ბრძოლა გადარჩენისთვის
როგორ ცხოვრობდნენ და კვდებოდნენ ჩვენი დმანისელი წინაპრები? პასუხებს მეცნიერები 1,8 მილიონი წლის წინანდელ განამარხებულ ნაშთებში ეძებენ.
მოდით, ჩავუღრმავდეთ დმანისის მომხიბვლელ სამყაროს – ადგილს, სადაც მეცნიერებმა უმნიშვნელოვანესი აღმოჩენების წყალობით უამრავი რამ გაიგეს ადრეული ადამიანების არსებობასა და ყოფაზე. ეს ადამიანები აქ თითქმის 1,8 მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ.
დმანისი ჯადოსნური ადგილია მეცნიერებისთვის. იქ ერთხელ თუ მაინც მოხვდებით, აუცილებლად მოგნუსხავთ; მუდმივად მისკენ გაგიწევთ გული. ძლიერი მონატრება იცის დმანისის ჰაერმა, ველმა, არქეოლოგიურმა გათხრებმა, კოლეგებმა, საღამოს სამეცნიერო დისკუსიებმა და აზროვნების იმ თავისუფლებამ, რომელიც ფაქტების, წარმოსახვის და ცოდნის შერწყმას მოაქვს. დმანისი ხომ მარტო საქმე არაა არქეოლოგებისთვის. ის სამყაროა, რომელშიც წარსული და აწმყო ერთმანეთს ერწყმის. ის, როგორც არქეოლოგიური ძეგლი, უნიკალურია. დმანისის სხვადასხვა კულტურული ფენა – ძველი ქვის ხანა, ბრინჯაოს ხანა და შუა საუკუნეები – ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. მრავალი მიმართულების მეცნიერი ვიკრიბებით ამ მწვანეში დაბურული შუა საუკუნეების ნანგრევების ქვეშ, ვთხრით და ვიკვლევთ, თუ როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები შუა საუკუნეებში, ბრინჯაოს ხანასა და ძველ ქვის ხანაში, როდესაც ადამიანი ჯერ Homo erectus-ის სახეობას მიეკუთვნებოდა და მისი ბრძოლა გადარჩენისთვის სულ სხვა, ჩვენთვის წარმოუდგენელი ტიპის სირთულეებით იყო დატვირთული.
დმანისის არქეოლოგიური ძეგლი კონცხზე მდებარეობს. კონცხის კიდიდან ორი მდინარე მოჩანს – მაშავერა და ფინეზაური; მოჩხრიალებენ და ერთმანეთს ერწყმიან. კონცხის მეორე კიდეზე ციტადელია – შუა საუკუნეების ციხესიმაგრე – და მისი მუდმივად ქარიანი მწვერვალიდან ხედი მთელ დმანისზე იშლება.
1,8 მილიონი წლის წინაც დმანისი დაახლოებით ისეთივე მწვანე იყო, როგორც ახლა. კლიმატური პირობებიც დღევანდელს ჰგავდა ოთხივე სეზონით. თუმცა, დიდი განსხვავება იყო იმაში, თუ ვინ ბინადრობდა ამ ლამაზ, მწვანე ადგილას, მდინარესთან ახლოს. იმ ეპოქის ცხოველები მკვეთრად განსხვავდებოდნენ დღევანდელებისგან. დმანისში აღმოჩენილია ხმალკბილა ვეფხვი, გიგანტური აფთარი, მგელი, მარტორქა, სირაქლემა, ჟირაფი, სხვადასხვა ტიპის ირემი და ბევრი სხვა ცხოველი. ამ ცხოველებით მდიდარ და საშიშ გარემოში ადრეული ადამიანიც ბინადრობდა, რომელსაც მუდმივად უწევდა ბრძოლა გადარჩენისთვის – ეს იქნებოდა საკვების მოპოვება, ერთმანეთში კონფლიქტი, ინფექციური დაავადებები თუ მტაცებლებისგან თავის დაღწევა.
დმანისელი ადამიანები იყვნენ მომცრო ტანის, 1,5 მეტრი სიმაღლის და ჰქონდათ ტვინის მცირე მოცულობა – დაახლოებით 550-750 სმ3. გაითვალისწინეთ, თანამედროვე ადამიანის ტვინის მოცულობა საშუალოდ 1300 სმ3-ია.
თავის ქალას, ნომრით D2280, საზოგადოება „პირველი ევროპელის“ წოდებით და ზეზვას სახელით იცნობს. ზეზვას ბაქტერიული და ტრავმული დაზიანების კვალი ეტყობა (მარცხენა ფოტო). კეფის არეში (მარჯვენა ფოტო) აღინიშნება მტაცებლის მიერ მიყენებული ნახვრეტოვანი დაზიანება.
© ანა მარგველაშვილი, ფოტოგრაფი: მალხაზ მაჭავარიანი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი
ზაფხულის ერთ ცხელ დღეს, დმანისის ადამიანების თავის ქალებზე მუშაობისას, კოლეგები ვსაუბრობდით დმანისელების ცხოვრების ნირსა და თავის ქალებზე არსებულ უცნაურ დაზიანებაზე… ვბჭობდით, რა ტიპის დეფექტები შეიძლება ყოფილიყო დღეს ზეზვად წოდებულ თავის ქალაზე. შევიკრიბეთ პალეოანთროპოლოგები – დავით ლორთქიფანიძე, მართა ტაპენი, ფილიპ რაიტმაიერი, ნიკოლოზ წიქარიძე და თქვენი მონა-მორჩილი. ყველას ჩვენ-ჩვენი როლი გვაქვს კვლევისას: ზოგი მორფოლოგიას აღწერს, ზოგი პათოლოგიებს განიხილავს, ზოგი ტაფონომიას შეისწავლის, თავის ქალა ინდივიდის სიკვდილის შემდეგ დაზიანდა თუ – მანამდე. თავის ქალას დეტალურმა კვლევამ გვიჩვენა, რომ ზეზვას რამდენიმე სხვადასხვა ტიპის დაზიანება ჰქონდა. ამათგან ზოგი ძალადობით გამოწვეული ტრავმის შედეგი იყო, ზოგი – სავარაუდო ბაქტერიული ინფექციის ნაკვალევი და ზოგიც – მტაცებლის დატოვებული იარა. ალბათ, სწორედ ამ უკანასკნელმა გამოასალმა სიცოცხლეს ზეზვა.
ტრავმული დაზიანებები ბლაგვი იარაღის ჩარტყმის შედეგია. დაპირისპირებისას მოწინააღმდეგემ, სავარაუდოდ, ქვა ან ხის რამე ნივთი გამოიყენა. ჯგუფის შიგნით გარჩევები იყო ეს თუ სხვადასხვა ჯგუფს შორის დაპირისპირება, ვერ ვიტყვით, მაგრამ გასაყოფი ბევრი ექნებოდათ და, სავარაუდოდ, რესურსების, მიწის ან, თუნდაც, სოციალური სტატუსისთვის იბრძოდნენ.
ერთ-ერთი დაზიანება ტრავმული დეფექტებისგან განსხვავდებოდა. მისმა დეტალურმა ანალიზმა გამოავლინა, რომ ეს დაზიანება შეიძლება ბაქტერიული წარმოშობის ყოფილიყო. რადგან ძვალზე ბევრი დაავადება არ ტოვებს კვალს, ამიტომ დიფერენციული დიაგნოზის გამოყენებით ყურადღება რამდენიმე დაავადებაზე გავამახვილეთ და საბოლოო ვერსიად ტრეპონემატოზი დავასახელეთ. ამ დაავადებას ბაქტერია ტრეპონემა იწვევს. ეს იგივე ბაქტერიის ჯგუფია, რომელიც ცნობილ ვენერულ (სქესობრივად გადამდებ) დაავადება სიფილისს იწვევს. თუმცა მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ სიფილისი იმ დროს არ არსებობდა. სიფილისი „ახალგაზრდა“ დაავადებაა და მხოლოდ ჩვენს სახეობაში ჩნდება, ტრეპონემა კი, სავარაუდოდ, ბევრად უფრო ადრე არსებობდა. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ტიპის ტრეპონემატოზი გვხვდება და უმეტესობა ვენერული არ არის. ვინაიდან დმანისში ტრეპონემატოზის უძველესი შემთხვევაა აღმოჩენილი, შესადარებელი მასალაც არ არსებობს და ამიტომ დაავადება მხოლოდ ვარაუდად რჩება, სანამ მეტ შემთხვევას არ აღმოვაჩენთ და დავადასტურებთ.

1. ახალგაზრდა ინდივიდი;
2. მოხუცი, უკბილო ინდივიდი;
3. ზრდასრული ინდივიდი, Homo erectus-ის ყველაზე კარგად შემონახული თავის ქალა.
© ანა მარგველაშვილი, ფოტოგრაფები: გურამ ბუმბიაშვილი, ანა მარგველაშვილი, მალხაზ მაჭავარიანი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი
ზეზვას კეფაზე ოვალური ფორმის ნახვრეტოვანი დეფექტებიც აქვს. მათ შორის სწორედ ისეთი მანძილია, როგორიც რამდენიმე დიდი მტაცებლის ეშვებს შორის. ვფიქრობთ, რომ ჩვენი კვლევის ობიექტი მტაცებელმა იმსხვერპლა, რადგან მტაცებლები მსხვერპლს კეფის არეში სწვდებიან ხოლმე ნადირობისას. ამ ვერსიაზე ისიც მიუთითებს, რომ მსხვერპლს სახე არ აქვს შემორჩენილი. სახის მოღრღნა მტაცებლის დამახასიათებელია.
ჩვენმა კვლევამ წარსულში ჩაგვახედა და გაგვაგებინა, თუ როგორ ცხოვრობდნენ, იქცეოდნენ და იბრძოდნენ გადარჩენისთვის ადრეული ადამიანები. ძალადობის ნიშნები ცხადყოფს, რომ ადრეულ ადამიანთა ჯგუფები არ იყვნენ მშვიდობისმოყვარეები. კონფლიქტების არსებობა პირველყოფილ სოციუმში დამატებით კითხვებს აჩენს. საინტერესოა, როგორ მართავდნენ ისინი კონფლიქტებს, როგორ ინაწილებენ რესურსებსა და სივრცეს. ყველაფერთან ერთად გავიგეთ, თუ რით ავადმყოფობდნენ და როგორ ახერხებდნენ ან ვერ ახერხებდნენ მტაცებლებისგან თავის დაღწევას. უაღრესად საინტერესოა იმის აღმოჩენა, რომ ჩვენს წინაპრებს ჩვენგან ძალიან განსხვავებულ, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან მსგავს ყოფასთან უწევდათ ყოველდღიური ჭიდილი.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დოქტორი, პალეოანთროპოლოგი ანა მარგველაშვილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორია. განათლებით ექიმი-სტომატოლოგი პალეოანთროპოლოგიით მაშინ დაინტერესდა, როდესაც სტუდენტობისას დმანისის არქეოლოგიურ გათხრებზე მოხვდა მოხალისედ. იმ დროიდან დმანისის გუნდის წევრია.