
დაბრუნებული არსებები
1980-იან წლებში დიდი პანდების რიცხვი ჩინეთში 1100-ის გარშემო მერყეობდა. დღეს კი, საკონსერვაციო ძალისხმევის შედეგად, დიდი პანდა ამოღებულია გადაშენების პირას მყოფი სახეობების ნუსხიდან
ჰაბიტატის დაცვა, ანტიბრაკონიერული ღონისძიებები და ტყვეობაში გამრავლების დახვეწილი პროგრამები გადაშენების საფრთხეში მყოფი ბიოსფეროს უამრავი წევრისთვის სამაშველო რგოლია. 2019 წელს საფრთხეში მყოფი არსებებიდან ათი სახეობის კონსერვაციული სტატუსი გაუმჯობესდა. კიდევ უამრავს სჭირდება დახმარება, იმ ცხოველების ჩათვლით, რომელთა უფსკრულის პირიდან მობრუნებასაც ცდილობენ ბუნების დამცველები.

ეს ციცქნა, გრძელბეწვიანი მაიმუნი მხოლოდ კოლუმბიის ტროპიკულ ტყეებში ბინადრობს, სადაც სოფლის მეურნეობამ და ურბანულმა გაფართოებამ მათი პოპულაცია საგრძნობლად შეამცირა. 2011-2018 წლებში ორგანიზაციამ Proyecto Titi, Disney-ს საკონსერვაციო ფონდის მხარდაჭერით, დაიცვა 5600 ჰა ტამარინების ჰაბიტატი, წამოიწყო საგანმანათლებლო პროგრამა და ახალი პოპულაციის გასამრავლებლად ნაკრძალები შექმნა. The Walt Disney Company არის National Geographic Partners-ის უდიდესი წილის მფლობელი.

პეპელა მონარქის ყოველწლიური მოგზაურობა სამხრეთისკენ ბუნების ერთ-ერთი ყველაზე საოცარი სანახაობაა. ოციოდე წლის წინ ამ მწერის პოპულაციამ კლიმატის ცვლილებისა და ტყის ჩეხის გამო კლება დაიწყო. 2014 წელს კანადა, მექსიკა და აშშ გაერთიანდნენ პეპლების მიგრაციული მარშრუტის დასაცავად. 2019 წელს მონარქის რიცხვიც და არეალიც გაიზარდა.
