
ცეცხლი და ყინული
ისლანდიის მკაცრი ლანდშაფტი თავის არაამქვეყნიურ სილამაზეს გარესამყაროსგან იცავს.
0 – მუდმივი ბინადარი
750 – მირდალსიეკუდლის მყინვარის სავარაუდო მაქსიმალური სისქე მეტრებში
40 000 – მთიანეთის ფართობი კვ. კილომეტრებში
სალაშქრო ბილიკებს მიღმა
ისლანდიის ვულკანური ლანდშაფტი ბევრ მნახველს იზიდავს, თუმცა მთიანეთთან მიახლოება ადვილი არ არის, ეს მხოლოდ ზაფხულში, მაღალი გამავლობის მანქანით არის შესაძლებელი, როდესაც გამდნარი თოვლისგან წარმოქმნილი წყლის ნაკადები უნდა გადაიარო. შემდგომ მოლაშქრეებს შეუძლიათ გაიარონ ლიოიგავეგიურის 55-კილომეტრიანი სალაშქრო ბილიკი ფერადი ლიპარიტის მთებში, ლაუნგიეკუდლის მყინვარის ქვეშ ყინულის გვირაბებში გაძვრნენ და ჰვერაველირის თერმული წყლების აბაზანა მიიღონ.
კადრის დაჭერა
როგორც კი მაილიფედლის ვულკანის მწვერვალი და მირდალსიეკუდლის მყინვარული ლანდშაფტი გამოჩნდებოდა, ფოტოგრაფი მეთიუ ბოროვიკი პატარა თვითმფრინავიდან გარეთ იხრებოდა: „კამერა უნდა გაიშვირო და შეეცადო, არ ჩაგივარდეს“, – ამბობს მეთიუ. მართალია, აეროგადაღებისას კლდოვანი და მთაგორიანი გზები არ გაბრკოლებს, მაგრამ უკანასკნელ სიტყვას მაინც ბუნება ამბობს. ჩვეული ავდრის დროს პილოტი ჰარალდურ დიეგო მახვილგონიერად აღნიშნავდა, რომ, ალბათ, თორი ბრაზობდა.
წარმოშობის ისტორია
შუაატლანტიკური ქედიდან ისლანდიის ცეცხლოვან დაბადებას მოწმობს გაცივებული ლავის პლატოები, შავი ქვიშები, კლდოვანი მთაგრეხილები თუ კალდერები. პერიოდულად „ფეიერვერკებიც“ იწყება ხოლმე, როგორც 2010 წელს, ეიაფიადლაიეკუდლის ვულკანის ამოფრქვევისას. მოგუგუნე ნიადაგისა და მცოცავი მყინვარების ფონზე ისლანდიური ხალხური ზღაპრები კიდევ ერთ ამბავს გვიამბობს: როგორ ეშვებიან ღამის წყვდიადში ტროლები მთის მღვიმეებიდან.