ბუნებრივი ციხესიმაგრე იცავს სამხედრო არას
მექსიკის უზარმაზარი კარსტული ძაბრი ფრინველის ერთი სახეობის თავშესაფარია, რომელსაც ბრაკონიერები და გაუტყეურება უქმნიან საფრთხეს.
ბუნებრივი ციხესიმაგრე იცავს სამხედრო არას
მექსიკის უზარმაზარი კარსტული ძაბრი ფრინველის ერთი სახეობის თავშესაფარია, რომელსაც ბრაკონიერები და გაუტყეურება უქმნიან საფრთხეს.
თუთიყუშებს თავიანთი ბუდეებიდან აძევებს განაშენიანება თუ გაუტყეურება, მათ თავს ესხმიან ნათესების შეჭმისთვის და არალეგალურად იჭერენ ველურ ცხოველთა შავ ბაზარზე გასაყიდად. თუთიყუშების სულ 398 სახეობიდან 111 შეყვანილია ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წითელ ნუსხაში.
ბუნების მსოფლიო ფონდის ინფორმაციით, ველური ცხოველებით უკანონო ვაჭრობა თავისი მასშტაბით რიგით მეორეა, რის გამოც ვკარგავთ ბიომრავალფეროვნებას, მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის გაანგარიშებით კი ველურ ცხოველთა შავი ბაზრის ყოველწლიური შემოსავალი 10 მილიარდამდე დოლარს აღწევს. ბრაკონიერთა კონფისკაციები უჩვენებს, რომ მექსიკაში, სულ მცირე, ყოველწლიურად 65 000 თუთიყუშს იჭერენ; შედეგად, საფრთხე ემუქრება აღნიშნულ ქვეყანაში მობინადრე თუთიყუშების 23 სახეობის სიცოცხლეს. ამ ფრინველის დაჭერასა და გაყიდვას ფედერალური აკრძალვა შეეხო 2008 წელს, რამაც 30%-ზე მეტით შეამცირა ტრეფიკინგი, მაგრამ თუთიყუშს რეპროდუქციის დაბალი ტემპი ახასიათებს და, ამგვარად, მისი პოპულაცია ჯერჯერობით არ აღდგენილა.
ბრაკონიერები განსაკუთრებით დაეძებენ სამხედრო არას (Ara militaris mexicanus). თუთიყუშის აღნიშნული სახეობა იყოფა ორ შტოდ, რომლებიც წყნარი ოკეანისა და მექსიკის ყურის გასწვრივ შემორჩენილ ტყეში ბინადრობენ. ერთ დროს ეს ტყე ფართოდ ვრცელდებოდა მექსიკაში და ორ სანაპიროს აკავშირებდა ერთმანეთთან, სამხედრო არას ერთი იზოლირებული პოპულაცია კი გადარჩა ქვეყნის სიღრმეშიც – ერთგვარ გეოლოგიურ ციხესიმაგრეში, რაც მას თავდაცვაში დაეხმარა. კერეტაროს შტატის ეკორეგიონ სიერა-გორდაში მდებარეობს კირქვის უზარმაზარი კარსტული ძაბრი, სახელად სოტანო-დელ-ბარო. ეს ეკოლოგიური ზონა ფედერალური დაცვის ქვეშ მოექცა 1997 წელს, როგორც ნაწილი სიერა-გორდას ბიოსფერული რეზერვატისა.
455 მეტრზე დაშვებულ კარსტულ ძაბრს წრიულად აქვს შემორტყმული ფრიალო კლდეები, რომელთა ხვრელები და ნაპრალები ხელსაყრელ საბუდრებად ქცეულა. სამხედრო არა მონოგამიურია, ძირითადად იკვებება თხილეულით, რომელსაც გარშემო მოიპოვებს, თუმცა განაშენიანებისა და სოფლის მეურნეობის მიზეზით შემცირდა ახლომდებარე ტყის ფართობი, რაც მას აიძულებს, სულ უფრო დიდი მანძილი დაფაროს საკვების ძიებაში.
სოტანო-დელ-ბაროს კარსტული ძაბრის თუთიყუშებს ბიოლოგი ხუან კარლოს ორაკა აკვირდებოდა გასული 10 წლის განმავლობაში. იქ ცხოვრობს 70-80 ინდივიდი და აღნიშნული რიცხვი სტაბილურად უცვლელია 1998 წლიდან.
ამ გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად, National Geographic Society-მ დააფინანსა სამეცნიერო ექსპედიცია, რომელსაც ფოტოგრაფი და მკვლევარი რიკი აზარკოია ხელმძღვანელობდა: „აღნიშნულ პოპულაციაზე არ არსებობდა მონაცემები. ბიოლოგთა ღრმა რწმენით, ერთადერთი გზა იმის გასაგებად, თუ რატომ ვერ გაიზარდა სამხედრო არას აღნიშნული ჯგუფის რიცხოვნობა ბოლო 20 წლის განმავლობაში, გენეტიკური კვლევებია“, – ამბობს იგი.
აზარკოიამ მკვლევართა გუნდი შეკრა მექსიკის ეროვნული ავტონომიური უნივერსიტეტის (UNAM) მეცნიერთა და სამოქალაქო ასოციაცია „უძველესი ტყის“ წევრებისგან. „მიზანი გახლდათ კარსტულ ძაბრში ჩასვლა და ბუმბულების მოძებნა“, – ამბობს აზარკოია. „ოთხი მეკლდეური 400 მეტრ სიღრმეზე დაეშვა, რათა იმ მიკროკლიმატური ზონისთვის მიეღწიათ, რომელშიც უხვად გვხვდებოდა განამარხებული ნაშთები და მცენარეულობა“.
სოტანო-დელ-ბაროს (მარცხნივ) კარსტულ ძაბრს გარს შემორტყმია ფრიალო კლდეები, სადაც სამხედრო არა ბუდობს. მკვლევართა National Geographic Society-ს მიერ დაფინანსებული გუნდი (მარჯვნივ) აღნიშნული ადგილის შესასწავლად ემზადება.
ფოტო: ალეხანდრო გუტიერესი (მარცხნივ, მარჯვნივ)
ბუმბულებს, რომლებიც შეაგროვეს კარსტული ძაბრის ფსკერსა თუ მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე მექსიკის ზოოპარკებში მობინადრე ინდივიდებისგან, დნმ-ის ანალიზი ჩაუტარეს UNAM-ის ლაბორატორიაში. შედეგებმა დაამტკიცა, რომ მექსიკის ყურისა და წყნარი ოკეანის სანაპიროთა პოპულაციები გენეტიკურად განსხვავდება. ზოოპარკიდან მიღებული ყველა ნიმუში მიეკუთვნებოდა წყნაროკეანურ ხაზს, ხოლო კარსტული ძაბრის პოპულაცია – მექსიკის ყურეს.
კვლევებმა ასევე გამოავლინა, რომ სამხედრო არას აღნიშნული ჯგუფი ჩამოყალიბდა ახალ ქვესახეობად, რაც კარსტული ძაბრის იზოლირებულობამ განაპირობა. „ერთი ჰიპოთეზის თანახმად, ეს პოპულაცია უნდა ყოფილიყო თავდაპირველი ჯგუფი, რომელიც შემდეგ ორ სანაპირო პოპულაციად გაიყო; ამგვარად, სამხედრო არას დასაცავად არსებითია მისი გენეტიკური ისტორიის შესწავლა“, – ამბობს დიანა კორტეს ტენორიო.
ასეთი მცირე პოპულაციით სამხედრო არა დგას შიდაშეჯვარების (ინბრიდინგი) რისკის ქვეშ, რაც ზრდის ნაადრევი სიკვდილისა და ანომალიების ალბათობას.
კარსტულ ძაბრთან ცხოვრობს სანტა-მარია-დე-ლოს-კოკოსის თემი. მისი მხცოვანი წევრები იხსენებენ თავიანთ ახალგაზრდობას და ყვებიან, თუ როგორ ყრიდნენ ქვებს უზარმაზარ ღრმულში, რათა ეყურებინათ „ასობით და ათასობით“ სამხედრო არას ცაში აჭრისთვის. ზოგჯერ ქვებს ისროდნენ მათ დასაფრთხობადაც, როდესაც ისინი ნათესებს კენკავდნენ.
დღეს იქაური მოსახლეობის უმეტესობა, პირიქით, მათ დაცვაზე ფიქრობს, რადგან ამ ფრინველში ხედავენ ეკოტურისტულ პოტენციალს. ვიზიტორები უკვე ქირაობენ ადგილობრივ გიდებს, რომლებიც მათ ტყეში მიუძღვიან და მზის ამოსვლისას ტურისტები სამხედრო არას ჩვეულ ამოფრენას უცქერენ კარსტული ძაბრიდან. ორგანიზაცია „ველურ ცხოველთა მცველების“ გაანგარიშებით, მექსიკაში ბერდვოჩინგი (ფრინველებზე დაკვირვება) 54-ჯერ უფრო შემოსავლიანი საქმიანობაა, ვიდრე სახლის ცხოველებით ვაჭრობა.
„როდესაც თემს საერთო მიზანი აქვს და სარგებელი გაზიარებულია, მაშინ კონსერვაცია ხდება შეუდარებელი ეკონომიკური ძრავა და შვება ფლორისა თუ ფაუნისთვის. მაგალითად, სანტა-მარია-დე-ლოს-კოკოსში შემოსავლის აღნიშნული წყარო ახალგაზრდებს უჩენს სტიმულს, რომ აღარ გადასახლდნენ დიდ ქალაქებში“, – ამბობს აზარკოია.
ხეების დარგვითა და ტყის აღდგენით სამხედრო არას გაუჩნდება მეტი საკვები და შეუმცირდება ყოველდღიური სამიგრაციო მანძილიც, რომელსაც ის გადის სარჩოს მოსაპოვებლად. თემის ზოგიერთი წევრი სწორედ ასეთი გრძელვადიანი მიზნისკენ მიისწრაფვის თავისი უნიკალური მეზობლის ჰაბიტატის გამოსაცოცხლებლად.