
ტაუნსენდის დიდყურა ღამურა (Corynorhinus townsendii) თვალშისაცემია სტრობოსკოპული ნათურის სინათლეზე, მაგრამ არაფერი შეგეშალოთ: ფარულად მოქმედი მტაცებელია. ამ ღამურის ექოლოკაციის სიგნალები 20-45 დეციბელით უფრო ჩუმია, ვიდრე სხვა, ჰაერში მონადირე ღამურებისა. ეს კოლორადო-სპრინგსის კოლორადოს უნივერსიტეტისა და National Geographic-ის მკვლევრის, აარონ კორკორანის აღმოჩენაა, რომელიც ღამურებისა და მათი მსხვერპლის – ჩრჩილის ევოლუციურ რბოლას შეისწავლის. როგორც ამ ოთხ ფოტოზე ჩანს, იმის გამო, რომ ეს ღამურა ასეთი ჩუმია, მისი მიახლოებისას ჩრჩილი გაქცევას ნაკლებად ცდილობს. მას შემდეგ, რაც ღამურა ჩრჩილს მიუახლოვდება (1), ის მსხვერპლს ფრთით იჭერს (2) და კუდის ჩანთაში სვამს (3). ის ჰაერშივე ღუნავს კუდს და იწყებს ჩრჩილის ჭამას (4). ეს ყველაფერი დაახლოებით ნახევარ წამში ხდება.
