ჩამოასხით საკუთარი მყინვარი
რა შეიძლება მოვიმოქმედოთ, თუკი თოვლის დნობა ისე დაჩქარდა, რომ წყლით მუდმივად ვეღარ მოგვამარაგებს, ხოლო მყინვარები უკან, სულ უფრო ზემოთ იხევენ მთაში? ინდოეთის უკიდურესი ჩრდილოეთის მკვიდრმა ლადაქელმა მოსახლეობამ კლიმატის ცვლილებასთან გამკლავების ასეთ გზას მიაგნო: ყინულის უზარმაზარ გუმბათებს აკეთებენ, რომლებიც გაჭირვების დროს ფერმერებს წყლით უზრუნველყოფს


ჩამოასხით საკუთარი მყინვარი
რა შეიძლება მოვიმოქმედოთ, თუკი თოვლის დნობა ისე დაჩქარდა, რომ წყლით მუდმივად ვეღარ მოგვამარაგებს, ხოლო მყინვარები უკან, სულ უფრო ზემოთ იხევენ მთაში? ინდოეთის უკიდურესი ჩრდილოეთის მკვიდრმა ლადაქელმა მოსახლეობამ კლიმატის ცვლილებასთან გამკლავების ასეთ გზას მიაგნო: ყინულის უზარმაზარ გუმბათებს აკეთებენ, რომლებიც გაჭირვების დროს ფერმერებს წყლით უზრუნველყოფს
შეიძლება ითქვას, რომ ინდოეთის უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარე მაღალმთიან პლატო ლადაქს საფრთხე ემუქრება. მტერი წყლის რესურსს ართმევს და სახნავ მიწებს აუდაბურებს. სასოწარკვეთილი ფერმერები, რომლებიც ამ მწირ მიწაზე თხებს აშენებდნენ, ხორბალი და ქერი მოჰყავდათ მდინარე ინდზე მდებარე ქალაქ ლეჰში გარბიან. სონამ ვანგჩუკთან ერთად 2500 მეტრის სიმაღლის ქედებზე გადავდივართ, რათა მისი კლიმატის ცვლილებისაგან დამცავი ნაგებობები ვიხილოთ, რომლებსაც „სტუპას“ უწოდებს.
„მტერს არც ფორმა აცვია, არც რომელიმე ქვეყანას ემსახურება და არც ავტომატური იარაღი აქვს ასხმული“, – ამბობს ვანგჩუკი – ინჟინერი, რომელმაც ლადაქში ალტერნატიული სკოლაც დააარსა.

მტერი, რომელზეც იგი გვიამბობს, კლიმატის ცვლილებაა. უკანასკნელი ოთხი ათეული წლის განმავლობაში ზამთრის საშუალო ტემპერატურამ დაახლოებით ერთი გრადუსით მოიმატა, რამაც ლადაქის წყლის ციკლი დაარღვია. ლადაქი პაკისტანსა და ინდოეთს შორისაა მოქცეული და წლიურად სულ რაღაც 110 მილიმეტრი ნალექი მოდის. ამ პლატოსთვის მაცოცხლებელი ძალა მთის თოვლი და მყინვარებია, თუმცა თოვლის რაოდენობა ბევრად შემცირდა და საგაზაფხულო ხვნა-თესვამდე დნება, მყინვარებმა კი უკან დაიხია და დნობას უფრო გვიან იწყებს.
„დროის მონაკვეთი ზამთრის თოვლის დნობასა და მყინვარის საგაზაფხულო დნობას შორის სულ უფრო იზრდება“, – გვიხსნის ვანგჩუკი. გაზაფხულის ეს მშრალი მონაკვეთი მიწათმოქმედებას შეუძლებელს ხდის. „ჩვენ თვითონ გარემოს თითქმის არ ვაზიანებთ, მაგრამ კლიმატის ცვლილების შედეგები უკვე ვიწვნიეთ“, – ამბობს იგი. ლადაქელები კლიმატის ცვლილებას ვერ შეაჩერებენ, მაგრამ ყინულის გუმბათებმა შეიძლება გაზაფხულზე წყალი დაუბრუნონ.


(მარცხნივ) მთებით დაჩრდილულმა სტუპამ სოფელ ლამსოს სიახლოვეს ზაფხულის შუამდე გაძლო და ფერმერებს თავი გაატანინა, სანამ მათ მაღალმთიანეთიდან ბუნებრივი მყინვარების მდნარი წყლები შემოეშველებოდა. (მარჯვნივ) ყინულის სტუპების გამომგონებელმა სონამ ვანგჩუკმა ლადაქის ქალაქ ლეჰთან ალტერნატიული სკოლაც დააფუძნა. გუმბათების აგებაში მონაწილეობას ზოგჯერ სკოლის მოსწავლეებიც იღებენ. ამ ფოტოზე რამდენიმე მათგანი ფიანგის სტუპაზე დედამიწის დღეს აღნიშნავს.
მთავარი გზიდან ვუხვევთ და პაკისტანის საზღვართან ხეობას მაღლა მივუყვებით, ვანგჩუკი კი გზად თავის ამბავს მიზიარებს. 2013 წელს შენიშნა, რომ ხიდის ჩრდილში ყინული ზღვის დონიდან შედარებით მცირე სიმაღლეზე და ზაფხულის ყველაზე ცხელ პერიოდშიც კი არ დნებოდა. მიხვდა, რომ სოფლებს ზამთარში წყლის გაყინვა შეეძლოთ გაზაფხულზე მოსახმარად. დიდი ფართობის ყინულის საფარის დაჩრდილვა რთულია, მაგრამ მაღალი გროვა საკუთარ შიგთავსს თვითონვე იცავს დნობისგან და რაც უფრო ფრიალოა, მზე ზედაპირს მით უფრო ნაკლებ ფართობზე ადგება.
ბუდისტურ კულტურაში სტუპა ქვის ან მიწის მაღალი გუმბათია, რომელშიც სიწმინდეები ინახება. ვანგჩუკმა თავის მოსწავლეებთან ერთად ყინულის პირველი სტუპა 2013 წლის ნოემბერში ააგო. ქალაქ ლეჰთან არსებული წყარო მილით მთიდან ჩამოიყვანეს და მილის ბოლო მონაკვეთი ვერტიკალურად აღმართეს. ვანგჩუკის გუნდმა ონკანი ღამით გახსნა, ყინვის დროს. ამოფრქვეული წყალი ძირს დაცემისას, ჰაერშივე იყინებოდა. მილის გარშემო ნელ-ნელა ყინულის გროვა წარმოიშვა, რომელიც ზემოთ უფრო და უფრო წვრილდებოდა.


(მარცხნივ) ტრადიციულად სტუპას ქვის გუმბათს უწოდებენ, რომელსაც ბუდისტები რელიკვიების შესანახად და სალოცავად აგებენ. 2019 წელს, როდესაც ამ ყინულის სტუპას ბერების დახმარებით აგებდნენ, მის შიგნით სალოცავი მოაწყვეს. (მარჯვნივ) ყინულის სტუპებს ზამთარში აგებენ მთიდან წყაროს წყლის ვერტიკალურ მილში აყვანით. ეს 24 მეტრი სიმაღლის სტუპა განგლესშია, ქალაქ ლეჰთან ახლოს.
პირველი საცდელი სტუპა 6 მეტრის სიმაღლის იყო, 150 000 ლიტრ წყალს მოიცავდა და მაისამდე გაძლო. მას შემდეგ ვანგჩუკი ლადაქის სოფლების მცხოვრებლებს ასეთი გუმბათების გაკეთებას ასწავლის. 2019 წელს 12 სტუპა აღიმართა, მათგან ორი სიმაღლით 30 მეტრს აღემატებოდა. წელს 26 ააგეს, რომელთაგან ცხრა 30 მეტრს აღწევს.
კლიმატის ცვლილება ლადაქში, უწყლო გაზაფხულის გარდა, უეცარ წყალდიდობებსაც იწვევს, ზაფხულობით, უჩვეულოდ ძლიერი წვიმების შედეგად. ვანგჩუკი ფიქრობს, რომ ყინულის სტუპებიდან ირიგაციის დამსახურებით ფერდობებზე მცენარეული საფარი შეიძლება აღდგეს და ნიადაგმა წვიმის წყალი უკეთ შეისრუტოს.

უფსკრულის პირს მივუყვებით სოფელ კარითამდე, სადაც ვანგჩუკს საშუალო სკოლის მოსწავლეები ზარზეიმით ეგებებიან. სოფელმა პირველი პატარა სტუპა 2016 წელს ააგო. „გვინდა, ბავშვებმა გააცნობიერონ, რა ხდება სამყაროში და ეს ჩვენზე როგორ ზემოქმედებას ახდენს“, – ამბობს სკოლის დირექტორი მოჰამად ალი. ვანგჩუკს კი სურს მსოფლიოს გააგებინოს, რა დაემართა ლადაქს და გვეუბნება, რომ ეს გუმბათები „გამოფხიზლებისკენ მოგვიწოდებს – ქალაქებისთვის დამახასიათებელი ნახშირბადტევადი ცხოვრების წესი უნდა შეიცვალოს“.
არატი კუმარ-რაო ინდოეთის ქალაქ ბანგალორში ცხოვრობს და ძირითადად წყალთან დაკავშირებულ საკითხებზე წერს. ცირილ იაზბეცს ჩვენი ჟურნალისთვის გადაღებული ჰყავს ტექნოლოგიური მეწარმეები აფრიკაში და ინუიტი მონადირეები გრენლანდიაში.
წინამდებარე სტატია დაფინანსებულია არაკომერციული ორგანიზაცია National Geographic Society-ს მიერ, რომლის მიზანია დედამიწის რესურსების კონსერვაცია.