვილად ძალგვიძს.
ემისიების მეოთხედი ელექტროენერგიისა და სითბოს წარმოებიდან მომდინარეობს. საბედნიეროდ, სათანადო პოლიტიკური ნების არსებობისას, ეს გამოსარიცხად უმარტივესი ემისიებია. „10 წელიწადში ადვილად შეგვიძლია მისი განახევრება“, – ამბობს ჯონათან ფოლეი, Project Drawdown („შეკვეცის პროექტი“) აღმასრულებელი დირექტორი. ეს ორგანიზაცია კლიმატის ცვლილების გადაწყვეტილებების ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზზე მუშაობს. ქარისა და მზის ენერგია საკმარისად მომწიფებულია მასშტაბურად გამოსაყენებლად, ხოლო ენერგიის შესანახი აკუმულატორები თანდათანობით უმჯობესდება და იაფდება.
სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა და მიწათსარგებლობა უფრო რთულად სამართავია. ისინი ჩვენი ემისიების მორიგ მეოთხედს იწვევენ – ესაა, ძირითადად, ნაკელიდან ან სინთეტიკური სასუქიდან წარმოშობილი აზოტის ოქსიდი, პირუტყვის მიერ გამოყოფილი მეთანი და საწვავისა და მინდვრების წვით მიღებული ნახშირორჟანგი. 2070 წლისთვის, სავარაუდოდ, 10 მილიარდამდე ჩვენგანი იქნება გამოსაკვები. როგორ უნდა შევამციროთ მეცხოველეობისა და მიწათმოქმედების ზემოქმედება მიწასა და კლიმატზე და, ამასთან, კვლავაც მივიღოთ საკმარისი კალორიები?
ერთ-ერთ გადაწყვეტილებას წარმოადგენს ხორცის წარმოების სუბსიდირების შეჩერება და ფართო საზოგადოების მეტ მცენარეულ საკვებზე გადასვლის წახალისება. კონკრეტულად საქონლის ხორცის წარმოებას ყველაზე მეტი მიწა და წყალი ესაჭიროება; ერთი კილოგრამი საქონლის ხორცის მისაღებად ცხოველს დაახლოებით ექვსი კილოგრამი მცენარეულობის მიღება სჭირდება. საბედნიეროდ, იმედი კვლავაცაა ხორცის ახალი გემრიელი ალტერნატივების სახით. არ მოველი, რომ 2070 წელს ყველა ვეგანი იქნება, მაგრამ ადამიანთა უმეტესობა უბრალოდ იმაზე გაცილებით ნაკლებ ხორცს შეჭამს, ვიდრე დღეს.
რა მოელით თავად ფერმებს? გარემოს დამცველები ორ ბანაკად იყოფიან. ერთი ბანაკი ამბობს, რომ ფერმერები სოფლის მეურნეობის ინტენსიურ ფორმაზე უნდა გადავიდნენ და ამისთვის რობოტები, გმო-ები და დიდი მოცულობის ციფრული მონაცემები გამოიყენონ, რითაც საკვების ასტრონომიული რაოდენობის წარმოებას შეძლებენ გარემოზე უმცირესი ზემოქმედების პირობებში. მეორე ბანაკის თქმით, ფერმები უფრო „ბუნებრივი“ უნდა გახდეს, როტაციულად თესონ სხვადასხვა ჯიშის მარცვლეული კულტურები, შხამიანი ქიმიკატები შეამცირონ და, ამასთან, მინდვრების საზღვრებს მიღმა ველური ბუნების ჰაბიტატი შეინარჩუნონ. ამ საკითხების წლობით გაშუქების შემდეგ ჩემს თავს ვეკითხები: რატომ არ შეგვიძლია ორივეს კეთება? ცათამბჯენებში შეგვიძლია გვქონდეს ურბანული „ვერტიკალური ფერმები“, რომლებიც განახლებად ენერგიას მოიხმარენ. ასევე შეგვიძლია გავაშენოთ მაღალმწარმოებლური და მაღალტექნოლოგიური დიდი გარე ფერმები, რომლებიც კეთილგანწყობილი იქნება ველური გარემოს მიმართ და თავიანთ ნიადაგში ნახშირორჟანგს აქტიურად შეინახავს.
ნახშირორჟანგის ემისიების ჩვენი დანარჩენი წილი მრეწველობიდან, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურიდან და შენობებიდან მოდის. ეს სწორედ ის ემისიებია, ფოლეის ღამე მოსვენებას რომ არ აძლევს. ბუნებრივი აირისა და ნავთობის ქურების ჩასანაცვლებლად, როგორ გარდავქმნით მილიარდობით შენობას? როგორ უნდა მოვაშოროთ გზებიდან საწვავით გაუმაძღარი 1,5 მილიარდამდე ავტომობილი? ჰიპი სტუდენტების მიერ ყველა მათგანის დამარხვის იმედი ვერ გვექნება.
ამ ცვლილებების წარსამართად ერთადერთი ნამდვილი არჩევანი მთავრობების საგადასახადო წამახალისებლები და რეგულაციებია. ნორვეგიაში ახალი ავტომობილების ნახევარი ელექტრომობილია, უმეტესწილად იმიტომ, რომ მათ მთავრობა რეალიზაციის გადასახადისგან ათავისუფლებს, რითაც მათ ისეთივე იაფს ხდის, როგორც შიდა წვის ძრავაზე მომუშავე ავტომობილია – რომელთა გაყიდვაც 2025 წელს აიკრძალება. შარშან გაზაფხულზე ნიუ-იორკის ქალაქის საკრებულომ მიიღო კანონი, რომლითაც 2030 წლისთვის დიდ და საშუალო ზომის შენობებს თავიანთი ნახშირორჟანგის ემისიების მეოთხედზე მეტის შემცირება მოეთხოვებათ. შეერთებული შტატების მსგავსი მთელი ქვეყნის ენერგოეფექტურ შენობებზე, ხელმისაწვდომი მასობრივი ტრანსპორტის სისტემასა და ელექტრომობილებზე გადაწყობა იაფი არ იქნება, მაგრამ, მოდით, ეს ხარჯი პერსპექტივაში გავიაზროთ. „ფული, რომელზეც ვლაპარაკობთ, იმაზე მეტი არაა, რითაც ბანკებს ვუშველეთ“, – ამბობს ფოლეი და 2008 წლის ფინანსურ კრიზისზე ფედერალური მთავრობის საპასუხო ქმედებას გულისხმობს.
კლიმატის ცვლილებას რომ მივხედოთ, ამასთან გლობალური ემისიები თითქმის ნულამდეც რომ დავიყვანოთ, ატმოსფეროში უკვე არსებული სათბურის აირების მოსაშორებელ მეთოდებში მაინც მოგვიწევს ფულის დაბანდება. ამის მოსახერხებლად ტექნოლოგიები იმედის მომცემი, მაგრამ უმეტესად დაუხვეწავია – გარდა ხეებისა, რომლებიც ნახშირორჟანგის შთანთქმისთვის მოკლევადიანად მაინც კარგია. ხეებს სხვა უპირატესობაც აქვს: ისინი ტყეებს ქმნიან, სადაც ლიქენები სახლობენ და ხვლიკები თვლემენ, მაიმუნები აქეთ-იქით გაჰყვირიან, სანამ ველურ ლეღვს ხარბად შეექცევიან. მსგავს ტყეებში დრო გამიტარებია და, მერწმუნეთ, მშრალი სიტყვა „ბიომრავალფეროვნება“ მათ ღირსებას ზუსტად ვერასდროს გადმოსცემს.

კუნძულოვან სახელმწიფო ახალ ზელანდიაში გავრცელებული არმფრენი ფრინველი კივი ინტენსიური გვალვისა და მასზე მონადირე ყარყუმისა და ძაღლის გამო ზარალდება. ბარტყები ყველაზე დაუცველნი არიან, ამიტომ ბუნების დაცვის ადგილობრივი ჯგუფები, მაგალითად, „კივიები კივისთვის“, კვერცხებს ან ახალგამოჩეკილ ბარტყებს აგროვებენ და დაცულ თავშესაფრებში მანამდე ზრდიან, სანამ ფრინველები საკვების სათანადოდ მოძიებასა და მტაცებლებისგან თავდაცვას შეძლებენ.
ფოტო: ჯოელ სარტორე, NATIONAL GEOGRAPHIC PHOTO ARK
გაგონილი გექნებათ, რომ მეექვსე მასობრივი გადაშენების ხანაში ვიმყოფებით. ამის მტკიცება არა აქამდე ჯამში განცდილ დანაკარგებს, არამედ გადაშენების გაზრდილ ტემპს ეფუძნება. XVI საუკუნიდან დღემდე გადაშენების 900 აღრიცხულ შემთხვევაზე ნაკლებია დაფიქსირებული, რაც, ცხადია, მაინც ძალზე ბევრს წარმოადგენს და, თანაც, მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება რეალურ რიცხვს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მეცნიერებმა ჯერ მხოლოდ დაახლოებით 100 000 სახეობის სტატუსის დადგენა მოახერხეს, ამას ძნელად თუ დაერქმევა „მასობრივი“ გადაშენება, რომელსაც პალეონტოლოგები განსაზღვრავენ ხანად, რომელშიც ყველა სახეობის მესამედი მაინც უნდა გადაშენდეს.
უახლესი კვლევის თანახმად, უმეტეს სახეობათა გადარჩენა და ველური ბუნების უფრო უხვად აღდგენა მეტი პარკებისა და დაცული ტერიტორიების, ზოგიერთი ეკოსისტემის რეგენერაციისა და სამიწათმოქმედო არეალის შემცირების ერთობლიობითაა შესაძლებელი. დღეს სოფლის მეურნეობა დედამიწის ხმელეთის მესამედს იყენებს, მაგრამ თუ ხორცზე მოთხოვნასა და საკვების ნარჩენებს გავანახევრებთ, მოსავლიანობას გავზრდით და საკვებით უფრო გონივრულად ვივაჭრებთ, ამ კვლევის ავტორთა ვარაუდით, ჩვენთვის საჭირო მთელი საკვების მიღებას ნაკლები მიწის გამოყენებითაც მოვახერხებდით. ეს კი, სხვა სახეობებს საარსებოდ მეტ სივრცეს შეუქმნის.
ბუნებისმეტყველი ე. ო. უილსონი და სხვები „ნახევარი დედამიწის“ მიდგომას მოითხოვენ, რაც იმას გულისხმობს, რომ პლანეტის ნახევარი ველური გარემოსთვისაა განკუთვნილი, სადაც ადამიანის საქმიანობა მკაცრად იქნება შეზღუდული. დიდი პარკები შესანიშნავია და ზოგიერთი სახეობისთვის აუცილებელი, მაგრამ მსგავსი ძალისხმევა უამრავი ხალხის გადასახლების საფრთხეს შექმნის. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) ბიომრავალფეროვნების ექსპერტის, ჯორჯინა მეისის თქმით, „ისინი, რა თქმა უნდა, აუცილებელია და ჩვენ 20% ან მეტი გვჭირდება, მაგრამ ასევე საჭირო იქნება ადამიანთა სახლობა ველურ ბუნებასთან ერთად, მის გვერდით და მასში“. მომავლის მისეული ხედვის თანახმად, ადამიანები და ცოცხალ ორგანიზმთა საზოგადოებები სივრცეს თითქმის ყველგან უნდა იზიარებდნენ. „მე „მთელი დედამიწის“ მომხრე ვარ, „ნახევარი დედამიწისა კი – არა“, – ამბობს მეისი.
მჯერა, რომ 2070 წელს მსგავსი შერეული აზროვნება ნორმა იქნება. ველური ადგილები კვლავაც იარსებებს, მაგრამ ისინი დღევანდელისგან შეიძლება ძალზე განსხვავებულად გამოიყურებოდნენ. კლიმატის ცვლილების საპასუხოდ, სახეობების გადაადგილებასთან ერთად, ეკოსისტემების ცვლილების არდაშვების მცდელობა შეუძლებელი, ხოლო ზოგიერთ ადგილას ზიანის მომტანი გახდება. სანაცვლოდ, ჩვენ ძალისხმევას მივმართავთ პლანეტაზე პოპულაციების უმეტესობის საკმარისი ოდენობით შენარჩუნებისკენ. პურისტული იდეა, რომ ყველა სახეობა „ადგილობრივად“ ან „ინვაზიურად“ შეიძლება დახარისხდეს, წარსულს ჩაბარდება. ის კეთილგონივრული მაინც არასოდეს ყოფილა. ეკოსისტემები მუდმივ მიმოქცევაშია და მათი უმეტესობა ადამიანთა ზეგავლენას ათასობით წლის განმავლობაში განიცდის.
მართვა ყველგან არ იმუშავებს ჩაურევლობის პრინციპით. ახალ ზელანდიასა და სხვა კუნძულებზე, სადაც არააბორიგენი სახეობები ადამიანთა საყვარელ სახეობათა მთავარ საფრთხეს წარმოადგენს, ახალმოსულთა მოსაცილებლად შესაძლოა უფრო ჰუმანური ტიპის მახეები ან გენური ინჟინერია გამოვიყენოთ. სხვა ადგილებში საფრთხეში მყოფ სახეობებს შეგუებაში ხელშეწყობა დასჭირდებათ, ალბათ ახალ, ნაკლებად ცხელ ჰაბიტატებში გადაყვანაც კი. შეზღუდული პერიოდით არაერთ სახეობას დასჭირდება გაძლიერებული მართვა.
2070 წლისთვის დედამიწის უზარმაზარი ზონები მკვიდრი ერების მიერ იქნება მართული, რადგან მათ სუვერენიტეტს ბოლოს და ბოლოს სერიოზულად მოეკიდებიან. ეს სარგებელს მოუტანს ველურ ბუნებას, რადგან, როგორც კვლევებმა აჩვენა, ეროვნულ პარკებთან შედარებით მკვიდრთა მიერ მართულ მიწებზე საშუალოდ მეტი სახეობა სახლობს. ზოგიერთ შემთხვევაში ათასწლეულების განმავლობაში დახვეწილი ტრადიციული მეთოდები შეიძლება აღორძინდეს – ისინი, რომელთაც ლამაზი და აყვავებული ლანდშაფტები შექმნეს, კოლონიზატორები რომ წააწყდნენ და შეცდომით „ველურ“ ბუნებად ჩათვალეს.
მრავალი წლის განმავლობაში მე ყურადღებას ვამახვილებდი გადაშენებისა და კლიმატის ცვლილების მეცნიერების დარგზე და ვეძებდი ტექნოლოგიურ და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, მაგალითად, მზის პანელებს ან მეტ პარკებს. ამავდროულად, ჩემს პირად ცხოვრებაში, ღარიბებისა და ჩაგრულთათვის სამართლიანობის მისაღწევად ვიბრძოდი. ამ ორი ბრძოლის ურთიერთკავშირის აღმოსაჩენად ძალზე დიდი ხანი დამჭირდა – რათა გამეცნობიერებინა, რომ კოლონიალიზმისა და რასიზმის მსგავსი ძალები კლიმატის კრიზისის ნაწილია.
კლიმატის ცვლილება ჩვენთვის როგორც სახეობისთვის, გარკვეულწილად,
იმის შესაძლებლობაცაა, რომ რაღაც მოვიმოქმედოთ, გავიზარდოთ.
ისინი, ვინც წიაღისეული საწვავისგან ყველაზე მეტად ხეირობს, როგორც წესი, ის ხალხი არაა, ვინც მათი მოხმარების ზეგავლენით ყველაზე მეტად ზარალდება. მაგალითად, ელექტროსადგურები და მათი მომწამლავი გამონაბოლქვი არათანაზომიერად გვხვდება ღარიბ, არათეთრკანიანთა უბნებში. ეს ნაპრალი საზღვრებს სცილდება: ერთ-ერთი კვლევის თანახმად, რომ არა კლიმატის ცვლილება, უღარიბეს და უმდიდრეს ქვეყნებს შორის ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის სხვაობა 25%-ით ნაკლები იქნებოდა. ამის მიზეზი უმთავრესად ისაა, რომ ტემპერატურის ზრდა ტროპიკულ ქვეყნებში სასოფლო-სამეურნეო წარმოებას ამცირებს. უფრო დიდი ქარიშხლები, გვალვები და წყალდიდობები უკვე აზარალებს მსოფლიოს უღარიბეს მოსახლეობას.
კლიმატის საკითხის მართლაც სამართლიანი გადაწყვეტა დედამიწას სასიცოცხლო ძალებით მეტად აავსებდა და, ამავდროულად, კაცობრიობას ისტორიული ჭრილობისა და ტკივილის მოშუშებაში დაეხმარებოდა. კლიმატის ცვლილება ჩვენთვის როგორც სახეობისთვის, გარკვეულწილად, იმის შესაძლებლობაცაა, რომ რაღაც მოვიმოქმედოთ, გავიზარდოთ.
ჩემს ოჯახში ახლა სხვასაც ეხერხება ხელსაქმე. ჩემს 10 წლის ქალიშვილს კერვა უყვარს. მომწონს იმის წარმოდგენა, თუ როგორი ცხოვრებით იცხოვრებს, როდესაც 60-ის იქნება. 2070 წელს, ქალაქის ბინაში გაღვიძებული, პირველი, რასაც გაიგონებს, ფრინველთა გალობა იქნება: განთიადის ხმაურიანი გუნდი, მრავალსახეობრივი სიმფონიური მაღვიძარა. მათი გაგონება იოლია, რადგან ტრანსპორტის ხმაური არ ისმის. სინათლეს რთავს, რომელიც მზის პანელებიდან მიეწოდება, ქალაქში თითქმის ყველა სახურავს რომ ფარავს. თავად მისი შენობა იმ ბლოკებითაა ნაგები, რომლებიც ატმოსფეროდან ამოღებული ნახშირორჟანგისგანაა დამზადებული.
დგება და ეკოპასუხისმგებლობით წარმოებულ ყავას მიირთმევს. ნულოვანი ემისიის მატარებელში შეხტება, ორი წუთით ავტომატურად რომ ჩერდება, რადგან ხაზზე წინ დამონტაჟებულმა კამერებმა ლიანდაგთან მიახლოებული მელების ოჯახი შენიშნეს. ცა ნათელი და ლურჯია, სმოგისგან დაუბინდავი, თუმცაღა 1970 წელთან შედარებით ცოტა ცხელა. შორს მბრუნავ კოხტა ქარის წისქვილებს ხედავს.
ჩემი ქალიშვილი შეტყობინებას ღებულობს: „დედამიწის დღის“ მე-100 წლისთავის აღსანიშნავად ეპატიჟებიან – წვეულებაზე და არა საპროტესტო აქციაზე. აღარ არიან დაუდევარი პოლიტიკოსები, აღარც ბენზინზე მომუშავე მანქანები დარჩა დასამარხად. იცეკვებენ, ექნებათ ექვსი სახის ვეგეტარიანული ტაკო და სან-დიეგოს მახლობლად მდებარე კუმეიაის ხალხის ტერიტორიიდან შემოტანილი ოპუნცია – „ეჰპაა“.
სანამ ქუჩას მიუყვება, ჩერდება და მიწიდან ევკალიპტის ექვსიოდე ნაყოფს კრეფს. თან ბუნდოვნად ახსენდება, რომ XXI საუკუნის დასაწყისში რაღაც საუბარი იყო ამ ხეების სრულად გაკაფვაზე, რადგან ისინი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკისთვის ადგილობრივი ჯიშები არ ყოფილა. გადაწყვეტს, ნაყოფი თავისი მწვანე კაბის საყელოზე დაიბნიოს წვეულებისთვის.
სხვა შეტყობინებასაც ღებულობს: ეს მე ვარ! 91 წლის. მეც მინდა წვეულებაზე წამოსვლა.
ემა მარისი ავტორია წიგნისა „დაუდგრომელი ბაღი: ბუნების გადარჩენა ველური გარემოს შემდგომ ომში“. იგი მუშაობს წიგნზე ველური ცხოველებისა და მათთან ჩვენი კავშირის შესახებ. მან ჩვენი ჟურნალისთვის დაწერა სტატიები ქალაქის ვირთაგვებისა და პერუში მდებარე მანუს ეროვნული პარკის თემაზე.
