არგუმენტირებული კატასტროფა
ჩვენ ვმარცხდებით კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში.
შეიძლება, ინოვაციებმა გვიხსნას, თუმცა უსიამოვნო რეალობის წინაშე დავდგეთ


არგუმენტირებული კატასტროფა
ჩვენ ვმარცხდებით კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში. შეიძლება, ინოვაციებმა გვიხსნას, თუმცა უსიამოვნო რეალობის წინაშე დავდგეთ
1970 წლის 22 აპრილს აშშ-ის ქუჩებში 20 მილიონი ადამიანი გამოვიდა, იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე ამ დღის სულისჩამდგმელი, სენატორი გეილორდ ნელსონი წარმოიდგენდა. ისინი აღნიშნავდნენ „დედამიწის დღეს”, რომელიც პირველად ტარდებოდა ისტორიაში. მონაწილეები ეხმაურებოდნენ გარემოს დაცვით საკითხებს და თავიანთ აზრს გამოხატავდნენ თავშეუკავებელი, ხშირ შემთხვევაში ექსცენტრული ქცევით. ხალხი მღეროდა, ცეკვავდა, თავზე აირწინაღები ეკეთათ, აგროვებდნენ ნაგავს. ნიუ-იორკში მკვდარ თევზებს დაათრევდნენ ქუჩაში; ბოსტონში მწოლიარე აქცია გამართეს და თავი მოიმკვდარუნეს დამღუპველი საფრთხის გამოსახატად; ფილადელფიაში კი ხელი მოაწერეს დედამიწაზე მცხოვრები ყველა სახეობის გრძელ „ურთიერთდამოკიდებულების დეკლარაციას“.
„დედამიწის დღემ“ ზუსტად ის რეაქცია გამოიწვია, როგორსაც ველოდი“, – იტყვის მოგვიანებით აშშ-ის სენატორი, იდეის ავტორი გეილორდ ნელსონი. „ეს მართლაც გასაოცარი იყო – სახალხო აფეთქება“.
მე სწორედ ამ უნიკალური მომენტის „ნაყოფი“ ვარ, თავისი მწოლიარე აქციებითა და დეკლარაციებით. 70-იანი წლები გავატარე წვიმიან დემონსტრაციებსა და პლანეტის მომავალზე დარდიან ფიქრებში.
როდესაც წამოვიზარდე, ჟურნალისტობა გადავწყვიტე გარემოს დაცვითი განხრით – ჩემი თინეიჯერული გულისთქმა პროფესიად ვაქციე. გავემგზავრე ამაზონის ჯუნგლებში და გავაშუქე გაუტყეურების პრობლემები; ჩავედი ახალ ზელანდიაში, რათა ჩემი თვალით მენახა ინვაზიური სახეობების ზემოქმედება ადგილობრივ ფაუნაზე; გრენლანდიასაც კი ვესტუმრე; იქ გავყევი მეცნიერებს, რომლებიც დნობად მყინვარულ საფარს იკვლევდნენ.
დღეს ვცხოვრობ ახალ ინგლისში, სადაც ბუნება აპრილში დიდებულად იფურჩქნება. ხეებზე კვირტები გამოდის, ისმის სტვენია ვასაკების გადაძახილები, პივები (ტირანისებრთა ოჯახის გვარი) კი ბუდეებს იშენებენ. ყოველი წლის 22 აპრილს, „დედამიწის დღეს”, ტყეში მივდივარ სალაშქროდ; თავკომბალებს დავეძებ და გაზაფხულის ეფემერული სიცოცხლით ვტკბები. და, ამასთან, ყოველ წელს სულ უფრო მეტად მაფიქრებს პლანეტის მომავალი.

ნიუ-იორკში კოლეჯის სტუდენტს აირწინაღი გაუკეთებია და ხარბად ყნოსავს მაგნოლიას. ეს სცენა დემონსტრაციის ნაწილია, რომელიც 1970 წლის 22 აპრილს, პირველ „დედამიწის დღეზე“, გაიმართა. ამ შემთხვევიდან ერთ წელიწადში ჩატარებული გამოკითხვით აშშ-ის მოქალაქეთა 25 პროცენტი აცხადებდა, რომ გარემოს დაცვა მნიშვნელოვანი მიზანია. 1969 წელს ეს მონაცემი ნულთან ახლოს იყო.
ფოტო: AP Photo
პირველ „დედამიწის დღეზე” NBC-ს გადაცემის წამყვანმა, ფრენკ ბლერმა, ერთი უცნაური გზავნილი გაგვაცნო; ეს სიტყვები მეცნიერ ჯ. მარი მიტჩელს ეკუთვნოდა, რომელიც გვაფრთხილებდა: თუ რამეს არ მოვიმოქმედებთ ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად, წარმოიქმნება სათბურის ეფექტი, შედეგად ის გაათბობს მთელ პლანეტას, დაადნობს არქტიკის ყინულოვან საფარს და დატბორავს მსოფლიოს ვრცელ ტერიტორიებს.
მაშინ, ალბათ, არცთუ ისე ბევრი მაყურებელი მიუხვდა ბლერს, რას გულისხმობდა თავის სიტყვებში. 1970-იან წლებში ტერმინი „გლობალური დათბობა“ ეს-ესაა მკვიდრდებოდა. მეცნიერებმა იცოდნენ, რომ გარკვეული აირები, მათ შორის ნახშირორჟანგი, დედამიწის ზედაპირთან იჭერს სითბოს და ატმოსფეროს ქვედა ფენებში ატყვევებს, მაგრამ მხოლოდ ერთ-ორ მეცნიერს თუ გაუკეთებია მომავლის პროგნოზი – რამდენად დიდი მასშტაბით იმოქმედებდა პლანეტაზე წიაღისეული საწვავის მოხმარება. იმ დროს კლიმატის მოდელირება ჯერ კიდევ ახალგაზრდა მეცნიერება გახლდათ.
მას შემდეგ კლიმატის მოდელებმა ბევრად კომპლექსური სახე მიიღო. აშშ-ში არაერთი სამოქალაქო ჯგუფი კვლავაც ჯიუტად აცხადებს, რომ კლიმატის ცვლილების მეცნიერება აბსურდია, მაგრამ ფაქტია – დღეს ჩვენ უკვე ვიღებთ აღნიშნულ პროცესთა ხილულ შედეგებს.
არქტიკაში ირღვევა მრავალწლოვანი ყინულის საფარი – ზღვის ყინული, რომელიც ზაფხულშიც არ ლღვებოდა. გასული ნახევარი საუკუნის განმავლობაში მისი ფართობი 3 მილიონ კვ. კმ-ზე მეტით შემცირდა. ზღვის დონე არნახული სისწრაფით მატულობს, რაც მეტწილად გრენლანდიისა და ანტარქტიდის აჩქარებული ტემპით დნობასთან არის დაკავშირებული.
დღეს აშშ-ში ჩვენ სულ უფრო ხშირად ვხედავთ სანაპირო ქალაქებს, რომლებიც „მზიან დღეებშიც“ კი იტბორება, ერთი ძლიერი მოქცევითი ტალღა – და მაშინვე წყლის ნაკადი მიგრიალებს ქუჩებში. ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის პროგნოზით, ამ ტიპის წყალდიდობები ჩვეულ მოვლენად იქცევა ისეთი ქალაქებისთვის, როგორებიცაა მაიამი (ფლორიდა) და ჩარლსტონი (სამხრ. კაროლინა); თანაც, ასეთი სურათი შესაძლოა მივიღოთ სულ რამდენიმე ათწლეულში. 2050 წლისთვის ივარაუდება, რომ ნორფოლკს (ვირჯინია) თითქმის ყოველ მეორე დღეს დატბორავს მოქცევითი ტალღები.
და, თუ ზღვის დონის ამგვარი მატება ცხოვრებას გაურთულებს ნორფოლკის მსგავს ადგილებს, მაშინ რაღა დაემართებათ, ვთქვათ, მარშალისა და მალდივის კუნძულებს?! აშშ-ისა და ნიდერლანდელ მეცნიერთა გამოქვეყნებული ერთი ბოლოდროინდელი კვლევის თანახმად, ამ საუკუნის შუა წლებში ატოლთა უმეტესობა დაუსახლებელ ზონებად გადაიქცევა.
ამასთან, წყალდიდობა მხოლოდ ერთ-ერთი ნეგატიური გამოვლინებაა, რომელსაც კლიმატის ცვლილება გამოიწვევს. დამთბარ დედამიწაზე გახშირდება და უფრო მრისხანე ხასიათს მიიღებს გვალვები, შტორმები, გახანგრძლივდება ტყის ხანძართა სეზონიც.
1970 წლამდე მეგახანძრები – ხანძარი, რომელიც 40 000-მდე ჰექტარზე ვრცელდება – იშვიათობა გახლდათ აშშ-ში; გასულ დეკადაში კი ათეულობით მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა. 2019 წლის ზაფხულში 7 მილიონ ჰექტარზე მეტი გადაიწვა ციმბირში; წარმოიდგინეთ, თითქმის მთელ ირლანდიას რომ ცეცხლი მოსდებოდა. ეს რეგიონი მომწამვლელ კვამლში გაეხვა, ჯანდაცვის თანამშრომლებმა ურჩიეს მოსახლეობას, რომ მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დაეტოვებინათ სახლი. 2019 წლის ბოლოსა და 2020 წლის დასაწყისში 9,5 მილიონ ჰექტარზე მეტი გადაიწვა ავსტრალიაში.
არც ესაა სრული ჩამონათვალი. მიწის დეგრადაცია, მარჯნების გაუფერულება, მომაკვდინებელი სითბური ტალღები, მკვდარი ზონების გაფართოება ზღვებში – ყველა ეს პროცესი მიმდინარეობს სწორედ დღეს! მე შემიძლია უსასრულოდ განვაგრძო იმ საფრთხეების ჩამოთვლა, რომელთაც კლიმატის ცვლილება გვიქადის, მაგრამ ასე, ალბათ, სულაც შეწყვეტდით სტატიის კითხვას. ვფიქრობ, უკვე დასახელებული მოვლენებიც საკმარისია, რომ თვალსაჩინოდ დაგვანახოს ჩვენი ეკოსისტემის მასშტაბური რღვევა – და ეს პროცესი სულ უფრო აქტიურდება წლიდან წლამდე.
რას დაემსგავსება დედამიწა 2070 წელს, „დედამიწის დღის” 100 წლისთავზე? ეს ცალსახადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენ ნახშირორჟანგს გამოვყოფთ აღნიშნულ თარიღამდე – სულ ათიოდე წუთში, რა დროსაც ამ სტატიის კითხვაში დახარჯავთ, კიდევ დაახლოებით ნახევარი მილიონი ტონა CO2 გაიფრქვევა ატმოსფეროში – მაგრამ, ჩვენდა საუბედუროდ, მომავლის უმეტესი „ფურცელი“ უკვე დაწერილია და ვეღარაფრით შევცვლით.

ზაფხულის ტემპერატურა სულ უფრო და უფრო იმატებს და მდნარი თოვლისგან წარმოქმნილი ტბებიც მომრავლდა გრენლანდიის ყინულოვან საფარზე. აქ ორი ფოტოა, რომლებიც წინათ და ახლა უჩვენებენ 125-ჰექტარიან ტბას. 2018 წელს ის სრულიად დაიცალა, როდესაც ყინულმა ლღობა დაიწყო და ნაპრალები გაუჩნდა.
კომპოზიტური გამოსახულებები: ტომ ჩადლი, კემბრიჯის უნივერსიტეტი
პირველმა „დედამიწის დღემ” ხალხის მასებიდან წამოსული ისეთი აფეთქება წარმოშვა, რომ ყველა მედიასაშუალებას სურდა მისი გაშუქება. ტელეგადაცემა „Today“ მთელი ერთი კვირა უშვებდა სპეციალურ პროგრამას თემით: „ახალი მსოფლიო ან დასასრული“. სატელევიზიო შოუს სტუმარმა, ჰიუ დაუნსმა, ამგვარი შეფასებით გახსნა აღნიშნული კვირეული: „ჩვენი პლანეტა ლპება იმ ნარჩენებით, რომლებსაც ჩვენივე უზრუნველი ცხოვრებით ვტოვებთ. ჩვენი ოკეანეები იღუპება, ჩვენი ჰაერი იწამლება“.
„გვინდა ჩვენი ცხოვრების წესის ამოყირავება? – რადგან ზუსტად ასეთი მკვეთრი ცვლილება დაგვჭირდება“, – აგრძელებდა დაუნსი. „თუ განვაგრძობთ გამრავლებას, კიდევ და კიდევ მეტ ენერგიას მოვითხოვთ, ყველაფერს სულ უფრო მეტს, სანამ გავიგუდებით, ან შავი ჭირი და შიმშილი დაგვხოცავს? ალბათ, მომდევნო 50 წელში, ან, იქნებ, მომავალ ორიოდე ათწლეულშიც?“
1970 წელს 3,7 მილიარდი ადამიანი ცხოვრობდა მთელ პლანეტაზე. იმ დროს დაახლოებით 200 მილიონი მსუბუქი და სატვირთო მანქანა მოძრაობდა გზებზე; ნავთობის მოხმარება 45 მილიონ ბარელს (7 მილიარდი ლიტრი) თუ უტოლდებოდა დღეში. იმავე წელს ჩვენ ვაწარმოეთ 30 მილიონ ტონამდე ღორის ხორცი და 13 მილიონ ტონამდე ფრინველის ხორცი, ოკეანეებიდან კი მივიღეთ 65 მილიონ ტონამდე ზღვის პროდუქტი.
დღეს თითქმის 8 მილიარდი ადამიანი და 1,5 მილიარდი ავტოსატრანსპორტო საშუალებაა მთელ დედამიწაზე. ორზე მეტჯერ გაიზარდა გლობალური ნავთობის წარმოება და მასთან ერთად – მთლიანი ენერგიის მოხმარება. ღორის ხორცის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე თითქმის გაორმაგდა, ფრინველის ხორცისა კი – გაოთხმაგდა. სარეწაო თევზჭერის მოცულობა გაიზარდა 50 პროცენტით და ეს იმ ფონზე, როდესაც ჭარბი თევზჭერის შედეგად სულ უფრო გამოფიტულ წყლებში გვიწევდა თევზაობა. სხვა სიტყვებით, დაუნსს რომ დავესესხოთ, ჩვენ განვაგრძობთ „უფრო და უფრო მეტის მოთხოვნას“.
და მაინც, ადამიანები მხოლოდ კი არ გადარჩნენ ასეთ რეალობაში, არამედ, პროგრესსაც მიაღწიეს არაერთი ასპექტით. გლობალურად, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 59 წლის ასაკიდან (1970 წლის მონაცემი) 72 წლამდე გაიზარდა. პლანეტის მოსახლეობა გაორმაგდა და გასცდა კიდეც ამ მაჩვენებელს, მაგრამ უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ადამიანთა რაოდენობა მაინც გავანახევრეთ.
დღეს რომ შევაფასოთ დაუნსის ძველი პროგნოზები, მარტივად დავინახავთ, თუ რატომ არ გამართლდა ისინი. მან ვერ გაითვალისწინა „მწვანე რევოლუციის“ მსგავსი სამეცნიერო გარღვევები, რამაც მცენარეთა ახალი ჯიშები თუ ინოვაციური სამეურნეო ტექნოლოგიები მოიტანა. ამ ახალ რეალობაში მარცვლეულის წარმოება ისე გაიზარდა უკანასკნელ 50 წელიწადში, რომ მოსახლეობის ბუნებრივი მატების ტემპსაც კი გადაუსწრო. 1970 წელს მხოლოდ ჰორიზონტზე თუ მოჩანდა აკვაკულტურის ნიშნები, დღეს კი ამ ახალი გზით ასამდე მილიონ ტონა თევზს ვაწარმოებთ ყოველწლიურად.
დღესვე რომ დავიწყოთ აღნიშნული ემისიების შემცირება, კლიმატი მაინც გააგრძელებს ცვლილებას და პრობლემა გაიზრდება.
ამგვარად, ხომ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ გარკვეული ტიპის ინოვაციები – ტექნოლოგიური თუ სოციალური – მომავალშიც გვიხსნის გლობალური დათბობით გამოწვეული საფრთხეებისგან? დიახ, მე მართლაც მჯერა, რომ კაცობრიობა არაერთ სფეროს გაარღვევს 2070 წლამდე. დღეს მე დავდივარ მანქანით, რომელიც მხოლოდ წყლის ორთქლს გამოყოფს და ესაა მისი ერთადერთი ნარჩენი პროდუქტი; მინახავს ისეთი დანადგარებიც, ნახშირორჟანგს რომ შთანთქავენ ჰაერიდან. აქამდე წარმოუდგენელი ინოვაციები მართლაც რეალურ სახეს იძენს.
თუმცა, საუბედუროდ, კლიმატის ცვლილება მეტად სპეციფიკური პრობლემაა. ნახშირორჟანგი ატმოსფეროში რჩება საუკუნეების, შესაძლოა, ათასწლეულების განმავლობაშიც, ეს კი ნიშნავს შემდეგს: დღესვე რომ დავიწყოთ ჩვენ აღნიშნული ემისიების შემცირება, ატმოსფეროში გამოყოფილი CO2-ის გარკვეული რაოდენობა მაინც გააგრძელებს კლიმატის ცვლილებას. დედამიწა კვლავაც გათბება, სანამ სრულიად არ შევაჩერებთ ემისიებს.

საიმპერატორო პინგვინები, ჩვეულებრივ, ზღვის ყინულზე მრავლდებიან. როდესაც ეს ყინული მყიფეა და ბარტყების დაფრთიანებამდე იშლება, მაშინ „იმპერატორებს“ მატერიკის უფრო მყარ, შელფურ მყინვარზე ასვლა უწევთ. შედეგად, ამ შებუმბლულ მოზარდებს უხდებათ დიდი სიმაღლეებიდან გადახტომა, რათა ოკეანეში გამოკვება შეძლონ. ზღვის ყინულს, სავარაუდოდ, ოკეანის დათბობა შეამცირებს.
ფოტო: სტეფან ქრისტმანი
ამასთან, ჩვენ ჯერ კიდევ არ გვიგრძნია უკვე გამოყოფილი CO2-ის სრული ეფექტები. მაგალითად, უსაზღვრო ოკეანეებს, CO2-ის მოცემული რაოდენობის პირობებში, დიდი დრო სჭირდება გასათბობად. გლობალურად, დედამიწის საშუალო ტემპერატურა ერთი გრადუსით გაიზარდა 1880-იანი წლებიდან, მაგრამ სისტემაში არსებული „დროში ჩამორჩენის“ გათვალისწინებით, მეცნიერები აცხადებენ: გარდაუვალია ტემპერატურის კიდევ ნახევარი გრადუსით მატება. კლიმატის ცვლილების შედეგი უფრო გვიან იჩენს თავს.
რამდენი ცელსიუსით უნდა გაიზარდოს ტემპერატურა, რომ მართლაც კატასტროფული ცვლილებები დაიწყოს? ვთქვათ, სრულიად დადნეს გრენლანდიის ყინულოვანი საფარი, რაც 6 მეტრით აწევდა ზღვის დონეს მსოფლიოში! მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ კრიტიკულ ზღვარს გადავაბიჯებთ 2-გრადუსიან, ან, შესაძლოა, 1,5 გრადუსით ტემპერატურის ზრდის შემთხვევაშიც. ტემპერატურა უკვე ისედაც აწეულია 1 გრადუსით, კიდევ ნახევარი გრადუსი ჯერაც „გზაშია“, ასე რომ, 1,5-გრადუსიან ზღვარს გადაცდენა გარდაუვალია. 2-გრადუსიან ზღურბლთან ტემპერატურის „გასაყინად“ გლობალური ემისიები, სულ ცოტა, უნდა განახევრდეს მომდევნო რამდენიმე ათწლეულში, ხოლო 2070 წლისთვის – სრულიად განულდეს.
თეორიულად ეს შესაძლებელია. მთელი მსოფლიოს წიაღისეული საწვავის ინფრასტრუქტურა ჩანაცვლდებოდა მზის ბატარეებით, ქარის ტურბინებითა და ატომური ელექტროსადგურებით, მაგრამ პრაქტიკაში, ქარისა და მზის „ბუმმა“ ვერაფრით შეამცირა წიაღისეული საწვავის მოხმარება, რადგან ჩვენ სულ უფრო მეტ ენერგიას ვითხოვთ. კლიმატის ცვლილების ეფექტებს უკვე მართლაც თვალსაჩინოდ ვხედავთ, მაგრამ გლობალურ ემისიებს კვლავაც ვზრდით. 2019 წელს დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებელი: 43,1 მილიარდი ტონა. იმ წლის დეკემბერში გაეროს ეგიდით ჩატარდა კონფერენცია ზემოხსენებული საკითხის გადასაჭრელად, თუმცა, კონსენსუსს ვერაფრით მიაღწიეს და მადრიდში გამართული ეს მორიგი შეხვედრაც კრახით დასრულდა. თუ დღევანდელი ტენდენციები გაგრძელდება, ჩვენი მსოფლიო ბევრად სახიფათო პლანეტად გადაიქცევა 2070 წლისთვის – სამყარო, სადაც წყალდიდობა, გვალვა, ხანძარი, და, სავარაუდოდ, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სამოქალაქო არეულობა, მილიონობით ადამიანს დაატოვებინებს სახლს.
გასულ წელს ნეკროლოგი დავუწერე ჯორჯს, ერთ საყვარელ ლოკოკინას, რომლის 2,5 სმ-იანი რუხი სხეული და ნიჟარა ჩალისფერი და მურა რგოლებით იყო მოხატული. მთელი ცხოვრება, 14 წელი, ჰონოლულუს ერთ ტერარიუმში გაატარა, თავისთვის, წყნარად დახოხავდა. ჯორჯი ჰერმაფროდიტი გახლდათ, თუმცა პარტნიორი სჭირდებოდა გასამრავლებლად. ასე რომ, ჰონოლულუში მეცნიერებმა (ჰავაის მეტყევეობისა და ველური ბუნების დეპარტამენტი) სცადეს მისთვის მეწყვილე ეპოვათ, მაგრამ უშედეგო ძებნის შემდეგ დაასკვნეს, რომ, სავარაუდოდ, ჯორჯი უკანასკნელი ინდივიდია თავის სახეობაში – Achatinella apexfulva. ჯორჯის სიკვდილიდან ერთ-ორ დღეში აღნიშნულ მეცნიერთა ჯგუფმა გამოაქვეყნა სამგლოვიარო სიტყვა სათაურით: ვემშვიდობებით ჩვენს საყვარელ ლოკოკინას… და სახეობას“.
Achatinella apexfulva შეუერთდა იმ გადაშენებულ სახეობათა გრძელ სიას, რომლებიც 1970-იანი წლების შემდეგ გაუჩინარდნენ. ამავე ნუსხაში გვხვდებიან: ანდური მურტალა, უოლტერსტორფის ტრიტონი, ნარინჯისფერი გომბეშო, აღმოსავლეთავსტრალიური ბაყაყი და საუდის გაზელი. კიდევ რამდენიმე ასეული სახეობა, მაგალითად, ჩინური მდინარის დელფინი დასახელებულია „სავარაუდოდ გადაშენებულ“ ცხოველად. მათი უმრავლესობა უკვე ათწლეულებია, რაც აღარავის უნახავს. ამ ნუსხაში მხოლოდ ის სახეობებია აღრიცხული, რომლებიც IUCN-მა შეაფასა – აღნიშნული რაოდენობა კი სულ 2 პროცენტია რეალურად ბუნებაში არსებული სახეობებისა. დღეს გადაშენების ტემპი 100-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ოდესმე დაფიქსირებულა მთელ გეოლოგიურ ისტორიაში.

სან-დიეგოს ზოოპარკის საკონსერვაციო ინსტიტუტში ბარბარა დურანტი ექსტრაქციის გზით იღებს უჯრედულ კულტურებს. ამ გაყინულ ზოოპარკში 1100 სახეობისა თუ ქვესახეობის 10 000 ცოცხალი უჯრედული ხაზი ინახება. მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ამ დაკონსერვებულ უჯრედებს ღეროვან უჯრედებად და ბოლოს – სპერმატოზოიდებად გადააქცევენ. როდესაც კონკრეტულ სახეობას ვეღარც ჰაბიტატების კონსერვაცია შველის და ბრაკონიერობასთან ბრძოლაც არაეფექტურია, მაშინ შესაძლოა სწორედ ლაბორატორიული მეცნიერება დაგვეხმაროს.
ფოტო: ბრენტ სტირტონი
გასულ შემოდგომას ერთი კვლევა გამოქვეყნდა, რომლის თანახმად, 50 წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით, დღეს 3 მილიარდამდე ნაკლები ფრინველია ჩრდილოეთ ამერიკაში (30%-იანი კლება). მწერების რიცხვიც ასევე იკლებს. 2017 წელს ევროპელ მეცნიერთა გამოქვეყნებული კვლევით, მფრინავი მწერების ბიომასა 76 პროცენტით შემცირდა გერმანიის დაცულ ტერიტორიებზე, თანაც მხოლოდ ამ ბოლო 3 ათწლეულში.
თუ ადამიანები `უფრო ხარობენ“ 1970 წელთან შედარებით, ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით დედამიწის სხვა ბინადრებზე. ამ ორივე ტენდენციას საერთო წყარო აქვს. მსოფლიოს მზარდი მოსახლეობის გამოსაკვებად, დასაბინავებლად და ენერგიით უზრუნველსაყოფად, რესურსები თითქმის სრულად მივითვისეთ. ჩვენ მნიშვნელოვნად შევცვალეთ დედამიწის დაახლოებით სამი-მეოთხედი, რომელიც ყინულისგან თავისუფალია. დაიკარგა წყალ-ჭაობიანი ზონების 85%-ზე მეტი. სოფლის მეურნეობამ უფრო ინტენსიური ფორმა მიიღო და გაზრდილი ფართობები ეთმობა მონოკულტურებს; მცირდება სარეველებით დაფარული ზონები, რომლებიც მწერებს ასაზრდოებდა, ხოლო ისინი, თავის მხრივ, ფრინველებს კვებავდნენ. კლიმატის ცვლილებისა თუ ინვაზიურ სახეობათა შეჭრის მიზეზით, ეროვნულ პარკებშიც კი არაერთ სახეობას უმცირდება ჰაბიტატი.
უკანასკნელი 50 წლის მთავარი შეკითხვა ამგვარად ჟღერს: გაგრძელდება ამ გასული 50 წლის ტენდენცია?! ჩვენ შეგვიძლია ერთობლივად გადავწყვიტოთ, რომ შევარბილოთ ადამიანთა „დარტყმები“ დედამიწის სხვა სახეობებზე, ვთქვათ, აღარ გავჩეხოთ ტყეები და კვლავ დავაკავშიროთ ფრაგმენტირებული ჰაბიტატები, მაგრამ, როგორც ნახშირორჟანგის ემისიის შემთხვევაში, ამის ალბათობა ძალიან მცირეა. პირიქით, ტროპიკულ ზონებში გაუტყეურების მაჩვენებელი მკვეთრადაც კი გაიზარდა გასული რამდენიმე წლის განმავლობაში.
შარშან ერთი ანგარიში გამოსცა საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელიც ეკოსისტემათა და ბიომრავალფეროვნების მდგომარეობას ზედამხედველობს. მათ ანგარიშში გაფრთხილებაა: კაცობრიობა ვეღარ გააგრძელებს ასე უზრუნველად ცხოვრებას მაშინ, როდესაც ამდენი სხვა სახეობაა გადაშენების პირას. „ბუნება არსებითი ელემენტია ჩვენი სიცოცხლისთვის“, – აღინიშნებოდა მოხსენებაში. მაგალითად, მოსავლის დაახლოებით სამი-მეოთხედი დამოკიდებულია დამამტვერიანებლებზე – ფრინველები, ღამურები და, ხშირ შემთხვევაში, მწერები. ადამიანები ასე მარტივად ვერ ვიცხოვრებთ ამ ბინადართა გარეშე.
განახლებადი ენერგიის „ბუმმა“ ვერ შეამცირა წიაღისეული საწვავის
მოხმარება, რადგან ჩვენ სულ უფრო მეტ ენერგიას ვითხოვთ.
„ეს არსებითი, ურთიერთდაკავშირებული სიცოცხლის ქსელი სულ უფრო ვიწროვდება და ირღვევა“, – ამბობს ეკოლოგი იოზეფ სეტელი (გარემოსდაცვითი კვლევის ჰელმჰოლცის ცენტრი, გერმანია).
რა თქმა უნდა, სეტელი და მისი კოლეგები შესაძლოა საერთოდაც ცდებოდნენ თავიანთ შეფასებებში; თავის დროზე დაუნსმაც ხომ ვერ გაითვალისწინა ჩვენი სახეობის ძალა. იქნებ, ადამიანებმა მაინც მოახერხონ და დახვეწონ, ვთქვათ, ყვავილის მტვრის მატარებელი დრონები (ეს ტექნოლოგია უკვე გამოსცადეს).
იქნებ, ჩვენ ასევე მოვიფიქროთ, თუ როგორ გავუმკლავდეთ ადიდებულ ზღვებს, გამძვინვარებულ ქარიშხლებსა და გახანგრძლივებულ გვალვებს. ალბათ, გენური ინჟინერიით გამოყვანილი მარცვლეული კულტურებით ვეცდებით, რომ მსოფლიოს ასეთი ტემპით ზრდადი მოსახლეობა გამოვკვებოთ. დაბოლოს, შესაძლოა ისიც კი გავიაზროთ, რომ „ურთიერთდაკავშირებული სიცოცხლის ქსელი“, თურმე, სულაც არ ყოფილა აუცილებელი ადამიანთა არსებობისთვის დედამიწაზე.
ვიღაც-ვიღაცებმა შესაძლოა კაცობრიობის პროგრესადაც კი მონათლონ ტექნოლოგიური ინოვაციების „ხელით“ გაწყვეტილი კავშირი სხვა ცოცხალ სახეობებთან და მათგან სრული დამოუკიდებლობის მოპოვება. ჩემს გონებაში კი ამგვარი რეალობა უკიდურესად შემაშინებელ სამყაროს ძერწავს. ასე ხომ ჩვენ უსასრულოდ გავაგრძელებდით აქამდე არჩეულ გზას – შევცვალოთ ატმოსფერო, დავაშროთ წყალ-ჭაობები, გამოვაცარიელოთ ოკეანეები და „გავაუდაბუროთ“ ცა. და, სრულიად რომ გავთავისუფლდებით ბუნებისგან, სწორედ მაშინ აღმოვაჩენთ, თუ რაოდენ მარტოსულები ვართ ჩვენს სამყაროში. ალბათ, მხოლოდ ერთი „მეგობარი“ დაგვრჩება: მწერი-დრონები.
ელიზაბეთ კოლბერტი New Yorker-ის შტატიანი მწერალია; იგი ხშირად თანამშრომლობს National Geographic-თან; მისი სტატია ადამიანთა გენეტიკაზე, 2018 წლის აპრილის ნომერში გამოქვეყნდა. ელიზაბეთის დაწერილ წიგნს „მეექვსე გადაშენება“, 2015 წელს პულიტცერის ჯილდო ხვდა წილად.
