
ეს ცხოველები ხელიდან გვეცლებიან
პანდები და ვეფხვები წარმატებული კონსერვაციის სანიმუშო ცხოველები არიან, მაგრამ ათასობით სხვა არსება, რომელიც ეკოსისტემის მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს, ჩვენი ყურადღების მიღმა რჩება
გადაშენების საფრთხე 30 000 სახეობას ემუქრება, რომელთაგანაც 28% რეპტილიაა; ზღვის კუების 7 სახეობიდან 6 საფრთხეშია. კლიმატის ცვლილება, ჰაბიტატის დაკარგვა, მტაცებლები და პესტიციდები ფრინველთა რაოდენობას ამცირებს და 1970 წელთან შედარებით დღეს ჩრდილოეთ ამერიკაში 2,9 მილიარდი ფრინველით ნაკლები ბინადრობს. ამ ტენდენციის შესაცვლელად მომდევნო 50 წლის განმავლობაში მეტად უნდა ვიზრუნოთ დაუფასებელ სახეობებზე.

ტროპიკულ და სუბტროპიკულ წყლებში მობინადრე ზღვის კუ ბისაზე კვერცხების, ხორცის და მისი ულამაზესი ბაკნის გამო ნადირობენ. დღეს მხოლოდ 25 000 მობუდარი მდედრია შემორჩენილი. კონსერვაციონისტებმა ზოგიერთ 70-კილოგრამიან რეპტილიას GPS-გადამცემები დაუმაგრეს, რათა მათი იდუმალი წყალქვეშა სამყარო შეეცნოთ. ამ ბისას ფოტო ავსტრალიის ველური ბუნების კლინიკაშია გადაღებული.

უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში საფრთხეში მყოფი აფრიკული წეროს ველური პოპულაცია 100 000-დან 30 000-მდე შემცირდა. ბრაკონიერები ერთ მეტრამდე სიმაღლის ელეგანტურ წეროზე კვერცხისა და ხორცის გამო ნადირობენ; ასევე ზიანდება ჭარბტენიანი ჰაბიტატიც, სადაც წეროები მრავლდებიან და ნადირობენ. ფოტოზე აღბეჭდილი წერო საფრანგეთის Parc des Oiseaux-ის ბინადარია.
