
ჩვენი მიზანი: განათლება და დაცვა
"მინდა, 2020 წლის დამდეგს მომავალი წლის გეგმები გაგანდოთ" - მაიკ იულიკა
NATIONAL GEOGRAPHIC SOCIETY მეცნიერების, კვლევის, განათლებისა და თხრობის ძალას ჩვენი საოცარი დედამიწის დასაცავად იყენებს. ამ მისიით ვაგრძელებთ არაკომერციული საერთაშორისო ორგანიზაციის 131-წლიან ისტორიას და მივყვებით იმ პრინციპებს, რომლებმაც ჩვენი სამომავლო ნაბიჯები უნდა განსაზღვროს.
მინდა, 2020 წლის დამდეგს მომავალი წლის გეგმები გაგანდოთ – წელს ისეთი მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნას ვგეგმავთ, როგორიცაა, მაგალითად, დედამიწის დღის 50 წლის იუბილე; ჩვენს სათავო ოფისში, ვაშინგტონში მასშტაბური გამოფენით ვიზეიმებთ ჯეინ გუდოლის აფრიკაში (სწორედ იმ ადგილას, სადაც დღეს გომბეს ეროვნული პარკია) ჩასვლის 60 წლის იუბილესაც და ასევე, National Geographic-ი კუნმინში, ჩინეთში შეუერთდება მსოფლიო ლიდერების შეხვედრას ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის შესახებ, რომელიც მსოფლიოს ბიომრავალფეროვნების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
ყველაფერი, რასაც ჩვენი საზოგადოება ამა თუ იმ მიმართულებით ქმნის, განსაკუთრებული მიდგომის შედეგია. ჩვენ ვაშუქებთ მსოფლიოს საოცრებებს და მათ ვაცოცხლებთ ჯადოსნური თხრობის ძალით. ჩვენ ვიცავთ დედამიწის სასიცოცხლო რესურსებსა და ჰაბიტატებს.
ჩვენმა მისიამ შეიძლება ჯოელ სარტორეს ფოტოპროექტის – Photo Ark (ფოტოკიდობანი) ფორმაც მიიღოს, რომელიც ველური ბუნების ფოტოების საშუალებით ემოციურად გვაკავშირებს საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობებთან და ამ შესანიშნავი ცხოველების დაცვისაკენ გვიბიძგებს.
ჩვენ ვთანამშრომლობთ მომავალ თაობასთან, რომელმაც დედამიწაზე ზრუნვა უნდა გადაიბაროს. ახალგაზრდები სულ უფრო ხშირად აღიქვამენ საკუთარ თავებს გლობალურ მოქალაქეებად და ერთობლივად ცდილობენ დედამიწაზე ზრუნვას. საზოგადოება ცდილობს დაეხმაროს მათ სამყაროს შეცნობაში, დააკმაყოფილოს მათი გეოგრაფიისადმი ინტერესი და კიდევ უფრო გაუძლიეროს დედამიწის მიმართ თანაგრძნობა.
გვინდა გჯეროდეთ, რომ National Geographic-ი თქვენი მხარდაჭერით ახერხებს მუშაობას. გმადლობთ, რომ ჩვენს გვერდით დგახართ.
მაიკ იულიკა, პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი
National Geographic Society